Jump to content
×
×
  • Create New...

ყველაზე დიდი კომპანიები საქართველოში


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

საქართველოში მოქმედი 10 ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე კომპანიიდან 3 ენერგოკომპანია, 6 აზარტული და ერთიც ფარმაცევტული ბიზნესია. საქსტატის მიერ Business Feed-ისთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2020 წელს ყველაზე დიდი ბრუნვა დაუფიქსირდათ შემდეგ კომპანიებს: სს ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი, შპს სოკარ ჯორჯია გაზი, სს ენერგოპრო ჯორჯია, სს გეფა, შპს მარსი, შპს ავიატორ, შპს ბეთლაივი, შპს ფულ ჰაუსი, შპს ჩემპიონები 111, შპს ლიდერბეთ სლოტი.

ამ სიიდან შპს მარსი და შპს ავიატორ იმავდროულად გამოშვებული პროდუქციის მიხედვით საწარმოების ტოპ ათეულში შედიან. აქვე უნდა ითქვას, რომ  დიდი ბრუნვა არ ნიშნავს, რომ კომპანია ყველაზე მომგებიანია. სტატისტიკის ეროვნული სამსახური ცალკეული კომპანიების მიერ მიღებული მოგების შესახებ მონაცემებს დაინტერესებულ პირებზე არ გასცემს. ამიერიდან სამსახური უკვე აღარც აღნიშნული ინფორმაციის აღრიცხვას აწარმოებს. ბრუნვის მიხედვით კომპანიების ჩამონათვალიც, რომელიც საქსტატმა მოგვაწოდა, რეიტინგის მიხედვით არ არის დალაგებული.

აზარტული თამაშებიბიზნესი ყველაზე დიდი ბრუნვით

სათამაშო ბიზნესის სფეროში მოქმედი 6 კომპანიის ამ სიაში მოხვედრა შემთხვევითი არ არის. ამ სექტორის წარმომადგენლებს ბოლო წლების განმავლობაში უცვლელად უკავიათ ლიდერის პოზიციები. სექტორი ყოველწლიურად იზრდება. საქსტატის ინფორმაციით, 2019 წელს მთლიანად სექტორის ფსონების ერთიანმა მოცულობამ 25.86 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 2018 წლის მაჩვენებელზე 87%-ით მეტი იყო. პანდემიის გამო არსებული შეზღუდვების მიუხედავად, სათამაშო ბიზნესს გასულ წელსაც მაღალი ბრუნვა დაუფიქსირდა, ცხადია, ონლაინკაზინოსა და ინტერნეტტოტალიზატორის ხარჯზე, რადგან მიწის კაზინოებს, ტოტალიზატორებსა და სლოტკლუბებს ფუნქციონირება შეჩერებული ჰქონდათ.  

შპს მარსი ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი კომპანიაა სათამაშო ბიზნესის სექტორში. ის ინტერნეტპლატფორმის – https://www.crystalbet.com-ის მეშვეობით მართავს ონლაინტოტალიზატორს, ონლაინკაზინოსა და აზარტულ თამაშებს. ფინანსთა სამინისტროს ანგარიშგების პლატფორმის – https://reportal.ge-ის ბოლო მონაცემებით, რომელიც კომპანიების აუდიტორულ ანგარიშებს მოიცავს, შპს მარსის მოგებამ 2019 წელს 94.334 მილიონი ლარი შეადგინა (პლატფორმაზე ატვირთული უახლესი ფინანსური მონაცემები 2019 წლის არის). ამჟამად კომპანიის საკონტროლო პაკეტს კომპანია BWIN HOLDINGS (MALTA) LIMITED ფლობს.

სათამაშო ბიზნესის სფეროს კიდევ ერთი ლიდერის – შპს ავიატორის მოგებამ 2019 წელს 76.434 მილიონი ლარი შეადგინა. კომპანია მართავს ონლაინკაზინოსა და ონლაინთამაშებს. კომპანიის 100%-იან წილი შპს სითი ლოფტის საკუთრებაა, რომლის მფლობელი Adjara Group-ის დამფუძნებელი ბიზნესმენი თემურ უგულავაა.

შპს ბეთლაივი კიდევ ერთი მაღალშემოსავლიანი კომპანიაა სათამაშო ბიზნესის ბაზარზე. მისი მოგება 2019 წელს 13.513 მილიონ ლარს აღწევდა. კომპანია 2013 წელს შპს ევროპაბეთის ყოფილმა მფლობელებმა დააფუძნეს (ევროპაბეთის 100%  2015 წელს $50 მილიონად შვედურმა Betsson Perch Investments-მა იყიდა). კომპანიის 40%-ს ფლობს შპს აიტი ვენჩარი. Betsson Perch Investments-ის საკუთრებაშია კიდევ ერთი მსხვილი სათამაშო ბიზნესის წარმომადგენელი შპს ჩემპიონები 111.

შპს ფულ ჰაუსი ონლაინკაზინოსა და ტოტალიზატორის მფლობელია. ის მომხმარებლებს ინტერნეტპლატფორმა Crocobet-ის მეშვეობით მართავს. Crocobet, სხვა კონკურენტებთან შედარებით, ახალი ვებსაიტია, რომელიც 2016 წელს შეიქმნა. შპს ფულ ჰაუსის მოგებამ 2019 წელს 2.639 მილიონი ლარი შეადგინა.

შპს ლიდერბეთ სლოტი, როგორც ონლაინკაზინო და ტოტალიზატორი, 2016 წლიდან ფუნქციონირებს სათამაშო ბიზნესის ბაზარზე. შპს ლიდერბეთ სლოტის, ისევე როგორც  შპს ჩემპიონები 111-ის ანგარიშგების დოკუმენტი ფინანსთა სამინისტროს პორტალზე არ იძებნება.

ენერგეტიკა და ფარმაცია

სს ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი (ესკო) ერთადერთი სახელმწიფო კომპანიაა ტოპ 10 კომპანიის ჩამონათვალში. ესკო ექსკლუზიურად ახორციელებს საბალანსო ელექტროენერგიითა და გარანტირებული სიმძლავრით ვაჭრობას, აგრეთვე, ელექტროენერგიის იმპორტსა და ექსპორტს. კომპანიის საშუალო წლიური ბრუნვა 500 მილიონ ლარს აღემატება.

ქარხანაviktor-kiryanov/unsplash

სს ენერგოპრო ჯორჯია საქართველოს რეგიონებში მილიონ 200 ათასზე მეტ აბონენტს აწვდის ელექტროენერგიას. კომპანია საქართველოში 6 საშუალო ზომის ჰესის მფლობელია. ფლობს და ამუშავებს გარდაბნის გაზის ელექტროსადგურს – შპს ჯი ფაუერს დადგმული სიმძლავრით – 110 მგვტ. სს ენერგოპრო ჯორჯია ჩეხური ჯგუფის – Energo-pro-ს მფლობელობაშია. კომპანიის მოგება 2019 წელს 31.885 მილიონი ლარი იყო.

კიდევ ერთი ენერგოკომპანია ტოპ ათეულში შპს სოკარ ჯორჯია გაზი – აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-ის შვილობილი კომპანიაა. ის საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 75%-ს აწვდის ბუნებრივ აირს. კომპანიის მოგებამ 2019 წელს 22.468 მილიონი ლარი შეადგინა.

შპს გეფა – საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის უმსხვილესი მოთამაშეა. გეფა ადრე ჯიპისის სახელით ოპერირებდა. 2017 წელს სს გეფა-ს სს ეიბისი ფარმაცია (ფარმადეპო) შეერწყა. გეფა GHG-ს (საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის) შემადგენლობაში შედის, რომელიც, თავის მხრივ, BGEO-ს საკუთრებაშია. 

2019 წელს გეფამ 51.005 მილიონი ლარის მოგება მიიღო.

The post ყველაზე დიდი კომპანიები საქართველოში appeared first on BusinessFeed.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share