Guest Merlin Posted 2 ივნისი, 2021 Posted 2 ივნისი, 2021 ელექტრომობილებზე მოთხოვნა მატულობს და ავტომწარმოებლებიც, შესაბამისად, მისი დაკმაყოფილებისათვის ზრუნავენ. Bloomberg-ის პროგნოზის თანახმად, 2040 წლისთვის ახალი ავტომობილების ნახევარი ელექტრომანქანები იქნება, ხოლო მათი ღირებულება $22 ათასს არ გადააჭარბებს. ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ელექტრომობილების ბატარეის ფასების კლების, გარემოს დაბინძურებაზე რეგულაციების გამკაცრებისა და მთავრობების მხრიდან ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის მხარდაჭერის ფონზე, ელექტრომობილების მასობრივი წარმოება გარდაუვალი იქნება. ელექტრომობილი – მომავლის ტრანსპორტი პირველი ელექტრომობილი მე-19 საუკუნეში გამოჩნდა. მალევე ნავთობის უზარმაზარი მარაგები აღმოაჩინეს, რამაც ბენზინის გაიაფება გამოიწვია, ელექტროძრავებმა შიდა წვის ძრავებისთვის კონკურენციის გაწევა ვეღარ შეძლეს და მათი წარმოება გაჩერდა. ელექტრომობილები 100 წლის შემდეგ დაბრუნდნენ. მათი მასობრივი წარმოების იდეა კომპანია Tesla-მ გააცოცხლა, რომელიც 2021 წლის პირველ კვარტლის მონაცემებით, ელექტრომობილების გაყიდვების რეკორდსმენია. ელექტრომობილების წილი გლობალურ ავტობაზარზე სწრაფად იზრდება. აშშ-ში მთლიან ავტოპარკში მათი წილი 4%-ს აღწევს. როგორც თეთრ სახლში განაცხადეს, 2035 წლიდან აშშ-ში მხოლოდ ელექტრომობილები იმოძრავებს. ელექტრომობილების რიცხვი კიდევ უფრო სწრაფი ტემპით იზრდება ევროპასა და ჩინეთში. ჩინეთში მათი წილი 7%-მდეა და ვარაუდობენ, რომ 2030 წლისთვის 40%-ს მიაღწევს. ეკონომისტები ამბობენ, რომ ამ ინდუსტრიისთვის გარდამტეხი 2024-27 წლები იქნება, როცა ელექტრომობილების ფასების შიდაწვისძრავიანი ავტომობილების ფასებთან გათანაბრებაა მოსალოდნელი. ელექტრომობილების პარკის ზრდასთან ერთად იზრდება დამტენი სადგურების რაოდენობაც, რომლის მოწყობაშიც განვითარებული ქვეყნები დიდ ინვესტიციებს დებენ. მსოფლიო ბაზარზე ამჟამად მთავარი ტენდენცია უფრო დიდი ელემენტების წარმოების ზრდაა, რომლითაც ავტომობილი მეტი მანძილის გავლას შეძლებს. ელექტრომობილების შეძენის წასახალისებლად, ბევრი ქვეყნის მთავრობამ საგადასახადო შეღავათები შემოიღო და სუბსიდიებს გასცემს. მაგალითად, იტალიის მთავრობა მოქალაქეს ძველი ავტომობილის ჯართად ჩაბარების შემთხვევაში, ელექტრომობილის შეძენისას $1700-დან $4500-მდე სუბსიდიას აძლევს. კიდევ უფრო მეტია სუბსიდიის ოდენობა საფრანგეთში, გერმანიაში, კორეაში. რა გეგმები აქვთ ავტომწარმოებლებს ელექტრომობილების ბაზრის ლიდერი Tesla-სთვის მომდევნო რამდენიმე წელი ნამდვილი გამოწვევა იქნება, რადგან დიდი ავტომწარმოებლები ელექტრომობილების წარმოებაში უზარმაზარ ინვესტიციებს დებენ. Mercedes-Benz აცხადებს, რომ „მომავალი ელექტრომობილებისაა“ და ისინი არ ჩამორჩებიან. კომპანია 2022 წლისთვის ათზე მეტ სხვადასხვა ელექტრომობილს გამოიტანს ბაზარზე. გერმანული გიგანტი ვარაუდობს, რომ 2025 წლამდე ყველა სამოდელო სერიაში მინიმუმ ერთი ელექტრული ალტერნატივა ექნება, საერთო ჯამში 50-მდე. Mercedes-Benz EQS (2022)2026 წლისთვის კომპანია Ford მხოლოდ ჰიბრიდულ და ელექტრომოდელებს გამოუშვებს. ხოლო 2030 წლისთვის ყველა მსუბუქი ავტომობილი მხოლოდ ბატარეებზე იმუშავებს. Ford-ის პირველი ახალი მოდელი 2023 წელს უნდა გამოვიდეს, სადაც Volkswagen-ის მიერ შემუშავებულ ელექტროძრავის ტექნოლოგიას გამოიყენებენ. Ford Mustang Mach-E / unsplash.comToyota აპირებს, 2025 წლიდან ყოველწლიურად 5.5 მილიონი ელექტრომანქანა გამოუშვას. კომპანიას 60 სხვადასხვა მოდელის ახალი ელექტრომობილი ექნება. Toyota-ს ელექტროკროსოვერი ჯერ ევროპულ ბაზარზე შევა, მალევე მას მოჰყვება მოდელი ამერიკული ბაზრისთვისაც. BMW-ს 2030 წლამდე 9 ახალი ელექტრომობილი ეყოლება, ხოლო 10 წელიწადში 7 მილიონი ჰიბრიდული და სრულიად ელექტროძრავზე მომუშავე მოდელების გაყიდვას გეგმავს, მათ შორის MINI-ის ბრენდის ქვეშ. 2030 წლისთვის ბავარიელები ამ სეგმენტში ლიდერობას გეგმავენ. General Motors-მა განაცხადა, რომ 2035 წლისთვის დიზელზე და ბენზინზე მომუშავე მანქანების, სატვირთოებისა და ჯიპების წარმოებას დაასრულებს და მთლიანად ელექტრომობილების წარმოებაზე გადავა. ელექტრომობილების წარმოების გავლენა ენერგოსექტორზე ნავთობკომპანიები, ელექტრომობილების მომრავლების მიუხედავად, საწვავზე მოთხოვნის კლებას არ ელოდებიან. მათი პროგნოზით, ელექტრომობილების სწრაფი ზრდა ვერ გადაფარავს ნავთობზე მზარდ მოთხოვნას, რასაც უმეტესად განვითარებადი ქვეყნებისა და აზიის ბაზარი განაპირობებს. მსოფლიო გზებზე 900 მილიონზე მეტი შიდაწვისძრავიანი მანქანაა და ვარაუდობენ, რომ 2035 წლისთვის მათი რიცხვი 2 მილიარდს მიაღწევს. თანაც, ნავარაუდევია, რომ მოთხოვნა გაიზრდება ყველა სხვა სატრანსპორტო სექტორში, როგორიცაა, სატვირთო გადაზიდვები, რეაქტიული და საზღვაო საწვავი. სამაგიეროდ, ელექტრომობილების მომრავლება ზრდის მოთხოვნას ელექტროენერგიაზე. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის პროგნოზით, 2022 წელს ელექტრომობილების დასამუხტად ენერგოსისტემას 250 მგვტ-ით მეტი ელექტროენერგია დასჭირდება. ხოლო შემდგომი ზრდა, შესაძლოა, უფრო მაღალი იყოს. ელექტრომობილები საქართველოში საქართველოში ელექტრომობილების იმპორტს უმეტესად მაღალი ფასი და დამტენი ინფრასტრუქტურის სიმცირე უშლის ხელს. ელექტრომობილების ნაკლი გადაადგილების შეზღუდული დიაპაზონი და მოდელების მცირე არჩევანია. ძველი ელექტრომანქანების სუსტი წერტილი ბატარეაა, რომლის წილი თვითღირებულებაში დაახლოებით 30%-ია და საკმაოდ ძვირია. საქართველოში ძირითადად მეორადი მანქანები შემოდის, მათ მალე დასჭირდებათ ბატარეის გამოცვლა, რაც მფლობელისთვის ხარჯიანი იქნება. სანაცვლოდ, ელექტრომობილი ყოველთვიური, ტექმომსახურებისა და პარკინგის ხარჯის ეკონომიას იძლევა. 2020 წლისთვის საქართველოში 2500-მდე ელექტრომობილი იყო რეგისტრირებული (2019 წელს მათი რიცხვი 1600-ს შეადგენდა). საქართველოში ელექტრომობილების წილი მთლიან ავტოპარკში 1%-ზე ნაკლებია. სამთავრობო გეგმის მიხედვით, 2030 წლისთვის სამიზნე მაჩვენებელი 5%-ია. 2020 წელს ელექტრომობილების წარმოება ქუთაისში უნდა დაწყებულიყო. 4 მოდელის ელექტრომობილი ქართულ ინდუსტრიულ ჯგუფ AiGroup-ს Changan-თან ერთად უნდა გამოეშვა. ქარხნის წარმადობა 40 ათასი ავტომობილი უნდა ყოფილიყო, რომლის ნახევარი ექსპორტზე გაიყიდებოდა. როგორც ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მაშინ განაცხადა, უახლოეს 10 წელიწადში ავტომობილების ელექტრომობილებით სრულად ჩანაცვლება მოხდებოდა, თუმცა, ქარხნის მშენებლობა ჩაიშალა. ამჟამად ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 90-მდე საჯარო დამტენია დამონტაჟებული. დამტენების მფლობელმა კომპანია E-space-მა განაცხადა, რომ სერვისი ეტაპობრივად ფასიანი გახდება და ერთი წუთის ღირებულება, ავტომობილის სიმძლავრის შესაბამისად, 3-დან 17 თეთრამდე იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ 100 კილომეტრისთვის საჭირო მუხტის მიღება 8-9 ლარი დაჯდება. The post ელექტრომობილების მომავალი: რას ელოდება მსოფლიო ეკონომიკა appeared first on BusinessFeed. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა