Guest Merlin Posted 4 მაისი, 2021 Posted 4 მაისი, 2021 რა გავლენას ახდენს უქმე დღეები ქვეყნის ეკონომიკაზე? რამდენ მილიონსა თუ მილიარდს კარგავენ ქვეყნები იმ დღეებში, როდესაც საჯარო და კერძო დაწესებულებები მუშაობას წყვეტენ? რიცხვები ქვეყნების ეკონომიკისა და შემოსავლების მიხედვით იცვლება. თუმცა, ერთი რამ ცხადია, ბიზნესის გაჩერება ქვეყნის მშპ-ს (მთლიანი შიდა პროდუქტი) მნიშვნელოვნად ამცირებს. საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის გამოთვლით, თითოეულ უქმე დღე ქვეყანას დაახლოებით 80 მილიონი უჯდება. თუკი იმ სააღდგომო დღეებს, რომლებიც ისედაც შაბათ-კვირას ემთხვევა, არ ჩავთვლით, საქართველოში ოფიციალურად 15 უქმე დღეა. ევროპის ქვეყნებში, ჩვენს მსგავსად, ყველაზე მეტი დასვენების დღე სლოვაკეთშია (15). საფრანგეთში – 11, გერმანიაში – 9, ხოლო ყველაზე ცოტა, 8 უქმე დღე, ნიდერლანდებს აქვს. ევროპაში საშუალოდ წელიწადში 11 უქმე დღეა. 11 უქმე დღე აქვს, ასევე, აშშ-ს. ქვეყნები უქმე დღეებს მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში ამატებენ. მაგალითად, ასეთი გამონაკლისი, შესაძლოა, სამუშაო დღეს არჩევნების დამთხვევა იყოს. თუმცა, რა ხდება მაშინ, როდესაც უქმე დღეების რაოდენობა ერთი ან ორით კი არა, 10 ან უფრო მეტითაც იზრდება? საქართველოში ხანგრძლივი საყოველთაო დასვენება პირველად 2021 წლის იანვარში გამოცხადდა. გადაწყვეტილება მთავრობამ ეპიდსიტუაციის გამწვავებით ახსნა და განმარტა, რომ ამ დღეებში ქვეყანაში შემცირებული მობილობა ვირუსის გავრცელების პრევენციისკენ იყო მიმართული. უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს დადგენილებით, 3-დან 15 იანვრამდე მუშაობა მხოლოდ ბანკებსა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებსა და სერვისებს უნდა გაეგრძელებინათ. იანვარში საქართველოს ეკონომიკა რეკორდულად – 11%-ზე მეტით შემცირდა. მიზეზად სპეციალისტებმა მკაცრ ლოქდაუნთან ერთად, უქმე დღეების გამოცხადება და ეკონომიკის არაერთი სექტორისთვის საქმიანობის კიდევ უფრო მეტად შეზღუდვა დაასახელეს. Masaaki Komori / Unsplashუქმე დღეები გასულ წელს რუსეთშიც გამოცხადდა. Bloomberg-ის ანგარიშით, აპრილში, როდესაც ქვეყანაში უქმე დღეების რეჟიმი მოქმედებდა, მშპ მეოთხედით შემცირდა. საქართველოში აღდგომის დღესასწაულის შემდეგ, 4-დან 11 მაისამდე ისევ საყოველთაო დასვენება გამოცხადდა. მთავრობის დადგენილებით, მუშაობა ახლაც ისეთმა ობიექტებმა უნდა გააგრძელონ, რომლებიც ქვეყნის გამართულად ფუნქციონირებისთვისაა აუცილებელი. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ უქმე დღეების მიუხედავად, ბიზნესის დიდი ნაწილი მუშაობას, სულ მცირე, დისტანციურ რეჟიმში მაინც განაგრძობს. თუმცა, ისედაც კრიზისში მყოფი კერძო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამგვარი რეგულაციები მათთვის დამატებითი თავის ტკივილი და წნეხია. სპეციალისტების შეფასებით კი, დასვენების დღეების ერთი კვირით გახანგრძლივება შიდა პროდუქტის წარმოებას კიდევ უფრო მეტ ბარიერს შეუქმნის. ეს კი მაშინ, როდესაც ეკონომიკის ზრდა ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. The post ნამეტანი ბევრი დასვენების დღე ხომ არ გვაქვს? appeared first on BusinessFeed. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა