Guest Merlin Posted 12 მაისი, 2021 Posted 12 მაისი, 2021 ფოტო, რომელშიც პატარა გოგონა ცეცხლმოკიდებული სახლის წინ დგას და იღიმის, ალბათ, ყველასათვის ცნობილია. წლების წინ მან ინტერნეტსივრცე დაიპყრო და უამრავი მიმის ინსპირაცია გახდა. ეს გოგონა ზოი როთია და ახლა 21 წლისაა. პოპულარული ფოტო, რომელიც 2005 წელს მამამ გადაუღო სიმულაციური ხანძრის ფონზე, ცოტა ხნის წინ თითქმის ნახევარ მილიონ დოლარად გაყიდა. ზოი როთმა ფოტოს ორიგინალი NFT-ის სახით, 180 ეთერიუმად გაყიდა, რაც $495 000-ის ეკვივალენტია. მყიდველი 3F Music-ია, დუბაიში დაფუძნებული მუსიკალური სტუდია, რომელმაც ხელშესახები ნამუშევრის ნაცვლად დაშიფრული ფაილი მიიღო. რა არის NFT? NFT, ანუ non-fungible token, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კრიპტოვალუტის – ეთერიუმის ბლოკჩეინ ტექნოლოგიის ნაწილია. ეკონომიკაში სიტყვა Fungible ჩანაცვლებადს ნიშნავს. მაგალითად, შესაძლებელია, რომ 10-ლარიანი კუპიურა ორი 5-ლარიანით ჩავანაცვლოთ და ამით ღირებულება არ შეიცვლება. Non-fungible კი გულისხმობს, რომ იგი ერთადერთია, უნიკალურია და მისი ჩანაცვლება ან მცირე ერთეულებად დაყოფა შეუძლებელია, რადგან მხოლოდ მთლიანობაში არსებობს. სწორედ ასეთი ხდება ყველაფერი, რაც NFT-ის სახით გაიყიდება. რა შეიძლება იყოს NFT? NFT შეიძლება იყოს ყველაფერი, რაც ციფრულია: ვიდეოთამაში, GIF, სიმღერა, ნახატი, პოსტი სოციალურ ქსელში და ა.შ. მაგალითად, ცოტა ხნის წინ Twitter-ის დამფუძნებელმა ჯეკ დორსიმ თავისი ერთ-ერთი პირველი ტვიტი NFT-ად აქცია და თითქმის $3 მილიონად გაყიდა. ვისთვისაა საინტერესო NFT? NFT ხელოვანებს თავიანთი ციფრული ნამუშევრების მარტივად და მომგებიანად გაყიდვის საშუალებას აძლევს. ასევე, თუ ახალი მფლობელი ნაშრომს ხელახლა გაყიდის, თანხის პროცენტი კვლავ ავტორს ერიცხება. რაც შეეხება მყიდველს, იგი ციფრული პროდუქტის საავტორო უფლებების მფლობელი გახდება და მისი ნებისმიერი სახით გამოყენებას შეძლებს. ყველაზე ძვირად ღირებული NFT მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული NFT მიმდინარე წლის მარტში გაიყიდა $69 მილიონად. JPG ფორმატის ციფრული ნახატი სახელწოდებით პირველი 5000 დღე გრაფიკულმა დიზაინერმა Beeple-მა შექმნა. ნამუშევარი კოლაჟია და აერთიანებს არტისტის მიერ შექმნილ ყველა ნახატს, რომელსაც იგი 2007 წლიდან ყოველდღიურად აქვეყნებდა ინტერნეტსივრცეში. მის შესაძენად აუქციონზე 33 ადამიანი იბრძოდა. BeepleNFT საქართველოში პირველი ადამიანი საქართველოში, ვინც NFT გაყიდა, არტისტი Jacob Shedevrs-ია. როგორც ის Business Feed-თან საუბრისას ამბობს, NFT-ის შესახებ მიმდინარე წლის მარტში შეიტყო, დაინტერესდა და სფეროს შესწავლა დაიწყო. პირველი ორი ნამუშევარი იმავე თვეში, ერთ კვირაში გაყიდა ჯამში $200-ად, მაგრამ ამჟამად მათი ფასი $400-მდეა გაზრდილი. მას შემდეგ კიდევ რამდენიმე ნახატი გაყიდა სხვადასხვა პლატფორმაზე და ახლა გრძელვადიან ბიზნესგეგმაზე მუშაობს. Jacob Shedevrs ამბობს, რომ მიმდინარე წელს, ან შესაძლოა 2022 წელსაც, მოგებაზე არ კონცენტრირდება და როგორც არტისტების უმეტესობა, შეეცდება, რომ NFT სტაბილური შემოსავლის წყარო გახადოს. Jacob ShedevrsJacob Shedevrs NFT-ის მომავალი NFT მარკეტები უკვე საკმაოდ ბევრია და დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, დაათვალიერონ, იყიდონ ან გაყიდონ მათთვის სასურველი ციფრული პროდუქტი. NFT ჯერ კიდევ ძალიან ახალია ციფრულ სამყაროში და ფასები მუდმივად იცვლება. მაგალითად, აპრილის თვეში საშუალო ფასი, თებერვლის მაჩვენებელთან შედარებით, 60%-ით შემცირდა. შესაბამისად, რთულია იმის პროგნოზირება, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. თუმცა, ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ NFT ხელოვნების მომავალია და მასში ფულის დაბანდება ღირს. The post Disaster Girl NFT appeared first on BusinessFeed. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა