Guest Merlin Posted 24 აპრილი, 2021 Posted 24 აპრილი, 2021 დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე გვიმრაძე: “სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!ბზობა ეს გახლავთ იესო ქრისტეს დიდებით შესვლას წმიდა ქალაქ იერუსალიმში. http://www.ambioni.ge/files/bzoba3.jpg სხვანაირად ამ დღესასწაულს ეწოდება ბზობა-ბაიაობა, რადგან ქრისტიანებს ბზების ტოტები მოაქვთ დღევანდელ დღეს ტაძრებში და ღვთისმსახური აკურთხებს მათ. სანამ უშუალოდ დღესასწაულის მნიშვნელობას შევეხებოდეთ, მანამდე მინდა მოგახსენოთ, რომ ორმოცდღიანი მარხვა დასრულებულია. ჩვენ ვიცით, რომ წმიდა წერილში ორმოცდღიანი მარხვის რამდენიმე შემთხვევა გვხვდება, განსაკუთრებით ყურადსაღები, ამ მხრივ, ბუნებრივია, თავად იესო ქრისტეს მაგალითია. შესაბამისად, წმიდა ეკლესიამ შობის მარხვაც ორმოცდღიანი დაადგინა და აღდგომისაც. მათ შორის განსხვავება ის არის, რომ აღდგომის ორმოცდღიან მარხვას ზედ ერთვის ვნების კვირაც, თუმცა ის მაინც ცალკე დგას, რადგან ქრისტეს ქვეყნიური ცხოვრების ბოლო პერიოდს მოიცავს. ასე რომ, მარხვა დამთავრდა, მაგრამ ვნების შვიდეული წინ გვაქვს; შაბათს კი ლაზარეს აღდგინების დღე აღვნიშნეთ. ოთხი დღის მკვდარი და გახრწნილი ლაზარეს აღდგინება იყო ყველაზე დიდი სასწაული. თუკი მანამდეც ყოფილა მკვდართა აღდგინების სხვა შემთხვევები, მხოლოდ ახლადშესვენებულთა სახით, ამიტომ ლაზარესთან დაკავშირებული სასწაული, რასაკვირველია, ვერაფრით დარჩებოდა უყურადღებოდ ადამიანთა მხრიდან. ლაზარეს აღდგინება არ ყოფილა იესო ქრისტეს მხრიდან აღსრულებული პირველი სასწაული; პირიქით, მაცხოვარმა თავისი მიწიერი ცხოვრების განმავლობაში უამრავი სასწაული აღასრულა, რის გამოც ხალხის დიდი სიყვარული და პატივისცემა მოიპოვა. თუმცა, ყველა სიხარულით როდი ეგებებოდა ქრისტეს სასწაულებს. ფარისევლები, მწიგნობრები და კიდევ სხვანი მრავალნი შურით იყვნენ შეპყრობილნი მაცხოვრის მიმართ და გამალებით ელოდებოდნენ ხელსაყრელ შემთხვევას, რათა რაიმენაირად მოეკლათ და მოეშორებინათ მათი მამხილებელი და ხალხის გულთამპყრობელი მოძღვარი. ლაზარეს მკვდრეთით აღდგინების შემდეგ, ქრისტეს მტრებს იმედიც კი გადაეწურათ მისი მოშორებისა, რადგან ხალხმა საოცრად აღამაღლა და შეიყვარა იგი. უფალი დიდებით უნდა წარმდგარიყო იერუსალიმში მთელი ქვეყნიერებიდან ჩასული ხალხის წინაშე. ამასთანავე, მან ყველაზე დიდი სასწაული სწორედ იერუსალიმში შესვლის წინა დღეს აღასრულა, რითიც კიდევ უფრო ნათლად განცხადდა მისი ღვთაებრიობა. აღადგინა რა ლაზარე შაბათ დღეს, კვირას იესო ქრისტე, მიდის იერუსალიმში, რადგან ახლოვდება ებრაელთა უდიდესი დღესასწაული – პასექი. ქალაქში შესვლის წინ მაცხოვარი თავის ორ მოწაფეს გააგზავნის და საღმრთო განგებულებით, სრულიად უცხო პიროვნებისგან მოაყვანინებს ვირსა და მის ჩოჩორს: „წარვედით დაბასა მაგას, რომელ არს წინაშე თქუენსა, და მეყსეულად ჰპოოთ ვირი დაბმული და კიცვი მის თანა; აჰხსენით და მომგუარეთ მე იგი”(მთ. 21,2). აი, ასე სასწაულებრივად მიანიშნა მაცხოვარმა თავის მოწაფეებს იმის შესახებ, რომ ყოველივე წინასწარ იყო განსაზღვრული, რამეთუ ჯვარცმა ახლოვდებოდა და მათ ნუგეში ესაჭიროებოდათ, რომ შემდგომში გაიხსენებდნენ რა ამ თითქოსდა წვრილმანებს კიდევ მეტად განმტკიცებულიყვნენ მისადმი რწმენაში. მოწაფეებმა მოჰგვარეს კიცვი და გადაუფარეს მასზე სამოსელი. ამით იესო ქრისტემ აღასრულა წმიდა წინასწარმეტ- ყველ ზაქარიას უწყება: „არქუთ ასულსა სიონისასა: აჰა, ესე რა მეუფე შენი მოვალს შენდა მშვიდი და ზე ზის იგი ვირსა და კიცუსა, ნაშობსა კარაულისასა”(მთ. 21,5). ეს ყველაფერი კი უნდა აღსრულებულიყო არა იმიტომ, რომ ამგვარად ეწერა, არამედ – იმისთვის, რომ ღმერთის ნება იყო ამგვარად თავიდანვე განსაზღვრული. აი, ასე კვიცსა ზედა მჯდომარე შევიდა უფალი იერუსალიმში ლაზარესთან და თავის მოწაფეებთან ერთად; ხალხი კი სულმოუთმენლად ელოდებოდა მას, რათა იხილონ იგი, ვისაც ესოდენ უამრავი სასწაული აქვს აღსრულებული; და იხილონ წინა დღით მკვდრეთით აღმდგარი ლაზარე. სწორედ ამგვარად ვიქცევით ჩვენ ადამიანები, თუ სადმე რაიმე სასწაულს მოვკრავთ ყურს, ყველანი მივისწრაფვით მის სანახავად, თუმცა უფლის სადიდებლად სასწაული, რასაკვირველია, აუცილებელი არ არის. ებრაელები კი ელოდებოდნენ ქრისტეს და ლაზარეს, თუმცა მარტოოდენ მათი ხილვის სურვილით უკვე აღარ შემოიფარგლებიან ისინი; მათ გულებში კიდევ უფრო დიდი სურვილი კიაფობს; ისინი ხომ დიდი ხანია მესიას ელოდებიან, რომელმაც მათი აზრით რომაელთა ბატონობიდან უნდა განათავისუფლოს ებრაელი ერი და ყოველთა ერთა წინამძღვრად უნდა განაწესოს. მათი წარმოსახვით ქრისტეს იერუსალიმში შესვლა მისი მეფედ გამოცხადებით და რომაელთა წინააღმდეგ დაწყებული განმანთავისუფლებელი ბრძოლით დასრულდება. ამიტომ, რა გასაკვირია, რომ მთელი იერუსალიმი და იქ ჩასული უამრავი ხალხი გამოეფინა იესო ქრისტეს სანახავად. ისინი საკუთარ სამოსელსა და პალმის რტოებს უფენდნენ გზაზე და თან გასძახოდნენ: „ოსანა ძესა დავითისსა! კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა! გუაცხოვნენ ჩუენ, რომელი ხარ მაღალთა შინა!”(მთ. 21,9) ოსანა ნიშნავს მხსნელს, ხოლო ებრაელები, როგორც აღვნიშნეთ, ქრისტეში ხედავდნენ არა ცოდვებისაგან მხსნელს, არამედ – ტყვეობისაგან. მაგრამ მათ არამარტო ტყვეობისაგან უნდოდათ ხსნა, არამედ ზესახელმწიფოს აშენება, რომლითაც ისინი მთელი სამყაროს მმართველნი და გამგებელნი გახდებოდნენ. აქ კი ერთი მნიშვნელოვანი გარემოება უნდა აღვნიშნოთ. იერუსალიმში შესვლა, ანუ ბზობა გახლავთ ქრისტეს ცხოვრებაში განსაკუთრებული გარემოება, რამეთუ პირველად და ერთადერთხელ მოხდება თავისი მოღვაწეობის დროს, რომ ხალხს მისი განდიდების საშუალება მისცა. მთელი სამწელიწად-ნახევარი უფალი კრძალულად და უპატიოდ ცდილობდა სასწაულების აღსრულებასა თუ სხვა სახის მოღვაწეობას; ხშირად სასწაულის აღსრულების შემდეგ განკურნებულ ადამიანებს მიუთითებდა ხოლმე, რომ არავისთან გაეთქვათ მისი სახელი. აქ კი რა მოხდა? ჯერ ლაზარე აღადგინა უამრავი ადამიანის თანდასწრებით, ხოლო შემდგომ მუდამ თავმდაბალი, როგორც მეფე, ისე მიიღოს უამრავმა ადამიანმა. რატომ დაუშვა უფალმა მისი ამგვარი საყოველთაოდ აღიარება და განდიდება? როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, რათა აღსრულებულიყო წინასწარმეტყველება მესიის შესახებ და მეორეც, რათა ყველასთვის საჩინო გამხდარიყო მისი მოვლინება, როგორც ღვთის ძისა და ყოვლისშემძლებელისა. თუმცა მაცხოვარს არაფრად სჭირდება კაცთაგან დიდება და ეს კარგად გამოჩნდება. ქრისტე აღფრთოვანებით როდი შეეგებება აღტყინებულ საზოგადოებას, არამედ, როგორც მახარებელი აღწერს: „ვითარცა მიეახლა, იხილა ქალაქი და ტიროდა მას ზედა და იტყოდა, ვითარმედ: უკუეთუმცა გეცნა შენ დღესა ამას მშვიდობად შენდა! ხოლო აწ დაეფარა თუალთაგან შენთა. რამეთუ მოვლენან დღენი შენ ზედა, და მოგადგან შენ მტერთა შენთა ლაშქარი და გარე მოგადგენ შენ და შეგკრიბონ შენ ყოვლით კერძო. და დაგარღვიონ შენ, და შვილნი შენნი შენ შორის დაეცნენ, და არა დაშთეს ქვაი ქვასა ზედა შენ შორის ამისთვის, რამეთუ არა გულისხმაჰყავ ჟამი მოხედვისა შენისა”(ლკ. 19,41-44). მაცხოვარმა კარგად უწყოდა, რომ აღტაცებასა და სიხარულს მიცემული ხალხი, რომელთაც „არა გულისხმაჰყავ ჟამი მოხედვისა”(ლკ. 19,44), სულ რაღაც ოთხ დღეში მის ჯვარცმას მოითხოვდა და ასევე ერთხმად იყვირებდა: „ჯვარს აცუ, ჯვარს აცუ ეგე” (ლკ. 23,21). ქრისტეს ცრემლების მეორე მიზეზი კი იერუსალიმის დანგრევისა და მისი მოქალაქეების დახოცვის წინასწარმცნობელობაში მდგომარეობდა: „დაგარღვიონ შენ, და შვილნი შენნი შენ შორის დაეცნენ, და არა დაშთეს ქვაი ქვასა ზედა შენ შორის ამისთვის” (ლკ. 19,44). მართლაც, პირველივე საუკუნეში იერუსალიმი და მისი მოსახლეობა თითქმის სრულიად განადგურდა რომაელი დამპყრობლების მიერ. აი, ამგვარი შინაგანი განწყობა ჰქონდა იესო ქრისტეს, მაშინ, როდესაც ათასობით ადამიანი მას ხოტბას ასხამდა და მის მეფობას მოითხოვდა. ამ სურათის მხილველი ფარისეველნი იმედგაცრუებულნი და უფრო მეტად გაბოროტებულნი იყვნენ. ისინი ხვდებოდ- ნენ, რომ იესო ქრისტეს წინააღმდეგ დაწყებული შეუპოვარი ბრძოლა წაგებული აქვთ. მათი მთავარი იარაღი – ხალხი ერთხმად ადიდებს მას და ფაქტიურად მეფედ აცხადებს. ამიტომ ისღა დარჩენიათ, რომ განრისხებულებმა და შურით აღვსებულებმა რაიმენაირად დაადუმონ ხალხი და ამისთვის მაცხოვარს მიმართავენ: „გესმისა, რასა ესე იტყვიან? ხოლო იესუ ჰრქუა მათ: ჰე, არასადა აღმოგიკითხავსა, ვითარმედ: პირითა ყრმათა ჩჩვილთა მწოვართათა დაამტკიცე ქება?”(მთ. 21,16). თუმცა მოვლენები უსწრაფესად შეიცვლება, რადგან მაცხოვარი იერუსალიმში დიდებით შესვლის შემდეგ, თავს მეფედ კი არ გამოაცხადებს, არამედ ტაძარში შევა, იქიდან მოვაჭრეებს გამოყრის და შემდეგ ქალაქს დატოვებს. ამით მრავალრიცხოვანი ხალხის მოლოდინი არ გამართლდება; ქრისტე ტაძარში შესვლისას სამეფო ტახტს კი არ მოითხოვს, არამედ ტაძარში სიწმინდისა და წესრიგის დაცვას, რითაც იგი ნათლად ამოწმებს, რომ მას არ სურს მიწიერი მეფობა და რომ მისი მეუფება არაამქვეყნიური და სულიერია; იგი იმისთვის როდი მოვიდა, რომ ხალხზე გაბატონდეს და ამქვეყნიური ძალაუფლება ჩაიგდოს ხელში, არამედ რათა ყველას მიანიშნოს, რომ ის ზეციური მეუფე და ღმერთია; მისი მიზანი ის კი არ არის, რომ ხალხი ემსახუროს, არამედ რათა თავად ემსახუროს ხალხს. ღმერთი ხომ თავად არის სიდიადე, სიკეთე და სრულყოფილება. მას ხომ ვინმესგან განდიდება არ სჭირდება?! იმისთვის როდი შექმნა ღმერთმა ადამიანი, რომ დიდება მოისმინოს კაცისგან, არამედ რათა კაცობრიობა გახდეს მიმღები ღვთაებრივი დიდებისა. ამრიგად, მაცხოვარმა დღევანდელ დღეს მისი განდიდების საშუალება მისცა კაცობრიობას, რათა შემდგომ თაობებს არ ეთქვათ, რომ ქრისტე ღმერთი არ იყო. რადგან ჯერ კიდევ ხუთი საუკუნით ადრე აღწერა წმიდა ზაქარია წინასწარმეტყველმა უფლის დიდებით შესვლა იერუსალიმში; თუკი ამგვარად არ მოიქცეოდა ქრისტე, მაშინ სჯულის მცოდნე ებრაელნი იმას იტყოდნენ, რომ დიდებით არ შესულა ქრისტე იერუსალიმშიო. ამიტომ, მაცხოვარმა მთელი სჯული და წინასწარმეტყველება აღასრულა, რითაც ნათლად მოგვასწავა თავის ღვთაებრიობის შესახებ. აი, ამგვარი გახლდათ ბზობის დღესასწაულის მნიშვნელობა, რითაც მკაფიოდ მოგვესწავა, რომ ამქვეყნიურ დიდებას და პატივს არ უნდა ველტვოდეთ, არამედ ზეციური დიდების მოქალაქეები და მაძიებლები უნდა გავხდეთ. „ოსანა ძესა დავითისსა! კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა! გუაცხოვნენ ჩუენ, რომელი ხარ მაღალთა შინა!” დიდება მის სახელს! დაე, ჩვენი მთავარი მისწრაფება ღვთაებრივი დიდების მოპოვება, ღმერთთან ერთად თანამყოფობა და მის მარჯვნივ ჯდომა ყოფილიყოს! რაც შეეხება დღეს ნაკურთხ ბზებს, ისინი იმ პალმის რტოების მაგივრობას წევს, რომელთა შესახებაც სახარებაში იყო მოთხრობილი; ჩვენთან ხომ პალმა ყველგან არ ხარობს. თქვენ უნდა წაიღოთ სახლებში ნაკურთხი ბზის პატარა ტოტი, დააბრძანოთ ხატების კუთხეში და როდესაც მას შეხედავთ, მაშინვე გაგახსენდებათ, რომ ძე ღვთისა მოსულია, განკაცებულია და განდიდებულია წმიდა ქალაქ იერუსალიმში შესვლის ჟამს. ღმერთმა გაკურთხოთ და გაგაძლიეროთ! ჩვენთან არს ღმერთი!” Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა