Jump to content
×
×
  • Create New...

გაუზიარე გამოცდილება: Pulsar AI


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

სტარტაპების ცხოვრება უამრავი გამოწვევისგან შედგება. ცვალებადი გარემო და მზარდი კონკურენცია მათგან სიფხიზლეს, გონიერებას, დროული და ზუსტი გადაწყვეტილებების მიღებას, პროდუქტის ხარისხზე მუდმივ მუშაობას ითხოვს. სწორედ ამის გამო მხოლოდ ცოტა თუ ახერხებს წარმატების მიღწევას და კიდევ უფრო ცოტას თუ შეუძლია ის, რაც ქართულმა სტარტაპმა Pulsar AI-მ შეძლო. 

ქართული სტარტაპების ისტორიაში Pulsar AI-ს უპრეცედენტო წარმატება Silicon Valley-ზე $1.2-მილიონიანი ინვესტიციის მოზიდვით დაიწყო. სულ ცოტა ხნის წინ კი ავტოინდუსტრიაში ციფრული გაყიდვების ლიდერმა კომპანია SpinCar-მა მისი შეძენის შესახებ განაცხადა. ამ გარიგებით სტარტაპის ღირებულება უკვე რამდენიმე ათეულმილიონიანი გახდა.

ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე Pulsar AI-ს ისტორია 2016 წელს დაიწყო. თავიდან დამფუძნებლები დაჩი ჭოლაძე და ზაალ გაჩეჩილაძე ქართული კომპანიების წინაშე მდგარი სხვადასხვა პრობლემის ტექნოლოგიურ გადაწყვეტაზე მუშაობდნენ. Pulsar AI ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ქართული ენის კომპიუტერული დამუშავება (Natural Language Processing, NLP) დაიწყო, ტექნოლოგიას ქართული ენა დაასწავლა და ამავე ენაზე აამეტყველა.

სტარტაპის ერთ-ერთი პირველი პროდუქტი ქართულენოვანი ჩატბოტი იყო. გუნდმა მისი დემო ვერსიით თიბისი ბანკი დააინტერესა და პირველი კომერციული კონტრაქტიც გააფორმა. ასე შეიქმნა Ti Bot – ქართულ ენაზე მოსაუბრე პირველი კიბერრობოტი. მას კომპანია Beeline-ის ჩატბოტი – სუპერ • ბი მოჰყვა. Pulsar AI-ს წარმატებულ პროდუქტებს შორის არის ქართული ენის ხმოვანი ასისტენტიც, რომლის დახმარებითაც სხვადასხვა ტექნიკის ქართულად მართვა გახდა შესაძლებელი.

დაჩი ჭოლაძე ინვესტორებისა და ფინანსების მოზიდვისთვის ერთ-ერთ უმთავრეს ფაქტორად პრობლემის სწორად იდენტიფიცირებას მიიჩნევს. 

„თუკი პროდუქტს კომპანიებისთვის ქმნი, მათ საჭიროებებსა და პრობლემებზე ინფორმაციას ყველაზე კარგად სწორედ ამ ინდუსტრიებში თუ კონკრეტულ კომპანიებში მომუშავე ადამიანებისგან მიიღებ. პრობლემის სწორად დანახვის შემდეგ უნდა განსაზღვრო ბაზარი – რამდენი კომპანიაა იმავე პრობლემის წინაშე. რაც უფრო დიდია მასშტაბი, მისი გადაწყვეტის შენეული ხედვაც უფრო მეტ ღირებულებას იძენს. ჩვენ ისეთ ტექნოლოგიებზე გავაკეთეთ აქცენტი, რომლებიც ბაზარზე არსებულ აქტუალურ პრობლემებს ეხებოდა. ამიტომ, ამ გადაწყვეტილებებმა შემოსავალი დასაწყისშივე მოგვიტანა, რასაც ახალი ტექნოლოგიების ათვისებასა და გუნდის ზრდაში ვიყენებდით“, – გვითხრა დაჩი ჭოლაძემ.

პულსარიფოტო: Pulsar AI

Pulsar AI-ს გუნდი დღეს პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერებისა და ინჟინრების, ლინგვისტებისა და მონაცემთა მეცნიერების 35-მდე წევრისგან შედგება. სტარტაპის AI Conversation Design-ის გუნდის ხელმძღვანელი მარიამ მათიაშვილი ფიქრობს, რომ მათი გუნდის სიძლიერე მხოლოდ ცოდნასა და კვალიფიკაციაში კი არა, შესაბამის უნარ-ჩვევებშია. 

„ის, რაც დღეს ვიცით ან რაც არ უნდა კარგ რამეს ვაკეთებდეთ, ხვალ შეიძლება არარელევანტური იყოს. ამიტომ, მთავარი ახალ გარემოებებზე ადაპტირებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები მგონია, ის, რაც Pulsar AI-ს წევრებმა წლების განმავლობაში გამოვიმუშავეთ“, – ამბობს მარიამი.

დაჩი ჭოლაძეც ფიქრობს, რომ სტარტაპისთვის მოქნილობა უდიდესი უპირატესობაა:

„არავინ ითხოვს შენგან 100%-ის სიზუსტით შექმნა ის, რაც საწყის ეტაპზე წარმოგედგინა. რა სჭირდება შენს პროდუქტს, როგორი უნდა იყოს მისი საბოლოო სახე, უშუალოდ პრობლემის გადაჭრაზე მუშაობისას იკვეთება. ამიტომ, არსებითი ახალი საჭიროებების წარმოქმნისას გუნდის მოქნილობაა.“

2019 წელს Pulsar AI-მ Silicon Valley-დან $1.2  მილიონის ინვესტიცია მიიღო და გლობალურ ბაზარზე გასვლასაც უფრო აქტიურად შეუდგა. მისი ბოლო ნამუშევარი, რომლითაც საერთაშორისო მომხმარებლები განსაკუთრებით მოხიბლა, Conversational AI-ს ტექნოლოგიაა. სწორედ მისმა დახვეწილმა და გამართულმა სისტემამ გადააწყვეტინა ქართული სტარტაპის შესყიდვა გლობალურ კომპანია SpinCar-საც.

Conversational AI ავტომატიზებული დიალოგის სისტემაა, რომელიც ავტომანქანის პოტენციურ მყიდველს მისთვის საინტერესო კითხვებზე აწვდის პასუხებს, დილერს ონლაინმოთხოვნის შესახებ ამცნობს და აკავშირებს მყიდველთან. 

„ეს ტექნოლოგია ავტომოპასუხეებისგან იმით განსხვავდება, რომ ის რელევანტურ პასუხებს იძლევა, დაინტერესებულ ადამიანს მყისიერად აწვდის მისთვის საჭირო ინფორმაციას დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში. მაშინაც, როდესაც გაყიდვების აგენტები ხელმისაწვდომი აღარ არიან. ეს ტექნოლოგია დილერებს ძალიან დიდ დროსა და რესურსს უზოგავს. სისწრაფე, ეფექტიანობა, ადეკვატური პასუხები 24/7-ზე – ეს არის ის, რაც SpinCar-ს ავტომანქანების გაყიდვების ზრდაში ეხმარება“, – გვითხრა პულსარის NLP-ის გუნდის ხელმძღვანელმა ანა კოლხიდაშვილმა.

Conversational AI-ის განვითარებაზე მუშაობას Pulsar AI ახლა SpinCar-თან ერთად, როგორც ამ კომპანიის სრულუფლებიანი წევრი, ისე განაგრძობს. 

„ახლა კომპანიასთან ერთად ვაკვირდებით ამ ტექნოლოგიას, SpinCar-ის მომხმარებლების უკუკავშირის გათვალისწინებით ვიკვლევთ, რისი გაუმჯობესება და დახვეწა ან რა ახალი მახასიათებლების ინტეგრირება სჭირდება მას“, – ამბობს Pulsar AI-ს დეველოპერი ალექსანდრე ჩოგოვაძე

მიუხედავად იმისა, რომ Pulsar AI ახლა SpinCar-ის წარმომადგენელია და გუნდის ძირითადი ნაწილი მინიმუმ რამდენიმე წლის განმავლობაში სწორედ ამ პროგრამის განვითარებისკენ იქნება მიმართული, სტარტაპი სხვა ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებსა და მათ დანერგვაზე ისევ აგრძელებს მუშაობას. 

მარიამ მათიაშვილი ფიქრობს, რომ ერთ-ერთი, რამაც Pulsar AI-ს ეს უპრეცედენტო წარმატება განაპირობა, სტარტაპის ორგანიზაციული კულტურაა.

„ხშირად ვამბობთ, რომ საქართველოში ნაკლები შესაძლებლობა, ცოდნა და გამოცდილებაა. ეს ბევრისთვის ხელის ჩაქნევის, განვითარებაზე უარის თქმის მიზეზი ხდება ხოლმე. ჩვენ ასე არ მოვქცეულვართ, ეს დანაკლისი შესაძლებლობად ვაქციეთ და ყოველთვის მეტი შრომითა და რწმენით ვაგრძელებდით მუშაობას“, – ამბობს მარიამი. 

Pulsar AI-ს გუნდიფოტო: Pulsar AI

„ჩვენი საქმისადმი მიდგომა და ამბიციები თავიდანვე განისაზღვრა გუნდმა ისეთი ტექნოლოგიების შექმნა დაისახა მიზნად, რომლის ანალოგიც არ არსებობდა, ვერც ვერავისგან მივიღებდით „რეცეპტს“ ან რჩევას. თავიდანვე გავიაზრეთ, რომ პრობლემა მხოლოდ ჩვენი რესურსით უნდა გადაგვეჭრა. გუნდშიც ასეთი ადამიანები შევიკრიბეთ ერთმანეთს დავაჯერეთ, რომ ნებისმიერი ბარიერის გადალახვას შევძლებდით. და ეს რწმენა ჩვენთვის იმდენად ორგანული გახდა, რომ სიტყვებს „ამას ვერ შევძლებთ, ან ამას ვერ მივაღწევთ“ გუნდის ვერც ერთი წევრისგან გაიგებთ. ძნელი იყო იმის განსაზღვრა, თუ რამდენად შორს შეგვეძლო წასვლა. თუმცა, ნებისმიერი კარგი შედეგის მიღწევისთანავე, თითოეულ ჩვენგანს თავში უკვე უფრო დიდი მიზნები გვქონდა“, გვითხრა დაჩი ჭოლაძემ. 

The post გაუზიარე გამოცდილება: Pulsar AI appeared first on BusinessFeed.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share