Guest Merlin Posted 18 მაისი, 2021 Posted 18 მაისი, 2021 ცნობილი კომპანიების აღმასრულებელი დირექტორები დღეს იმდენად პოპულარულები არიან, რომ სელებრითებად ითვლებიან. ჯეფ ბეზოსის, მარკ ცუკერბერგის, რიჩარდ ბრენსონის, ილონ მასკის, ბილ გეითსისა და სხვა მსხვილი კომპანიების დამფუძნებლებისა თუ აღმასრულებელი დირექტორების პირადი ცხოვრება ხალხისთვის ისეთივე საინტერესოა, როგორც მსახიობებისა და მომღერლების. ამის გამო ისინი პაპარაცების ობიექტივშიც ხშირად ხვდებიან. თუმცა, საზოგადოების დიდმა ნაწილმა არ იცის, თუ როგორია მათი ერთი ჩვეულებრივი სამუშაო დღე. ჯერ კიდევ 2006 წელს ამ საკითხით ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორები – მაიკლ პორტერი და ნიტინ ნორია დაინტერესდნენ. ისინი 3 თვის განმავლობაში ყოველდღიურად აკვირდებოდნენ 27 აღმასრულებელ დირექტორს (ორ ქალსა და 25 მამაკაცს), რომელთა კომპანიების საშუალო წლიური ბრუნვა $13.1 მილიარდი იყო. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ აღმასრულებელი დირექტორები კვირაში (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით) დაახლოებით 48.5 საათს მუშაობენ, ანუ დღეში 9.7 საათს. შედარებისთვის, საშუალო ამერიკელი კვირაში 44 საათს და დღეში 8.8 საათს მუშაობს. ასევე, კვლევის მიხედვით, აღმასრულებელი დირექტორები უქმე დღეების 79%-ს მუშაობაში ატარებენ – დღეში საშუალოდ 4 საათს. ასევეა შვებულების დღეების 70%-ში, ამ შემთხვევაში, დღიურად დაახლოებით 2.4 საათს მუშაობენ. შესაბამისად, მთლიანი კვირის განმავლობაში, აღმასრულებელი დირექტორები საშუალოდ 62.5 საათს მუშაობენ. დირექტორების სამუშაო დღის 75% წინასწარ არის გაწერილი, 25% კი სპონტანურად გამოჩენილ საქმეებს ეთმობა. მთლიანი სამუშაო დროის 72%-ს დირექტორები შეხვედრებზე ატარებენ და მათი 61% პირისპირ, ფიზიკურ სივრცეში მიმდინარეობს. კვლევის შედეგები საინტერესო აღმოჩნდა თავად დაკვირვების მონაწილე დირექტორებისთვისაც. მათი უმრავლესობა არასასიამოვნოდ გააკვირვა იმ ფაქტმა, რომ დროის ძალიან მცირე ნაწილს – საშუალოდ მხოლოდ 3%-ს უთმობენ ყველაზე მნიშვნელოვანს – ადამიანებთან, კლიენტებთან ურთიერთობას. წარმატებული კომპანიების წარმატებულ მმართველებს ბევრი საერთო თვისება აქვთ. მათ შორის ყველაზე თვალსაჩინო ადრე დაძინებისა და დილით ადრე გაღვიძების პრაქტიკაა. მაგალითად, Apple-ის აღმასრულებელი დირექტორი ტიმ ქუქი ღამის 3 საათსა 45 წუთზე იღვიძებს. Fortuneდილით ადრე გაღვიძებას ანიჭებს უპირატესობას JPMorgan Chase-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯეიმი დაიმონი. იგი დღეს დილის 5 საათზე იწყებს და საათ-ნახევარს ან 2 საათს კითხვას უთმობს. როგორც თავად განაცხადა, ყოველდღიურად კითხულობს გამოცემებს: New York Times-ს, New York Post-ს, Wall Street journal-ს, Financial Times-ს, The Economist-სა და სხვას. სხვების მსგავსად, დღეს ადრიანად იწყებს ჯეფ ბეზოსიც, თუმცა, იგი ცდილობს, რომ დილის ძირითადი ნაწილი საკუთარ თავსა და ოჯახს დაუთმოს. როგორც ამბობს, დილით შვილებთან ერთად საუზმობს და ჭურჭელსაც ხშირად რეცხავს. სამუშაო დღეს 10 საათზე, ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრით იწყებს. მისი განცხადებით, მთავარ საქმეებს დილით ეჭიდება და საღამოს 5 საათის შემდეგ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს საერთოდ არ იღებს, რადგან ამჯობინებს, რომ მეორე დღეს, დასვენებული გონებით იფიქროს. განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს ძილს და ამბობს, რომ პროდუქტიულობისათვის 8-საათიანი ძილი სჭირდება. რას აკეთებენ დირექტორები ყოველდღე? ოფიციალური განმარტებების მიხედვით, დირექტორების მოვალეობაა ორგანიზაციის სტრატეგიული მიმართულებების შექმნა, დაგეგმვა, განხორციელება და ინტეგრირება. დირექტორი პასუხისმგებელია ბიზნესის ყველა კომპონენტზე, მის წარმატებულად ოპერირებაზე. თუმცა, ამ კითხვაზე ჯეფ ბეზოსს უფრო მოკლე და მარტივად გასაგები პასუხი აქვს. მისი თქმით, დირექტორის მოვალეობაა „მცირე რაოდენობის ხარისხიანი გადაწყვეტილებების მიღება“. ხოლო იმისათვის, რომ ხარისხიანი გადაწყვეტილებები მიიღოს, აუცილებელია საკუთარ თავზე იზრუნოს, ზედმეტად არ გადაიღალოს და სწორად დაგეგმოს სამუშაო დღე. The post რას აკეთებენ დირექტორები ყოველდღე appeared first on BusinessFeed. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა