Guest Merlin Posted 14 მაისი, 2021 Posted 14 მაისი, 2021 COVID-19-ის პანდემიით ყველაზე მეტად ტურიზმის სფერო დაზარალდა. 2020 წლის ზაფხულის სეზონის „ჩავარდნამ“ დიდი ზიანი მიაყენა არაერთი ქვეყნის ეკონომიკას, რომელთა შორის საქართველოცაა. საერთაშორისო მიმოსვლის აღდგენა 2021 წლის ზაფხულშიც დიდ რისკებთანაა დაკავშირებული. მსოფლიოში პანდემია კვლავ მძვინვარებს და ჯერჯერობით მოსახლეობის მხოლოდ 8.7%-ია ვაქცინირებული. ქვეყნების უმეტესობა საზღვრის კვეთამდე ტურისტებს PCR ტესტის უარყოფით პასუხს ან/და კარანტინის გავლას სთხოვს. ეს ყველაფერი დამატებით ხარჯებთან, დროსთან და დისკომფორტთანაა დაკავშირებული, რაც ბევრ ადამიანს მოგზაურობის სურვილს უკარგავს. ვაქცინაციის წახალისებისა და ტურიზმის სფეროს ხელის შეწყობის მიზნით უკვე ბევრმა ქვეყანამ შემოიღო ე.წ. კოვიდპასპორტი. ეს არის დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ პირს ჩატარებული აქვს COVID-19-ის ვაქცინაციის სრული კურსი. შესაბამისად, მას ექნება საშუალება, წარადგინოს დოკუმენტი როგორც საზღვრის კვეთისას, ასევე სხვა საჭირო ადგილებშიც. 21 იანვარს ისლანდია გახდა პირველი ევროპული ქვეყანა, რომელმაც ვაქცინაციის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა აცრილ მოქალაქეებს. პოლონეთმაც იანვარში გამოსცა ციფრული კოვიდპასპორტები. პოლონეთის მოქალაქეები, რომლებსაც ვაქცინაციის სრული კურსი აქვთ ჩატარებული, სპეციალურ QR კოდს იღებენ, რითაც ვაქცინირებული პირებისთვის მინიჭებული პრივილეგიებით სარგებლობენ. ვაქცინირებულ ადამიანებზე ციფრული Green Pass-ის გაცემა თებერვლიდან ისრაელმაც დაიწყო. მისი ფლობა სავალდებულოა სასტუმროებში, თეატრებსა და სხვა ხალხმრავალ ადგილებში შესასვლელად. 17 მაისიდან კოვიდპასპორტების მიღება შეეძლებათ დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებსაც. ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სერვისის (NHS) მობილურ აპლიკაციაში შესაძლებელი გახდება ვაქცინაციის ისტორიის შენახვა და წარდგენა. კოვიდპასპორტების კონცეფციაზე მუშაობს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაც (WHO). გასული წლის ოქტომბერში WHO-მ თანამშრომლობა დაიწყო ესტონეთთან ციფრულ ვაქცინაციის სერტიფიკატზე, რომლისთვისაც ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენება იგეგმება. საერთო ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის შექმნაზე აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ევროკავშირში. 11 მაისს სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი პირები ბრიუსელში შეიკრიბნენ და კოვიდპასპორტის შექმნაზე იმსჯელეს. როგორც ცნობილია, დოკუმენტი ორივე დოზით ვაქცინირებულ პირებს მისცემს საშუალებას, რომ ევროპის კონტინენტზე დამატებითი შეზღუდვების გარეშე შეძლონ გადაადგილება. თუმცა, ზოგიერთი ქვეყანა ამ იდეაზე დამოუკიდებლადაც მუშაობს. რაც შეეხება საქართველოს, 4 მაისს უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, რომ „მწვანე პასპორტების“ შექმნის იდეაზე საქართველოც მუშაობს. მისი თქმით, ეს პროექტი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთვის ახლო მომავალში იქნება წარდგენილი. კოვიდპასპორტების შექმნის იდეას ადამიანების დიდი ნაწილი ემხრობა. Ipsos-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ კოვიდპასპორტების შემოღებას მოსახლეობის 78% უჭერს მხარს. კვლევა 28 ქვეყანას მოიცავდა და საერთო ჯამში 21 000 ადამიანი გამოიკითხა. გამოკითხული ქვეყნებიდან ყველაზე დიდი, 92%-იანი მხარდაჭერა მალაიზიაში დაფიქსირდა. The post რა არის კოვიდპასპორტი appeared first on BusinessFeed. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა