Jump to content
×
×
  • Create New...

კომუნიკაციების კომისია


Recommended Posts

  • ფორუმელი
კომუნიკაციების კომისია admin Mon, 04/26/2021 - 17:57

2019-2020 წლებში კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 5 წევრის შრომის ანაზღაურებაზე დახარჯული თანხა მეტია, ვიდრე ლატვიის, ლიეტუვის, სლოვაკეთის, პოლონეთისა და მალტის პრემიერ-მინისტრების ხელფასები ერთად აღებული.

კომისიის თავმჯდომარე, კახი ბექაური, რომლის ყოველთვიური ანაზღაურებაც 16,650 ლარს შეადგენს, თავმჯდომარის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.

კომისია ავტორიტეტული ორგანიზაციებისა და აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშების კრიტიკის ობიექტია - პოლიტიზირებული, მიკერძოებული და არაეფექტიანი გადაწყვეტილებების გამო.

კომუნიკაციების კომისიის 5 წევრის შრომის ანაზღაურებაზე 2019-2020 წლებში 2,096,100 ლარი დაიხარჯა.

დებულების თანახმად, კომისია საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მუდმივმოქმედი დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოა. კომისია ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს პარლამენტის წინაშე და ხელისუფლების სამივე შტოს წარუდგენს თავისი საქმიანობის შესახებ წლიურ ანგარიშს

ამასთანავე, კომუნიკაციების ეროვნული კომისია არა ბიუჯეტიდან, არამედ საკუთარი შემოსავლებიდან ფინანსდება. საკუთარ შემოსავლებს კი იმ კომპანიების მიერ გადახდილი თანხები წარმოადგენს, რომლებსაც კომისია არეგულირებს. კანონის თანახმად, რეგულირების საფასური ისე დგინდება, რომ საკმარისი იყოს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ბიუჯეტით განსაზღვრული ხარჯების დასაფარავად.

კომუნიკაციების კომისია წარმოადგენს მთავარ მარეგულირებელ ორგანოს მაუწყებლობისა და ტელეკომუნიკაციების სფეროში. მისი მოვალეობაა გააძლიეროს კონკურენცია საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის ბაზრებზე, უზრუნველყოს მომხმარებელთა ინტერესების დაცვა და გამჭვირვალე და სამართლიანი მარეგულირებელი გარემო.

კანონით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების მიუხედავად, კომისიის საქმიანობა ხშირად უარყოფითად არის შეფასებული. კომისია კრიტიკის ობიექტია მისი მიკერძოებულობისა და არაეფექტური გადაწყვეტილებების გამო. კომისიის პოლიტიზირებულ გადაწყვეტილებებზე საუბარის სხვადასხვა ანგარიშებში, მათ შორის მედიის მდგრადობის ინდექსის 2017-2018 წლის, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის 2019 წლის, მედიის გავლენის მატრიცის 2020 წლის და კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” 2020 წლის ანგარიშებში.

კომისიის წევრებს ხშირად ადანაშაულებდნენ პოლიტიკოსებთან კავშირებსა და მათთან საეჭვო საქმიან გარიგებებში. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე კომისია მისი პოლიტიკითა და გადაწყვეტილებებით ცდილობს გააჩუმოს კრიტიკული და დამოუკიდებელი მედია გარკვეული პოლიტიკური ინტერესების სასარგებლოდ. საზოგადოებრივი ორგანიზაციების განცხადებით მარეგულირებლის მიდგომა 2016-2019 წლის წინასაარჩევნო პერიოდში შერჩევითი იყო და მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებს უფრო მძიმე სასჯელს აკისრებდა.

ამადროულად, მიუხედავად კომუნიკაციის კომისიის საქმიანობის ირგვლივ არსებული კრიტიკული შეფასებებისა, საჯარო სექტორში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი თანამდებობა სწორედ მარეგულირებელი კომისიის წევრობაა. 2019-2020 წლებში კომისიის თავმჯდომარის ყოველთვიური ხელფასი 16,650 ლარს შეადგენდა, ხოლო თავად წევრების ხელფასი 15,818 ლარს, წლის განმავლობაში 5-ჯერ კომისიის წევრები პრემიასაც იღებდნენ.

ყველაზე მაღალი ანაზღაურება კომისიის თავმჯდომარეს აქვს. 2019-2020 წლებში კომისიის თავმჯდმარემ კახი ბექაურმა ხელფასის სახით 399,600 ლარი მიიღო, ხოლო პრემიის სახით 83,250 ლარი. აქვე აღსანიშნავია, რომ კახი ბექაური თავმჯდომარის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა, რადგან თანამდებობის დაკავებისათვის კანონით დადგენილი აკადემიური ხარისხი არ გააჩნდა. კერძოდ კი კახი ბეაური მათემატიკოსია, მაშინ როდესაც კანონი კომისიის წევრობისთვის აუცილებელ პირობად სხვა სპეციალობის განათლებას ითხოვს. თუმცა წარსულში ბიძინა ივანიშვილის ოჯახის კუთვნილი ტელევიზია “მეცხრე არხის” დირექტორი იყო. სწორედ მე-9 არხიდან წამოსვლის შემდეგ გახდა კახი ბექაური ჯერ კომისიის წევრი, შემდეგ კი თავმჯდომარე.

კომისიის წევრებს ანალოგიური შრომის ანაზღაურება აქვთ, გამონაკლისი მხოლოდ ერთ-ერთი წევრი, ვახტანგ აბაშიძე იყო, რომელმაც 2019-2020 წლებში ხელფასის სახით 397,470 ლარი, ხოლო პრემიის სახით 79,090 ლარი მიიღო.

რაც შეეხება კომისიის 2 წევრს, ელისო ასანიძესა და მერაბ ქათამაძეს, მათ 2 წლის განმავლობაში ხელფასის სახით მიღებული აქვთ 379,632 ლარი, ხოლო პრემიის სახით 79,090 ლარი.

კომისიის მეხუთე წევრს, გიორგი ფრუიძეს, თანამდებობაზე ყოფნის ვადა 2019 წლის დეკემბერში ამოეწურა, შესაბამისად 2019 წლის 11 თვის განმავლობაში მისმა ხელფასმა შეადგინა 187,658 ლარი, ხოლო პრემიის სახით მიიღო 31,636 ლარი.

2 წლის განმავლობაში კომისიის 5 წევრის შრომის ანაზრაურებაში უფრო მეტი დაიხარჯა ვიდრე ამავე წლებში ცენტრალური ბიუჯეტიდან:

მეცნიერების პოპულარიზაციის ქვეპროგრამაში - 469,900 ლარი

უმაღლესი განათლების ხელშეწყობის ქვეპროგრამაში - 379,400 ლარი

საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის დასაფინანსებლად - 1,430,900 ლარი

აღსანიშნავია, რომ მხოლოდ 2019 წელს კომუნიკაციის კომისიის 5 წევრის შრომის ანაზღაურებაზე 1,180,826 ლარი დაიხარჯა, რაც უფრო მეტია ვიდრე ევროკავშირის 5 წევრი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის წლიური ხელფასი ერთად.

პრემიერ-მინისტრების შრომის ანაზღაურება

ლატვია 59,644 აშშ დოლარი = 167,599 ლარი

სლოვაკეთი 70,973 აშშ დოლარი = 199,434 ლარი

პოლონეთი 57,772 აშშ დოლარი = 162,339 ლარი

მალტა 56,900 აშშ დოლარი = 159,889 ლარი

ლიეტუვა 50,100 აშშ დოლარი = 140,781 ლარი

საერთო ჯამში: 830,042 ლარი

შეგახსენებთ, რომ უკლებლივ ყველა დასახელებული ქვეყანა ევროკავშირის წევრია და მათი მთლიანი შიდა პროდუქტი მნიშვნელოვნად აღემატება საქართველოს ანალოგიურ მაჩვენებელს. თავის მხრივ, კომუნიკაციების კომისიის წევრები კი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი საჯარო მოხელეები არიან.

წყარო

პასუხი https://bit.ly/3sBCJqh

დებულება https://bit.ly/3fBmENB

კანონი https://bit.ly/3mb8Bzt

ბიუჯეტი https://bit.ly/3rE6Egk

TI საქართველო https://bit.ly/3fysoaX

აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი https://bit.ly/2RQbRFq

მედიის მდგრადობის ინდექსი 2017 https://bit.ly/3xk0TIE

მედიის მდგრადობის ინდექსი 2018 https://bit.ly/2QT5tgk

მედიის გავლენის მატრიცა https://bit.ly/3sTXtJn

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის https://bit.ly/3tLlx2b

Language Georgian
http://www.sadplan.ge/sites/default/files/2021-04/178372479_2939405919668172_5234795056067234686_n.jpegაპრილი 2021 2021 Author სალომე კვირიკაშვილი

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share