Jump to content
×
×
  • Create New...

საბჭოთა ფაბრიკის თანამედროვე ცხოვრება


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

თბილისის ცენტრში მდგარი ნახევრად დანგრეული და უფუნქციო სამკერვალო ფაბრიკა რამდენიმე წელია ადგილობრივებისა და მოგზაურების თავშეყრის მთავარ ადგილად იქცა. ეს კი მას შემდეგ, რაც საბჭოთადროინდელი ინდუსტრიული შენობა მულტიფუნქციურ სივრცედ გარდაქმნეს და მისი კარი გასართობად, სასწავლებლად თუ სამუშაოდ მოსული სტუმრებისთვის გახსნეს.

 ფაბრიკა – ასე ჰქვია მას. სახელწოდება, მისი ხელუხლებელი ფასადები და არქიტექტურა სამკერვალოს საბჭოთა წარსულს გვახსენებს. თუმცა, ფაბრიკის დინამიკა, ტემპი და განწყობა არაფრით ჰგავს მას.

ფაბრიკის შექმნის იდეა არქიტექტურული ბიუროს – MUA-ს დამფუძნებლებს – გოგიკო საყვარელიძესა და დევი ქიტუაშვილს გაუჩნდათ. მათ სურდათ, ევროპის კულტურული ცენტრების მსგავსად, შემოქმედებითი ადამიანებისთვის ერთმანეთის პოვნის, იდეების გაზიარებისა და განხორციელების პლატფორმა საქართველოშიც შეექმნათ.

ფაბრიკა დემოკრატიული ადგილი უნდა ყოფილიყო – რეკლამების, პოლიტიკური თუ სხვა ტიპის განაცხადებისგან თავისუფალი. ასევე, ერთნაირად ხელმისაწვდომი ნებისმიერი ასაკის, პროფესიის და ინტერესების ადამიანებისთვის“, – ამბობს დევი ქიტუაშვილი.

ფაბრიკა© MUA

ფაბრიკის ფორმირება და მისი განვითარება MUA-მ აჭარა ჯგუფთან და კომპანია გრატოსთან ერთად განაგრძო. სივრცეები ფუნქციების მიხედვით გადაანაწილეს. ფაბრიკაში გაიხსნა რეგიონში ყველაზე დიდი ჰოსტელი, მას რესტორანი და ლობი დაემატა, ეზო კი მცირე ბიზნესებს – კაფეებს, ბარებსა და მაღაზია-სახელოსნოებს დაეთმო. ფაბრიკაში შეიქმნა საერთო სამუშაო სივრცეებიც, გაიხსნა შემოქმედებითი განათლების სტუდია (CES). მისი ტერიტორია ღია გახდა კულტურული აქტივობებისთვის.

მთელი ეს პროცესები ერთნაირად საინტერესო უნდა ყოფილიყო ადგილობრივებისა და მოგზაურებისთვის. და იმისათვის, რომ მოგზაურებს სწორედ ფაბრიკის ჰოსტელი აერჩიათ, ამგვარი გადაწყვეტა მოიფიქრეს – რეზიდენტები სხვადასხვა სფეროდან შეარჩიეს. შერჩევისას მთავარი იყო, მათ ერთმანეთი შეევსოთ და თავიანთი უნიკალური ხასიათებით, რაც შეიძლება, მრავალფეროვნად წარმოეჩინათ ქართული კულტურის თანამედროვე ტენდენციები.

„ჩვენი რეზიდენტები ჰოსტელში მოსული მოგზაურების მასპინძლები უნდა ყოფილიყვნენ. მათ უნდა ეჩვენებინათ ის ცოცხალი პროცესები, რაც საქართველოში ხდება“, – გვითხრა გოგიკო საყვარელიძემ.

აჭარა ჯგუფის ბიზნესის განვითარების დირექტორი ტატა ჭუმბურიძე ფიქრობს, რომ ამით ფაბრიკამ მოგზაურებს შესთავაზა ის, რაც მათ ყველაზე მეტად აინტერესებთ:

„ეს ის ადგილია, სადაც უამრავი ახალგაზრდა იყრის თავს. მათი ერთ სივრცეში კონცენტრაციით მოგზაური ჩვენს კულტურაზე ცოდნას ყველაზე მარტივად იღებს. ჩვენთვის, როგორც სტუმარმასპინძლობის კომპანიისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანია, ვაჩვენოთ მოგზაურებს ის, რასაც ტრადიციული ტურისტული მარშრუტებისას ვერ აღმოაჩენენ, მივცეთ ახალი ნაცნობობისა და უნიკალური გამოცდილების შესაძლებლობები“.

ტატა ამბობს, რომ ფაბრიკა მართლაც გახდა შეხვედრების, კულტურების გაზიარების სივრცე:

 „სულ მახსენდება ფაბრიკის ჰოსტელში ერთ ახალგაზრდა ირანელ დიჯეისთან შეხვედრა. მან დამანახვა მისი ქვეყანა ისეთი, როგორსაც არ ვიცნობდი. ბევრი შეზღუდვის მიუხედავად, ირანში უდიდესი ახალგაზრდული მოძრაობაა და ისინი ისევე ერთობიან, როგორც ჩვენ. თავად დიჯეი საქართველოში იმისთვის ჩამოვიდა, რომ ჩვენს გართობის ინდუსტრიას გასცნობოდა“.  

სტუმარმასპინძლობის ინდუსტრია ძალიან დინამიკურია და ის თაობებთან ერთად იცვლება. აჭარა ჯგუფიც ცდილობს, ახალ ტენდენციებს ფეხი მუდმივად აუწყოს. ფაბრიკაში შეკრებილი ახალგაზრდები გვკარნახობენ, რა მოსწონს ახალ თაობას, რას ანიჭებს ის უპირატესობას. ეს დაკვირვებები გვეხმარება, რომ ჩვენი მომსახურება თანამედროვე მოგზაურების გემოვნებას ზუსტად მივუსადაგოთ“, – გვითხრა ტატა ჭუმბურიძემ.

მიუხედავად იმისა, რომ ფაბრიკა ძალიან ჰგავს სხვა ევროპულ შემოქმედებით ცენტრებს, მან დროთა განმავლობაში თავისი უნიკალური ფორმა შეიძინა.

 ფაბრიკა იყო პირველი მულტიფუნქციური სივრცე, რომელმაც ჰოსტელი გახსნა. ის გახდა ადგილი, სადაც co-working და co-living, ანუ მუშაობა, ცხოვრება და, ამავე დროს, გართობა ერთნაირად შეგიძლია. დღეს ჰოსტელი ბევრმა სხვა ასეთმა ცენტრმა დაამატა“, – ამბობს დევი ქიტუაშვილი.

გოგიკო და დევი იხსენებენ, რომ ფაბრიკის იდეის ბევრს არ სჯეროდა.

„გვეუბნებოდნენ, რომ აქ ადამიანებს ვერ მოვიზიდავდით. თუმცა, ჩვენთვის შენობა ძალიან საინტერესო იყო. ის იდგა იქ, სადაც არ ელოდები. ის იყო ძველ თბილისურ უბანში, კულტურული ძეგლებით გარშემორტყმული მიტოვებული მონსტრი. ვიცოდით, რომ მისი საინტერესო ურბანულ ცენტრად ქცევა შეგვეძლო“, – გვიყვება გოგიკო საყვარელიძე.

სამკერვალო ფაბრიკა© MUA

ფაბრიკამ ქვეყანაში შექმნა პრეცედენტი, რომ ძველის შენარჩუნებითა და მისთვის ახალი დანიშნულების მინიჭებით უნიკალურის შექმნაა შესაძლებელი. გოგიკო და დევი ამბობენ, რომ კულტურული ცენტრების მნიშვნელობასა და სხვა უფუნქციო შენობების პოტენციალზეც ფაბრიკის წარმატების შემდეგ უფრო აქტიურად ალაპარაკდნენ.

თუმცა, ფაბრიკის ავტორები მთავარ მიღწევად მის ატმოსფეროს მიიჩნევენ.

„ის სულ იცვლება – დღისით სამუშაო, წყნარი გარემო საღამოს გასართობ ადგილად იქცევა. ყველას თავისი სივრცე აქვს, არავის არაფერზე აქვს პრეტენზია. აქ მუდმივად იგრძნობა თავისუფლება, რაც თავიდანვე ფაბრიკის უმთავრესი იდეა იყო“, – ამბობს დევი ქიტუაშვილი.

ფაბრიკის შიდა ეზო© MUA

The post საბჭოთა ფაბრიკის თანამედროვე ცხოვრება appeared first on BusinessFeed.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share