Jump to content
×
×
  • Create New...

სადაც ხანძარია, იქ მომწამლავი კვამლიცაა


Recommended Posts

  • ფორუმელი

ჩრდილოეთ კალიფორნიის სოფლის ავტომაგისტრალზე მოგზაურებს საბურავი დაეშვათ ივლისში. გზის საფარზე ლითონის დისკის ხახუნით გაჩენილმა ნაპერწკლებმა ხანძარი გააჩაღა, რომელიც ხმელ ტყეში შეიჭრა, ცეცხლის ქარიშხლად დაქროდა, ათობით ათას ჰექტარზე ბრდღვინავდა და გზად ყველაფერს ფერფლად აქცევდა. როდესაც ის მდინარე საკრამენტოსაც გასცდა და ქალაქ რედინგისკენ გასწია, კით ბაინმა თავისი ახალი აღჭურვილობა მოამზადა – ტრაილერი ორი პაწაწინა ელექტრომანქანით, აუარებელი მილითა  თუ ხელსაწყოთი და მინიატურული შუქურის მსგავსი თეთრი მოწყობილობით დატვირთა.

ბაინი ატმოსფეროს მკვლევრად მუშაობს კალიფორნიის უნივერსიტეტში, რედინგიდან დაახლოებით 240 კილომეტრით სამხრეთით. იმ დროისთვის, როდესაც მან შტატის ჩრდილოეთისკენ გასწია, 2018 წლის ხანძარი „კარი“ უკვე კალიფორნიის ისტორიაში ერთ-ერთ უმძლავრეს ხანძრად იყო ქცეული და ექვსი ადამიანი ჰყავდა შეწირული, მათ შორის, ორი მეხანძრე. ის წვავდა ხეებს, საძოვრებს, მთის ქოხებს, საფეხმავლო ხიდებს, ფარნის ბოძებს, ღობეებსა თუ დაყენებულ ავტომანქანებს. რედინგის გარეუბანში ამ ხანძარმა იმხანად Lake Keswick Estates-ად წოდებული უბანი სრულიად გადაბუგა.

ხანძარ „კარის“ მთელი უზარმაზარი ტრაექტორია კი თავად ალისგან ათასობით კილომეტრზე გაწვდენილ კვამლს დაეფარა. ჩვენი სასუნთქი ჰაერის დამაბინძურებლებს შორის ბაინს ყველაზე მეტად სწორედ კვამლი აინტერესებს.

მას სურს გაიგოს, ზუსტად რა შედის კვამლში, რით განსხვავდება ერთი ხანძრის ქიმიური შემადგენლობა მეორისგან და რას უშვრება ამ საუკუნის უპრეცედენტო მეგახანძრები გლობალურ ჰაერის დაბინძურებასა და ადამიანთა ჯანმრთელობას. ჩრდილოეთ ამერიკის დასავლეთ ნაწილსა და ავსტრალიაში ტყის ხანძრების მასშტაბისა და რაოდენობის აღრიცხვის საფუძველზე აღნუსხულ ისტორიაში 2018 ითვლებოდა ყველაზე ცუდ წლად, სანამ მას 2020 წელი დაჩრდილავდა. 

MM9468_200905_11366.jpgშარშან სექტემბერში კალიფორნიის ნაპასა და სონომას ოლქებში ხანძარ „გლასის“ აფეთქების კვალდაკვალ მეხანძრეები მის გავრცელებას ტყის ხანძრისთვის საწვავის წასართმევად შემოზღუდული ალის გაჩაღებით ებრძოდნენ. ეს სტრატეგია საკუთარ კვამლს წარმოქმნის – მეხანძრეები კი გამფილტრავ რესპირატორებს არ მოიხმარენ. ეფექტური და მსუბუქი რესპირატორები იმ ადამიანებისთვის, რომელთა სამუშაომ შეიძლება მრავალ საათს გასტანოს, ჯერ არც შექმნილა. მეხანძრეები კარგ ფიზიკურ ფორმაში არიან, თუმცა მკვლევრები მათ ჯანმრთელობაზე მაინც წუხან, რადგან ტყის ხანძრების მასშტაბი და ხანგრძლივობა იზრდება. კვამლის უარყოფითი ზეგავლენის შესაფასებლად ბოლოდროინდელ კვლევებში მეხანძრეთა სისხლის ნიმუშებს აკვირდებიან, მეხანძრეებს კი ჯიბეში დაბინძურების საზომები უდევთ.

„მსგავსი მოვლენა ადამიანის ცხოვრებაში ერთხელ ხდებოდა, – ამბობს ბაინი, – დღეს ეს ყოველ ზაფხულს ხდება; ეს კი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთი უმთავრესი საფიქრალია“. 

მაშ ასე, ბაინი Lake Keswick Estates-ში ჩავიდა, სადაც მიწა დანახშირებულიყო, მცხოვრებთ იქაურობა დაეტოვებინათ, ხოლო მთლიანი საცხოვრებელი კვარტლები საძირკვლებამდე მოსწორებულიყო. ბაინმა თავისი მოწყობილობა – დახვეწილი ჰაერის ტუმბო და სენსორი ჩართო. შემდეგ, მთელი ამ მოწყობილობისთვის მოძრავი დატენვადი ენერგიის წყარო, მილები და მონიტორები ამოიღო ელექტრომანქანებიდან. ამასობაში, თვალები და ცხვირი ასტკივდა, ბაინის თქმით – „სრულიად აუტანლად“.

მიუხედავად იმისა, რომ ალმა გადაიარა, ბაინმა და სხვა მკვლევრებმა იციან, რომ უალოდ წვა ძალზე ძლიერ მომწამლავ კვამლს წარმოქმნის. ისიც იციან, რომ სატყეო ზონებში და მათ გასწვრივ ამდენი მშენებლობა ისეთ დასახლებებს ქმნის, რომლებიც დაუცველია, იმის გამო, რომ კლიმატის დათბობა ტყეებს ახმობს და აბედად აქცევს. ისინი ასეთ ადგილებს „ველური გარემოსა და საქალაქო დასახლების გარდამავალ ზონებს“ (ინგ.: Wildland-urban interface, WUI) უწოდებენ. მათ იციან, რომ ვეებერთელა WUI-ები ვეებერთელა WUI-ს კვამლსაც წარმოქმნის: ლანდშაფტისა და შენობების წვით წარმოქმნილ დაბინძურებას, რომლებიც ერთმანეთს შხამიან ნარევად ერწყმის.   

სინამდვილეში, რა შედის ამ ნარევში? და ამგვარი არაბუნებრივად დიდი ხანძრების გამონაბოლქვის შესუნთქვისგან რა მოსდით ადამიანებსა და სხვა ცოცხალ არსებებს? ეს შეკითხვები ჰაერის დაბინძურების კვლევისა და შემცირების ძალისხმევის სულ უფრო უკიდურესად აუცილებელი ნაწილია, ხოლო მათზე პასუხები იმაზე ბუნდოვანია, ვიდრე გგონიათ. წარმოიდგინეთ, რამდენი რამეა საჭირო, რომ ნამდვილი ტყის ხანძრის კვამლი კვლევით ლაბორატორიამდე მივიტანოთ. ტორნადოს მადევარივით უნდა იცხოვროთ და როდესაც საქმე მოითხოვს, მზად უნდა გქონდეთ პოლიციისთვის ახსნა-განმარტება, რომ ბარიკადებს მიღმა გაგიშვან – ბაინივით, ან სატვირთო თვითმფრინავი C-130 კვამლის შემწოვი ფიუზელაჟის მილებით უნდა აღჭურვოთ და პირდაპირ ტყის ხანძრის ორომტრიალისკენ გასწიოთ იმ მკვლევართა გუნდივით, 2018 წლის მთელი ზაფხული კოლორადოსა და აიდაჰოს ხანძრებთან გადაფრენებში რომ გაატარა. 

MM9468_200905_006515.jpgხანძარ Bobcat-ის კვამლის ღრუბლები მოჰავეს უდაბნოს ელექტროგადამცემი ხაზების თავზე მიცურავს. ეს მეგახანძრები, რომლებიც, სულ მცირე, 40 000 ჰექტარს ბუგავს, იმდენად ძლიერია, რომ საკუთარი ქარის წარმოქმნაც კი შეუძლია,რითაც დაბინძურებულ ჰაერს ხანძრებიდან საკმაოდ შორს უშვებს.

„თვითმფრინავს ქიმიის მფრინავ ლაბორატორიად გარდავქმნით“, – ამბობს კოლორადოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ატმოსფეროს მკვლევარი ემილი ფიშერი, რომელიც კვამლის შემადგენლობის მკვლევრებს ხელმძღვანელობს. შემადგენლები კი ნახშირორჟანგს, წყალბადის ციანიდს და ასზე მეტ სხვა აირს მოიცავს, ასევე იმ სახიფათო მყარ ნაწილაკებს (PM2.5), რომლებსაც ბეთ გარდინერი თავის სტატიაში აღწერს (იხ. გვერდი 38). მყისიერ ჯანმრთელობის საფრთხეზე არავინ დავობს: მიუხედავად იმისა, კვამლი WUI-ს წარმოშობისაა, თუ „ბუნებრივი“, ტყის ხანძრები აბინძურებს, ხოლო მათი კვამლის სულ რამდენიმედღიანმა ზემოქმედებამ ასთმიანი ან სხვა გართულების მქონე ადამიანების სასაწრაფო ჰოსპიტალიზაცია შეიძლება გახადოს აუცილებელი.  

მართალია, მეცნიერთა თქმით, მტკიცებულება „არასაბოლოოა“, მაგრამ ასევე შესაძლებელია, რომ ტყის ხანძართა კვამლის სუნთქვა ისეთ უჯრედულ ცვლილებებს იწვევდეს, რომლებიც, სავარაუდოდ, მოგვიანებით ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს წარმოქმნის: გულის უკმარისობას, ფილტვების დაავადებას, ინსულტს. კითხვები ალცჰაიმერის დაავადებასთან დაკავშირებითაც გაჩნდა. მარტოოდენ იმის დადგენაც, თუ რომელია საუკეთესო გზა ამ კავშირების გამოსაკვლევად, მკვლევართათვის განსაკუთრებულ გამოწვევას წარმოადგენს. „ყოველი წვის ქიმიამ ჯანმრთელობაზე შესაძლოა სხვადასხვა ზეგავლენა იქონიოს, – აცხადებს კალიფორნიის პრიმატთა კვლევის ეროვნული ცენტრის იმუნოლოგი ლიზა მილერი, – ამაში გარკვევა კარგა ხანს მოითხოვს“.

