Jump to content
×
×
  • Create New...

ვნების შვიდეული – დიდმარხვის ბოლო კვირა


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

http://www.ambioni.ge/files/vnebis-kvira-1.jpg

ვნების კვირა დიდი მარხვის ბოლო, აღდგომისწინა კვირას ჰქვია. ეს კვირა (უფრო სწორად, 6 დღე) იესო ქრისტეს ვნების, ჯვარცმისა და დასაფლავების მოგონებას ეძღვნება. ქრისტიანებმა მთელი ეს პერიოდი მარხვასა და ლოცვაში უნდა გაატარონ. ეს გლოვის დღეებია და ღვთისმსახურებსაც ტაძარში სამგლოვიარო, შავი სამოსი აცვიათ. ვნების შვიდეულის მარხვა განსაკუთრებით მძიმეა.
მოსაგონებელი მოვლენების უდიდესი მნიშვნელობის გამო ვნების კვირის ყოველ დღეს დიდს ვუწოდებთ.

ვნების შვიდეულის ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი

ვნების შვიდეული ეწოდება წმ. დიდმარხვის ბოლო კვირას იმის აღსანიშნავად, რომ ამ შვიდეულში მოხდა წმიდა ვნება ჯვარზე უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.

ამ კვირაშიც, გარდა ხუთშაბათისა, პირველი კვირის მსგავსად, მკაცრად ვმარხულობთ.

ვნების შვიდეულის ორშაბათს, სამშაბათს და ოთხშაბათს ტაძარში სრულდება წირვები პირველშეწირულთა ძღვენთა, რომლებზეც სრულდება მეტად საინტერესო და შთამბეჭდავი წესი: ტაძარში იკითხება მთელი სახარება თავიდან ბოლომდე.

დიდი ხუთშაბათი

ამ კვირაშიც, პირველი კვირის მსგავსად, მკაცრად ვმარხულობთ, თუმცა ვნების შვიდეულის ხუთშაბათი დღე, ე.წ. „დიდი ხუთშაბათი“, ზეთით ხსნილია, რადგან ეკლესიაში სრულდება სადღესასწაულო წირვა: ამ დღეს იესო ქრისტემ მოიწვია საიდუმლო სერობა თავისი თორმეტი მოწაფისა, დააწესა ზიარების საიდუმლო (ლუკა 22, 8-20). ყველა ქრისტიანი უნდა ეცადოს, რომ დიდ ხუთშაბათს უზიარებელი არ დარჩეს. ტრადიციულად, წმინდა სამების საკათედრო ტაძარში ამ დღეს მორწმუნეებს თვით ჩვენი კათალიკოს-პატრიარქი ილია II აზიარებს ხოლმე.

ამავე დღეს სიონის საკათედრო ტაძარში სრულდება ფეხთბანის რიტუალი. კათოლიკოს-პატრიარქი იწვევს თორმეტ მღვდელს და ბანს ფეხებს. ამითი ჩვენ ვიხსენებთ, როგორ დაბანა ფეხები მაცხოვარმა თავის თორმეტ მოწაფეს (იოანე 13, 4-10).

დიდი ხუთშაბათიდან მოყოლებული წმიდა ეფრემ ასურის სინანულის ლოცვა „უფალო და მეუფეო…“ აღარ იკითხება.

დიდი პარასკევი

დიდი პარასკევი (წითელი პარასკევი) ყველაზე მძიმე დღეა წლის განმავლობაში. ამ დღეს მოხდა ჯვარცმა და ხორციელი სიკვდილი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.

ახლობელი ადამიანის გარდაცვალებისას ჭირისუფალს მარადიულობასთან შეხების საოცარი განცდა ეუფლება. ეს გრძნობა კიდევ უფრო იზრდება, თუ მიცვალებული მთელ ერს ეკუთვნოდა. ასეთ დროს ამაო საგნებზე ფიქრიც კი უხერხულია. ჩვენ კი, ქრისტიანებს, გვენიჭება დიადი უფლება, არ მივატოვოთ ჯვარზე უფალი ჩვენი იესო ქრისტე და მენელსაცხებლე დედებთან, წმიდა იოანე მახარებელთან და თვით ყოვლადწმიდა ღვთისმშობელთან ერთად ვიყოთ მისი ჭირისუფალნი.

ამის გამო, ეს დღე განსაკუთრებით წმიდად უნდა გავატაროთ, მაქსიმალურად ვეცადოთ საკუთარ თავში ჩაღრმავებას, მოვერიდოთ ურთიერთობებს, სხვისი საქციელის განკითხვას; სულ გვახსოვდეს ჯვარცმული მაცხოვარი.

ამ დღეს შეგვიძლია საზრდელზე უარიც კი ვთქვათ, ან მცირედ წავიხემსოთ დღის მეორე ნახევარში.

დღის ორ საათზე ეკლესიაში სრულდება ე.წ. „გარდამოხსნის გადმოსვენება“ – იესო ქრისტეს სხეულის ჯვარიდან გადმოხსნის რიტუალი.

საღამოს იკითხება „თორმეტი ვნების სახარება“, ანუ ყველა ის ადგილი სახარებაში, სადაც აღწერილია უფლის წმიდა ვნება ჯვარზე.

სასურველია, რომ ქრისტიანი ორივე რიტუალს დაესწროს.

დიდი შაბათი

ვნების შვიდეულის შაბათს, რომელსაც „დიდ შაბათს“ ვუწოდებთ, დილით ადრე სრულდება გარდამოხსნის შემოტარება ეკლესიის გარშემო, რის შემდეგაც მას შუა ტაძარში დაასვენებენ. ეს რიტუალი მომასწავებელია უფლის წმიდა სხეულის გადმოსვენებისა ჯვარცმის ადგილიდან მისთვის გამზადებულ საფლავში, სრულდება წირვა, ხოლო ამის შემდეგ ვემზადებით იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის შესახვედრად.

დიდი შაბათი ერთადერთი შაბათია წლის განმავლობაში, როდესაც დაშვებულია და, ამდენად, სავალდებულო მკაცრი მარხვა; ამასთან, ვინც აღდგომის წირვაზე ზიარებისათვის ემზადება, საღამოს 8 სთ-ის შემდეგ საზრდელი აღარ უნდა მიიღოს, ამ დღეს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, აღარ იკითხება წმიდა ეფრემ ასურის სინანულის ლოცვაც.

ვეცადოთ უფალთან ერთად ვეცვათ ჯვარს და მასთან ვცხონდეთ, რათა ისევე ბრწყინვალედ აღვდგეთ მკვდრეთით, როგორც აღდგა მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე. ამინ!

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share