Jump to content
×
×
  • Create New...

რა არის ციფრული ლარი


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

ციფრული ტექნოლოგიების განვითარებამ საქართველოს ეროვნულ ბანკს ლარის ციფრული ვერსიის შექმნისკენ უბიძგა. ცენტრალურ ბანკში ამის აუცილებლობა უკვე დაინახეს – ციფრული ლარი უკეთესადაც მოერგება ციფრულ ეკონომიკას და მონეტარული პოლიტიკის კონტროლის შენარჩუნების საშუალებასაც გააჩენს.

ციფრული ლარი (CBDC) ერთგვარი კრიპტოვალუტაა. განსხვავება ისაა, რომ კრიპტოვალუტები დეცენტრალიზებული გადახდის საშუალებებია. ისინი ერთი კონკრეტული მწარმოებლის მიერაა გამოშვებული და უმართავი, უკონტროლო ხასიათისაა. ციფრული ლარი კი იქნება ცენტრალიზებული ვალუტა, მას გამოუშვებს საქართველოს ეროვნული ბანკი და, ნაღდი ფულის მსგავსად, გადახდის საშუალება იქნება. ციფრულ ლარს ექნება ელექტრონული ფორმა და მხარეებს შორის უკონტაქტო, სწრაფ გაცვლას უზრუნველყოფს. ამ ტიპის ვალუტის უპირატესობად მიიჩნევა ისიც, რომ მისი გამოშვება ცენტრალურ ბანკებს ბევრად იაფი დაუჯდებათ, ვიდრე ნაღდი ფულის. ამ უკანასკნელის უკან საკმაოდ დიდი ინფრასტრუქტურა დგას, რომელიც მოიცავს ბეჭდვას, ტრანსპორტირებას, დისტრიბუციას, ბანკომატებსა და ფილიალებს, რაც საკმაოდ დიდ დანახარჯებთანაა დაკავშირებული. 

ციფრული ვალუტის შესაქმნელად ეროვნული ბანკი თანამშრომლობისთვის იწვევს ფინტექკომპანიებსა და დაინტერესებულ ფინანსურ ინსტიტუტებს.

ეროვნული ბანკის ახალი წამოწყებით დაინტერესდა საქართველოს ფინტექასოციაცია. ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით კიკვიძე ამბობს, რომ გაერთიანების წევრმა კომპანიებმა სებ-თან თანამშრომლობის სურვილი უკვე გამოთქვეს.

„ამ ეტაპზე რთული სათქმელია, რა ფორმით ჩაერთვებიან ფინტექები ამ პროცესში. დიდი ალბათობა არსებობს იმისა, რომ ამ პროექტის ძირითადი პარტნიორი იყოს რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაცია. რაც უნდა სამწუხარო იყოს, ქართულ კომპანიებს არ გვაქვს იმხელა გამოცდილება, რომ თავიდან ბოლომდე ეს პროცესი ჩვენ ჩავიბაროთ. თუმცა, მისასალმებელია, რომ ეროვნული ბანკი გამოთქვამს მზადყოფნას, ქართული კომპანიებიც ჩართოს პროექტში იმ რესურსით, რისი შესაძლებლობაც ჩვენს ფინტექებს ექნებათ“, – ამბობს Business Feed-თან დავით კიკვიძე.

სებ-ი ახალ პროექტში ფინტექების ჩართვას ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების ნაწილში აპირებს. ცენტრალური ბანკი მიიჩნევს, რომ კერძო სექტორის როლი მნიშვნელოვანი იქნება ინტერფეისის დიზაინის, მომხმარებელთა მართვის, KYC (Know Your Customer) და AML (Anti Money Laundering) ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის შექმნის, რეგულაციებთან თავსებადობასა და მონაცემთა მართვაში. ეროვნულ ბანკში ფიქრობენ, რომ ციფრული ვალუტა შესაძლოა, მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი გახდეს ფინანსური ეკოსისტემისთვის და საკმაოდ დიდი გავლენა იქონიოს კერძო ინოვაციებისა და ახალი ფინანსური ტექნოლოგიების შექმნაზე.

„ციფრული ლარით დაგროვება, გადარიცხვა თუ სხვა ოპერაციები კომერციული ბანკების გვერდის ავლით მოხდება. თუმცა, ბანკები და ფინანსურ-ტექნოლოგიური კომპანიები ამ პროცესში პარტნიორები არიან და ციფრული ლარი მათ შესაძლებლობას აძლევს, ახალი პროდუქტები და სერვისები შექმნან“, – აცხადებს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა.

გარდა ტექნოლოგიური სიახლეების შემოტანისა, ციფრულმა ლარმა უნდა დააჩქაროს ეკონომიკური განვითარების პროცესებიც. ფინანსური ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ სავაჭრო გარიგებები იქნება გაცილებით მოქნილი, სწრაფი, ნაკლებ დანახარჯებთან დაკავშირებული და ტექნოლოგიურ ციკლზე აგებული.

„ეს, ერთი მხრივ, შეამცირებს სხვადასხვა რისკს, მათ შორის ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებულ საფრთხეებს. ასევე, დაჩქარდება ნაღდი ფულის ამოღება მოძრაობიდან, რაც დღევანდელ რეალობაში თითქმის ყველა ეკონომიკისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს – ნაღდი ფულის არსებობა დამატებითი ხარჯია ცენტრალური ბანკებისთვის და ამასთან, ე.წ. ჩრდილოვანი ეკონომიკის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია“, – განმარტავს დავით კიკვიძე.

ცენტრალური ბანკის შეფასებით, CBDC მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს ინოვაციურ ბიზნესმოდელებს, რასაც დიდი გავლენა ექნება საზოგადოების კეთილდღეობაზე. 

„CBDC-ის გამოშვებით შესაძლებელი იქნება დაჩქარდეს ახალი ფინანსური ტექნოლოგიების დანერგვა, ხელი შეეწყოს ფინანსურ ჩართულობას. ასევე, შესაძლებელია გაიზარდოს მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობა და გაუმჯობესდეს ლარიზაციის პროცესი“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

ეროვნული ბანკი ციფრული ლარის გამოშვებას 2022 წლის ზაფხულიდან დაიწყებს. ამ ტიპის ვალუტით შესაძლებელი იქნება გადახდა, დაგროვება, სესხის აღება. ელექტრონულ საფულეში არსებულ ნაშთს პროცენტიც უნდა დაერიცხოს. პროექტი თავდაპირველად საპილოტე იქნება. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის ინიციატივები მსოფლიო მასშტაბითაც აქტუალურია. ჩინეთმა სატესტო რეჟიმში ჩინური იუანი გამოუშვა, აშშ დოლარის გაციფრულებას იწყებს, ევროკავშირი კი ევროს გაციფრულებისთვის ემზადება.

The post რა არის ციფრული ლარი appeared first on BusinessFeed.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share