Jump to content
×
×
  • Create New...

რა ხდება, როცა მილიარდერები შორდებიან


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

განქორწინებისას წამოჭრილი ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი ცოლ-ქმარს შორის ქონების გაყოფაა. ეს პროცესი უფრო რთულდება მაშინ, როდესაც ერთმანეთს მილიარდერები შორდებიან. განსაკუთრებით კი ისეთი მილიარდერები, რომელთა სიმდიდრის უდიდესი ნაწილი მათ კომპანიებსა და აქციებზეა მიბმული. 

როგორ უნდა შეფასდეს ამ დროს ქონება? ხომ არ დაკარგავს აქციების გაყოფით მფლობელი კომპანიაზე კონტროლს? იმოქმედებს თუ არა არასტაბილური მდგომარეობა აქციების ფასებზე? – ეს ის მთავარი კითხვები და საფრთხეებია, რომლებიც ამ დროს წარმოიშობა ხოლმე. 

ისტორიას მილიარდერთა ბევრი გახმაურებული განქორწინება ახსოვს. ახსოვს ისიც, თუ რამდენი მილიონისა და მილიარდის გადაცემა უხდებათ მათ ყოფილი მეუღლეებისთვის. ხანდახან ისეც ხდება, რომ განქორწინებისას ერთი მხარე მეორეზე მეტად ხეირობს. მაგალითად, უმსხვილესი საინვესტიციო კომპანია PIMCO-ს დამფუძნებლისგან – ბილ გროსისგან განქორწინების შემდეგ მის ყოფილ ცოლს $1.3 მილიარდი ერგო. თავად ბილი კი მალევე Forbes-ის 400 უმდიდრესი ამერიკელის სიიდან გაქრა, სადაც ის 14 წლის განმავლობაში იკავებდა ადგილს.

ყველაზე ძვირად ღირებულ განქორწინებად Amazon-ის დამფუძნებლისჯეფ ბეზოსისა და მაკენზი სკოტის 25-წლიანი ქორწინების დასრულება ითვლება. ბეზოსმა ყოფილ ცოლს Amazon-ში წილის მეოთხედი და მთლიანი კომპანიის 4% გადასცა. ამ აქციების ღირებულება კი იმ დროს დაახლოებით $36 მილიარდი იყო. ამას ბეზოსის ქონებაზე დიდი გავლენა არ მოუხდენია – ის კვლავ მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანად დარჩა. თუმცა, ბევრი რამ შეცვალა მაკენზისთვის. მალევე Amazon-ის აქციების ზრდასთან ერთად მან მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქალის სტატუსი მოიპოვა. დღეს კი მაკენზი სკოტი Forbes-ის უმდიდრესი ქალების სიაში მესამე, ხოლო უმდიდრესი ადამიანების სიაში 22-ე ადგილს იკავებს

ბეზოსების განქორწინება© Bloomberg Finance LP

რამდენიმე დღის წინ 27-წლიანი ქორწინების დასრულების შესახებ Microsoft Windows-ის დამფუძნებელმა და წლების განმავლობაში მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა ბილ გეითსმა და მისმა ცოლმა მელინდა გეითსმაც განაცხადეს. ამ დრომდე მხოლოდ ის ვიცით, რომ მათ საქორწინო ხელშეკრულება, რომელიც ქონების განაწილების საკითხს დაარეგულირებდა, არ დაუდვიათ. თუმცა, როგორც ამბობენ, ბიზნესინტერესებისა და აქტივების გაყოფის საკითხის მოსაწესრიგებლად მათ კონტრაქტი უკვე შეიმუშავეს. რა წერია ამ კონტრაქტში, ჯერ არავინ იცის. ამიტომ, მათი ქონების განაწილებაზე მხოლოდ ვარაუდებს გამოთქვამენ. 

ბილი და მელინდა გეითსები ვაშინგტონის შტატში ცხოვრობენ, რომლის კანონითაც ცოლქმრობისას დაგროვებული ქონება თანაბრად იყოფა. თუკი დავუშვებთ, რომ ისინი სწორედ ამ კანონით იხელმძღვანელებენ და კონტრაქტით განსაკუთრებულს არაფერს ცვლიან, მელინდას საერთო ქონებიდან დაახლოებით $73 მილიარდი ერგება. 

გამოდის, რომ მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ბეზოსისა და სკოტის კი არა, გეითსების განქორწინება იქნება. თავად მელინდა კი ამ ქონებამ, შესაძლოა, L’Oreal-ის მფლობელ ფრენსის ბეტანკურის შემდეგ, მსოფლიოს მეორე უმდიდრეს ქალად აქციოს.

The post რა ხდება, როცა მილიარდერები შორდებიან appeared first on BusinessFeed.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share