Guest Merlin Posted 12 მაისი, 2021 Posted 12 მაისი, 2021 თავისუფალი ვაჭრობა ორ ან მეტ ქვეყანას შორის შეთანხმებაა, რომლის მიხედვითაც ქვეყნები სავაჭრო ბარიერების შემცირებაზე თანხმდებიან. თავისუფალი ვაჭრობის პოლიტიკის თანახმად, საქონლისა და მომსახურების ყიდვა-გაყიდვა შესაძლებელია ქვეყნის საზღვრებს გარეთ დაბალი ან საერთოდ განულებული საბაჟო ტარიფებით. როგორ მუშაობს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება? თანამედროვე მსოფლიოში თავისუფალი ვაჭრობის შესახებ გადაწყვეტილებები სახელმწიფოებს შორის ოფიციალური შეთანხმების გზით მიიღება. შედეგად, თითოეულ ქვეყანაში ბიზნესს საშუალება ეძლევა, ხარისხიანი საქონლის წარმოებასა და უცხოეთში საბაჟო ტარიფების გარეშე ფოკუსირდეს გაყიდვაზე. ამასთან, უჩნდებათ შესაძლებლობა, შემოიტანონ საქონელი, რომელიც მწირია ან არ არის ხელმისაწვდომი ქვეყანაში. ადგილობრივი წარმოებისა და საგარეო ვაჭრობის ეს ნაზავი ეკონომიკის უფრო სწრაფ ზრდას უზრუნველყოფს და მომხმარებლის საჭიროებებსაც უკეთესად აკმაყოფილებს. Freepikთავისუფალი ვაჭრობის სარგებელი სხვადასხვა ქვეყანაში თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებების შედეგად მიღებული სარგებელი და მისი კონტრიბუცია მშპ-ში განსხვავებულია. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ამბობენ, რომ საქართველოს ექსპორტის 90% სწორედ იმ ბაზრებზე მოდის, ვისთანაც ქვეყანას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება აქვს გაფორმებული. „ეს ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაჩვენებელია იმისა, თუ რამდენად მომგებიანია ჩვენი ქვეყნისთვის ამ ტიპის შეთანხმებები“, – ამბობს Business Feed-თან საუბრისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი მარიამ გაბუნია. მისი თქმით, საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ჩინეთთან და ევროკავშირთან ერთდროულად აქვს გაფორმებული ხელშეკრულება. ეს გარკვეულწილად აძლიერებს საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებლის სატრანზიტო და სავაჭრო ჰაბის ფუნქციას. თავისუფალი ვაჭრობის შედეგად მიღებული სარგებელი მოიცავს ასევე ქვეყნებს შორის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გააქტიურების შესაძლებლობასაც და ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებასაც. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტის – სალომე გელაშვილის აზრით, კიდევ ერთი სარგებელი უკავშირდება იმას, რომ თავისუფალი ვაჭრობის პირობებში გაძლიერებულ კერძო სექტორს მომავალში ნაკლებად დასჭირდება სახელმწიფოს დახმარება, რაც თავის მხრივ, ბიუჯეტის წნეხსაც ამცირებს. სალომე ამბობს, რომ თავისუფალი ვაჭრობა ასევე ხელს უწყობს რესურსების უფრო თანაბარ გადანაწილებას და ქვეყნებს საშუალებას აძლევს, ფოკუსირდნენ იმ დარგებზე, სადაც მათ პროდუქტისა და მომსახურების გაყიდვის კონკურენტული უპირატესობა აქვთ. ასევე, შეისყიდონ ის საქონელი, რომელიც მათ ბაზრებზე არ იწარმოება, ან ფასითა და ხარისხით არ არის კონკურენტული. ვალდებულებები და „გვერდითი ეფექტები“ ნებისმიერი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმების დროს ვალდებულებები თანაბარია. საბაჟო ტარიფებს ამცირებს შეთანხმების ხელმომწერი ორივე მხარე, თუმცა, ტარიფის გაუქმება ავტომატურად არ ნიშნავს ამა თუ იმ ბაზარზე თავისუფლად შესვლის შესაძლებლობას. ამისთვის ქვეყნებმა ის სტანდარტები უნდა დააკმაყოფილონ, რომელსაც ესა თუ ის ქვეყანა უწესებს უცხოურ პროდუქციას. ამ მხრივ ევროკავშირის ბაზარი ყველაზე მკაცრია. ევროკავშირი საკუთარი ბაზრის დასაცავად სურსათის უვნებლობის მაღალ სტანდარტებს, სერტიფიცირებას, სანიტარული და ფიტოსანიტარული ნორმების დაკმაყოფილებას ითხოვს. არსებული მკაცრი მოთხოვნები მწარმოებელთა გარკვეულ ნაწილს არ აძლევს თავისუფალი სავაჭრო სივრცით სარგებლობის შესაძლებლობას. სტანდარტებთან დაახლოება მოითხოვს ცოდნის ამაღლებას, საწარმოს გადაიარაღებას, ფინანსური დანახარჯების გაწევას, რაც ბევრი მცირე ფერმერისთვის ხელმიუწვდომელია. რაც შეეხება ამგვარი შეთანხმებების უარყოფით მხარეებს, ერთ-ერთ ასეთ ფაქტორად მოიაზრება მეტისმეტად გაძლიერებული იმპორტი, რამაც შეიძლება ადგილობრივი წარმოებები შეაფერხოს. „კონკურენცია მძაფრდება. მომხმარებლისთვის ეს კარგია, თუმცა, მეორე მხრივ მწარმოებლებისთვის ეს შესაძლოა, რთული იყოს, რადგან მათ უჭირთ კონკურენცია გაუწიონ იმპორტირებულ პროდუქტს. ხშირად ვაჭრობა უსამართლოა ხოლმე, რადგან ბევრი ქვეყანა ასუბსიდირებს თავის მწარმოებელს. მაგალითად თურქეთი თხილის წარმოებასაც კი აფინანსებს, შესაბამისად, რთულია ჩვენი მწარმოებლისთვის სუბსიდირებულ პროდუქტთან კონკურენცია, ვინაიდან არ იმყოფებიან თანაბარ პირობებში“, – აცხადებს სალომე გელაშვილი. საქართველოს პარტნიორი სავაჭრო ქვეყნები საქართველოს თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები აკავშირებს ევროკავშირთან, დსთ-ის ქვეყნებთან, ჩინეთთან, თურქეთთან, აზერბაიჯანთან, EFTA-სთან (ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაცია, რომელიც შვეიცარიას, ლიხტენშტაინს, ნორვეგიასა და ისლანდიას აერთიანებს), ამასთან აქვს პრეფერენციული ექსპორტის რეჟიმი აშშ-სთან, კანადასთან, იაპონიასთან. ამ დროისთვის სამუშაოები მიმდინარეობს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე ინდოეთთან, ისრაელთან და სამხრეთ კორეასთან. ვიდრე ქვეყანას ახალი თავისუფალი სავაჭრო სივრცეები შეემატება, ეკონომიკის სამინისტროს შეფასებით, დღეისთვის საქართველოს მსოფლიოს 1/3-თან აქვს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი. „დავინახეთ, თუ რა გავლენას ახდენს ეს ჩვენს ეკონომიკაზე, ამიტომ ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გაფორმება“, – ამბობს მარიამ გაბუნია. თუმცა, ახალ-ახალი ბაზრების „მოზიდვის“ ამ აქტიურ პროცესში ჩნდება კითხვა – გამომდინარე იქედან, რომ საქართველოს ბაზარი ძალიან პატარაა, რატომ შეიძლება დაინტერესდნენ მრავალმილიარდიანი ბაზრები საქართველოსთან პარტნიორობით? ეკონომიკის სამინისტროში გვპასუხობენ, რომ ძირითადად, უცხო ბაზრების ინტერესი არის საქართველოს გავლით იმ ბაზრებზე გასვლა, რომელთანაც ჩვენს ქვეყანას აქვს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი. დროთა განმავლობაში ამან ქვეყანას დამატებითი ინვესტიციები უნდა მოუტანოს, ახალი სამუშაო ადგილები შექმნას და ეკონომიკის ზრდას შეუწყოს ხელი. The post რას ნიშნავს თავისუფალი ვაჭრობა? appeared first on BusinessFeed. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა