Guest Merlin Posted 1 ივნისი, 2021 Posted 1 ივნისი, 2021 გურიაში გავლით, ბათუმისკენ მიმავალი მანქანით ან მატარებლით ვიყავი აქამდე ნამყოფი. ჩემი წინაპრები გურიიდან ყოფილან – დუმბაძეები, ღლონტები. სოფელ დვაბზუში ჩემი დიდი ბაბუის ბაბუას ეკლესიაც კი აუშენებია. ბაბუ ბევრს ყვებოდა დედაზე, გურიაზე, ხშირად გვთხოვდა ხოლმე, ჩადით ჩემს დედულეთშიო. მეც სულ მინდოდა გამეგო, „რა ყოფილა გურია“, მაგრამ როგორც ჩემნაირები იმართლებენ ხოლმე თავს, ვერასდროს მოვიცალე ამ ამბისთვის. ახლა კი, ისევ საქმის გამო ამოვყავი თავი ამ გადარეულებით დასახლებულ დალოცვილ მხარეში. ოზურგეთისკენ გადავუხვიეთ და დაგრეხილი გზებით მაღალმთიანი გურიისკენ მივემართებით. მალევე, აბრაზე წარწერით სოფელი დვაბზუც შემოგვეგება. გზას ვაგრძელებთ. აცივდა, მოსაცმელები მოვიგდეთ ზურგზე და, საინტერესო თავგადასავლის მოლოდინში, მომავალი ორი დღის სცენარზე დავიწყეთ მსჯელობა. წინ ნისლში ჩაძირული მთები გამოჩნდა, მანქანის ჩამოწეული ფანჯრებიდან სოფლის სუნი შემოვარდა. გადაღება სოფელ მთისპირში გვაქვს. ჩვენი გზამკვლევი ჩვენივე მასპინძელი ოთოა, რომელსაც დროდადრო ტელეფონით ვურეკავთ და ისიც გზის გაგნებაში გვეხმარება. მთისპირში ადგილობრივი პურის წარმოების – კალისტო 1920-ის გადასაღებად მივემგზავრებით. ადგილობრივი ფურნე სოფელ მთისპირში – გემოვანი პური “კალისტო 1920”-ის ცხობარახარუხით ჩავიარეთ სოფლის შარაგზა და მწვანე ეზოდან მასპინძლები – ოთო, ირაკლი და გიორგი შემოგვეგებნენ. არასდროს იცი, გადაღებისგან რა თავგადასავალს უნდა ელოდო. აქ კი აშკარაა, რომ განსაკუთრებით გვიმართლებს და გვხვდება მასპინძლობა ქართული, განწყობა კი – გურული. ოთო და ირაკლი პროექტ გემოვანის დამფუძნებლები არიან და უკვე მეექვსე წელია თბილისში მზეთამზეს – ბუნებრივ „პურის დედაზე“ დამზადებულ პურს აწარმოებენ. მზეთამზის წარმატების შემდეგ, წარმოების გაფართოება სხვადასხვა რეგიონში სურდათ. თუმცა, ყველა ჯერზე მნიშვნელოვანი დილემის წინაშე დგებოდნენ – დიდი საწარმოს აშენება თუ ადგილობრივი მიტოვებული ფურნეების გამოცოცხლება. ირაკლი გურულია, ოთო – მეგრელი. ადგილობრივი ფურნეების იდეამ განსაკუთრებით მოხიბლა საკუთარ მხარეზე შეყვარებული პურის მწარმოებლები. სწორედ ასე გაჩნდა გურული პური კალისტო 1920-ის წარმოების იდეაც, რომელსაც მალევე მეგრული პური თუთა 4 მოჰყვა. მიტოვებული ფურნეების ასამუშავებლად გურიაში მესამე თვეს ატარებენ. ხუმრობენ, რომ უკვე ადგილობრივებშიც გაითქვიფნენ. თან სუფრის გამოც გვიბოდიშებენ, „მთლად მოწოდების სიმაღლეზე ვერ არის, მარტო ბიჭები ვართ აქო“. არადა, სუფრას არც გურული დედალი, არც ადგილობრივი რეცეპტით შეკმაზული ეკალა, არც გლეხურად დაჭრილი კიტრი-პომიდვრის სალათა და მარნიდან გამოტანილი ღვინო აკლია. დინამიკებიდან არც მეტი, არც ნაკლები – Pink Floyd და Queen ისმის. პატარა ოთახში გრძელ მაგიდას გარშემო ხის ჯორკოებზე შემოვუსხედით. ზურგს ეზოში მოგროვებული ფიჩხით აგიზგიზებული ბუხარი გვითბობს. სუფრას კი, როგორც მოსალოდნელი იყო, მთისპირის გამოცოცხლებულ ფურნეში გამომცხვარი პური ამშვენებს. მასპინძლებთან საუბარში ვხვდებით, რომ გემოვანი, მის ქვეშ გაერთიანებული პურის საწარმო და ადგილობრივი ფურნეები დამფუძნებლებისთვის მხოლოდ წარმატებული ბიზნესი არ არის. ტრადიციული ქართული მეთოდით გამომცხვარი პურისადმი უდიდესი სიყვარული მეგობრების მონათხრობ ამბავში შეუძლებელია, ვერ შენიშნო. ამ სიყვარულის გამართლებას ამავე პურში ვპოულობთ – მძიმე და განსხვავებული გემოს მქონე კალისტო 1920 უფროს თაობას ნოსტალგიებს აღუძრავს, ჩემსას კი – ახალ, ჯანსაღ და განსხვავებულ გემოს გააცნობს. კალისტო იუპიტერის ერთ-ერთი თანამგზავრის სახელი ყოფილა, მაგრამ ირაკლისთვის ამ სახელწოდებას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. როდესაც გურიაში პურის წარმოება საბოლოოდ გადაწყდა, მოულოდნელად მამისგან შეტყობინება მიუღია, რომელმაც საბოლოოდ დაარწმუნება ექსპერიმენტის სამომავლო წარმატებაში: „მთისპირის ფურნეზე კარგი იქნება დაფის გაკვრა – მთისპირში პირველი ფურნე მოაწყო და 1920-30-იან წლებში კომერციულ პურს აცხობდა კალისტო ჩავლეშვილი“. კალისტო ჩავლეშვილი გურული მომღერალი იყო. 1920 წელს საკუთარი ფურნე გაუხსნია. ასე მარტივად და სიმბოლურად გადაწყდა გურული ფურნის პურის დასახელების ამბავიც. სწორედ გურულმა კალისტომ და მისი სახელწოდების ციურმა წარმომავლობამ მისცა დასაბამი სხვა რეგიონებში დაგეგმილი ადგილობრივი ფურნეების დასახელებებსაც. ერთი კვირის წინ, ამჯერად სამეგრელოში, მარტვილის სოფელ სერგიეთში, კიდევ ერთი მიტოვებული ფურნე ამუშავდა. ასე დაიკავა მეგრული მაღაზიების დახლები ტრადიციულ „ქართულ დედაზე“ გამომცხვარმა პურმა თუთა 4-მა. თუთა მეგრულად მთვარეს ნიშნავს. როგორც ირაკლი და ოთო გვიამბობენ, ციური სხეულების სახელების მქონე ადგილობრივი პური მალე მთელ საქართველოში, მათ შორის აფხაზეთშიც გამოჩნდება. მარტვილის ფურნეში პური მალევე გამოცხვა. ამჯერად მასპინძლობა მეგრულია – ფურნიდან გამოღებულ, ხელით დატეხილ, ცხელ-ცხელ პურს რძიან სულგუნს ვაყოლებთ. მეგრული პურის რეცეპტი და მომზადების წესი კალისტო 1920-ის იდენტურია, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ადგილობრივი ხორბალი, წყალი და ჰაერი პურის განსხვავებულ გემოს განაპირობებს. მადის აღძვრიდან მალევე მეგრულ სუფრაზე ამოვყავით თავი – ელარჯის მასტერკლასების ნახვის შემდეგ, უგემრიელეს გებჟალიასა და ნიგვზიან ხარჩოს შევექცევით. ჩვენი მოგზაურობა მარტვილის მონასტრის მონახულებით სრულდება. დამშვიდობებისას ოთო და ირაკლი გვპირდებიან, რომ მალე სხვა რეგიონებში გამოცოცხლებულ ფურნეებში შევხვდებით. მარტვილი, სამეგრელოპროექტი გემოვანი 2015 წელს ირაკლი ჩავლეშვილმა და ოთარ ნაჭყებიამ დააფუძნეს. გემოვანის მთავარი იდეა მხოლოდ და მხოლოდ ქართული გენეტიკის სასურსათო პროდუქტების წარმოებასა და მათ პოპულარიზაციაში მდგომარეობს. გემოვანი უკვე 6 წელია აწარმოებს პურს მზეთამზე, რომელიც ამ დროის მონაცემებით, მესამე ადგილზეა ქართული პურის ბაზარზე. დამფუძნებლების იდეაა, რეგიონებში პურის წარმოება დეცენტრალიზებული მიდგომით, ძველი ფურნეების გამოცოცხლებით, გააფართოვონ. ამგვარად, გემოვანი შეისყიდის ადგილობრივი წარმოების ხორბალს, დაასაქმებს ადგილობრივებს და ბაზარზე დაამკვიდრებს ნამდვილი „პურის დედაზე“ წარმოებული პურის ტრადიციას. The post კალისტო 1920 და თუთა 4: მიტოვებულ ფურნეებში გამომცხვარი გემოვანი პური appeared first on BusinessFeed. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა