Jump to content
×
×
  • Create New...

გენიალური არეთა


Recommended Posts

  • ფორუმელი

გატკიცინებული თეთრი პერანგითა და აფუმფულებული თმით დამშვენებულმა არეთამ ჩაფიქრებული, თუმცა თავდაჯერებული გამომეტყველებით შეაბიჯა ლეგენდარულ FAME Recording Studios-ში (მასლ-შოულსი, ალაბამა), 1967 წლის იანვარში.

ფრანკლინმა, რომელიც მაშინ მხოლოდ 24 წლის იყო, მიკროფონი განსაკუთრებული სიმშვიდით აიღო ხელში. იგი ჯერ არ გახლდათ მუსიკალური და კულტურული ლეგენდა. იგი ჯერ არ იყო არეთა ფრანკლინი – სოულის დედოფალი.

მაშინ მას თითქმის არ იცნობდნენ. სტუდიის მუსიკოსები დაბნეულები იყვნენ. ოთახში შემოქმედებით დაძაბულობას დაესადგურებინა. ახლა რთული წარმოსადგენია, მაგრამ მაშინ ფრანკლინისთვის მნიშვნელოვანი იყო, „ჰიტი“ გამოეშვა.

მანამდე ექვსი წელი იგი მოკრძალებულ, იმპროვიზაციას და კრეატიულობას მოკლებულ ჯაზს წერდა სტუდია Columbia Records-ში დიდი წარმატების გარეშე. ახლა Atlantic Records-ის პროდიუსერ ჯერი უექსლერს ფრანკლინში „ეკლესიის“ გაღვიძება სურდა. FAME Recording Studios-ის მუსიკოსებმა იმ პერიოდში სამხრეთული რიტმ-ენდ-ბლუზის ჟანრის ჟღერადობა შექმნეს, რომლის საფუძველზეც არაერთი ჰიტი შეიქმნა, მათ შორის პერსი სლეჯის კლასიკა When a Man Loves a Woman.

STOCK_MM9027GettyImages-74271494.jpgფრანკლინი მღერის რობი რობერტსონის სიმღერის The Weight მისეულ ვერსიას. არეთა ნოტებს ვერ კითხულობდა, თუმცა სიმღერის არანჟირება არაჩვეულებრივად შეეძლო. არეთა ფრანკლინი, ნიუ-იორკი, 1968 წლის 14 ოქტომბერი. ფოტო: რიჩარდ ავედონი © THE RICHARD AVEDON FOUNDATION

ფრანკლინს, გარშემორტყმულს მუსიკოსების ჯგუფით, რომელთაც არ იცოდნენ, რა ტიპის მუსიკა უნდა შეექმნათ მასთან ერთად, ფუჭი ლაპარაკი არ აინტერესებდა. ის მათ „მისტერ ამას და იმას“ ეძახდა, ისინი კი მას „მის ფრანკლინით“ მიმართავდნენ.

ასე რომ დეტროიტში, მიჩიგანში გაზრდილი პასტორის ქალიშვილი ფორტეპიანოს მიუჯდა. მუსიკათმცოდნეები მოგვიანებით შენიშნავენ, რომ ფრანკლინს ნოტების კითხვა არ შეეძლო და მუსიკალური განათლება არ ჰქონდა მიღებული, მაგრამ ფორტეპიანოს რომ მიუჯდებოდა, სწორედ მაშინ ვლინდებოდა მისი მუსიკალური ნიჭი. ფრანკლინის ხმას განსაკუთრებული მაგია მოჰყვებოდა – ხავერდოვანი სიძლიერე, რომელიც, თითქოს, თავის თავში ძირძველ სიბრძნეს იტევდა. ფორტეპიანოსთან ერთად მისი ხმა საოცრად ჟღერდა.

თავიდან, სიმღერის გარეშე, მხოლოდ აკორდი აიღო ფორტეპიანოზე. შემდეგ წელში გაიმართა. ოთახს თვალი მოავლო. ოთახში ყველა მამაკაცი მას მიშტერებოდა.

როდესაც ფრანკლინმა სიმღერა დაიწყო, მიტოვებული, შეყვარებული ქალის თავზარდამცემმა ნოტმა თითქოს კედლები შეაზანზარა.

მისი ხმა შიშველი ემოციით გადმოიღვარა. ამ დღეს ფრანკლინის პირიდან მასლ-შოულსში ამოსულ ხმას, მოგვიანებით პროდიუსერები „არაამქყვეყნიურს“ უწოდებენ.

ფორტეპიანოს ისე ურტყამდა, თითქოს კლავიშები სიყვარულისა და სიძულვილის შეჯახების ადგილი ყოფილიყო. შემდეგ დაბალი ნოტი აიღო და ღვთაებრივი ხმა ამოუშვა.

სიმღერის I Never Loved a Man (The Way I Love You) ჩანაწერმა ფრანკლინს სახელი გაუთქვა.

ბენდის წევრი მამაკაცები მოგვიანებით ამბობდნენ, რომ მისნაირი მომღერალი არც კი უნახავთ ან მოუსმენიათ. მისი ხმის ძალა, ამბის თხრობის ოსტატობა, ამ ამოუცნობი ენერგიის – სოულის – განსხეულების უნარი – ყველაფერი ბრწყინვალე იყო.

STOCK_1967_Art_Kane_2-1024x576.jpg
Aretha-Franklin_October-14_1968-1024x576

(მარცხნივ) ამ 1967 წლის ფოტოზე არტ კეინი არეთა ფრანკლინის გოსპელის ფესვებს უსვამს ხაზს და კამერას ისე ამოძრავებს, რომ მომღერლის თვალებში შარავანდედივით წრეები გამოაჩინოს. ფოტო: არტ კეინი (მარჯვნივ) ფრანკლინი, 1968 წელი. მისი მრავალი ჰიტი სამოქალაქო და ქალთა უფლებების მოძრაობისა და ვიეტნამის ომის საპროტესტო აქციების ჰიმნებად იქცა. არეთა ფრანკლინი, ნიუ-იორკი, 1968 წლის 14 ოქტომბერი. ფოტო: რიჩარდ ავედონი © THE RICHARD AVEDON FOUNDATION

„შემიძლია გითხრა, რა ვნახე“, – მითხრა სპუნერ ოლდჰემმა, ლეგენდარულმა ორგანისტმა და კომპოზიტორმა ინტერვიუში. ოლდჰემი, „როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის“ წევრი, არაერთი საოცარი შესრულების მომსწრეა. დაუკრავს ნილ იანგთან, ბობ დილანთან და მუსიკის სხვა ვარსკვლავებთან ერთად, მაგრამ სტუდიაში ფრანკლინის პირველი სესია რაღაც სხვა იყოო, თქვა მან.

„ამაზე არც გვილაპარაკია, არც დაგეგმილი ყოფილა რამე. უბრალოდ დაკვრა დაიწყო. ვიცოდი, რომ ვიღაც განსაკუთრებულთან ვმუშაობდი, – თქვა ოლდჰემმა, – რთული იყო მისი ხმის სიტყვებით დახასიათება. ის იმდენ რამეს მოიცავდა. ის იყო ანგელოზებრივი, ემოციური, ომახიანი, სევდიანი. ეპითეტებით შემკობას თუ დაიწყებ, ყველა ზედსართავს ჩამოთვლი. ის სრულიად უნიკალური იყო. მაშინვე ვიფიქრე, რომ არეთა მუსიკალური გენიოსი გახლდათ“. იმ დღეს ფრანკლინმა მასლ-შოულსის ცნობილი რიტმ-სექციის აკომპანემენტით შექმნა მრავალთაგან პირველი ჩანაწერი, რომელიც მილიონობით გაიყიდა.

„სიმღერა დაასრულეს და ოთახში ყველამ იცოდა, რომ ეს ჰიტი იქნებოდა“, – მითხრა როდნი ჰოლმა, FAME Studios-ის თანადამფუძნებლის, რიკ ჰოლის შვილმა.

MM9027_191115_001751-1024x576.jpg
MM9027_191117_002450-1024x576.jpg

(მარცხნივ) არეთა ფრანკლინი ამ სახლში დაიბადა სამხრეთ მემფისში, ტენესიში. 2018 წლის აგვისტოში, როდესაც იგი გარდაიცვალა, ხალხს აქ ყვავილები, წერილები და სიმღერების ტექსტები მოჰქონდა. ადგილობრივებს არეთას საპატივცემულოდ სახლის ისტორიულ ძეგლად დარეგისტრირება სურთ (მარჯვნივ) კლარენს ფრანკლინის, არეთას მამის პორტრეტი ჯერაც კიდია ნიუ-სალემის ბაპტისტურ ეკლესიაში, მემფისში, სადაც იგი 1940-იანი წლების დასაწყისში მსახურობდა.

იმ ტკივილის წყარო, რომელზეც ფრანკლინი ასე მგზნებარედ მღეროდა, მომდევნო წუთებშივე გამოაშკარავდა. ჩაწერა უეცრად შეჩერდა – სტუდიაში აურზაური ატყდა. 

ფრანკლინის ქმარმა და მენეჯერმა, ტედ უაიტმა, მესაყვირე მის ცოლთან ფლირტში დაადანაშაულა და მუსიკოსის სამსახურიდან გათავისუფლება მოითხოვა. როდნი ჰოლი მოგვიანებით იხსენებდა მამის მონათხრობს: ღამის მიწურულს რიკ ჰოლი და უაიტი ერთმანეთის გადაგდებას ცდილობდნენ ფრანკლინის სასტუმროს აივნიდან.

ეს დავიდარაბა გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის ფრანკლინის პირად ცხოვრებაზე. იგი საქვეყნოდ ცნობილ სიმღერებს პირადი ტკივილითა და ემოციებით ავსებდა, მოიცავდა არაერთ ჟანრს, დროს, თაობას თუ კულტურას. იმ ღამეს, ალაბამაში, პოპულარულ მუსიკაში ფრანკლინის მრავალწლიანი მეფობის ხანა დაიწყო; სწორედ მაშინ დაიწყო არეთამ სოულის ახალ სიმაღლეებზე აყვანა. მისი ხმა ქალების, აფრო-ამერიკელების და იმ ადამიანთა რევოლუციური ხმა გახდა, ვინც საკუთარი უფლებებისთვის იბრძოდა.

მასლ-შოულსის დატოვებიდან რამდენიმე დღეში ფრანკლინმა კიდევ ერთი ჰიტი ჩაწერა ნიუ-იორკის სტუდიაში: Do Right Woman, Do Right Man. ერთი კვირის შემდეგ ჩაწერა Respect, რომელიც მალევე გახდა ჰიმნი – როგორც მუსიკის ინდუსტრიაში ფრანკლინის ძალაუფლების აღსანიშნავად, ისე რთულ ხანაში ქალების უფლებების დასაცავად.

მასლ-შოულსში ფრანკლინის ცნობილი ჩაწერიდან 50-ზე მეტი წელი გავიდა,  76 წლის ასაკში გარდაცვალებიდან კი თითქმის სამი წელი მიიწურა და არეთას გენიალურობა ჯერაც საიდუმლოებითაა მოცული. ეჭვქვეშ არავინ აყენებს მის, როგორც სოულის დედოფლის, ხანგრძლივ, წარმატებული მეფობის ხანას. არც იმაზე დავობენ, რომ მას შეეძლო, ფენომენალური სიმარტივით ემღერა ყველაზე ღრმა ბლუზი, რიტმული ფანკი, ენერგიული პოპი, ნაზი ჯაზი, ენერგიული რიტმ-ენდ-ბლუზი, სულისშემძვრელი გოსპელი და დრამატული ოპერაც კი. არავის ეპარება ეჭვი, რომ იგი იყო მუსიკალური გენიოსი, რომელსაც თავისი დიაპაზონით, ძალითა და ემოციურობით ბადალი არ ჰყავდა.

ისევე როგორც ალბერტ აინშტაინმა გააფართოვა მეცნიერების საზღვრები და პაბლო პიკასომ შექმნა ხელოვნების ახალი ფორმა, ფრანკლინმაც მუსიკის ახალი სიღრმეები იპოვა, შექმნა, გააფართოვა, წარმოაჩინა, დაწერა და დაეუფლა.

მაგრამ რაში მდგომარეობდა ფრანკლინის შემოქმედებითობის წყარო? სხვა გენიოსებივით, ისიც ვუნდერკინდი იყო. მისი ნიჭი ადრევე შეამჩნიეს და მამა მის განვითარებაზე ზრუნავდა. როგორც პიკასოსა და აინშტაინს, არეთასაც დომინანტური ხასიათი და დეტალების აღქმის განსაკუთრებული უნარი ახასიათებდა. ფრანკლინს აბსოლუტური სმენა ჰქონდა, რომელიც საშუალებას აძლევდა, დაეშალა და თავისი სურვილისამებრ აეწყო სიმღერის მელოდია. ჰქონდა, ასევე, დიდი ამბიცია და მიზანდასახულობა, შეექმნა ჰიტები.

„არეთას ნიჭი მისთვის ძალიან, ძალიან ბუნებრივი რამ იყო“, – მითხრა მუსიკის ინდუსტრიის ერთ-ერთმა გავლენიანმა პირმა, კლაივ დეივისმა. „მის გამოჩენამდე არავინ გრძნობდა, ასახიერებდა და ასრულებდა მუსიკას ასე“.

დეივისი ფრანკლინთან 38 წელი მუშაობდა. მისი თქმით, არეთას გენიალურობა მდგომარეობდა სიმღერებით უფრო ღრმა ემოციების გადმოცემის უნარში – ხანდახან უფრო ღრმა ემოციებისა, ვიდრე თვით კომპოზიტორებს ჰქონდათ განზრახული. „მას ესმოდა როგორც ენის, ისე მელოდიის არსი და შეეძლო წაეყვანა იქ, სადაც ძალიან ცოტა – ან სულაც ვერავინ – მივიდოდა“, – თქვა მან.

MLK_25329_5.jpg1963 წელს სი-ელ ფრანკლინმა დეტროიტში, მიჩიგანში, ორგანიზება გაუწია „თავისუფლების მარშს“, სადაც მარტინ ლუთერ კინგმა თავისი სიტყვის „მე მაქვს ოცნება“ ადრეული ვერსია წარმოთქვა. მარშს 125 000-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა. სი-ელ ფრანკლინი (კინგის მარცხნივ) კინგის მრჩეველი იყო. უოლტერ პ. რუთერის ბიბლიოთეკა, შრომისა და ურბანული საქმეების არქივები, უეინის სახელმწიფო უნივერსიტეტი

„არეთას არასოდეს უვლია მუსიკის გაკვეთილებზე“, – თქვა ბრენდა კორბეტმა, მისმა დეიდაშვილმა, რომელიც ფრანკლინის ბექვოკალისტი იყო 50 წელიწადზე მეტი ხანი. „ზუსტად იცოდა, რა უნდოდა. თუ იდეალური არ იყო, აუცილებლად გეტყოდა“.

ფრანკლინის ხმის ფენომენალური დიაპაზონი, თითქოს, მწვერვალებამდე აღწევდა, შემდეგ კი სულისშემძვრელ სიღრმეებში ეშვებოდა. ზოგი მუსიკათმცოდნე ამბობს, რომ მისი ხმა ოთხ ოქტავას ფარავდა, მაგრამ არეთას საოცარი ნიჭი მდგომარეობდა ხმის გამოყენებაში, მაგალითად, როდესაც გადასვლებს („ბრიჯებს“) შორის ოქტავიდან ოქტავაზე ხტებოდა. სწორედ ამ დროს ჟრუანტელი დაუვლიდა მსმენელს.

ექსპერტების თქმით, ვუნდერკინდები ხშირად უფროსებს ჰგვანან და საქმეს თავისი ასაკისთვის განსაკუთრებით კარგად ასრულებენ. ბავშვობაში მათ გაწაფულობით შეიძლება მოგვნუსხონ და რთულ სონატებს ან სამეცნიერო თუ მათემატიკურ განტოლებებს გაუმკლავდნენ.

მუსიკალური ნიჭი ფრანკლინმაც ადრევე გამოავლინა.

არეთა ლუიზ ფრანკლინი დაიბადა 1942 წლის 25 მარტს სამხრეთ მემფისში, ტენესიში. მისი მამა, კლარენს ლავონ „სი-ელ“ ფრანკლინი, ბაპტისტური ეკლესიის გამოჩენილი პასტორი იყო. არეთას დედა, ბარბარა სიგერს ფრანკლინი, გოსპელის საყოველთაოდ პატივცემული მომღერალი გახლდათ.

ოჯახი მემფისიდან ბუფალოში (ნიუ-იორკი), შემდეგ კი დეტროიტში გადავიდა, სადაც მამა „ახალი ბეთელის ბაპტისტური ეკლესიის“ პასტორი გახდა. როდესაც არეთა ექვსი წლის იყო, დედამ ოჯახი მიატოვა. არეთა, მისი ძმა და ორი და ბებიამ გაზარდა. არეთას დედა ენატრებოდა. ბარბარა რამდენიმე წლის შემდეგ უეცრად გარდაიცვალა.

„მე 10 წლის ვიყავი“, – თქვა არეთამ დევიდ რიცთან ერთად დაწერილ ავტობიოგრაფიაში „არეთა: ამ ფესვებიდან“. „მამამ ყველას – მე, ერმას, კაროლინს და სესილს – სამზარეულოში დაგვიძახა და მარტივად და სერიოზული გამომეტყველებით გვითხრა: დედას გულის შეტევა ჰქონდა და გარდაიცვალა. უბრალოდ ვიდექი, გავშრი. ამ ტკივილის აღწერა არ შემიძლია და არც კი შევეცდები. პატარა ბავშვების მიერ დედის დაკარგვის ტკივილს ვერც აღვწერთ“.

ნათესავების თქმით, არეთამ მაშინ ტრავმა მიიღო, რომელიც სრულად ვერასოდეს მოიშუშა – წუხილი მთელი ცხოვრება გაჰყვა.

ისიც ნათელი იყო, რომ ფრანკლინზე გავლენა მამის ნიჭმაც მოახდინა. ის თავისი დროის სახელგანთქმულ შემსრულებლად ითვლებოდა. სი-ელ ფრანკლინს დეტროიტის მიღმაც იცნობდნენ – მისი ქადაგების ჩანაწერებზე დიდი მოთხოვნა არსებობდა.

არეთა ბავშვობაში მამას ეკლესიაში სამღერად მიჰყვებოდა ხოლმე. სი-ელ ფრანკლინმა ქალიშვილის გენიალურობა მალევე შეამჩნია და ეკლესიიდან ეკლესიაში მოგზაურობისას ქალიშვილით თავს იწონებდა. იგი იქადაგებდა, შემდეგ კი არეთა მღეროდა ხოლმე. 

არეთამ სიმღერა პირველად 14 წლის ასაკში ჩაწერა – ზოგიერთი წყაროს მიხედვით, ეს იყო მისი პირველი შვილის, კლარენსის გაჩენიდან დაახლოებით ორ წელიწადში და მეორე შვილის, ედიზე ორსულობის პერიოდში.

1960 წლის ერთ-ერთი კონცერტის პლაკატი გვამცნობს სი-ელ ფრანკლინის ქადაგებას მის 18 წლის ქალიშვილთან, არეთასთან – „გოსპელის ჟანრის მუსიკის ამომავალ ვარსკვლავთან” – ერთად. ჯეისონ ჰენლის, მუსიკათმცოდნისა და კლივლენდის (ოჰაიო) „როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის“ განათლებისა და სტუმართა ჩართულობის ვიცეპრეზიდენტის თქმით, „აქ მთავარი გამომსვლელია პასტორი ფრანკლინი, შემდეგ კი მისი საოცარი ქალიშვილი, ვუნდერკინდი არეთა ფრანკლინი, სიმღერას ასრულებს იმაზე, რაზეც მამა ლაპარაკობს“.

ჯეფ რემზი, ბოსტონში ბერკლის მუსიკის კოლეჯის ხმის დეპარტამენტის პროფესორი, ამბობს, რომ ეკლესიის მგალობელთა გუნდთან და ტურნეებზე გატარებული დრო არეთას თავისი გენიის დახვეწაში დაეხმარა – აქ მან გაითავისა აშშ-ში შავკანიანთა ისტორიით, ტკივილითა და გამძლეობით ჩამოყალიბებული სიბრძნე. მისი ფესვები გოსპელში იყო და „ერთი რამ, რაც არასოდეს შეცვლილა, მისი ხმის სიწმინდე გახლდათ“, – თქვა რემზიმ.

რიცის ბიოგრაფიაში „პატივისცემა: არეთა ფრანკლინის ცხოვრება“, ფრანკლინის ძმამ, სესილმა, თქვა, რომ მას და მის დებს მუსიკალური ნიჭი ჰქონდათ, თუმცა არეთა „გენიოსად დაიბადა. მოგვიანებით მუსიკათმცოდნეები ცდილობდნენ გაეგოთ, როგორ მოვიდა იგი აქამდე. მათ შეიძლება ეთქვათ, რომ არეთა ყველაზე მეტს ვარჯიშობდა ან უფრო მეტ ყურადღებას აქცევდა მუსიკას მის გარშემო ან სწავლის უფრო დიდი მოტივაცია ჰქონდა. მინდა გითხრათ, რომ ეს არაა მართალი. არც ვარჯიშობდა, და არც უფრო მეტ ყურადღებას აქცევდა მის გარშემო მუსიკას, ვიდრე ერმა, კაროლინი ან მე“.

ისიც დაამატა: „ყოველთვის ვიცოდით, რომ განსაკუთრებული ნიჭის პატრონი იყო. ასეთ ნიჭს გენიალურობას უწოდებენ. მას ვერ ისწავლი, ის უბრალოდ უნდა გქონდეს“.

MM9027_191113_000924-1024x576.jpg
MM9027_191114_001513-1024x576.jpg

(მარცხნივ) მომღერალი მეგან კონორსი და სპუნერ ოლდჰემი FAME Recording Studios-ში. ოლდჰემი FAME-ის სტუდიის მუსიკოსი იყო, როდესაც ფრანკლინმა იქ სიმღერა ჩაწერა 1967 წელს. (მარჯვნივ) ფორტეპიანო, რომელზეც ფრანკლინმა დაუკრა თავისი პირველი მილიონგაყიდვიანი ჩანაწერი I Never Loved a Man (the Way I Love You). FAME-მა ბევრი ყველაზე პოპულარული სიმღერა ჩაწერა და დიდი გავლენა იქონია მასლ-შოულსის სახასიათო სტილის განვითარებაში.

ნიჭიერება შეგიძლია განავითარო, თუკი გარემო მას გაზრდის საშუალებას აძლევს. გენიოსებს ხშირად ახასიათებთ დომინანტურობა, დიდი ამბიცია, სწრაფვა წინსვლისკენ, იმის უნარი, რომ სხვა ნიჭიერ ადამიანებთან არ დაიმორცხვონ.

დეტროიტში არეთა ფრანკლინი გაიზარდა ქალაქში, რომელშიც Motown-ის ხმის ჩამწერი სტუდიის უამრავი ვარსკვლავი დაიბადა: დაიანა როსი, „პატარა“ სტივი უანდერი, ბერი გორდი, სმოუკი რობინსონი, „ტემპტეიშენზი“. არეთა ამ ნიჭიერ ვარსკვლავებშიც კი გამორჩეულად ბრწყინავდა. როგორც რობინსონი იხსენებს, არეთა რვა წლის იყო, როდესაც ისინი ერთმანეთს პირველად შეხვდნენ.

რობინსონი სესილ ფრანკლინს ემეგობრებოდა. მან გაიხსენა, როგორ შეხვდა პირველად არეთას ფრანკლინების ოჯახში. „სახლში აქეთ-იქით დავყიალობთ და მუსიკა მესმის“, – უთხრა რობინსონმა ფრანკლინის პანაშვიდზე შეყრილ საზოგადოებას. „ვიღაც ფორტეპიანოზე უკრავს, მესმის ხმა, თითქოს პატარა გოგონა მღერის. მივედი, ოთახში შევიხედე და დაგინახე – იქ ხარ და მღერი“.

ბავშვობაში არეთას ხშირად აღვიძებდნენ, რათა მას თავისი ცნობილი მამის სტუმარი ვარსკვლავებისთვის ემღერა. სწორედ ასე გაიცნო მან გოსპელის მომღერალი კლარა უორდი და მაჰალია ჯექსონი, მომღერალი და კომპოზიტორი სემ კრუკი, კომპოზიტორი და ჯაზბენდის ხელმძღვანელი დიუკ ელინგტონი, ჯაზპიანისტები არტ ტეიტუმი და ოსკარ პიტერსონი, მომღერლები ელა ფიცჯერალდი, დაინა ვაშინგტონი, ნატ კინგ კოული, ლუ როულზი, ბილი ექსტაინი და მარტინ ლუთერ კინგი (უმცროსი).

ფრანკლინის გენიალურობა სრულად გამოაშკარავდა მის პირველ რიტმ-ენდ-ბლუზ ალბომში, როდესაც მან სოულის ლეგენდარული მომღერლის, ოტის რედინგის სიმღერა Respect („პატივისცემა“) ახლებურად შეასრულა. ეს სიმღერა იყო კაცზე, რომელიც ითხოვდა პატივისცემას სახლში მისვლისას. ფრანკლინის ვერსიაში ამ მოთხოვნას ქალი აყენებდა და სიმღერის ტექსტში სიტყვა „პატივისცემას“ მარცვლავდა.

ფრანკლინმა სიმღერისთვის Respect  „გრემის“ პირველი ჯილდო აიღო კატეგორიებში „საუკეთესი რიტმ-ენდ-ბლუზ ჩანაწერი“ და „საუკეთესო რიტმ-ენდ-ბლუზ სოლო ვოკალური შესრულება“ ქალის მიერ. „ხმის ჩამწერი აკადემიის“ მიერ ხმის ჩაწერის ხელოვნებასა და მეცნიერებებში გამორჩეული მოღვაწეების აღიარებისთვის შექმნილ „გრემის“ დაჯილდოებებზე არეთამ მოგვიანებით კიდევ 17 გამარჯვება მოიპოვა და 44-ჯერ იყო ნომინირებული ჯილდოზე.  

მუსიკის ფანები ფრანკლინის ნიჭის გასაოცარ დიაპაზონს მოულოდნელად 1998 წელს ნიუ-იორკში „გრემის“ დაჯილდოების ცერემონიაზე შეესწრნენ. ლუჩანო პავაროტის, მსოფლიოში ცნობილ იტალიელ ტენორს ჯაკომო პუჩინის დიდებული არია „Nessun Dorma“ უნდა ემღერა. პავაროტიმ „გრემის“ პროდიუსერებს მოულოდნელად დაურეკა და უთხრა, რომ ავად იყო.

ფრანკლინს იმ ღამეს „გრემის“ ცერემონიაზე „ძმებ ბლუზებთან“ ერთად უნდა ემღერა. კენ ერლიხს, შოუს აღმასრულებელ პროდიუსერს, გაახსენდა, რომ ფრანკლინმა „Nessun Dorma” ორი დღით ადრე „ხმის ჩამწერი აკადემიის“ საქველმოქმედო საღამოზე იმღერა. „გასახდელში მივუკაკუნე და ვკითხე, ხომ არ იმღერებდა“, – უთხრა ერლიხმა მოგვიანებით Billboard-ს.

ეს იყო არეთა ფრანკლინის კარიერის ერთ-ერთი გარდამტეხი მომენტი. არეთა არც ტენორი იყო, არც საოპერო მომღერალი, მაგრამ არია შესანიშნავად შეასრულა.

„მოუწია განსხვავებული ტონალობით ემღერა, რადგან არანჟირება პავაროტისთვის იყო მომზადებული“, – თქვა რიცმა. ორკესტრირებას 20 წუთი მოუსმინა და მიხვდა, როგორ მოერგო თავისი ხმა სიმღერის ტონალობისთვის, რომელსაც ჩვეულებრივ არ აირჩევდა. მან არია სოულის სიმღერად გადააქცია, თუმცა პატივი მიაგო პუჩინის მელოდიური ნიჭის მშვენიერებას.

1987 წელს ფრანკლინი გახდა „როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში“ მიწვეული პირველი ქალი  – სწორედ მან გაუკვალა გზა სხვა ქალებს დიდების დარბაზის წევრობისკენ. Rolling Stone-მა ის „ყველა დროის საუკეთესო მომღერლების“ სიის სათავეში მოაქცია. 2019 წელს არეთამ პულიტცერის სიკვდილშემდგომი სპეციალური მადლობა მიიღო.

STOCK_MM9027_arc0007_bx2_fl21_arethafran
STOCK_MM9027_arc0007_bx2_fl21_arethafran

არეთა ფრანკლინის ხელნაწერი 1970 წლის ალბომისთვის Spirit in the Dark ავლენს მის იუმორის გრძნობასა და მუსიკის წერისა და არანჟირების ნიჭს. ROCK HALL-ის ბიბლიოთეკა და არქივები

ფრანკლინს მრავალი ლეგენდარული გამოსვლა ჰქონდა, მათ შორისაა 1993 წელს პრეზიდენტ ბილ კლინტონის საინაუგურაციო ღონისძიება, როდესაც არეთამ სცენაზე ბეწვის ძვირფასი ქურქით შეაბიჯა, რომელიც მხრებზე ჩამოუსრიალდა და მჭახე ყვითელი კაბა გამოაჩინა. მან შეასრულა სიმღერა I Dreamed a Dream მიუზიკლიდან „საბრალონი“. როდესაც არეთამ ქურქი დააგდო და მაღალი ნოტი აიღო, პუბლიკა და კლინტონები ფეხზე წამოხტნენ.

„დარბაზში ყველა გაოგნებული იყო, შესრულება კი მძაფრდებოდა, – იხსენებდა დეივისი ფრანკლინის პანაშვიდზე, – შემდეგ კი განუმეორებელმა არეთამ სპონტანურად შეცვალა ტექსტი – იმის ნაცვლად, რომ ემღერაI dreamed a dream (მე დამესიზმრა სიზმარი) თქვა: I have a dream (მე მაქვს ოცნება) – და მარტინ ლუთერ კინგის ამ ცნობილი ფრაზის ჩართვამ მისი წარმოდგენის კულმინაციური მომენტი კიდევ უფრო დაუვიწყარი გახადა“.

პრეზიდენტ ბარაკ ობამას ინაუგურაციაზე 2019 წელს არეთამ შეასრულა სიმღერა My Country, ‘Tis of Thee.

„არეთამ წვლილი შეიტანა ამერიკული გამოცდილების ფორმირებაში“, – დაწერა ობამამ Twitter-ზე ფრანკლინის გარდაცვალების შემდეგ. „მის ხმაში გვესმოდა ჩვენი ისტორია მთელი თავისი არსით – ჩვენი ძალა და ტკივილი, სიბნელე და სინათლე, ხსნის ძიება და რთულად მოპოვებული პატივისცემა“.

ფრანკლინის გამბედაობა და ლეგენდა მის მუსიკას გასცდა. იგი აფინანსებდა უფლებადამცველთა მოძრაობებს, მარშირებდა მარტინ ლუთერ კინგთან ერთად, 1968 წელს სამოქალაქო უფლებათა ლიდერის მოსახსენიებელ წირვაზეც იმღერა. იგი ქმნიდა მუსიკას, რომელიც რევოლუციების საუნდტრეკებად იქცა: მაგალითად, სამოქალაქო და ქალთა უფლებათა მოძრაობებისა თუ ვიეტნამის ომის საპროტესტო აქციების შემთხვევაში.

1970 წელს მან სურვილი გამოთქვა, გადაეხადა 250 000 დოლარი პოლიტიკური აქტივისტის, ანჯელა დეივისის გირაოთი გასათავისუფლებლად. „შავკანიანი ადამიანები თავისუფალნი იქნებიან“, – უთხრა მაშინ ფრანკლინმა ჟურნალ Jet-ს. „მე ციხეშიც ვყოფილვარ“ დეტროიტში მშვიდობის დარღვევისთვის „და ვიცი, მშვიდობა უნდა დაარღვიო, როდესაც მშვიდობა არ გაქვს. ციხეში ყოფნა ჯოჯოხეთია. თუ ჩვენს სასამართლოებში სამართლიანობის ნატამალი მაინცაა, ანჯელა თავისუფალი უნდა ვიხილო არა იმიტომ, რომ კომუნიზმის მჯერა, არამედ იმიტომ, რომ ის შავკანიანი ქალია და მას შავკანიანი ადამიანებისთვის თავისუფლება სურს. მე მაქვს ფული, რომელიც შავკანიანებისგან მივიღე – მათ მისი დაგროვების ფინანსური საშუალება მომცეს – და მინდა, ეს ფული ისე გამოვიყენო, რომ ჩვენს ხალხს დავეხმარო“.

შეიძლება ზედმეტად ახალგაზრდა ხართ იმისთვის, რომ არეთას ოქროს ხანას მოსწრებოდით, მაგრამ მისი მუსიკა მოსმენილი გექნებათ. დიდი ალბათობით, მას თქვენი მშობლებიც იცნობენ. ის ფილმებშიც მოგისმენიათ და არეთას სიმღერის სტილს ისეთ მომღერლებშიც ამოიცნობთ, როგორებიც არიან – ბიონსე, არიანა გრანდე, ჯენიფერ ჰადსონი, ლედი გაგა, უიტნი ჰიუსტონი და ადელი.

როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის ამერიკელი მუსიკალური ოსტატებისთვის მიძღვნილ მე-16 საღამოზე – 2011 წელს ღონისძიება სწორედ ფრანკლინს ეძღვნებოდა – მომღერალთა გუნდმა ფრანკლინს პატივი მიაგო  მისივე სიმღერების შესრულებით. ფრანკლინს ამ საღამოს კლივლენდში არ უნდა ემღერა, მაგრამ შოუს შესვენების დროს ფორტეპიანო მოითხოვა.

არეთა ბისზე შესასრულებლად ავიდა სცენაზე რონალდ იზლისთან, სისი ჰიუსტონთან, ჯერი ბატლერთან და დენის ედვარდსთან ერთად.

STOCK_GettyImages-160929157.jpgJVC-ს ჯაზფესტივალი, 2000 წლის ივნისი, ნიუ-იორკის ლინკოლნის ცენტრი. კონცერტზე არეთამ საოცრად შეასრულა პუჩინის არია „Nessun Dorma“ და ამით 1998 წელს გრემის დაჯილდოებაზე თავის სპონტანურ შესრულებას გამოეხმაურა. ჯეკ ვარტუჯიანი, GETTY IMAGES

„იწყებენ ამ საოცარ სიმღერას“, – იხსენებს ჰენლი დიდების დარბაზიდან. „არეთას მიჰყავს. იმ მომენტში თითქოს არეთას გარდა სამყაროში არაფერი არსებობდა. ჩვენ ყველანი თვითმხილველები ვიყავით. მაშინ გავიაზრე, რატომაა არეთა ის, ვინც არის“.

ბიოგრაფი რიცი, რომელიც ფრანკლინის 1999 წლის ავტობიოგრაფიის თანაავტორია და რომელმაც მომღერალზე 15 წლის შემდეგ დამოუკიდებლადაც დაწერა წიგნი, არეთას ინჟინერს უწოდებდა. მითხრა, რომ ფრანკლინის გენიალურობა ნაწილობრივ იმაში მდგომარეობდა, თუ როგორ შლიდა სხვა კომპოზიტორების სიმღერებს მათი შესრულებისას: სტუდიაში სიმღერას დაანაწევრებდა, აავსებდა სოულით, შემდეგ კი თავის ორიგინალურ რიტმს შეასხამდა. სიმღერას ისევ რომ ააწყობდა, სიმღერა უკვე მისი ხდებოდა. რიცის თქმით, არეთას ინტელექტი „მისი ემოციური გამოხატვის ინტენსიურობაში“ იჩენს თავს. ის სათავეს იღებს პირადი ტკივილიდან, დეპრესიიდან, სურვილიდან, არასდროს ისაუბროს თავის ამბავზე ან მისთვის მტკივნეულ რაღაცებზე.

ერთ ძველ ინტერვიუში ახალგაზრდა ფრანკლინი აღელვებით იღიმის და ფორტეპიანოსთან ჯდება. უაიტი, მისი ქმარი, გვერდით უჯდება. არეთას თმა გადაუწევია, მისი სახე კი რბილი, უმანკოა. კამერის წინ პატარა გოგონას ხმით ამბობს: „მე ჯერაც ვცდილობ გავიგო, ვინ და რა ვარ სინამდვილეში“.

2012 წელს ჩემთან ინტერვიუს დროს ყველა შეკითხვაზე მიპასუხა, ერთის გარდა. გაღიზიანება შეეტყო, როდესაც ვთხოვე, ყველაზე ადრეული მოგონება გაეხსენებინა ბავშვობიდან.

 „ყოველთვის მალავდა, რა ხდებოდა მის ცხოვრებაში, როგორც რომანტიკულ, ისე პირად ფრონტზე“, – თქვა რიცმა. „სიტყვას ვერ დააცდენინებდი. ბრაზს ახშობდა. დაბნეულობასაც თრგუნავდა. ამ ყველაფერს მხოლოდ თავისი მუსიკით გადმოსცემდა. რადგან ეს ყველაფერი სხვა დროს ჩახშობილი იყო, სიმღერისას ემოციებს თავშეუკავებლად გამოხატავდა“.

ჩანდა, რომ ტკივილისგან მხოლოდ სიმღერის დროს იცლებოდა, ამოფრქვეული ტკივილი კი უზარმაზარი იყო.

რიცი წლების განმავლობაში მუშაობდა არეთასთან ერთად მისი ამბის მოსათხრობად. „ზოგიერთი ჩვენგანი ფსიქოლოგთან ან ფსიქიატრთან მიდის და კარს კეტავს“, – თქვა მან. „არეთა სცენაზე გამოდის და მღერის. ესაა მისი ფსიქოთერაპია, მისი კათარზისი“.

ატლანტაში, ჯორჯიაში, National Geographic-მა გადაიღო მესამე სეზონი სერიალისა „გენიოსი“ (წინა სეზონები აინშტაინსა და პიკასოზე მომზადდა). რვასერიიან სეზონში არეთა ფრანკლინის როლს სინთია ერივო თამაშობს.

სეზონის ხელმძღვანელი და აღმასრულებელი პროდიუსერი სიუზან-ლორი პარქსია. იგი ტონის ჯილდოსა და პულიცერის პრემიის მფლობელი დრამატურგია. დარბაზი ისეა მოწყობილი, რომ დეტროიტში ფრანკლინის ბავშვობის სახლს დაემსგავსოს და ახალგაზრდა არეთას ცხოვრების წარმოდგენაში დაგვეხმაროს. ტახტსა და ორ სავარძელზე პოლიეთილენია გადაკრული. საფერფლეებში სიგარეტის ნამწვები ყრია. ოთახის კუთხეში დიდი როიალი დგას.

MM9027_190816_000041-1024x576.jpg
MM9027_190816_000458-1024x576.jpg

(მარცხნივ) დეტროიტელმა ხელოვანმა Fel’le-მ თავისი გალერეის კედელზე ფრანკლინი დახატა. 2017 წელს დეტროიტმა ქუჩის მონაკვეთს არეთა ფრანკლინის გზა დაარქვა. არეთას სახელით ამფითეატრიც მოიხსენიეს. მიჩიგანის შტატმა დეტროიტის გზატკეცილს არეთა ლ. ფრანკლინის მემორიალური გზატკეცილი უწოდა. (მარჯვნივ) დეტროიტის ახალგაზრდული გუნდი მღერის არეთასადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე 2019 წლის 16 აგვისტოს, ფრანკლინის გარდაცვალებიდან ზუსტად 1 წლის თავზე.

სწორედ ასეთ მისაღებში მოუსმინა ფრანკლინმა დიად მაჰალია ჯექსონს, სემ კუკსა და კლარა უორდს. სწორეს ასეთ ფორტეპიანოს მიუჯდებოდა ხოლმე განუმეორებელ ჯეიმს კლივლენდთან ერთად, რომელიც არეთას აკორდებს ასწავლიდა.

„ვინც დასავლურ პოპულარულ მუსიკას უსმენს, მისი ხმა ყველამ იცის, მაგრამ არეთას ისტორიის, მის მიერ განცდილი ტკივილის, ბავშვობის სირთულეების შესახებ ცოტა თუ სმენიათ. არ იციან, რომ დედამისი ახალგაზრდა გარდაიცვალა და რომ არეთას თავისი ბგერა სცენაზე ერთი ასვლით არ უპოვია, – ამბობს პარქსი, – ის ჩაეძია თავის ცხოვრებას და მისგან რაღაც ისეთი ლამაზი შექმნა, რაც უკვდავია და დანარჩენებს გზას გვინათებს“.

იქვე სტუდიაში ერივოს ვარცხნილობასა და გრიმს უკეთებენ; იგი არეთად გარდაიქმნება, მის გენიას იხმობს. 2016 წელს ერივო გრძნობდა – თუნდაც მხოლოდ ერთი წუთით – რომ ის და ფრანკლინი ერთად მღეროდნენ. თეთრ, მაქმანებიან კაბაში გამოწყობილი ერივო „კენედის ცენტრის პრემიაზე“ სცენაზე იდგა და The Impossible Dream-ს ასრულებდა. ზუსტად მაშინ, როდესაც რთული, მაღალი ნოტი უნდა აეღო, კამერა აუდიტორიაზე მიმართეს. თვალებდახუჭული არეთა იჯდა და მასთან ერთად მღეროდა.

ეს იყო ხანმოკლე, მაგრამ შთამბეჭდავი მომენტი. ერივომ მითხრა, რომ ამ ჩანაწერს ხშირად უყურებს. „მიხარია, რომ რაღაც გავაკეთე, რაც მას ესიამოვნა, – თქვა მან, – და რომ მე ვარ ერთ-ერთი ხმა, რომელმაც მას გარკვეული ბედნიერება მოუტანა. საოცარია, რომ მაქვს შანსი, არეთასნაირი ვარსკვლავი ვითამაშო – ჩემი ერთ-ერთი გმირი“.

ერივოს თქმით, ის როლისთვის კითხვით, მუსიკის მოსმენით და გულის ამაჩუყებელი დოკუმენტური ფილმის Amazing Grace ყურებით ემზადებოდა. ფილმი ფრანკლინის სიკვდილის შემდეგ გამოვიდა.

ფილმს ორი ღამის განმავლობაში იღებდნენ ნიუ-ტემპლის მისიონერულ ბაპტისტურ ეკლესიაში, ლოს-ანჯელესის უოტსის უბანში. კადრებში 29 წლის ფრანკლინი ჩანს, რომელიც გოსპელის ფესვებს უბრუნდება. ფილმის რეჟისორი სიდნი პოლაკია და ამ იშვიათ კადრებში ფრანკლინის ტრანსცენდენტურ შესრულებას ვხედავთ. მეორე ღამეს სავსე აუდიტორიას „როლინგ სტოუნზის“ ჩარლი უოტსი და მიკ ჯაგერიც შემოუერთდნენ.

ფილმში არეთას მენტორის, კლარა უორდის გვერდით ჩანს, ასევე, მისი მამა. 

„ფილმს დიდი ყურადღებით ვუყურე. კარგად ჩანს, ვინ იყო არეთა“, – მითხრა ერივომ. „სიმღერის კულმინაციასთან რომ მიდის, რაღაც ხდება და ის სრულიად იხსნება. აი, მაშინ გრძნობ მის გულს“.

დენინ ლ. ბრაუნმა არეთას ინტერვიუ 2012 წელს ჩამოართვა. ელიას უილიამსმა გადაიღო ფოტოები National Geographic-ის 2020 წლის თებერვლის ნომრის სტატიისთვის მონათა ხომალდ „კლოტილდაზე“.

The post გენიალური არეთა appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

 

 
Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share