პრიმატთა ცენტრში 4000-მდე მაიმუნი ბინადრობს, აქედან ბევრი – ღია სივრცეში და მილერს სწორედ ამ შტატის ავბედითმა 2008 წლის ტყის ხანძრებმა გაუჩინა აზრი, დაეწყო იმ ახალშობილი მაკაკების ჯგუფის მრავალწლიანი შესწავლა, რომლებიც ცხოვრების პირველ კვირებს ტყის ხანძრების კვამლის სუნთქვაში ატარებდნენ. მილერის გუნდი და ცენტრის ვეტერინარები ჩვილობისას დაზარალებულ ჯგუფს დღემდე ყურადღებით აკვირდებიან. ახლა ისინი 12 წლისანი არიან (რაც ადამიანის საშუალოდ 30 წელს შეესაბამება) და ჯანმრთელობის იმდენად სერიოზული პრობლემები არ აღენიშნებათ, მკურნალობის საფუძვლად რომ იქცეს, თუმცა, როდესაც ლაბორატორიაში მათ სისხლის ნიმუშებს ინფექციის ზემოქმედების ქვეშ აქცევენ, იმუნური რეაქცია ჩვეულებრივზე ზანტია. ამასთან, 2009, უფრო სუფთაჰაერიან წელს დაბადებულ მაკაკების ნაშიერებთან შედარებით, ცხოვრების პირველ კვირებში მძიმე კვამლის მსუნთქავ მაიმუნებს უფრო მცირე ფილტვები და სასუნთქი გზები აქვთ, რომლებიც დაზიანებულს ჰგავს. ადამიანთათვის შესაბამისობა კი საგანგაშოა. მილერის თქმით, „როგორც წესი, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებისა თუ ფიბროზის დიაგნოზს არავინ დაგისვამთ, სანამ თითქმის 60 წელს არ მიაღწევთ. ამგვარად, ვფიქრობთ, რომ რასაც ახლა ვაკვირდებით, ეს შესაძლოა ფილტვის ქრონიკული დაავადების ადრეულ ეტაპებს წარმოადგენდეს“.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მსოფლიოს ჰაერის დამაბინძურებელი აგენტების უმეტესობა კვლავაც სხვა წყაროებიდან მოდის: გამონაბოლქვის მილებიდან, ტექნიკური ღუმლებიდან, სამრეწველო საწარმოებიდან, მცენარეული საფარის მოსაშორებელი სასოფლო-სამეურნეო წვიდან, დახურულ სივრცეში სამზარეულოს ცეცხლიდან. მაგრამ ტყის ხანძრები იმდენად სწრაფად ვრცელდება და იზრდება, რომ მათთვის ახალი ლექსიკონიც კი დამკვიდრდა. „მეგახანძარს“ ჯერ ფორმალური განსაზღვრება არ აქვს, თუმცა მას ზოგადად, სულ მცირე, 40 000 ჰექტარი მიწის ზედაპირის წვის მნიშვნელობით იყენებენ. კიდევ უფრო დიდი ხანძრებისთვის სახელებს, ალბათ, გასული ზაფხულის სათაურებშიც იხილავდით: „გიგახანძარი“. 

STOCK_MM9396_GettyImages-1271607016_TEMPისე შორს გაჩენილმა ხანძრებმა, როგორც ორეგონში, სექტემბრის ერთ დილას სან-ფრანცისკოს ცა დისტოპიური ფილმის გადასაღებ მოედანს დაამსგავსა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ჰაერის დაზოგვის დღის“ განგაში გამოაცხადა, რაც ჰაერის იმდენად სახიფათო ხარისხს ნიშნავს, რომ განსაკუთრებული ზომების მიღებაა საჭირო. ტყის ხანძრების გამო 2020 წელს მათ მიერ მსგავსი განგაშის გამოცხადებამ წინა რეკორდულ მაჩვენებელს ორზე მეტად გადააჭარბა. გაბრიელ ლური, SAN FRANCISCO CHRONICLE, GETTY IMAGES-ის გზით

რაღა თქმა უნდა, მეგახანძრები ჩვენ მიერ სასუნთქ ჰაერზე გაცილებით მეტს ანადგურებს და მათ ჩასაქრობად შეთავაზებული ვარიანტები ხშირად შემაშფოთებელი, ძვირი და პარადოქსულია. მაგალითად, შემაშფოთებელთა შორისაა: გლობალური დათბობის შეჩერება, რომელიც ტყის მასივებს ახურებს, მცენარეულ საფარს აშრობს, ხეებს ღუპავს და უჩვეულო ამინდს იწვევს, როგორიც, მაგალითად, 2020 წელს 14 000 მეხის დაცემა იყო, რამაც 4000 კვადრატულ კილომეტრზე მეტ ფართობზე კალიფორნიის „აგვისტოს კომპლექსური გიგახანძარი“ გააჩაღა. „ჩვენ ისეთ ტერმინებს ვიყენებთ, როგორიცაა „მეგა“ და „გიგა“, მაგრამ, სინამდვილეში, ეს მხოლოდ დასაწყისია. თუ კლიმატის ცვლილებას არაფერს მოვუხერხებთ, მაშინ ჯერაც არაფერი გვინახავს“, – ამბობს ტასმანიის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგი ფეი ჯონსონი, ტყის ხანძრების კვამლის მსოფლიოს ერთ-ერთი მოწინავე მკვლევარი.

ძვირია: ტყის მასივების მკვეთრად „შეთხელება“ – მკვდარი ხეებისა და სხვა გამომშრალი ნარჩენების გაზიდვა, რომლებიც ჩვენ მიერ ამდენი წლის განმავლობაში ხანძრების რეფლექსურად ჩაქრობის გამო დაგროვდა. ეს უზარმაზარი თავსატეხია და მისთვის საჭირო მანქანა-დანადგარები და შრომა აუარებელი ფული ეღირება.  

პარადოქსთა შორის კი არის: ცეცხლის გამოყენება. უფრო მეტიც, მცირე ტყის ხანძრებისთვის წვის საშუალების მიცემა, როდესაც ისინი საცხოვრებლებს საფრთხეს არ უქმნის; ეს ბუნების გზაა ნარჩენებისგან წმენდისა და ახალი ხეების ზრდის წახალისებისთვის. მკვიდრი ხალხი შემოსაზღვრულ ხანძრებს მიწის მართვის საშუალებად განიხილავს და მეგახანძართან საბრძოლველი თითქმის ყველა წინადადება წინასწარ გაწერილი ხანძრების თხოვნას შეიცავს – რაც ქარისა და ახლომახლო მცხოვრებლებზე ზეგავლენის გათვალისწინებით დაგეგმვას გულისხმობს. კვამლს ეს, შედარებით მცირე ხანძრებიც წარმოქმნის, მაგრამ არა იმდენსო – ამბობს კალიფორნიის უნივერსიტეტის (მერსედი) ჰაერის ხარისხის მკვლევარი დონალდ შვაიცერი: „სრული უკვამლობის არჩევანი მართლა არ არსებობს“. კალიფორნიის უნივერსიტეტის დეივისის ლაბორატორიაში ბაინმა გვითხრა, რომ გასული წლის დასაწყისში პანდემიის გამო თითქმის ყველაფერი დაიხურა, თუმცა ნიმუშების ასაღები ტერიტორია უნივერსიტეტის შენობის სახურავზე მაინც მოაწყვეს. ჰაერის ტუმბოზე ფილტრების შესაგროვებლად და ჩასანაცვლებლად ასპირანტი ზემოთ ძვრებოდა ხოლმე და ზამთრისთვის, როდესაც 2020 წლის ისტორიული ხანძრები, როგორც იქნა, ჩაცხრა, ბაინს მეცნიერული დანიშნულების, მტკიცებულებებით გაჯერებული, საფილტრი ქაღალდის 70-მდე ფირფიტის ნაკრები ჰქონდა, რომელთაგან თითოეული გაცვილულ ქაღალდში იყო გახვეული კარგად შესანახად: „ამ ნიმუშებზე უკვე უამრავი მოთხოვნა შემომივიდა“, – ამბობს ბაინი. ჯერჯერობით ის მათ საყინულეში, – 80°C-ზე ინახავს.

ჩვენი ჟურნალის მუდმივი ავტორი სინთია გორნი კალიფორნიაში ცხოვრობს და სახლის ჰაერის გამწმენდი ახლახან შეიძინა. სტიუარტ პალეი პროფესიონალი ტყის მეხანძრეა და კალიფორნიის ასზე მეტი ხანძარი აღუბეჭდავს. 

The post სადაც ხანძარია, იქ მომწამლავი კვამლიცაა appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   56 all people including: 0 წევრი, 2 ანონიმური, 54 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(15)
    • Googlebot(2)
    • YandexBot(2)