Jump to content
×
×
  • Create New...

ლაზარეს შაბათი


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

“ლაზარე” ებრაული სახელია და ქართულად “ღვთის წყალობას” ნიშნავს. ლაზარე ბეთანიაში დაიბადა, იერუსალიმის მახლობლად. იგი მართასა და მარიამის ძმა იყო. უფალ იესო ქრისტეს ძლიერ უყვარდა მართალი ლაზარე და მას თავის მეგობარს უწოდებდა.

http://www.ambioni.ge/uploads/lazares-agdgineba.jpgლაზარეს შაბათი ბზობის წინა შაბათს აღინიშნება.

დღესასწაულის შესახებ “ამბიონს” თბილისის სასულიერო აკადემიის ღვთისმეტყველების ფაკულტეტის დეკანი, მღვდელი იაკობ ჩიჩილიძე ესაუბრა.

“ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება წინ უსწრებს მაცხოვრის აღდგომას. ლაზარეს აღდგინების შესახებ მოთხრობილია იოანეს სახარების მე-11 თავში. სადაც უფალმა ასევე დაადასტურა იმის შესახებ, რომ ის არის ჭეშმარიტად სიკვდილის მძლეველი, აღთქმული მესია ისრაელისა.

უფალს მართალი ლაზარეს აღდგინებით სურდა, მკვდრეთით აღდგომის სასწაული ეჩვენებინა, თავისი მკვდრეთით აღდგომისთვის შეემზადებინა მოციქულები.

როდესაც ლაზარე ავად გახდა, მარიამსა და მართას მაცხოვრის სასწაულთმოქმედების იმედი ჰქონდათ, ამიტომ პატივისცემით გაუგზავნეს კაცი ქრისტეს და შეატყობინეს: უფალო, შენ ვინც გიყვარს, ავადაა. მათ იცოდნენ, რომ მაცხოვარი ინებებდა ლაზარეს განკურნებას.

ეს რომ უფალმა გაიგო, თქვა, სნეულება სასიკვდილო არ იყო. იესოს უყვარდა ლაზარე და მისი დები. თუმცა უფალი მათ არ გაჰყვა, რადგან სასწაული ჰქონდა ჩაფიქრებული. 2 დღე დარჩა იმ ადგილას, სადაც იმყოფებოდა. ეს უფლის დიდი სიყვარულით გახლდათ გამოწვეული.
უფლის სიყვარული ყველას მიმართ უსაზღვროა. ქრისტეს მიერ ადამიანებისადმი სიყვარულის უმაღლესი გამოვლინება ჯვარზე გაკვრაა. მაცხოვრის ჯვარცმა, ერთის მხრივ, უდიდესი წყალობა იყო ღვთისა, მეორეს მხრივ – უდიდესი განსაცდელი მისი მოწაფეებისათვის. ვერც ერთი ჩვენი პიროვნული განსაცდელი ამას ვერ შეედრება, რაც შემდგომ უბრწყინვალესი აღდგომის სიხარულით შეიცვალა მოციქულთათვის და ყოველთა მართლმორწმუნეთათვის.

უფალი ჯვარს ურწმუნოებისა და შურის გამო აცვეს. იუდეველებს ჩაფიქრებული ჰქონდათ იესოს მოკვლა.

– იუდეაში წავიდეთ, – უთხრა უფალმა მოწაფეებს. მოწაფეებმა უპასუხეს: იუდეველები შენს ჩაქოლვას აპირებენ და შენ ისევ იქ მიდიხარო? რაზეც უფალმა მიუგო: მე როცა თქვენთან ერთად ვარ, ნურაფრის ნუ გეშინიათო.

უფალი ღვთაებრივი ნათელია. ჩვენც, მორწმუნენი, ნათლობის საიდუმლოს მიმღებელნი და მისდამი რწმენით მცხოვრებნი უფალთან ვართ. ღმერთთან ყოფნას მაშინ ვგრძნობთ, როცა ჩვენ მასთან ვართ და ის ჩვენშია.

როდესაც უფალთან კაცი გამოაგზავნეს, ლაზარე ავად იყო. ცნობილია, რომ ლაზარე გარდაიცვალა. უფალმა ეს იცოდა. იესო სიკვდილს დაძინებას ეძახის არა იმიტომ, რომ მას ძინავს, არამედ იმისთვის, რომ ადამიანის სიკვდილი მისთვის მიძინებაა, მის წინაშე ყველა ცოცხალია. ჩვენთვის მძინარე ადამიანის გაღვიძება იოლია, უფლისთვის კი არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს გარდაცვლილის აღდგინება.
როდესაც იესო ბეთანიაში მივიდა, ლაზარე 4 დღის დამარხული გახლდათ. მართალი ლაზარე კლდეში ესვენა, სადაც გამოქვაბული იყო და ლოდი ჰქონდა მიფარებული.

ლაზარეს ოჯახი დიდი პატივისცემით სარგებლობდა. იქ მრავალი იუდეველი იყო ნუგეშის საცემად მისული. გლოვა 7 დღე გაგრძელდა. უფალი მხოლოდ 4 დღის შემდეგ ჩავიდა. ბეთანიაში მართა იესოს შეეგება. მარიამი კი სახლში იმყოფებოდა. მართამ უთხრა მაცხოვარს: შენ რომ აქ ყოფილიყავი, ლაზარე არ მოკვდებოდაო. მართამ იცოდა, უფალს ძალუძდა მისი ძმის მკვდრეთით აღდგენა. მას სურდა, რომ იესოს მისი ძმა აღედგინა. მაგრამ ამის შესახებ პირდაპირ ვერაფერი თქვა და ასე მიმართა იესოს: მე მჯერა, რასაც სთხოვ ღმერთს, მოგცემს იგი. უფალმა კი უპასუხა, რომ თავად ის იყო ყოველთათვის სიცოხლე: “მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე. ვინც მე მიწამებს, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს. ყველა, ვინც ცოცხალია და ჩემი მორწმუნეა, არ მოკვდება უკუნისამდე”.

უფალი სიცოცხლის მიმცემი და სიცოცხლის წყაროა. რა არის სიცოცხლე?

სიცოცხლე არის ღმერთთან ყოფნა. სიცოცხლე არის თვით უფალი,
ღმერთთან განშორება – სიკვდილი. ადამიანის გარდაცვალება სულის სხეულისაგან გაყრაა, ღმერთთან დაშორება სულისთვის სიკვდილია. თუ სული განეშორება სხეულს, ე.ი. ადამიანი გარდაიცვალა. თუ სული განეშორება ღმერთს ცოდვილობის გამო ე.ი. სული მოკვდა.

სულის სიკვდილი შესაძლებელია ფიზიკური ყოფნის დროსაც. მაგალითად: მოუნათლავი ადამიანი სულიერად მკვდარია, რადგან ის იესო ქრისტეში არ შობილა. მონათლული კი, რომელიც შეგნებულად უსჯულოებაში ცხოვრობს და შეუნანებელი ცოდვილია, ის სულიერად მკვდარია. მისი საქმეები მის სიკვდილს მოწმობენ. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ გაცოცხლება, მოქცევა და მობრუნება არ შეუძლია, სანამ ადამიანი ცოცხლობს, ყოველთვის ღიაა მისთვის ნათლისღებისა და სინანულის საიდუმლოს კარი.

მართამ უპასუხა: მე მწამს, რომ შენ ქრისტე ხარ, ძე ღვთისა და მაცხოვარი სოფლისა. უფლის დარიგებით მართა რწმენაში განმტკიცდა და მის სულში სიმშვიდემ დაისადგურა. მას უნდოდა, მარიამსაც მიეღო ეს ნუგეშისცემა და თუმცა უფალს ის არ უხმია, მართამ მარიამს უთხრა, რომ მოძღვარი მასაც უხმობდა.

მარიამმა შეიტყო რა უფლის მოსვლა, უმალ გაემართ მისკენ, იესოც მას ელოდა, რათა სასაფლაოსკენ წასულიყვნენ. იუდეველები მარიამს გაჰყვნენ, რადგან ეგონათ, რომ იგი საფლავზე მიდიოდა. მარიამი კი მივიდა იმ ადგილას, სადაც მაცხოვარი ელოდა.

იესომ დაინახა, როგორ ტიროდა იგი და მასთან ერთად მისული იუდეველები. უფალიც აცრემლდა.

მივიდა 4 დღის დაფლულ ლაზარეს საფლავთან, რომელსაც ლოდი ჰქონდა მიფარებული, მსახურებს გადააგორებინა და მიმართა გარდაცვლილს: ლაზარე, გამოდი!

მართალი ლაზარე გამოვიდა მიცვალებულის სუდარაში შეხვეული – ხელფეხშეკრული. აღესრულა ორი სასწაული: მკვდრის აღდგომა და ხელფეხშეკრულის უფლის სიტყვისამებრ საფლავიდან გამოსვლა. მაშინ
მაცხოვარმა უბრძანა მსახურებს, გაეთავისუფლებინათ სუდარისაგან ლაზარე.

აღსდგა ლაზარე ისეთივე სხეულით, როგორიც ჰქონდა.
ლაზარეს მკვდრეთით აღდგინების სასწაულმა მრავალი იუდეველი მოაქცია ქრისტეს სარწმუნოებაზე.

მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ლაზარემ კიდევ 30 წელი იცხოვრა. უფლის ნებით იგი კვიპროსის ეპისკოპოსი გახდა და იქვე მშვიდობით მიიცვალა.

ეპისკოპოს ლაზარეს წმიდა ნაწილები კიტეაში იქნა დასვენებული. ბიზანტიის იმპერატორის – ლეონ ბრძენის ბრძანებით, 898 წელს სიწმიდე კონსტანტინოპოლში გადაასვენეს და მართალი ლაზარეს სახელობის ტაძარში მიუჩინეს ადგილი.

ლაზარეს 2 საფლავი არსებობს: ბეთანიასა და კვიპროსზე.
საქართველოში მართმადიდებლური ეკლესია ლაზარეს შაბათს განსაკუთრებულად ზეიმობს.

საეკლესიო წესით, ლაზარეს შაბათი და ბზობის დღესასწაული თევზით ხსნილია.

თეა სულაბერიძე

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share