Jump to content
×
×
  • Create New...

ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა ევროკავშირის კომპრომისულ წინადადებას ხელი მოაწერეს


Recommended Posts

  • ფორუმელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი 20 აპრილს, მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული კომპრომისული დოკუმენტის ხელმოწერიდან მეორე დღეს, თბილისში ჩამოვიდა.

პრეზიდენტი მიშელი უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, მოგვიანებით კი – იგი საქართველოს პარლამენტს ეწვევა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს და დეპუტატებს შეხვდება.

შეხვედრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ 19 აპრილის შეთანხმებას „ნამდვილი ევროპული სულისკვეთებით მოეწერა ხელი და თქვენ [საქართველო] ევრო-ატლანტიკური მომავლისკენ მიჰყავხართ“.

მისი თქმით, შეთანხმება მტკიცე საფუძველს წარმოადგენს საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმის განსახორციელებლად, ასევე კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად, რაც „ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების მთავარი პრიორიტეტებია“. „ეს შეთანხმება არა საბოლოო პუნქტი, არამედ საწყისი პუნქტია თქვენი მუშაობისთვის, რათა გაძლიერდეს ქართული დემოკრატია და განხორციელდეს რეფორმები“, – თქვა პრეზიდენტმა მიშელმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ შეთანხმების შედეგად პარლამენტში ძალების გადანაწილება პარლამენტის აქტიური ფუნქციონირების საფუძველი გახდება.

პრეზიდენტმა მიშელმა „უკრაინის საზღვრებზე რუსული ძალების კონცენტრაციის და ყირიმის უკანონო ანექსიის“ თაობაზე შეშფოთება გამოხატა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერა ისეთივე ძლიერია, როგორც ადრე.

თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ის უფლებები, რაც დღეს საქართველოს პარლამენტში ოპოზიციას უკვე ენიჭება, ნამდვილად ნიშნავს იმას, რომ საქართველოს პარლამენტი დგას სხვა ევროპელი ქვეყნების დონეზე“. მისივე თქმით, შეთანხმების ხელმოწერის შედეგად ასევე გაძლიერდა პრეზიდენტის ინსტიტუტი, რომლის ძალისხმევითაც პრეზიდენტის სასახლეში მედიაციის საბოლოო ეტაპი გაიმართა.  „ის ფაქტი, რომ მთლიანად ოპოზიცია აქ დოკუმენტზე ხელმოწერისათვის შეიკრიბა, ეს უბრუნებს პრეზიდენტს თავის ნამდვილ როლს, უბრუნებს ნდობას და იმ პატივისცემას, რის გარეშეც პრეზიდენტი ვერ შეასრულებს თავის როლს“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით,  შეთანხმება უზრუნველყოფს საარჩევნო და მართლმსაჯულების პროცესების უმაღლეს სტანდარტებთან შესაბამისობას.

„ამ შეთანხმებას არანაკლები შედეგი აქვს ჩვენი საგარეო პოლიტიკის კუთხითაც. ეს შეთანხმება ასახავს საქართველო – ევროკავშირს შორის უკვე ძალიან მჭიდრო კავშირს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებში ახალი ეტაპი იწყება. „ეს ნიშნავს ბევრად უფრო აქტიურ თანამშრომლობას ეკონომიკაში, ინვესტიციების მოსაზიდად, იმ დიდ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომლებმაც უნდა დააკავშიროს საქართველო, შავი ზღვა და ევროკავშირი, რადგან ეს ყველაზე დიდი გამოწვევაა დღევანდელი საქართველოსათვის“, – განაცხადა მან.

„ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპასთან ასოცირებამ, უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, თავისი სრულყოფილი სახე მიიღოს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და გამოვიდა ინიციატივით, რომ კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“, რომელიც ყოველწლიურად ბათუმში იმართება, ასოცირების სამიტად გადაიქცეს, რომელსაც ასოცირებული ქვეყნების ლიდერებიც დაესწრებიან.

 შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან 

პრეზიდენტმა მიშელმა მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს „გამბედავი პოლიტიკური არჩევნისა“ და საქართველოს მომავლის ხედვისთვის, მანვე ოპოზიციაც შეაქო მზადყოფნისთვის, რომ „პოლარიზაცია გვერდზე გადაედო“. 

„დღეს აქ იმისთვის ვარ, რომ კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობას, ასევე თანამშრომლობას აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში“ , – განაცხადა პრეზიდენტმა მიშელმა და აღნიშნა, რომ „ევროკავშირი საქართველოს უძლიერესი პარტნიორია“. 

მან განაცხადა, რომ ახლა პარლამენტში მნიშვნელოვანი რეფორმების მიღებისა და მათზე მუშაობის დროა და დასძინა, რომ ეს რეფორმები საქართველოსა და ევროკავშირს შორის უფრო ღრმა თანამშრომლობისკენ გზას გაუკვალავს. 

„შეიძლება ითქვას, რომ ხელოვნურად შექმნილი კრიზისი საქართველოში დასრულებულია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ პრეზიდენტ მიშელის ვიზიტი „არის კიდევ ერთი თვალსაჩინო დადასტურება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო და მისი წარმატება ევროკავშირისთვის“. 

„რა თქმა უნდა, ჩვენ ყველამ ერთად, დოკუმენტზე ხელმოწერით შევქმენით ყველა ის საფუძველი, რომ ნიკა მელია არ დარჩენილიყო საპატიმროში. აქედან გამომდინარე, მე მგონი, პასუხი გაცემულია კითხვაზე, შესაბამისად, ახლა ჯერი არის ოპოზიციაზე და მათ ქმედებაზე“, – განაცხადა მან. 

„ჩვენ კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ საქართველოს და ქართველი ხალხის ერთგულება ევროპული მისწრაფებებისა და ფასეულობებისადმი, რომელიც განსაზღვრავს ევროკავშირთან თანამშრომლობის დღის წესრიგს და ამავდროულად ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედს წარმოადგენს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

შეხვედრისას მან ხაზი გაუსვა ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულების მზაობას,  რათა ქვეყანა მაქსიმალურად მოემზადოს 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გასაკეთებლად.   

ღარიბაშვილმაც განაცხადა, რომ მან პრეზიდენტ მიშელთან შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის, ევროკავშირთან შემდგომი ეკონომიკური, პოლიტიკური და „ფიზიკური ინტეგრაციის“, ასევე საგარეო პოლიტიკური საკითხები, მათ შორის, რუსეთის ოკუპაცია, განიხილა. 

 

გაგრძელება იქნება… 

ასევე წაიკითხეთ:

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს პარლამენტს ეწვია, სადაც იგი ქართული ოცნებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა. გავრცელებული ცნობებით, შეხვედრაზე მხარეებმა, სხვა საკითხებთან ერთად, საპატიმროდან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას გათავისუფლების გზებიც განიხილეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას შეწყალის თაობაზე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს. რაც შეეხება, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას გათავისუფლებას, თალაკვაძემ აღნიშნა, რომ გირაოს თანხის გადახდას ევროკავშირი უზრუნველყოფს.

შეხვედრიდან გამოსულმა სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, რომ მხარეებს შორის გუშინ გაფორმებული შეთანხმებისთვის, აუცილებელია, რომ ნიკა მელიამ და გიორგი რურუამ საპატიმროები დატოვონ. „მომავალ ორშაბათ ამნისტიის კანონი უნდა დარეგისტრირდეს პარლამენტში. თუ მანამდე მოიძებნება რაიმე საშუალება ნიკა მელიას გათავისუფლების, ვნახოთ, იმიტომ, რომ ამის მექანიზმები ნამდვილად აქვს ხელისუფლებას“, – განაცხადა მანვე.

ევროპული საქართველოს ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ ხაზი გაუსვა, რომ „მხარეებმა პატივი უნდა სცენ ნიკა მელიას პერსონალურ ნებას და მის გადაწყვეტილებას და ამ ფარგლებში უნდა იქნეს მოძებნილი გამოსავალი“. ცნობილია, რომ მელიამ გირაოს, როგორც მისი გათავისუფლების ინსტრუმენტის გამოყენებაზე უარი უკვე განაცხადა.

„მელიას თანხმობის გარეშე, ძალით გირაოს არავინ გადაიხდის“, – განაცხადა ლელო საქართველოსთვის ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ. „შესაბამისად, ამ შეთანხმების სულისკვეთებიდან გამომდინარე მოძებნილ უნდა იქნას ისეთი გადაწყვეტილება, რომელზეც არ შეიქმნება წინააღმდეგობა“, – ხაზი გაუსვა მანვე და დაამატა, რომ როგორც კი ნიკა მელია და გიორგი რურუა პატიმრობიდან გათავისუფლდებიან, შეთანხმების დოკუმენტზე ხელმომწერი სუბიექტები პარლამენტში მუშაობას შეუდგებიან.

 

პარლამენტში შარლ მიშელთან გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ – პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და ქართული ოცნების საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი; სალომე სამადაშვილი (ენმ), როგორც ინდივიდუალური დეპუტატი; მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ლელოდან; ალეკო ელისაშვილი მოქალაქეებიდან; ზურაბ ჯაფარიძე გირჩი მეტი თავისუფლებიდან; ვახტანგ მეგრელიშვილი ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩიდან; გიორგი ვაშაძე სტრატეგია აღმაშენებლიდან; ხათუნა სამნიძე რესპუბლიკური პარტიიდან; დავით ბაქრაძე, როგორც ინდივიდუალური დეპუტატი; დავით ზილფიმიანი ევროპელი სოციალისტებიდან და არმაზ ახვლედიანი, რომელიც პარლამენტში ევროპული საქართველოს პროპორციული სიით შევიდა.

ასევე წაიკითხეთ:

 

  •  
Edited by Moor

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

მელია გარეთ იყო და პარლამენტში არ შევალთო.

დაიჭირეს და რომ გამოუშვებთ მერე შევალთო

:facepalm: :lol:

რა გულის ამრევი პოლიტიკაა...

Share on other sites

  • ფორუმელი

21 აპრილს, სამი წამყვანი ევროპარლამენტარი ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების საკითხებში – მარინა კალიურანდი, სვენ მიკსერი და ვიოლა ფონ კრამონ ტაუბადელი მიესალმნენ საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შორის 19 აპრილს მიღწეულ შეთანხმებას და ბოიკოტის რეჟიმში დარჩენილ პარტიებსა და დეპუტატებს კომპრომისული დოკუმენტის ხელმოწერისკენ მოუწოდეს.

აღნიშნეს რა, რომ ახალი დოკუმენტი „პოლიტიკურად დაბალანსებულია და საქართველოს ყველა მოქალაქის საჭიროებებსა და ლეგიტიმურ მოლოდინებს დებატების ცენტრში აქცევს“, სამმა ევროპარლამენტარმა განაცხადა, რომ შეთანხმება პარტიებს არსებული პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავალს სთავაზობს და შეუძლია ხელი შეუწყოს პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებას, რამაც „საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მოწამლა“.

„წინადადება ახალ სტიმულს აძლევს დემოკრატიის კონსოლიდაციას და კანონის უზენაესობას, რითაც შესაბამისობაშია საქართველოს ევროპულ მისწრაფებებთან“, – აღნიშნეს ევროპარლამენტარებმა. მათ იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოს პარლამენტი უახლოეს მომავალში სრულყოფილად ამოქმედდება და პოლიტიკური კრიზისიც დასრულდება.

ევროპარლამენტარების თქმით, ევროპარლამენტი განაგრძობს საქართველოს პარლამენტთან „მჭიდრო თანამშრომლობას“ და დაეხმარება მას არჩევნებზე დიალოგისა და სხვადასხვა პოლიტიკურ ფრაქციებს შორის მედიაციის მეშვეობით.

ასევე წაიკითხეთ:

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

იმ ფონზე, როდესაც ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტიების უმეტესობა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებული კომპრომისული დოკუმენტის ხელმოწერაზე დათანხმდა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების მექანიზმი კვლავაც დავის საგნად რჩება. მელიას გათავისუფლების მექანიზმების შესახებ პოზიციები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება და ხელმომწერებს შორის უთანხმოებას იწვევს.

თავად შეთანხმების თანახმად, „პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმული“ ორი საკითხი, მათ შორის, ნიკა მელიას და გიორგი რურუას პატიმრობა, დოკუმენტზე ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში უნდა გადაწყდეს „ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს“.

სწორედ ეს „ზომები“ გახდა პოლიტიკურ პარტიებს შორის დამატებითი გაურკვევლობისა და მიკერძოებული ინტერპრეტაციების წყარო. თავად ნიკა მელიამ არაერთხელ ისაუბრა ამნისტიის წინააღმდეგ, რომელიც ყველა იმ პირს შეეხება, რომელთაც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით აქვთ წაყენებული ბრალი, მათ შორის, „მოძალადე თანამდებობის პირებს და პოლიციელებს“. იგი მკაცრად ეწინააღმდეგება ვინმეს, მათ შორის, ევროკავშირის მიერ, მისი გირაოს გადახდას და აცხადებს, რომ ეს მისთვის მიუღებელია.

მიუხედავად 19 აპრილის შეთანხმების ხელმოწერისა, ქართული ოცნება მელიას წინააღმდეგ კვლავაც კრიტიკული განცხადებებით გამოირჩევა. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ 22 აპრილს განაცხადა, რომ ამნისტია ყველა იმ პირს უნდა შეეხოს, რომელთაც 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით აქვთ ბრალი წაყენებული. „თუ ამნისტია შეეხება ნიკა მელიას, ბუნებრივია, უნდა შეეხოს ვინმე სხვასაც, ვისაც შეიძლება რაიმე დანაშაული ჰქონდეს ჩადენილი იმ ღამეს“, – განაცხადა მან.

აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა, რომელიც აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკური კრიზისის მედიაციის პროცესში, ამნისტიის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ იგი „არ გამორიცხავს პასუხისმგებლობას მაშინდელ მოვლენებზე, თუმცა ქვეყანას წინსვლის საშუალებას აძლევს“. „რა თქმა უნდა, თავად მელიას გადასაწყვეტია დატოვებს თუ არა ციხეს, მაგრამ შეთანხმება მოიცავს მელიას გათავისუფლების მექანიზმს“, – განაცხადა ელჩმა.

იმავდროულად, პარტია ლელოს ლიდერებმა – მამუკა ხაზარაძემ, ბადრი ჯაფარიძემ და გრიგოლ გეგელიამ, რომლებიც 21 აპრილს სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრნენ, მელიას გათავისუფლების ალტერნატიული გზა გამოძებნეს. ლელოს ლიდერებმა ბრიუსელში ევროპარლამენტარებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ მათ ევროპარლამენტარებს ნიკა მელიას თავდებში ჩადგომა შესთავაზეს, რათა „დაუყონებლივ შეიცვალოს მისი აღკვეთი ღონისძიება და მელია გათავისუფლდეს, რაც კრიზისის დროული განმუხტვის აუცილებელი წინაპირობა იქნება“. ლელოს თქმით, ევროპარლამენტარები მზად არიან ჩაერთონ ამ პროცესში.

მაშინ, როდესაც მელიას მოსაზრება ლელოს შემოთავაზებაზე უცნობია, ნაციონალური მოძრაობის წევრები მზად არიან, რომ ის კომპრომისულ ნაბიჯად განიხილონ. პარტიის წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ ეს უკეთესი შემოთავაზებაა, ვინაიდან როგორც ამნისტია, ისე გირაო „კატეგორიულად მიუღებელია“ ნაციონალური მოძრაობისთვის. ახალ შემოთავაზებას სხვა ოპოზიციურმა პარტიებმაც დაუჭირეს მხარი, თუმცა ეჭვი გამოთქვეს, რომ მმართველი პარტია მზადაა მის მისაღებად.

ქართული ოცნების საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა დაადასტურა ეს ეჭვები და ლელოს შემოთავაზებას „არასერიოზული“ უწოდა, ვინაიდან ის, მისი თქმით, შეთანხმების სულისკვეთებას ძირს უთხრის.

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მელიას გათავისუფლების კიდევ ერთი ვარიანტი გაახმოვანა და აღნიშნა, რომ „სისხლის სამართლის კანონმდებლობაში არსებობს ნორმა, რომლის თანახმად, პროკურატურას შეუძლია პირის მიმართ შეწყვეტოს დევნა თუ მიიჩნევს, რომ არსებითად შეცვლილია გარემოებები და ეს გარემოებები პირის მიმართ დევნის შეწყვეტის სამართლიანობას განაპირობებს“.

მისივე თქმით, „დღეს პოლიტიკური შეთანხმება მელიას საქმის გარშემო უკვე არსებობს და, შესაბამისად, გარემოებები უკვე მზად არის დევნის შესაწყვეტად“. პროკურატურას სახალხო დამცველის შემოთავაზებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

ასევე წაიკითხეთ:

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

ამერიკელმა სენატორებმა ჯიმ რიშმა (რესპუბლიკელი, აიდაჰო), ჯინ შაჰინმა (დემოკრატი, ნიუ-ჰემფშირი) და რონ ჯონსონმა (რესპუბლიკელი, ვისკონსინი) 22 აპრილს სენატს ორპარტიული რეზოლუცია წარუდგინეს, რომელიც პარლამენტში არჩეულ ქართულ პარტიებს მოუწოდებს, რომ „სრულად განახორციელონ“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შეთავაზებული კომპრომისული დოკუმენტი.

სენატორები დეპუტატებს მოუწოდებენ, რომ „პარლამენტში საკუთარი ადგილები დაიკავონ“ და იმ გამოწვევებზე დაიწყონ მუშაობა, რომელთა წინაშეც საქართველო დგას, მათ შორის, კოვიდ-19-ის შედეგებზე, დასუსტებულ ეკონომიკასა და რთულ რეგიონულ დინამიკაზე.

რაც შეეხება 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებულ რეფორმებს, სენატორები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, რომ სისტემური რეფორმები განახორციელოს „ყველა დაინტერესებულ მხარესთან ინკლუზიური და გამჭვირვალე საკონსულტაციო პროცესის მეშვეობით“, ასევე ვენეციის კომისიისა და სხვა ექსპერტების რეკომენდაციების შესრულების გზით, რაც სასამართლო სისტემის მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს.

რეზოლუცია საქართველოს ხელისუფლებას სისტემური საარჩევნო რეფორმების განხორციელებისკენაც მოუწოდებს, მათ შორის, ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესრულების გზით, რაც პოლიტიკური კრიზისის მიზეზებს აღმოფხვრის და მისი გამეორების თავიდან აცილებას უზრუნველყოფს.

სენატის რეზოლუციის თანახმად, „საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია გაამწვავა“ მოსკოვის ძალისხმევამ, რომ „ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უკანონოდ ოკუპირებულ რეგიონებში ქაოსი დათესოს“.

რეზოლუცია შეშფოთებას გამოხატავს იმის გამო, რომ „საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების გაძლიერების წინაშე არსებული დაბრკოლებები შეანელებს მის პროგრესს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მიღწევისა და ეკონომიკის გაძლიერებისკენ და, შესაძლოა, აშშ-ის დახმარებაზე პირობითობის პრინციპის გამოყენებით დასრულდეს“.

რეზოლუცია ხაზს უსვამს, რომ აშშ მხარს უჭერს უფრო ძლიერ დემოკრატიას საქართველოში, სამართლიანი და გამჭვირვალე სახელისუფლებო ინსტიტუტებით, რომლებიც „რუსეთთან და სხვა მავნე გავლენებთან დაპირისპირებას შეძლებენ და ექნებათ უნარი, რომ ქართველი ხალხის ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს მიაღწიონ“.

სენატორების განცხადებები

„ვიცით, რომ საქართველოს პოლიტიკურ ბედს სერიოზული შედეგები აქვს დემოკრატიის მდგომარეობაზე რეგიონში და მსოფლიოს მასშტაბით“, – განაცხადა სენატორმა შაჰინმა და დასძინა, რომ „რეზოლუცია საქართველოსა და მისი ტრანს-ატლანტიკური მისწრაფებებისადმი ჩვენს ერთგულებას ასახავს“.

აღნიშნა რა რომ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა შესასრულებელი პოლიტიკური ნდობის აღსადგენად, სენატორმა რიშმა განაცხადა, რომ 19 აპრილის შეთანხმების სწრაფი განხორციელება „პოლიტიკური კრიზისის მოგვარებისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება“ და „საქართველოს ევრო-ატლანტიკურ გზაზე დააბრუნებს“.

სენატორი ჯონსონი მიესალმა შეთანხმებას, რომელიც „უზრუნველყოფს მეტ გამჭვირვალობას, ხელისუფლების დანაწილებასა და პოლიტიკურ ჩართულობას“ და აღნიშნა, რომ „უმნიშვნელოვანესია, რომ ქართველებმა ერთად იმუშაონ“ კომპრომისული დოკუმენტის სრულად განხორციელებაზე.

ასევე წაიკითხეთ:

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share