ფორუმელი Moor Posted 2 ივნისი, 2021 Posted 2 ივნისი, 2021 „თვითმფრინავი აქ რომ ყოფილიყო, აპარატი დაინახავდა“, – რობერტ ბალარდი 4-მეტრიან უპილოტო წყალზედა აპარატს (ASV) გულისხმობს, რომელიც მისი სამეცნიერო-კვლევითი ხომალდიდან “ნაუტილუსი“ გაუშვეს. ბალარდი “ნაუტილუსის“ ბორტზე თავის კაბინაში ზის და კომპიუტერის ეკრანზე გამოსახულ ოკეანის ფსკერის რუკას უყურებს. რუკა მრავალსხივიანი ჰიდროლოკატორით აღჭურვილმა ASV-მ წყნარი ოკეანის უკაცრიელი, რიფებით გარშემორტყმული კუნძულის, ნიკუმაროროს გარშემო ცურვისას შექმნა. აქ ბალარდი ამელია ერჰარტის თვითმფრინავს, Lockheed Electra 10E-ს ეძებდა. ჰიდროთერმული ღრმულების და შავი საკვამურების აღმოჩენიდან თითქმის ოთხი ათწლეული გავიდა, `ტიტანიკის“პოვნიდან – სამი, ჯონ ფიცჯერალდ კენედის მეორე მსოფლიო ომისდროინდელი საპატრულო ნაღმოსნის პოვნიდან – თითქმის ორი და National Geographic-ის 78 წლის მკვლევარი ოკეანის დიდი გამოცანების ამოხსნას განაგრძობს. ერჰარტი 80 წლის წინ გაუჩინარდა, როდესაც ცდილობდა, პირველს შემოეფრინა დედამიწა ეკვატორის გარშემო. 2019 წელს, ექსპედიციამდე, ბალარდმა პირობა დადო – თუ თვითმფრინავი იქ იყო, ის აუცილებლად იპოვიდა მას. ბალარდი ექსპედიციას ჩვეული შეუპოვრობით უძღვებოდა. მისი ყურადღების ცენტრში 7,5 კილომეტრის სიგრძის კუნძულის ჩრდილო-დასავლეთი სანაპირო მოექცა, სადაც, 1937 წელს გადაღებულ ფოტოსურათზე, მოჩანს რაღაც, რაც რიფიდან ამოშვერილ თვითმფრინავის შასის წააგავს. დრონები რიფებს ზემოდან უღებდნენ სურათებს, ASV-მ წყალი 230 მეტრის სიღრმეზე გააშუქა, რობოტებმა “ჰერკულესმა“ და “არგუსმა“ კი ოკეანის კლდოვანი ქანობი ფსკერამდე – 1500 მეტრის სიღრმემდე – გამოიკვლიეს. თვითმფრინავს ვერ მიაგნეს. “რა აღარ ვცადეთ“, – ამბობს ბალარდი და იხსენებს, რომ “ტიტანიკი“ მხოლოდ მესამე ცდაზე, 1985 წელს იპოვა, ნაცისტების უდიდესი საბრძოლო ხომალდ “ბისმარკის“ მისაგნებად კი ორი ექსპედიცია დასჭირდა. „ზოგჯერ ყველაფერი იოლად გამოდის“, – ამბობს იგი, “ზოგჯერ…“ სათქმელს არ ამთავრებს. “ბევრი რამ ვისწავლე, – განაგრძობს ბალარდი, – ყველა შესაძლო ვარიანტს გამოვრიცხავდი. ეს სახალისო იყო“. ბალარდი დროს უქმად არასოდეს კარგავს, მაგრამ, 157 ექსპედიციის შემდეგ, კაცმა, რომელმაც ღრმაწყლოვანი ძიების მეთოდები მსოფლიოს გააცნო, საკუთარი ცხოვრების შეჯამება გადაწყვიტა. ამ გაზაფხულზე იგი National Geographic-თან ერთად მემუარების და დოკუმენტური ფილმის გამოშვებას აპირებს. მისმა გუნდმა, Ocean Exploration Trust-მა, შემდგომი ათი წლის დაფინანსება უკვე დაიმტკიცა, იმ შემთხვევაშიც, თუ ექსპედიციებს ბალარდი ვერ უხელმძღვანელებს. ბალარდი 12 წლის იყო, როდესაც “80 000 კილომეტრი წყალქვეშ“ ნახა, ფილმი იდუმალებით მოცულ კაპიტან ნემოზე, რომელიც დიდებულ წყალქვეშა ნავს – “ნაუტილუსს“ მართავდა. “ერთი ნახვით შემიპყრო“, – იხსენებს იგი. პატარა რობერტ ბალარდი სამხრეთ კალიფორნიაში იზრდებოდა და მთელ დღეს პლაჟზე ხეტიალში, თევზაობასა და სერფინგში ატარებდა, მაგრამ მანამდე არასოდეს დაფიქრებულა, რომ ოკეანის სიღრმეში მთელი სამყარო იმალებოდა. მშობლებს უთხრა, როდესაც გავიზრდები, კაპიტანი ნემო უნდა გამოვიდეო. 1985 წელს ბალარდმა და მისმა გუნდმა „ტიტანიკი“ იპოვა. ჯერ ორთქლის ქვაბი, შემდეგ – ხომალდის დანარჩენი ნაწილები. მანამდე ბალარდი მონაწილეობდა აშშ-ის საზღვაო ძალების ორ საიდუმლო მისიაში, რომელიც ჩაძირულ ატომურ წყალქვეშა ნავებს ეძებდა. ემორი კრისტოფი მაგრამ საოცნებო გზა რთული გასაკვალი აღმოჩნდა. ბორტმექანიკოსის და სანიმუშო დიასახლისის შუათანა შვილი სწავლას გულს ვერ უდებდა, განსაკუთრებით წერა-კითხვა უჭირდა. ბალარდმა გულში ჩაიბეჭდა, რომ ოკეანოგრაფი უნდა გამხდარიყო. “ვიცოდი, რომ სირთულეების გადალახვაში მხოლოდ სიჯიუტე თუ მომეხმარებოდა“, – ამბობს იგი. ბალარდი კარგად სწავლობდა კალიფორნიის შტატის სანტა-ბარბარას უნივერსიტეტში, მაგრამ არასაკმარისად კარგად, რომ სკრიპსის ოკეანოგრაფიის ინსტიტუტში გაეგრძელებინა სწავლა – ამ ადგილს ბავშვობიდან უმიზნებდა. ხსნა სამხედრო სარეზერვო სამსახურის საწვრთნელი კორპუსის სახით გამოჩნდა, სადაც ბალარდი სტუდენტობისას ჩაეწერა. გაწვევისას მან საზღვაო ძალებში განაწილება ითხოვა. თხოვნა შეუსრულეს და თან გაუშვეს მასაჩუსეტსის შტატში ვუდს-ჰოლის ოკეანოგრაფიის ინსტიტუტის მეკავშირე ოფიცრად. “ისე გამოვიდა“, – წერს ბალარდი მემუარებში, – “რომ საუკეთესო ადგილას აღმოვჩნდი“. “წყალქვეშა ნავი ახლა უხმაუროდ ეშვება 2700-მეტრიანი რიფტული ხეობის ფსკერისკენ“, – ვკითხულობთ ბალარდის პირველ სტატიაში, რომელიც National Geographic-ის 1975 წლის მაისის ნომერში დაიბეჭდა. სტატიაში აღწერილ პაწაწინა წყალქვეშა ნავ “ალვინში“ ბალარდიც იჯდა, როგორც ვუდს-ჰოლის პროექტ FAMOUS-ის ერთ-ერთი წევრი. ეს ფრანგულ-ამერიკული ექსპედიცია პირველი იყო, რომელმაც შუა ატლანტიკური ქედი – დედამიწის უგრძესი მთათა სისტემა – გამოიკვლია. ბალარდი ერთ-ერთი იყო პროექტში ჩართული ათი მეცნიერიდან და საკუთარი თვალით ნახა ფილების ტექტონიკის იმ დროს ჯერ კიდევ სადავო თეორიის დამადასტურებელი საბუთები. ბალარდის თქმით, თეორიულ მსჯელობას ყოველთვის “უშუალო ვიზუალური დაკვირვება“ ერჩივნა, ასე რომ “ალვინი“ მისთვის ნამდვილი მისწრება იყო. აშშ-ის ოკეანოგრაფიის ინსტიტუტის ამ ერთადერთ წყალქვეშა ნავს 3600 მეტრის სიღრმეზე შეეძლო ჩასვლა. თუკი ბალარდს ოკეანის სიღრმეების კვლევა სურდა, ვუდს-ჰოლიდან და მისი “პატარა, თეთრი წყალქვეშა ნავიდან“ ფეხი არ უნდა მოეცვალა. სამხედრო სამსახურის შემდეგ, ბალარდმა როდ-აილენდის უნივერსიტეტში დოქტორის ხარისხი დაიცვა და ვუდს-ჰოლს მეცნიერ-მკვლევრის სტატუსით შეუერთდა. ბალარდს წინ უდიდესი აღმოჩენები ელოდა. 1977 წელს იგი ჩრდილოეთ გალაპაგოსის ექსპედიციას შეუერთდა. იქაური სინჯები ცხელი წყლის უჩვეულოდ დიდი მარაგის არსებობას მოწმობდა. ბალარდმა კუნძულზე “ალვინი“ და ახალი მოწყობილობა “ანგუსი“ ჩაიტანა, სამკამერიანი რობოტი, რომელსაც 6000 მეტრის სიღრმეზე შეეძლო ჩასვლა. ექსპედიციის გუნდმა ჰიდროთერმული ღრმულები აღმოაჩინა – ნაპრალები ოკეანის ფსკერზე, საიდანაც მდუღარე წყალი იფრქვევა. გუნდმა სიცოცხლის უცნობ ფორმებსაც მიაგნო და თან ყველაზე მოულოდნელ ადგილას: დაახლოებით 2700 მეტრის სიღრმეზე, სრულ სიბნელეში. მეცნიერებმა ღრმულების სიახლოვეს გოგირდწყალბადის მფრქვეველი, მიწაზე მობინადრე უზარმაზარი მოლუსკები და ვეებერთელა ჭიები ნახეს. ეს ქმნილებები საარსებო წყაროს მყრალი აირებისგან, იქამდე უცნობი პროცესის – ქემოსინთეზის წყალობით იღებდნენ. სანამ ამ ყველაფერს საკუთარი თვალით ნახავდნენ, ბალარდს და მისი გუნდის წევრებს ქემოსინთეზის არსებობაზე წარმოდგენა არ ჰქონდათ. ბალარდმა მიზნად დაისახა გაერკვია, თუ როგორ მიეგნო სხვა ჰიდროთერმული ღრმულებისთვის. ძიებისას მან კიდევ ერთი უცნობი ფენომენი აღმოაჩინა. ქვემო კალიფორნიის სიახლოვეს მისი გუნდი უცნაურ წყალქვეშა სტრუქტურებს წააწყდა, ბუნებრივ საკვამურებს, საიდანაც შავი კვამლი იფრქვეოდა. სტრუქტურების გარშემო წყალი ისე დუღდა, რომ “ალვინის“ თერმომეტრი გალღვა. საკვამურები პოლიმეტალური სულფიდებისგან იყო აგებული – მინერალებისგან, რომლებიც ოკეანის ცივ წყალში მოხვედრისას დაილექა. საკვამურების აგებულებამ აჩვენა, რომ ოკეანის ფსკერზე ცხელი წყლის უზარმაზარი მარაგი არსებობდა. ბალარდის აღმოჩენები უდიდესი მნიშვნელობისა იყო, თუმცა ის ხედავდა, რომ საეკიპაჟო აპარატებს ბევრი ნაკლი ჰქონდა. მგზავრობა ოკეანის ფსკერისკენ და უკან იმდენად ხანგრძლივი იყო, რომ მეცნიერებს წყალქვეშა კვლევისთვის დიდი დრო არ რჩებოდათ; კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ადამიანების სიცოცხლე გახლდათ. ამ ყველაფერმა ბალარდი კამერებით აღჭურვილი რობოტების გამოყენებაზე დააფიქრა. 1977 წელს ბალარდმა “ტიტანიკის“ პოვნა დაისახა მიზნად, მაგრამ მისი პირველი მცდელობა კინაღამ კატასტროფით დასრულდა. წყალქვეშა ნავის გამოყენების ნაცვლად მან ხომალდ Seaprobe-ის დერიკით ჩაუშვა 900-მეტრიანი საჰაერო მილი. მილის ბოლოზე დაკიდული კონტეინერი 600 000 დოლარის ღირებულების ნათხოვარი ვიდეოკამერებით და სონარული აპარატურით იყო აღჭურვილი. მაგრამ კონსტრუქცია ძიების დაწყებამდე, შუა ღამით, ჩამოიშალა – დერიკი, საჰაერო მილი, თუ ნათხოვარი აპარატურა – ყველაფერი ატლანტის ოკეანეში ჩაიძირა. მაგრამ ბალარდს ხელი არ ჩაუქნევია. `ტიტანიკის“პოვნა წყალქვეშა ძიების ევერესტი იყო. „ყველას სანუკვარი მიზანი“, – წერს იგი. ბალარდი ზედმეტად შეუპოვარი და ამბიციური აღმოჩნდა, რომ უკან დაეხია. ბალარდს ისევ საზღვაო ძალები მოევლინა შემწედ. ისინი მზად იყვნენ, წყალქვეშა რობოტების შექმნა დაეფინანსებინათ იმ პირობით, რომ ამ რობოტებს და ბალარდის გამოცდილებას საიდუმლო მისიებში გამოიყენებდნენ. ბალარდის რჩევებით შექმნილი პირველი რობოტი – “არგო“ ვიდეომასალას პირდაპირი ეთერის რეჟიმში გადასცემდა, რაც მეცნიერებს სწრაფი რეაგირების საშუალებას აძლევდა. საზღვაო ძალებისთვის “არგო“ მშვენიერი ხელსაწყო აღმოჩნდა ატლანტის ოკეანეში ჩაძირული ორი ატომური წყალქვეშა ნავის – “თრეშერის“ და “სკორპიონის“ საქმის გამოსაძიებლად. ეს ორი 1990-იან წლებამდე გასაიდუმლოებული მისია ბალარდისთვის მშვენიერი მოთელვა იყო “ტიტანიკამდე“. ადმირალიტეტმა, რომელიც “სკორპიონზე“ გაკეთებული ანგარიშით კმაყოფილი დარჩა, ბალარდს ძიებისთვის ორი კვირა მისცა. წყალქვეშა ნავების ექსპედიციებმა გადამწყვეტი როლი შეასრულა “ტიტანიკის“პოვნაში. 1984 წლის “თრეშერის“ და 1985 წლის “სკორპიონის“ ექსპედიციის წყალობით ბალარდი ჩაძირული ხომალდის ნარჩენების ძიებაში გაიწაფა. მძიმე ნაწილები პირდაპირ ოკეანის ფსკერისკენ მიიწევს, მსუბუქი ნაწილები კი წყალქვეშა დინებებს მიჰყვება და შემდეგ კომეტის კუდის მსგავს ფორმებად ილექება. „ალვინი“ თავისი კაუჭა ხელით აგროვებს შავი საკვამურის გარშემო დაგროვილ დანალექ ქანებს. შავი საკვამურები ჰიდროთერმული ღრმულებია, საიდანაც მინერალებით სავსე მდუღარე წყალი იფრქვევა. 1979 წელს ბალარდმა და მისმა გუნდმა ღრმულები და მათ გარშემო მობინადრე უცნობი არსებები აღმოაჩინა, რამაც ოკეანოგრაფიაში ნამდვილი გადატრიალება მოახდინა. შეზღუდული დროის და კონკურენტების გამო – ტეხასის ნავთობმომპოვებლების მიერ დაფინანსებული გუნდი უკვე ახლოს იყო “ტიტანიკის“ აღმოჩენასთან – ბალარდმა ფრანგულ ჯგუფთან თანამშრომლობა გადაწყვიტა, რომელსაც საძიებო სივრცე მაღალტექნოლოგიური სონარული აპარატურით უნდა გამოეკვლია. ბალარდი გეგმავდა, რომ ფრანგები “ტიტანიკს“ მიაგნებდნენ და მას მხოლოდ ვიზუალური სამუშაოს ჩატარება მოუწევდა, მაგრამ ფრანგებმა ხომალდი ვერ იპოვეს. ბალარდმა `ტიტანიკის“ნაწილების სავარაუდო გაბნევის სივრცე გამოიანგარიშა და “არგოსთვის“ საძიებო ბადე დახაზა. შემდეგ დაიწყო ის, რასაც ბალარდი “გაზონის კრეჭას“ უწოდებს, საძიებო ბადის თითოეული ბილიკის კიდით-კიდემდე კვეთა, წინ და უკან, წინ და უკან… ეს მოსაწყენი საქმეა – სანამ რამეს არ მიაგნებ. მიგნებით კი 1985 წლის 1 სექტემბერს, დაახლოებით ღამის პირველ საათზე მიაგნეს – ნამსხვრევების შუაგულში ჩაფლულ ორთქლის ქვაბს. ეს ამბავი მალე მთელმა მსოფლიომ გაიგო. ბალარდის საბედნიეროდ და, როგორც აღმოჩნდა, საუბედუროდაც, ის გახდა “კაცი, რომელმაც ტიტანიკი იპოვა“. ამ მეტსახელმა მისი ყველაზე მნიშვნელოვანი სამეცნიერო აღმოჩენებიც კი დაჩრდილა. ფოტოგრაფებს და რეპორტიორებს ბალარდი ადრეულ ექსპედიციებშიც იწვევდა. მასზე National Geographic-მა რამდენიმე სატელევიზიო გადაცემაც გადაიღო, რაც ბალარდის აკადემიური კოლეგებისთვის ხშირად ქილიკის საფუძველი გამხდარა. მას ეს სწყინდა, მაგრამ უკან დახევას არ აპირებდა. `ტიტანიკის“აღმოჩენის შემდეგ ბალარდმა ათასობით ბავშვისგან მიიღო წერილი, რამაც პატარების განათლებაზე ზრუნვა გადააწყვეტინა. ვინ იცის, იქნებ მათშიც გაეღვიძებინა მეცნიერული აღმოჩენების სურვილი? “თუ ხუთი წლის ბავშვს ვერ აუხსენი, რას აკეთებ, ესე იგი შენი საქმის თავადაც არაფერი გაგეგება“, – ამბობს ბალარდი. ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ ეს მისია მისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა. 1966 წელს ბალარდმა მარჯორი ჰარგასზე იქორწინა; მათ ორი შვილი – ტოდი და დაგლასი შეეძინათ. წლებთან ერთად ცოლ-ქმრის ურთიერთობა დაიძაბა, მაგრამ შვილებთან ურთიერთობა ბალარდისთვის ბედნიერების წყარო იყო. როდესაც ბავშვები წამოიზარდნენ, ბალარდს ისინი ექსპედიციებში დაჰყავდა, უფროსი ტოდით დაიწყო. ტოდი მამას “ბისმარკის“ პირველ ექსპედიციაზეც ახლდა და მეორეზეც, 1989 წლის ივნისში, როდესაც ბალარდმა წყალქვეშა ნავი იპოვა. სამი თვის შემდეგ 20 წლის ტოდი ავტოავარიაში დაიღუპა. შვილის გარდაცვალებიდან მალე ბალარდის ოჯახი დაიშალა. დარდის გასაქარვებლად ბალარდი მთელი თავით გადაეშვა პროექტ “იასონში“, რომელიც 11-13 წლის ბავშვებისთვის ბალარდის ახალი დისტანციურად მართული აპარატის – „იასონის“ მიერ ხმელთაშუაზღვისპირეთის არქეოლოგიურ ექსპედიციაზე გადაღებული ვიდეომასალის პირდაპირ ტრანსლირებას ახდენდა. მალე ბალარდმა “იასონის“ ექსპედიცია ონტარიოს ტბაზე, შემდეგ კი – გალაპაგოსის კუნძულებზე მოაწყო, სადაც პროექტის პარტნიორი National Geographic-ი იყო. National Geographic-ს გალაპაგოსზე ბარბარა ერლი წარმოადგენდა. 1991 წელს ბალარდმა და ერლმა იქორწინეს; წლების შემდეგ უკვე მათი შვილები – ბენჯამინი და ემილი წაჰყვებიან მამას ექსპედიციებში. (მარცხნივ) წლების განმავლობაში ბალარდი სხვადასხვა ხომალდით იკვლევდა ოკეანეს, ახლა კი წყალქვეშა ძიების ექსპერტების გუნდით – „საძიებო კორპუსით“ – დაკომპლექტებული საკუთარი კვლევითი ხომალდი „ნაუტილუსი“ ჰყავს. ბალარდი მართვის პულტთან ზის და ორი წყალქვეშა რობოტის მიერ მოწოდებული ცნობების საშუალებით ამელია ერჰარტის თვითმფრინავის კვალს ეძებს. ფოტო: გაბრიელ სკარლეტი (მარჯვნივ) ბალარდი (მარჯვნივ, დასთან, ნენსიენთან და ძმასთან, რიჩარდთან ერთად) სამხრეთ კალიფორნიაში, ოკეანის პირას იზრდებოდა და ოცნებობდა, რომ კაპიტანი ნემო გამოსულიყო. ფოტო: რობერტ ბალარდის არქივიდან ბალარდი მთელ დროს ძიებას და მეცნიერების პოპულარიზაციას უთმობდა. ხმელთაშუაზღვისპირეთში მან ფსკერზე ნაპოვნი ამფორების წყალობით ძველი სავაჭრო მარშრუტი დაადგინა და ფინიკიურ ხომალდს მიაგნო; შავ ზღვაში კარგად შენახული ძველი გემი და ბიბლიური წარღვნის მსგავსი მოვლენის დამადასტურებელი სამხილები აღმოაჩინა, წყნარ ოკეანეში კი U.S.S. `იორკტაუნი“და კენედის PT-109 იპოვა. ბალარდი კაპიტანი ნემოსავით სერავდა ოკეანეებს, ერთადერთი, რაც აკლდა – საკუთარი `ნაუტილუსი“იყო. ბალარდმა გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში აგებული კვლევითი ხომალდის ყიდვა სცადა, რომელიც ჯაშუშური მოწყობილობებით იყო აღჭურვილი, მაგრამ ხომალდი ზედმეტად ძვირი ღირდა და მისმა მფლობელმა, ნიუ-იორკელმა მილიარდერმა ვინსენტ ვიოლამ ის ბალარდს აჩუქა. ლუისის და კლარკის “აღმოჩენების კორპუსის“ მსგავსად, ბალარდმა “საძიებო კორპუსი“ შექმნა – გუნდი, რომელიც `ნაუტილუსის“მართვას და ექსპედიციების მოწყობას შეძლებდა. ბალარდს ლუისთან და კლარკთან კიდევ ერთი რამ აკავშირებს: XIX საუკუნის აღმომჩენების მსგავსად, აშშ-ის მთავრობამ ბალარდს რუკის შექმნა დაუკვეთა. მას შეერთებული შტატების განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის (გეზ) რუკა უნდა შეედგინა, სივრცის, რომელიც სახელმწიფო ტერიტორიული ზღვის ფარგლებს გარეთ 320 კილომეტრის მანძილზე ვრცელდება. აი, რამ მიიყვანა 2019 წელს ბალარდი კუნძულ ნიკუმაროროსთან, სადაც 1937 წელს ერჰარტი აპირებდა დაფრენას: “ნაუტილუსს“ ამერიკული სამოას და ჰოულენდის კუნძულის გარშემო გეზ-ის რუკა უნდა აეგო. გეზ-ის დავალებამ ბალარდს კალიფორნიის სანაპიროსთან მდებარე წყალქვეშა მღვიმეების კვლევის შესაძლებლობაც მისცა, სადაც ის სანაპიროს პირველმოსახლეთა კვალს დაეძებს. მაგრამ ბალარდის ყველაზე რთული გამოწვევა საკუთარი თავის კვლევაა. მთელი ცხოვრების განმავლობაში იგი ცდილობდა გაერკვია, რატომ განსხვავდება ასე სხვებისგან. 26 წიგნის და 150 სამეცნიერო და პოპულარული სტატიის ავტორობის მიუხედავად, მას დღემდე უჭირს წერა-კითხვა. 2015 წლის მარტში ბალარდმა დისლექსიაზე დაწერილი წიგნის ავტორებთან გამართული რადიო-ინტერვიუ მოისმინა. მან წიგნი გამოიწერა და ერთი ამოსუნთქვით წაიკითხა. კითხვა რომ დაამთავრა, ატირდა, “ყველაფერი გავიგე საკუთარ თავზე“, – ამბობს იგი. ბალარდმა გააცნობიერა, რომ უნებურად გარშემო ისეთი სამყარო მოიწყო, სადაც ფრთების გაშლას შეძლებდა, სამყარო, რომელიც მისგან სივრცით აზროვნებას და სამ განზომილებაში ვიზუალიზაციას მოითხოვდა. მას შეეძლო ხომალდის მართვის პულტთან მდგარიყო და ათეულობით ეკრანზე გამოსახული ინფორმაცია გონებაში ერთიან სურათად ექცია. როდესაც “ალვინით“ პირველად დაეშვა “ტიტანიკის“ საპოვნელად, აპარატს სონარული სისტემა გაეთიშა, მაგრამ ბალარდმა მაინც იცოდა, საით წასულიყო. ოკეანე “წყვდიადით მოცული სამყაროა, მაგრამ ეს ხელს არ მიშლის“, – ამბობს ბალარდი. “მე იქ ყველაფერს ვხედავ“. რეიჩელ ჰარტიგანი National Geographic-ის ავტორია; იგი მუშაობს წიგნზე, რომელიც ამელია ერჰარტის ძიებას ეხება. აღმოჩენების ათწლეულები თითქმის 60 წლის განმავლობაში რობერტ ბალარდმა 157 ექსპედიცია მოაწყო. მან ფილების ტექტონიკის თეორიის დადასტურებას შეუწყო ხელი და „ტიტანიკი“ იპოვა. ბოლო ხანებში ბალარდი ავიატორ ამელია ერჰარტის თვითმფრინავს ეძებდა. იგი დღესაც განაგრძობს ოკეანის ფსკერზე დამალული საიდუმლოებებისთვის ნათელის მოფენას. The post ჩაძირული განძის მაძიებელი appeared first on National Geographic Magazine - საქართველო. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა