Guest Merlin Posted 28 აპრილი, 2021 Posted 28 აპრილი, 2021 დღე-ღამეში 24 საათი. ეს არის ის, რაც ყველას თანაბრად გვეძლევა, თუმცა, სხვადასხვანაირად ვიყენებთ. როგორ მოვიხელთოთ დრო ისე, რომ პროდუქტიულად მუშაობაც შევძლოთ და ყველა ის აქტივობაც მოვასწროთ, რომლისგანაც ჩვენი ცხოვრება შედგება? როგორ შევძლოთ ყოველდღიური ამოცანებისა და გრძელვადიანი მიზნების მიღწევა ზედმეტი სტრესისა და გადაწვის გარეშე? დროის მართვა თანამედროვე ადამიანს გაცილებით უფრო უჭირს. სოციალური ქსელები, ვებგვერდები, მობილური აპლიკაციები – არხები, რომლებიდანაც ინფორმაციის ნაკადი უწყვეტად მოედინება – ჩვენი ყურადღების მიქცევას სხვადასხვა საშუალებით ცდილობენ. მოულოდნელად მოსულმა შეტყობინებამაც კი შეიძლება მთავარ საქმეს მოგვწყვიტოს. საქმესთან მიბრუნების მაგივრად კი საკუთარი თავები Facebook-ის სქროლვაში აღმოვაჩინოთ. ამიტომაც, დროის სწორად მართვაზე დღეს სულ უფრო მეტი წიგნი და ბლოგი იწერება. იქმნება აპლიკაციები, რომლებიც მის ეფექტიანად გამოყენებისთვის მრავალფეროვან მექანიზმს გვთავაზობს. თუმცა, ამ გამზადებული ინსტრუმენტების მიუხედავად, ადამიანების უმეტესობა მის კონტროლს მაინც ვერ ახერხებს, ნაწილს კი ამისთვის მრავალწლიანი ბრძოლა სჭირდება. მეწარმე დავით კენჭაძე, რომელსაც ბიზნესტრენერობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვს, დროის მართვის მექანიზმებით წლების წინ დაინტერესდა. მასზე უამრავ ლიტერატურასაც გაეცნო და სხვადასხვა ავტორის რჩევები პრაქტიკაშიც გამოსცადა. „თუმცა, ბოლოს მივხვდი, რომ ყველა ეს წიგნი დროის კი არა, საკუთარი თავის მართვასა და საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებაზეა“, – ამბობს ის. დავითი ფიქრობს, რომ პირველი, რასაც უნდა დავუპირისპირდეთ, საკუთარი თავი, შინაგანი მეა, რომელიც ყოველთვის ცდილობს, საქმეს მოგვაცდინოს და დღიური ამოცანების შესრულების მაგივრად, უამრავი სხვა აქტივობა შემოგვთავაზოს. „მთავარია, ადამიანმა პრინციპული გადაწყვეტილებები მიიღოს. თქვას, რისი მიღწევა სურს და საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა. თუ ამ გადაწყვეტილებას მტკიცედ მივყვებით, დროთა განმავლობაში იმ ჩვევებსაც დავძლევთ, რომლებიც დროის სწორად მართვასა და ჩვენს ცხოვრებაზე კონტროლის აღებაში გვიშლის ხელს“, – ამბობს დავით კენჭაძე. Jess Bailey / Unsplashმენეჯმენტისა და მეწარმეობის პროფესორი ერიხ დიერდორფი დროის მართვისთვის სამ უმთავრეს უნარს ასახელებს: ცნობიერება – უნარი იმისა, რომ რეალისტურად მივუდგეთ დროს და გავიაზროთ, რომ ის შეზღუდული რესურსია. დაგეგმვა – მიზნებისა და ამოცანების სწორად ორგანიზების უნარი – საქმეების პრიორიტეტების მიხედვით დალაგება, მათთვის საჭირო დროის სწორად გამოყოფა. ადაპტაცია – უნარი იმისა, რომ შეცვლილმა გეგმებმა არ დაგვაბნიოს, შევინარჩუნოთ მოქნილობა და ახალ გარემოებებზე ვადაპტირდეთ. დიერდორფის აზრით, საკუთარ თავზე