Jump to content
×
×
  • Create New...

რა ხდება სავალუტო და სახაზინო აუქციონებზე?


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

სავალუტო აუქციონზე ეროვნული ბანკი ყიდის ან ყიდულობს უცხოურ ვალუტას. ამ გზით ის, პირველ რიგში, საერთაშორისო რეზერვებს ავსებს.

სახაზინო აუქციონზე კი ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებით ხდება ვაჭრობა. ამ ფასიანი ქაღალდების გაყიდვით მთავრობა ფულად რესურსს იზიდავს, ანუ ფულს სესხულობს, როცა მას ამის საჭიროება შეექმნება.

რისთვის არის საჭირო სავალუტო აუქციონი

სავალუტო აუქციონზე ხდება დოლარის ყიდვა-გაყიდვა. მაგალითად, როცა ეროვნულ ბანკს ვალუტის რეზერვების შევსება დასჭირდება, აუქციონზე ყიდულობს ამერიკულ დოლარს. ხოლო როცა მაგალითად, ქვეყანაში, ჭარბი კაპიტალი შემოდის და ეს ლარის გაცვლით კურსზე ახდენს ზეგავლენას, ამ დროს, საჭირო ხდება ვალუტის გაყიდვა. აუქციონზე ვალუტის ყიდვა-გაყიდვით ხდება ლარის დასტაბილურება, მისი კურსი მყისიერად რომ არ გაიზარდოს ან დაეცეს. სებ-ი სავალუტო აუქციონებს ასევე იყენებს სახელმწიფოს საგარეო სალდოს დაბალანსებისთვის.

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონები 2009 წლის 10 მარტიდან დაიწყო. აუქციონებზე სავაჭრო ოპერაციები ბლუმბერგის ტერმინალის მეშვეობით ხორციელდება. აუქციონის ჩატარების შესახებ ეროვნული ბანკი წინასწარ შეტყობინებას უგზავნის კომერციულ ბანკებს. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად კომერციული ბანკი განაცხადს აგზავნის ეროვნულ ბანკში. განაცხადში მითითებული უნდა იყოს: აუქციონის თარიღი; მოთხოვნილი თუ მიწოდებული უცხოური ვალუტის მოცულობა და მოთხოვნა/მიწოდების ფასი. თითოეული ბანკიდან მაქსიმუმ 3 განაცხადის მიღებაა დასაშვები. სავალუტო აუქციონი კვირაში ორჯერ ტარდება.

რა იყიდება სახაზინო აუქციონზე

სახაზინო აუქციონიც ეროვნულ ბანკში ტარდება. აუქციონზე ხდება ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა. როგორც წესი, სამთავრობო ფასიან ქაღალდებს მინიმალური რისკი აქვს და მაღალი ლიკვიდურობით (ხელსაყრელ ფასად სწრაფად გაყიდვის უნარი) ხასიათდება. შესაბამისად, მის შესაძენად კომერციულ ბანკებს შორის საკმაოდ დიდი კონკურენციაა, ბანკისთვის მიმზიდველია ასეთი აქტივი.

რა იყიდება სახაზინო აუქციონზეpepi-stojanovski/unsplash.com

სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები ორი სახისაა: სახაზინო ვალდებულებები და სახაზინო ობლიგაციები. ფასიანი ქაღალდების ემისიის გზით მთავრობა მისთვის საჭირო ფულად რესურსს სესხულობს. გარდა ამისა, მათი გამოშვებით მიმოქცევაში ფულის მასა რეგულირდება – მცირდება ან იზრდება; ასევე, ფასიანი ქაღალდების ემისიით ხდება ინფლაციის შემცირება, ეროვნულ ვალუტაზე მოთხოვნის სტიმულირება და მისი კურსის სტაბილურობის ხელშეწყობა.  

სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვება არამატერიალიზებული ფორმით, ეროვნული ვალუტით ხდება. ერთი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდის ნომინალური ღირებულება 1000 ლარია.

სახელმწიფო ფასიან ქაღალდებს უმეტესად კომერციული ბანკები ყიდულობენ, თუმცა, მისი შეძენა, პირველად ან მეორად ბაზარზე, ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირსაც შეუძლია. ამისათვის მსურველმა უნდა მიმართოს კომერციულ ბანკს ან საბროკერო კომპანიას, რომლებიც, ამ შემთხვევაში, დილერის ფუნქციას ასრულებენ. ისინი კლიენტების სახელით წარადგენენ განაცხადს აუქციონზე. განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ფასიანი ქაღალდი პირდაპირ კლიენტის პირად ანგარიშზე ჩაირიცხება.

აუქციონის გამართვამდე 1 საათით ადრე კლიენტის შესაბამის მიმდინარე ანგარიშზე უნდა იყოს შესყიდვის ფასის შესაბამისი თანხა და ოპერაციის შესაძლო საკომისიო.

აუქციონში მონაწილეები განაცხადში უთითებენ, თუ რა შემოსავლის მიღება სურთ საკუთარ ინვესტიციაზე (ანუ უთითებენ საპროცენტო განაკვეთს). ვაჭრობის დროს თავდაპირველად დაკმაყოფილდება ის განაცხადები, სადაც დაბალი საპროცენტო განაკვეთებია მითითებული, შემდეგ უფრო მაღალი და ა.შ. მანამ, სანამ აუქციონზე გამოტანილი ფასიანი ქაღალდები მთლიანად არ გაიყიდება.

სახაზინო ობლიგაციები

ეროვნული ბანკის მიმართ მთავრობის დავალიანების გადავადების მიზნით, 2006 წელს სახელმწიფო ობლიგაციების ემისია გადაწყდა. ამ პერიოდისთვის მთავრობის ვალი 832.9 მილიონ ლარს შეადგენდა. შეთანხმების მიხედვით, დავალიანების ნაწილი ყოველწლიურად გადაფორმდება ობლიგაციებად, 16-60 თვის ვადით. დავალიანება სრულად დაიფარება 2030 წელს. ეროვნულ ბანკს შეუძლია აღნიშნული ობლიგაციები ღია ბაზრის ოპერაციებისათვის (რეფინანსირების სესხები, ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატები, მთავრობის სახაზინო ვალდებულებები და სახაზინო ობლიგაციები) გამოიყენოს.

სახელმწიფო ობლიგაციების ყიდვა კომერციულ ბანკებს და, მათი მეშვეობით, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შეუძლიათ. ამ გზით ისინი მთავრობის კრედიტორები ხდებიან. სახელმწიფო ობლიგაციების განაკვეთი ამჟამად 8.46-8.65%-ის ფარგლებში მერყეობს. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ემისიის მოცულობა და მისი დაფარვის გრაფიკი  განთავსებულია ფინანსთა სამინისტროს ვებსაიტზე, ხოლო სახაზინო ვალდებულებების აუქციონების შედეგების შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი აქვეყნებს.

The post რა ხდება სავალუტო და სახაზინო აუქციონებზე? appeared first on BusinessFeed.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share