Jump to content
×
×
  • Create New...

რამდენი ადამიანი “დაჩიპეს” მსოფლიოში


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

23 აპრილის მონაცემებით, მსოფლიოს 172 ქვეყანაში ადმინისტრირებულია COVID-19-ის ვაქცინის 966 მილიონზე მეტი დოზა. ყოველდღიურად 16.4 მილიონი ადამიანი იცრება დედამიწის სხვადასხვა წერტილში.

ვაქცინის ყველაზე მეტი – 219 მილიონი დოზა ამერიკის შეერთებულ შტატებშია ადმინისტრირებული. ახლად არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამერიკელებს ჰპირდებოდა, რომ თავისი პრეზიდენტობის პირველ 100 დღეში 100 მილიონი დოზის ადმინისტრირებას შეძლებდა. დასახულ მიზანს ბევრად ადრე – 58 დღეში მიაღწია და გეგმაც მაშინვე შეცვალა – ახალ გამოწვევად მე-100 დღემდე 200 მილიონი დოზა გამოაცხადა. ამ შედეგამდეც უფრო მალე მივიდა, ვიდრე გათვლილი იყო და 21 აპრილს, ბაიდენის პრეზიდენტობის 92-ე დღეს, აშშ-მა ადმინისტრირებული ვაქცინების რაოდენობით 200 მილიონს გადააჭარბა.

აშშ-ში ყოველდღიურად საშუალოდ 2.95 მილიონი ადამიანი იცრება. ქვეყნის მთავარი ინფექციონისტის – ენტონი ფაუჩის განცხადებით, იმისათვის, რომ ამერიკა ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდეს, მოქალაქეების 75-85% უნდა იყოს აცრილი. ამ ტემპით აშშ მოსახლეობის 75%-ს 3 თვეში აცრის. ამჟამად, 219 მილიონი ადმინისტრირებული დოზით, ამერიკის მოსახლეობის 34.2%-ია აცრილი.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ ძალიან სწრაფი ტემპით მიიწევს წინ, მსოფლიო მოსახლეობის მინიმუმ 75%-ის აცრა კვლავ დიდ გამოწვევად რჩება. ახლანდელი ტემპით ამისათვის წლები იქნება საჭირო, რადგან მოთხოვნა მიწოდებას ბევრად აღემატება. თუმცა, ბაზარზე გამოჩნდა ახალი ვაქცინები, რომლებიც ავტორიზაციას ელოდება და ინფექციონისტები იმედოვნებენ, რომ ეს პროცესს მნიშვნელოვნად დააჩქარებს. 966 მილიონი დოზა, რაც ამ ეტაპისთვისაა ადმინისტრირებული, მსოფლიო მოსახლეობის მხოლოდ 6.3%-ის სრულად ასაცრელადაა საკმარისი. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ვაქცინაციის პროცესი არათანაბრად მიმდინარეობს. მაღალშემოსავლიანი ქვეყნების მოსახლეობა, დაახლოებით, 25-ჯერ უფრო სწრაფად იცრება, ვიდრე დაბალშემოსავლიან ქვეყნებში მცხოვრები.

მსოფლიო რუკაBloomberg

აცრების რაოდენობით პირველ ადგილზე მყოფ აშშ-ს მოჰყვება ჩინეთი 204 მილიონი ადმინისტრირებული დოზით, რაც მისი მოსახლეობის 7.3%-ისთვისაა საკმარისი. მესამე ადგილზეა ინდოეთი 135 მილიონი დოზით, რაც მისი მოსახლეობის 4.9%-ის სამყოფია. მე-4 ადგილზეა ევროკავშირი, რომლის მასშტაბითაც ჯერ მხოლოდ 121 მილიონი დოზაა ადმინისტრირებული, რაც დაბალ მაჩვენებლად ითვლება. მე-5 ადგილს იკავებს გაერთიანებული სამეფო, სადაც 44 მილიონი ვაქცინაცია ჩატარდა.

ევროკავშირის მასშტაბით ადმინისტრირებული 121 მილიონი დოზა მისი მოსახლეობის მხოლოდ 13.6%-ისთვისაა საკმარისი. წევრი ქვეყნებიდან პირველ ადგილს იკავებს გერმანია 23 მილიონი დოზით. მას მოჰყვება საფრანგეთი (18 მილიონი), იტალია (16 მილიონი), ესპანეთი (13 მილიონი). ესტონეთში ადმინისტრირებულია ვაქცინის 386 მილიონი დოზა, ყოველდღიურად კი 5 600 ადამიანი იცრება. 

არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, არამედ მთელ მსოფლიოში, ვაქცინაციის მასშტაბური და ეფექტიანი კამპანიით გამოირჩევა ისრაელი, სადაც მოსახლეობის 55%-ზე მეტი ორივე დოზით არის ვაქცინირებული. ქვეყანაში რეგისტრირებულია 10 მილიონზე მეტი ვაქცინა და ყოველდღიურად 11 000-ზე მეტი ემატება.

რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებში სიტუაციას, რუსეთში 12 მილიონი ვაქცინაა ადმინისტრირებული, თურქეთში – 20 მილიონი, აზერბაიჯანში –  1 380 000, ხოლო სომხეთში –  565 ვაქცინა. 

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის 23 აპრილის მონაცემებით, ჩვენს ქვეყანაში მინიმუმ ერთი დოზით 34 897 ადამიანია აცრილი, დღიური მაჩვენებელი კი 1 560-ის ტოლია. შედარებისთვის, დღიურად აცრილთა რაოდენობა აზერბაიჯანში 15 700-ზე მეტია, თურქეთში –  დაახლოებით 161 500, ხოლო რუსეთში –  97 200.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ 21 აპრილს განაცხადა, რომ საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინის 11 000 დოზა დაჯავშნილი არ არის. მისივე თქმით, აპრილის ბოლოს Covax-ის საშუალებით საქართველოში AstraZeneca-ს 43 000 დოზაზე მეტი, ხოლო მაისის შუა რიცხვებში კიდევ 43 000 დოზა შემოვა. თუმცა, თუ ვაქცინაციის კამპანია არ გააქტიურდა, ამ ტემპით საქართველოს მოსახლეობის მინიმუმ 75%-ის ასაცრელადაც კი წლები იქნება საჭირო. 

სტატია მომზადებულია Bloomberg-ისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 23 აპრილის მონაცემებზე დაყრდნობით.

The post რამდენი ადამიანი “დაჩიპეს” მსოფლიოში appeared first on BusinessFeed.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share