Jump to content
×
×
  • Create New...

გარდამოხსნა – ვნების შვიდეულის უმძიმესი დღის დასასრული


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

ქრისტიანული ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად აღდგომა ითვლება, აღდგომა იმ დაცემული კაცობრიობისა, რომლისთვისაც უფალმა მოავლინა განკაცებული მხსნელი – იესო ქრისტე.

აღდგომა, როგორც დღესასწაული, მოძრავია. ვნების შვიდეული ბზობის შემდეგ იწყება.http://www.ambioni.ge/files/gardamoxsna1.gif მაცხოვრის ჯვარცმასთან და გარდამოხსნასთან დაკავშირებით “ამბიონს” დეკანოზი ამირან ამირანაშვილი ესაუბრა:

“იერუსალიმში სახედარზე ამხედრებული მაცხოვარი როდესაც შევიდა, იესოს მოსახლეობა ზეიმით შეეგება. ზოგი მის სახედარს ფეხქვეშ თავის სამოსს უგებდა, ზოგი პალმის ტოტებს უფენდა. ადამიანები საუკეთესო სამოსელს იხდიდნენ და მას უგებდნენ. ამკობდნენ შესამკობელი სიტყვებით, გალობითა და ტრიუმფით აცილებდნენ.

იმავე კვირის, ოთხშაბათ დღეს გაცემულ იქნა მაცხოვარი, რომელიც იუდა ისკარიოტელმა 30 ვერცხლად გაყიდა.

იესო ქრისტე ხუთშაბათ ღამეს, როცა პარასკევი უნდა დამდგარიყო მღვდელთ-მოძღვართა და ფარისეველთა წარგზავნილებმა შეიპყრეს.

მაცხოვარი პირველად პილატეს წარუდგინეს, პილატემ კი ხალხს გადასცა განსასჯელად. ხალხმა მათთვის მხსნელად მოსულ იესოს საშინელი განსასჯელი გამოუტანა და ჯვარს აცვა.

იმ დროისთვის ყველაზე შეურაცხმყოფელი წამების ფორმა ჯვარცმა იყო.
სამი ჯვარი გახლდათ შეთხზული, სადაც დამნაშავენი მაცხოვართან ერთად უნდა გაეკრათ. სწორედ ამ ორ ავაზაკს შორის აცვეს ჯვარს იესო. შემდეგ კი მათ ხალხი განსჯიდა.

გზა გოლგოთამდე ცემითა და შეურაცხყოფით გაატარეს. ნერწყვავდნენ და სცემდნენ მას. დასისხლიანებულ ქრისტეს თავზე ეკლის გვირგვინი დაადგეს. განმოსეს, სამოსელი და ჯვარი მხრებით აზიდვინეს. დასცინოდნენ. როდესაც წყალი ითხოვა, ძმარი დაალევინეს.

წამების სცენა კარგად აქვს აღწერილი დავით გურამიშვილს ლექსში “ვაი, რა კარგი საჩინო”. ამ ლექსს ადამიანი განცდის გარეშე ვერ წაიკითხავს.

უფალი იესო ქრისტე ჯვარს ავაზაკთა შორის აცვეს, ჯვარზე ლურსმნებით დააჭედეს და შემდეგ აღმართეს ყველას სახილველად.

ჯვარცმის დღე არის პარასკევი, სწორედ ამიტომ მას წითელს უწოდებენ, რადგან იმ დღეს იესოს სისხლი დაიღვარა. მაცხოვარს არამარტო სცემეს და ლურსმნები დააჭედეს, არამედ ჯვარცმულებს ყარაულები დაუყენეს.

როდესაც უნდა შეემოწმებინათ, აღესრულნენ თუ არა ისინი, 2 ავაზაკს ძვლები გადაუმტვრიეს. მაცხოვარს ერთ-ერთმა მხედართაგანმა გვერდში შუბი უგმირა. სწორედ ამ დროს მისი გვერდიდან გარდამოხდა სისხლი და წყალი. ამის შემდეგ დარწმუნდნენ, რომ იგი უკვე აღესრულებული იყო.

ხალხს შორის იყო გამორჩეული, სულიერად ძლიერი პიროვნება, მართალი იოსებ არიმათიელი. იოსებმა სთხოვა პილატე პონტოელს, ნება მიეცა მისთვის, რათა მაცხოვარი გარდამოეხსნა ჯვარიდან.

მართალმა იოსებმა იყიდა სპეციალური ტილო, რომელსაც არდაგი ჰქვია. მასში მიცვალებულს ახვევენ. შეახვია მაცხოვარი ამ ტილოში, შეჰგრაგნა, ანუ მთელ ტანზე შემოახვია. გადაწყვიტეს, დაესაფლავებინათ.

მართალი იოსები იმის გამო უწოდეს, რომ მან თავის თავზე აიღო ეს დიდი მისია და უფლის ცხედარი პატივით დაკრძალა. მაცხოვრის საფლავს დიდი ლოდი დაადეს და მეთვალყურეები მიუჩინეს, ცხედარი რომ ვინმეს არ მოეპარა.

იმ დროისათვის ორი აზრი არსებობდა. ერთნი მხსნელად მიიჩნევდნენ მას, ხოლო მეორენი მესიას უწოდებდნენ და ამბობდნენ, რომ ყოველივეს იგონებდა. სწორედ ამ გაორებული აზრების გამო იყო დაწესებული მეთვალყურეობა.

გაორებული საზოგადოება კაცობრიობას თავისი არსებობის მანძილზე ყოველთვის მოსდევს.

დადებითისა და უარყოფითის ბრძოლა ქმნის შემდეგ საზოგადოების ერთიანობას. ზოგჯერ ხან ერთ მხარეზე ხდება გადახრა, ხან – მეორეზე. ამიტომ არის კატაკლიზმები, რასაც ჩვენ დღესაც ვუყურებთ სხვადასხვა მიზეზთა გამო გამოწვეული. მაგრამ ეს გარდაუვალია. დადებითისა და უარყოფითის ბრძოლა ყოველთვის იყო და დღესაც არის, ეს მთელი ცხოვრების ორი პარალელია, რომელიც მუდმივად იარსებებს.

გარდამოხსნას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მთელი მარხვის განმავლობაში. პარასკევ დღემდე გარდამოხსნა ტრაპეზზე არის დაბრძანებული. მართმადიდებლურ ეკლესიაში ტრაპეზზე მსხვერპლშეწირვა ხდება, პურითა და ღვინით მომზადებული ნივთიერებების ქრისტეს სისხლად და ხორცად გარდაქმნა. ეს არის მთელი ლიტურღიის დანიშნულება და პროცედურა. სწორედ ეს განასახიერებს უფლის განვლილ პერიოდს. ამას წირვის დროს დიდი გამოსვლაც განასახიერებს. როდესაც მოაბრძანებენ ფეშხუმს ხორცით და შემდეგ ბარძიმს იესო ქრისტეს მომავალი სისხლისა და ხორცის შესაქმნელად.

ტრაპეზს საკურთხეველში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ის არის სიმბოლო იმ აკლდამისა, სადაც უფალი იყო დასვენებული, ასევე – იესო ქრისტეს აღდგომისა და მისი ხორცშესხმისა. ტრაპეზზე დაბრძანებულია გარდამოხსნის ცერემონიალი, რაც შექმნილია შესანიშნავ ხელოვანთა მიერ შთაგონებით.

ყველა მართმადიდებლურ ეკლესიაში გარდამოხსნა ძვირფას ტილოზეა შესრულებული. ჩვენ გვაქვს ქართულ სტილში შექმნილი გარდამოხსნები.

გარდამოხსნის ცერემონიალი ყოველთვის აღდგომის წინა პარასკევს აღესრულება.

ჩვენი მღვდელთმთავარი, მისი უწმიდესობა ტაძარში, გარდამოხსნის ქვეშ იკავებს ადგილს. თუ პატრიარქი არ არის, მაშინ რომელიმე უპირატესი სასულიერო პირი აღასრულებს ცერემონიას, მას ამის პრეროგატივა აქვს, როგორც მღვდელმთავარს, ასევე მოძღვარს. ტაძარში ხდება გარდამოხსნის შემოტარება, შემდეგ მას დაასვენებენ ცენტრში.

http://www.ambioni.ge/files/kvertskhebi.jpgაქ პირველად თავს იჩენს წითელი პარასკევის კიდევ ერთი ფენომენი, როდესაც კვერცხი წითლად იღებება. კვერცხი სამყაროსა და მარადიულობის სიმბოლოა. მწვანე ჯეჯილში ჩნდება წამების ფრაგმენტები. მთელი სამყარო იღებება ქრისტეს სისხლითა და ხორცით.

გარდამოხსნას ეს რიტუალი ყოველთვის მოსდევს. შემდეგ უფლის გლოვა იწყება, როგორც მენელსაცხებლე დედებმა და ღვთისმშობელმა დაიტირეს.

გარდამოხსნა ტაძრის ცენტრში, შაბათ ღამის 11 საათამდე არის დაბრძანებული. შემდგომ გარდამოხსნას სააღდგომო ლიტურღიის დაწყებამდე, შუაღამის ჟამნობაზე საკურთხეველში შეაბრძანებენ.

იმავე საღამოს ტარდება საზეიმო ლიტურღია და იწყება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული.

გარდამოხსნის მსახურებას ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ, რადგან ეს არის ვნების შვიდეულის უმძიმესი დღის დასასრული, რასაც ჯვარცმა ჰქვია და იმ ბედნიერების წინა პირობა, რასაც დიდი აღდგომა ჰქვია.

მინდა წინასწარ მივულოცო თქვენს მკითხველს და ბედნიერი აღდგომა ვუსურვო ყველა მართმადიდებელს და კერძოდ, ჩვენი ქვეყნის შვილებს, ნამდვილ ჭეშმარიტ მართმადიდებელ ქრისტიანებს”.

თეა სულაბერიძე

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share