დაკვირვებით, მცდელობებითა და დაშვებული შეცდომების გაანალიზებით, ზუსტად უნდა განვსაზღვროთ, რომელ ნაწილში გვიჭირს ყველაზე მეტად და რისი დაძლევა ან გამომუშავება გვჭირდება. დავით კენჭაძე ამბობს, რომ საკუთარი ნაკლების აღმოჩენისა და ხელის შემშლელ ფაქტორებზე მუშაობის შემდეგ, დროის მართვა უმარტივესი პროცესი ხდება. თავად ამისათვის მხოლოდ Google Calendar-ს იყენებს. მასზე ყოველდღიურად ამოცანებსა და აქტივობებს ინიშნავს და მათთვის საჭირო დროებს განსაზღვრავს. „დაგეგმარება ნიშნავს ფიქრს – რა, როდის და როგორ შეიძლება გააკეთო. ეს საქმის ნახევრად შესრულებაა. სპონტანურად რაიმეს კეთება კი გაცილებით მეტ დროს შთანთქავს, გვაშვებინებს ბევრ შეცდომას და მისი გამოსწორებისთვის დამატებით დროს ითხოვს. ეს წინასწარი დაგეგმვის გარეშე ბინის მშენებლობის დაწყებას ჰგავს“, – ამბობს დავით კენჭაძე. Firmbee.comსპეციალისტები დაწყობილი გეგმების ეფექტიანად შესრულებისთვის რამდენიმე უმთავრეს წესსა და რჩევას გვთავაზობენ: დროის სწორად მართვის საფუძველი კარგად ძილი, სწორი კვება, ვარჯიში. ჯანსაღი ცხოვრების წესი გვეხმარება, ჩვენი გონება და სხეული ისეთი ძალებით აღვჭურვოთ, რაც საქმეების პროდუქტიულად კეთებაში დაგვეხმარება. ხოლო დაღლილობისა და გამოფიტვის შემთხვევაში გვაფრთხილებენ, რომ სუფთა ჰაერზე გასასეირნებლად დრო არასდროს დავინანოთ. რამდენიმე საქმის გაერთიანება ტრანსპორტის მგზავრობისას ან საცობში დგომისას დახარჯული დრო სრულიად მარტივად შეგვიძლია წიგნის კითხვისთვის, აუდიოლექციების მოსმენისთვის ან ისეთი რამისთვის გამოვიყენოთ, რომლებსაც უდროობის გამო ვერ ვახერხებდით. „სეირნობას, ავტომობილის მართვას ან სხვა მექანიკურ ქმედებებს ჩემი გონების ჩართულობა არ სჭირდება. ამიტომ, ამ დროს შემიძლია მქონდეს სატელეფონო ინტერვიუ ან საქმიანი ზარები. მოგებული დრო კი სხვა რამეში გამოვიყენო“, – გვითხრა დავით კენჭაძემ. შეზღუდეთ ხელის შემშლელი ფაქტორები მოეწყვეთ იქ, სადაც ყველაზე ეფექტიანად მუშაობთ. რა გჭირდებათ მუშაობისთვის? მუსიკა ყურებში თუ სრული სიჩუმე? გამორთეთ ტელევიზორი, გადაიყვანეთ მობილური უხმო რეჟიმზე და სრულად გადაეშვით დასახული ამოცანისკენ. ამ წესების გარდა, სპეციალისტები მოგვიწოდებენ, რომ თავადაც შევიმუშაოთ პატარ-პატარა წესები, მივაგნოთ იმას, რაც ჩვენთვის უკეთ მუშაობს. ასევე, საკუთარ თავებზე ვიმუშაოთ იქამდე, სანამ დროის მართვის ჩვევები მექანიკურად შესასრულებელ პროცედურებად არ გვექცევა. რადგან სწორედ მასზეა დამოკიდებული არა მხოლოდ დასახული მიზნების მიღწევა, არამედ ჩვენი ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობა. რას ვარჩევთ? საქმის შეუსრულებლობით ან გადადებით გამოწვეულ სტრესსა და დანაშაულის შეგრძნებას თუ შესრულებული ამოცანებისგან მონიჭებულ კმაყოფილებას? The post როგორ გამოვიყენოთ ჩვენი დრო სწორად appeared first on BusinessFeed. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა