Guest Merlin Posted 31 მაისი, 2021 Posted 31 მაისი, 2021 მარტივი ეკონომიკური ანალიზი საკმარისია იმაში დასარწმუნებლად, რომ სამუშაო ადგილებს ქმნის ინვესტიციები. საქართველოში უმუშევრობის მთავარ მიზეზად სწორედ ინვესტიციების სიმცირეს მიიჩნევენ, რასაც სხვა ხელის შემშლელი ფაქტორებიც ემატება. მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანას სჭირდება ინვესტიციები, რომ ეკონომიკა აღდგეს და ხალხი დასაქმდეს, მაგრამ, დასაქმებულების რა რაოდენობა მოდის უცხოურ ინვესტიციებზე, ამის აღრიცხვას, როგორც აღმოჩნდა, სახელმწიფო უწყებები არ აწარმოებენ. 2020 წელს საქართველოში შემოსული უცხოური ინვესტიციების მოცულობა, წინასწარი მონაცემებით, $616.9 მილიონი იყო, რაც ბოლო 10 წლის მინიმუმია. ინვესტიციების კლება პანდემიამაც განაპირობა, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ინვესტიცია წინა ორი წლის განმავლობაშიც მცირდებოდა. ინვესტიციებმა ყველაზე მაღალ ნიშნულს 2017 წელს მიაღწია – $1.978 მილიარდი, ხოლო 2018-2019 წლებში, შესაბამისად, $1.306 და $1.310 მილიარდამდე ჩამოვიდა. შარშან ყველაზე მეტი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორმა მიიღო ($400 მილიონი – მთლიანი ინვესტიციის 65%), სამთომომპოვებელმა მრეწველობამ – $101.5 მილიონი (16,5%); უძრავმა ქონებამ – $71.8 მილიონი (11,6%); სოფლის მეურნეობის სექტორმა – მხოლოდ $8.9 მილიონი; ენერგეტიკამ – $5.8 მილიონი. რა სარგებლობა მოაქვს უცხოურ ინვესტიციებს? რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ინვესტიციები იწვევს ეკონომიკის ზრდას. მშპ-ის გაზრდა ქვეყნის კეთილდღეობას გულისხმობს. უცხოური ინვესტიცია ქვეყანაში ვალუტის შემოსვლას ნიშნავს. ვალუტის ნაკადების ზრდა განაპირობებს გაცვლითი კურსის სტაბილურობას, აძლიერებს ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობას და იწვევს დოლარიზაციის მაჩვენებლის შემცირებას. internationalbanker.comინვესტიციებს მოაქვს ცოდნა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რომელიც კაპიტალის სიმცირეს, ტექნოლოგიებისა და სიახლეების ნაკლებობას განიცდის. ინვესტიციებს მოჰყვება თანამედროვე ტექნოლოგიები და გამოცდილება, რაც ეკონომიკისთვის დამატებით დადებით ეფექტს ქმნის. ინვესტიციები ზრდის წარმოებას. ხოლო როცა ქვეყანაში დასაბეგრი ბაზა იზრდება, ბიუჯეტში გადასახადების სახით მეტი შემოსავალი შედის. ეს ეხმარება მთავრობას, რომ ინფრასტრუქტურული, კულტურული თუ სხვა სახის პროექტები უფრო თამამად დააფინანსოს. რამდენ სამუშაო ადგილს ქმნიან უცხოური ინვესტიციები? როგორც აღმოჩნდა, ასეთი მონაცემები არ არსებობს. საქართველოში ამ სტატისტიკას სახელმწიფო უწყებები არ აწარმოებენ. ამგვარი მონაცემები არც ეკონომისტებს აქვთ. „ინვესტიციებისა და მისგან შექმნილი სამუშაო ადგილების დათვლა რთულია. თანაც, მონაცემები სექტორების მიხედვითაც განსხვავდება. თითოეული სექტორის მიხედვით დათვლილი ციფრებიც საკამათო იქნება“, – ამბობს ოთარ ნადარაია, თიბისის მთავარი ეკონომისტი. „დასაქმებულების რა რაოდენობა მოდის უცხოურ ინვესტიციებზე, ამის ზუსტად თქმა ძნელია. დასაქმების მაჩვენებელი სექტორების მიხედვით განსხვავებულია. გადამამუშავებელ მრეწველობაში ჩადებული უცხოური ინვესტიცია მეტ ადამიანს დაასაქმებს, ხოლო ენერგეტიკის ან ტრანსპორტის სექტორში – შედარებით ცოტას. საქართველოს მსგავს ქვეყნებში უცხოურ ინვესტიციებსა და სამუშაო ადგილებს დიდი პროექტები ქმნიან, როგორიც იყო BP-ის მილსადენის პროექტი. პროექტი დასრულდა და ინვესტიციაც და სამუშაო ადგილებიც შემცირდა. გრძელვადიანი დასაქმება ტრანსპორტის სექტორში ნაკლებად ხდება. როცა პროექტი ამოიწურება, სამუშაო ადგილი ქრება“, – აღნიშნავს Business Feed-თან დავით კეშელავა – ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი. რა უშლის ხელს საქართველოში ინვესტიციების შემოსვლას? არის მოსაზრება, რომ ბიზნესის კეთების სიმარტივე და სხვა სახელმწიფოებთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი მნიშვნელოვანი ფაქტორებია ინვესტიციების მოსაზიდად. ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ ეს საქართველოსთვის აუცილებელი პირობებია, მაგრამ არა საკმარისი. „გამოკითხვის ჩატარების დროს ბიზნესი ხელის შემშლელ ფაქტორებს შორის ასახელებს შესაბამისი განათლების მქონე სამუშაო ძალის დეფიციტს. მოქალაქეები არ იღებენ განათლებას იმ პროფესიებში, რომელიც ბიზნესს სჭირდება. ინვესტორები ასევე ასახელებენ ფინანსებზე წვდომის პრობლემას, რასაც კაპიტალის ბაზრის განვითარების დაბალი დონე განაპირობებს. პრობლემაა, პოლიტიკური და მაკროეკონომიკური არასტაბილურობა, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა. გამოკითხვებში ეს საკითხები მუდმივად დომინირებს“, – აღნიშნავს დავით კეშელავა. თუ უცხოურ კომპანიას საქართველოში ბიზნესის განვითარებისთვის დამატებითი კაპიტალის მოზიდვა დასჭირდა, აქციების ან ობლიგაციების გამოშვებით ქვეყნის შიგნით ფულადი რესურსების მოზიდვას ვერ შეძლებს, რაც ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი დაბრკოლებაა. ლარის კურსი არასტაბილურია, უმეტესად უფასურდება და ქვეყანაში მაღალია დოლარიზაცია. ინფლაცია ხშირად აღემატება მიზნობრივ მაჩვენებელს, ხოლო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი არ არის მაღალი. რა გაზრდის უცხოურ ინვესტიციებს? პანდემიამ მსოფლიო მასშტაბით საინვესტიციო შიმშილი შექმნა. შესაბამისად, შემცირებულია ის რესურსი, რაც ინვესტიციის სახით შეიძლება შემოვიდეს საქართველოში. ეკონომისტების შეფასებით, ინვესტიციების მოზიდვის ყველაზე დიდი რესურსი აქვს საფინანსო სექტორს, რომელსაც შეუძლია სერვისებით რეგიონული ჰაბი გახდეს. პოტენციალი სოფლის მეურნეობასაც აქვს, მაგრამ ამ სექტორში ინვესტირებას აფერხებს მიწის რეფორმის ნელი ტემპი, მცირემიწიანობა. ადგილობრივ წარმოებას უცხოური პროდუქტისთვის კონკურენციის გაწევა უჭირს. თუ ინვესტორი საქართველოს სოფლის მეურნეობაში დიდი ინვესტიციის განხორციელებას განიხილავს, გათვლა აუცილებლად ექსპორტზე უნდა გააკეთოს, რადგან საქართველოს ბაზარი მცირეა. „საქართველოს, გეოგრაფიული ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, უკეთ შეუძლია გამოიყენოს სატრანზიტო პოტენციალი და უცხოეთიდან ინვესტიციები ამ სფეროშიც მოიზიდოს. მაგრამ ტვირთების გადაზიდვისთვის არ გვაქვს ღრმაწყლოვანი პორტი. ბოლო წლებში საქართველო ამოვარდნილია ბევრი სატრანზიტო პროექტიდან, რომელიც აღმოსავლეთს დასავლეთთან აკავშირებს. ამიტომ ბევრია სამუშაო, რომ საქართველომ შემცირებული რესურსიდან მოიზიდოს ინვესტიციები“, – ამბობს დავით კეშელავა. The post დასაქმებულების რა რაოდენობა მოდის უცხოურ ინვესტიციებზე appeared first on BusinessFeed. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა