Jump to content
×
×
  • Create New...

ავტოინდუსტრია საქართველოში


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

საქართველო ავტომრეწველობაში გამოცდილი ქვეყანაა. მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, ეს სფერო აქ გაცილებით ადრე განვითარდა და მისი ისტორია XX საუკუნის 30-იანი წლებიდან იწყება. დღეს კი საქართველო ავტომობილებით ვაჭრობის რეგიონულ ჰაბად მიიჩნევა. 

ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე თბილისში არსებულ ქარხანაში მზადდებოდა ღია საკურორტო ავტობუსი იტალიური Fiat-ისა და Lancia-ს, ასევე საბჭოთა AMO-ს ბაზებზე. 1945 წლიდან ფუნქციონირება დაიწყო ქუთაისის საავტომობილო ქარხანამ, რომელმაც არსებობის მანძილზე 8 სხვადასხვა მოდელის ავტომობილი გამოუშვა. დღეს მას ქუთაისის ავტომექანიკური ქარხანა ჰქვია და მანქანათმშენებლობისთვის საჭირო დეტალებს ამზადებს. ასევე, აღსანიშნავია ავტომანქანების წარმოების განახლების მცდელობა 2002 წელს, როდესაც ინდური ჯიპი Mahindra გამოუშვეს, თუმცა, დარგის კვლავ განვითარების მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. 

მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე საქართველოში ავტომობილები აღარ მზადდება, იგი რეგიონში მაინც ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა ავტომობილებით ვაჭრობის მიმართულებით. 2020 წელს საქართველოში ავტომობილების ფორმალური ბიზნესის ზომა 2.9 მილიარდი ლარი იყო. ავტომობილების ბიზნესი მოიცავს როგორც ავტომობილებით, ასევე ავტონაწილებით ვაჭრობასა და ტექნიკურ მომსახურებას. Galt & Taggart-ის მონაცემების მიხედვით, არაფორმალური სექტორის ჩათვლით, 2020 წელს ავტომობილების ბიზნესის მთლიანმა ზომამ საქართველოში 3.8 მილიარდი ლარი შეადგინა. 

ავტომობილები საქართველოს საგარეო ვაჭრობის ერთ-ერთი წამყვანი პროდუქტია. როგორც Galt & Taggart იუწყება, საქართველოს ავტომობილების ბიზნესი ყოველწლიური შემოსავლების საშუალოდ 31%-ს ავტომობილების რეექსპორტით აგენერირებს. 

საქართველოში ახალი ავტომობილები ძირითადად იაპონიიდან შემოდის, მეორადები კი – ამერიკიდან. 2020 წლის იანვრის მონაცემებით, საქართველოს ქუჩებში 1.32 მილიონი ავტომობილი მოძრაობს. კერძო პირების გარდა, ჩვენს ქვეყანაში ავტომობილების ექსპორტს ახორციელებენ მსხვილი კომპანიები. ამ მხრივ ერთ-ერთი ლიდერია Caucasus Auto Import. იგი დილერებსა და კერძო პირებს სთავაზობს ავტომობილების შეძენის სერვისს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. კომპანია ლიცენზირებულია მსოფლიოს წამყვან საავტომობილო აუქციონებზე. ეს კლიენტებს საშუალებას აძლევს, შეაღწიონ ისეთ იაფ სექტორებში, რომლებიც ადგილობრივი მყიდველისთვისაც კი მიუწვდომელია. ამ დროისათვის, Caucasus Auto Import-მა რეგიონში 30 000-ზე მეტი ავტომობილის იმპორტი და რეალიზაცია განახორციელა.

ავტომობილების იმპორტიGalt & Taggart

როგორც თითქმის ყველა სექტორისთვის, 2020 წელი რთული აღმოჩნდა საავტომობილო სფეროსთვისაც. პანდემიასთან ერთად, მასზე დიდი გავლენა იქონია მეზობელ ქვეყნებში გაზრდილმა გადასახადებმაც. აქამდე საქართველოდან ექსპორტირებული ავტომობილების უდიდესი ნაწილი სომხეთსა და ყირგიზეთში გადიოდა. თუმცა, ამ ქვეყნებში საბაჟო გადასახადების ზრდამ და პანდემიის გამო დაწესებულმა სამოგზაურო შეზღუდვებმა, 2020 წელს იმპორტი 45%-ით შეამცირა. მიუხედავად ამისა, ონლაინგაყიდვების მეშვეობით, ექსპორტის შენარჩუნება მოხერხდა აზერბაიჯანთან და უკრაინასთან. ეს, ძირითადად, მსხვილი კომპანიების დამსახურებაა, რომლებმაც მარტივად შეძლეს ონლაინგაყიდვებზე გადართვა. 

საქართველოს ავტოპარკის შესახებ ბოლო მონაცემები შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზე 2019 წელს გამოქვეყნდა. 2016-2019 წლების ზრდის დინამიკა გვიჩვენებს, რომ ავტომანქანების ექსპორტ-რეექსპორტი წლიდან წლამდე ძალიან სწრაფად იზრდებოდა: 2016-დან 2017 წლამდე 88%-იანი ზრდა დაფიქსირდა, 2017-დან 2018-მდე – 84%-იანი, ხოლო 2018-დან 2019 წლამდე ავტომობილების ექსპორტ-რეექსპორტმა 96.7%-ით მოიმატა. 

ყველაზე ხშირად იმპორტირებული ავტომობილებიშსს

ქართულ ბაზარზე სულ უფრო და უფრო იზრდება ჰიბრიდული ავტომობილების წილი. ელექტროტრანსპორტზე მოთხოვნა ჯერჯერობით მცირეა, თუმცა, სავარაუდოდ, მოიმატებს. 2019 წელს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოში ელექტრომობილების წარმოება დააანონსა. მისი განცხადებით, ჩინურმა კომპანია Changan-მა AIGroup-თან თანამშრომლობით, ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობა გადაწყვიტა, რომელიც უკვე 2020 წლიდან მიაწვდიდა ბაზარს ელექტრომანქანებს. გეგმის მიხედვით, წარმოებული მანქანების ნაწილი, წარწერით Made in Georgia, ევროკავშირში უნდა გასულიყო ექსპორტზე, ნახევარი კი შიდა ბაზრისთვის უნდა ყოფილიყო განკუთვნილი. საწარმო 24 თვის ვადაში უნდა აშენებულიყო და ამოქმედებიდან არანაკლებ 18 თვის ვადაში 5 000 ელექტრომობილი უნდა დაემზადებინა. თუმცა, ეკონომიკის მინისტრის – ნათია თურნავას განცხადებით, COVID-19-ის პანდემიამ ინვესტორ კომპანიას ხელი შეუშალა და გამოშვების ვადამ 2022 წლამდე გადაიწია. 

თუ უახლოეს მომავალში საქართველოში ავტომრეწველობა აღდგა, იგი საქართველოდან ევროპულ ბაზარზე მთავარი საექსპორტო პროდუქტი იქნება და ავტომობილებით ვაჭრობასთან ერთად, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში.

The post ავტოინდუსტრია საქართველოში appeared first on BusinessFeed.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share