Jump to content
×
×
  • Create New...

ფლორიდული პუმა ბრუნდება


Recommended Posts

  • ფორუმელი

“მობრძანდით პუმების მიწაზე”, –

მეუბნება ბრაიან კელი ჩვენი შეხვედრისას ფლორიდის ერთ დატვირთულ გზაჯვარედინზე.

შემდეგ ეს პუმების შემსწავლელი ბიოლოგი მიმითითებს აღმოსავლეთით გაშენებულ საცხოვრებელ კომპლექსზე და ამატებს, რომ იქიდან სულ რაღაც ნახევარ კილომეტრში ფოტოხაფანგმა პუმა დააფიქსირა, ხოლო ერთმა სხვა ინდივიდმა უსაფრთხოდ გადაჭრა ეს 6-ზოლიანი გზატკეცილიც, რომელიც ახლა ჩვენ გვერდით გადის.

აქვე ცხოვრობს კიდევ ერთი პუმა, 8 წლის მდედრი, მინიჭებული სახელით FP224, რომელსაც ორჯერ დაეჯახა ავტომობილი და ორივე ჯერზე ფეხი მოიტეხა, თუმცა ვეტერინარებმა ორჯერვე უმკურნალეს და კვლავ ბუნებაში დააბრუნეს. მის კვალზე გასასვლელად ტყის ერთ ზოლს მივუყვებით, სადაც მას ამ ბოლო ხანებში დაუდია ბინა და, სულ მცირე, სამი ბოკვერიც გაუჩენია. ახლა წვიმების სეზონია; ამ პერიოდში პუმის ნაკვალევი ადვილად გადაირეცხება ხოლმე, მაგრამ ჩვენ გაგვიმართლა.

„აი, სად არის“, – ამბობს კელი და მოზრდილი თათის ანაბეჭდებზე მიანიშნებს, რომელიც ქვიშის ზედაპირზეა დარჩენილი. ჩვენც კვალს ვიღებთ და ამ ნაფეხურებს მივყვებით აწოწილი ფიჭვებისა და პალმა საბალის კორომში. გზად ვამოწმებთ კელის დამონტაჟებულ ფოტოხაფანგს და ვხედავთ, რომ ორი დღის წინ FP224-ს აქ საღამოს 9 საათისთვის გაუვლია.

პუმის ნაკვალევის ხილვა ამაღელვებელია – ეს გვახსენებს, რომ ფლორიდაში ჯერ კიდევ შემორჩენილია ველური ბუნება თავისი დიდი კატებით, რომელთაგან ზოგი იმდენად მოქნილია, რომ მზარდი გარეუბნების პირას შეუმჩნევლად ცხოვრობს.

MM9279_CWard2019-12381.jpgმამრი პუმა წყლის არხზე ხტება ფლორიდის პუმის ეროვნულ თავშესაფარში. ამ კატისებრის პოპულაცია მხოლოდ 200-მდე ინდივიდს ითვლის; მათ ჰაბიტატს ავიწროებს და საფრთხეს უქმნის მზარდი სუბურბანიზაცია.

ფლორიდელთა უმეტესობა, ალბათ, თვალსაც ვერასოდეს მოჰკრავს ამ მტაცებელს, არადა, ზრდასრული პუმები 30-დან 75 კგ-მდე (სქესის მიხედვით) იწონიან და 10 მეტრამდეც კი შეუძლიათ გადახტომა. მაგრამ პუმა, რომელსაც ჩეროკი ინდიელები „ტყის მბრძანებლად“ მოიხსენიებენ, დამოკიდებულია მილიონობით ჰექტარზე გადაჭიმულ ჭაობებზე, ტყეებსა და ველებზე, რომელთა დიდი ნაწილი სულ უფრო მეტად ვიწროვდება ფლორიდის აქტიური განაშენიანების შედეგად.

ფლორიდული პუმა – კლასიფიცირებული, როგორც მთის ლომის, პუმის, ქვესახეობა – ერთ დროს გვხვდებოდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აშშ-ის უმეტეს ტერიტორიაზე, მაგრამ ამ ცხოველზე ინტენსიურად ნადირობდნენ და 1970-იანი წლებისთვის ისინი მხოლოდ ფლორიდაში შემორჩნენ; მათი რიცხვი 30 ინდივიდამდე შემცირდა, რამაც თავის მხრივ ძლიერ გაზარდა ინბრიდინგის (ახლონათესაური შეჯვარება) თანმდევი რისკები – გაუჩინარების უკიდურეს ზღვარზე იდგნენ, – ამბობს კელი.

თუმცა, იმ ძველ დროში მეცნიერებმა დასახეს პუმების გადარჩენის უპრეცედენტო გეგმა: 1990-იან წლებში მათ დაიქირავეს მთის ლომის კვალის აღებით სახელგანთქმული როი მაკბრაიდი, რომელსაც 8 მდედრი პუმა უნდა დაეჭირა ტეხასში და შემდეგ სამხრეთ ფლორიდაში გაეშვა. მათგან 5 ინდივიდი მართლაც შეუწყვილდა ფლორიდულ პუმებს, რითაც გაიზარდა ამ უკანასკნელის გენეტიკური მრავალფეროვნება და, შედეგად, გაიზარდა აღნიშნული ქვესახეობის კლების ტენდენციაც.

MM9279_CTF033-04547.jpgმდედრი პუმა და სამი ბოკვერი სწავლობს კორკსკრიუს ჭაობის ნაკრძალს, რომელსაც სამი მხრიდან უტევს სუბურბანიზაცია. ამ ფოტოხაფანგების გამოსახულებათა მოხელთებას წლები დასჭირდა, რადგან ეს კატისებრი იშვიათი ცხოველია, გადაადგილებისას არაპროგნოზირებადი – და სწორი განათების დაჭერაც რთულია. პრობლემად შეიძლება იქცეს ფლორიდის ამინდიც: ერთი კამერა ქარიშხალმა გაიტაცა.

ფლორიდული პუმის პოპულაცია თანდათანობით გაიზარდა და დღეს უკვე 200-მდე ინდივიდს ითვლის. „ეს გახლავთ ერთ-ერთი გამორჩეული საკონსერვაციო წარმატების ამბავი აშშ-ის მთელ ისტორიაში“, – ამბობს კონსერვაციონისტი და ფოტოგრაფი კარლტონ უორდი, უმცროსი.

მაგრამ ფლორიდული პუმის მომავალს მაინც თავს დასტრიალებს არაერთი „შავი ღრუბელი“. პირველ რიგში, აღსანიშნავია სასიკვდილო ავტოსაგზაო შემთხვევები და თავად პუმის პოპულაციის შიგნით გამოვლენილი ტერიტორიული „ომები“. ყოველწლიურად 25-მდე ინდივიდი იღუპება ავტომობილის დაჯახებით – გამოძახილი იმ რეალობისა, თუ რამდენად დიდ საფრთხეს ქმნის განაშენიანება და გზების მშენებლობა.

ამას ემატება ისიც, რომ უცნობი მიზეზით ათეულზე მეტ ინდივიდში გამოვლინდა დამაუძლურებელი ნევროლოგიური დაავადება, რაც ასე აშფოთებს კონსერვაციონისტებს.

თუმცა, ამავდროულად, გვესმის კარგი ამბავიც: პუმები კვლავ უბრუნდებიან ზოგიერთ ძველ ჰაბიტატს. 2016 წელს მეცნიერებმა ერთი მდედრი შენიშნეს მდინარე კალუსაჰაჩის ჩრდილოეთით – 1973 წლის შემდეგ პირველად.

„ეს იყო საკვანძო მომენტი“, – ამბობს ბიოლოგი ჯენიფერ კორნი. მამრებისგან განსხვავებით, მდედრი პუმები შორ მანძილზე არ ტოვებენ თავიანთ მშობლიურ არეალს, რაც ამ სახეობის ფართოდ გავრცელების მთავარი შემზღუდველი ფაქტორია.

MM9279_CWard2018-07649.jpgუაიტ-ოუკის საკონსერვაციო ცენტრში მოჰყავთ სედატიური საშუალებით გაბრუებული ორი ბოკვერი, რომელთა დედას (FP224) ავტომობილი დაეჯახა და ფეხი მოატეხა. შემდეგ მას უმკურნალეს და მთელი ოჯახი ბუნებაში დააბრუნეს, თუმცა მათი გაშვებიდან მცირე ხანში ეს ბოკვერები ავტომობილმა იმსხვერპლა.

კელის შეფასებით, მდინარე კალუსაჰაჩის ჩრდილოეთით უკვე ცხოვრობს 20-მდე პუმა და ამ ჯგუფში ერთი-ორი მდედრიც გვხვდება.

პუმების გრძელვადიანი კეთილდღეობისთვის აუცილებელია, რომ ისინი ჩრდილოეთის მიმართულებითაც გაიშალონ, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხერხდება, თუ ფლორიდაში ხელუხლებლად შენარჩუნდება ველურ ცხოველთა სამიგრაციო დერეფანი – სახელმწიფო და კერძო მიწების მოზაიკური ლანდშაფტი, ამბობს უორდი. ამის მისაღწევად კი საჭიროა მეტი საკონსერვაციო დაფინანსება, რომ მიწის მფლობელებმა არ დაუშვან თავიანთ საკუთრებაში არსებულ ღია სივრცეებში საცხოვრებელი კომპლექსების აშენება, ავტოსადგომების მოწყობა თუ გზების გაყვანა.

ფლორიდაში პუმების უმეტესობა სახელმწიფო მიწებზე ცხოვრობს, როგორებიცაა: ბიგ-საიპრესის ეროვნული ნაკრძალი, ფლორიდული პუმის ეროვნული თავშესაფარი, ფაკაჰაჩი-სტრენდის ნაკრძალის საშტატო პარკი და პიკაიუნ-სტრენდის საშტატო ტყე, რაც ჯამში 3680 კვ. კილომეტრს შეადგენს.

მაგრამ სამხრეთ ფლორიდის ეს და კიდევ სხვა ახლომდებარე დაცული ზონები ვერ დაიტევს ამ ტერიტორიული ცხოველის არსებულზე უფრო საგრძნობლად დიდ პოპულაციას, ამბობს ბიოლოგი დეივ ონორატო. პუმის თითოეულ ინდივიდს შეიძლება სჭირდებოდეს 500 კვ. კილომეტრამდე ტერიტორია, რომ თავისუფლად გადაადგილდეს და ინადიროს, ამბობს იგი. ამავე დროს, ბიგ-საიპრესში შემცირდა თეთრკუდა ირმის პოპულაცია, რომელიც პუმის რაციონის ერთ-ერთი მთავარი წყაროა. ეს, ნაწილობრივ, განპირობებულია ინვაზიური ბირმული პითონით, რომელიც თავს ესხმის ირემსა თუ პუმის სხვა მსხვერპლს.

MM9279_CTF038_07172-1.jpgფლორიდაში, მდინარე კალუსაჰაჩის ჩრდილოეთ მხარეს, გაიყვანეს მაგისტრალის ქვეშ გასასვლელი გზა, რათა პუმებმა უსაფრთხოდ გადაჭრან ტრასები. მათ სჭირდებათ ამგვარი გასაძრომები სამხრეთში მდებარე დაცული ტერიტორიებიდან ჩრდილოეთის ახალ მიწებზე დაუზიანებლად გადასასვლელად. პუმების სიმშვიდის უზრუნველსაყოფად ეს ფოტო ინფრაწითელი შუქის გამოყენებითაა გადაღებული.

ხოლო თუ პუმები მდინარე კალუსაჰაჩის ჩრდილოეთ ნაპირებზე შეიჭრებიან, ისინი შეეჩეხებიან ფართო რანჩოებისა და ფერმებით გაჯერებულ ლანდშაფტს. ამ ზონებს უამრავი გზა ჭრის და რეგიონი „დაწინწკლულია“ პატარ-პატარა, ხშირ შემთხვევაში, მზარდი დასახლებებით. სამხრეთ-ცენტრალურ ფლორიდაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო სწორად მართული ფერმაა 4200 ჰექტარზე გადაჭიმული ბაკ-აილენდის რანჩო, რომელსაც ფლორიდელი ჯინ ლოლისი უძღვება.

სხვა არაერთი რანჩოს მსგავსად, ბაკ-აილენდიც კრიტიკულად მნიშვნელოვან ჰაბიტატს უქმნის ველურ ცხოველებს, მათ შორის, პუმას.

თუ ზოგადად ვილაპარაკებთ, რანჩეროსა და პუმას საერთო მტერი ემუქრება: განაშენიანება. ლოლისის თქმით, დეველოპერებმა უკვე ყველა რანჩოს მფლობელს შესთავაზეს მათ მიწებზე საცხოვრებელი კომპლექსების აშენება.

ზოგი დადებითად აფასებს აღნიშნულ მიწებზე პუმების არსებობას, რადგან ეს ხელს უშლის გარკვეული ზონების სუბურბანიზაციას.

მაგრამ არაერთი რანჩერო, განსაკუთრებით სამხრეთში, სადაც პუმის უფრო დიდი პოპულაციაა, შეშფოთებას გამოთქვამს, ამბობს სემინოლი მენახირე ალექს ჯონსი.

აღნიშნულ რეგიონში პუმები, შიგადაშიგ, თავს ესხმიან ხბოებს. ერთ-ერთ რანჩოზე ჩატარებული კვლევის თანახმად, პუმები 1%-ზე ნაკლებ ხბოს ხოცავენ, თუმცა, სხვა კვლევის ანგარიშით, ამ მტაცებელს მიეწერება, დაახლოებით, 5%-იანი სიკვდილიანობა.

პუმებს ზოგჯერ შეცდომითაც ადანაშაულებენ და რეალური თავდამსხმელები კოიოტები, ფლორიდული ბარიბალები (შავი დათვი) თუ კაკაჩები არიან ხოლმე, ამბობს ბიგ-საიპრესის ეროვნულ ნაკრძალში მომუშავე ბიოლოგი დებორა ჯენსენი.

ხბოების დახოცვით კი შესაძლოა ფერმერები აღშფოთდნენ და შურისძიებამდეც მივიდეს საქმე, ამბობს ალექს ჯონსი. ვითარებას კიდევ უფრო ძაბავს ფედერალური პროგრამა, რომელიც ამ დანაკარგებით მიღებული ზარალის კომპენსირებაზე მუშაობს, თუმცა, ჯონსის თქმით, საჭირო დოკუმენტების შევსება ჩახლართული პროცესია, ჭიანურდება და, თუ რამე არაზუსტადაა მითითებული, ხშირად, საერთოდაც არაფერს ანაზღაურებენ.

MM9279_CWard2017-40884-1024x576.jpg
MM9279_CTF036-27027-1024x576.jpg

(მარცხნივ) ორან ლოლისი და სხვა კოვბოები საქონელს ერეკებიან ბაკ-აილენდის რანჩოში. ამგვარ ფერმებს ფლორიდის სახმელეთო მასის 1/6-მდე უჭირავს, თუმცა მათ განაშენიანება ავიწროებს. პუმებისა და ველურ ცხოველთა სამიგრაციო დერეფნის არსებობა მსგავსი სასოფლო მიწების შენარჩუნებაზეა დამოკიდებული. (მარჯვნივ) კორკსკრიუს ჭაობის ნაკრძალში პუმა მავთულის ღობეში ძვრება. ეს ნაკრძალი ძალიან პატარა ზომისაა იმისთვის, რომ თუნდაც მხოლოდ ერთი მამრი პუმა დაიტიოს – ერთ ინდივიდს სახეტიალოდ და სანადიროდ 500 კვ. კილომეტრამდე ტერიტორია სჭირდება.

დევიდ შინდლი, პუმის საკითხების კოორდინატორი აშშ-ის თევზისა და ველურ ცხოველთა დაცვის სამსახურში, ეთანხმება გამოთქმულ აზრს, რომ ეს კომპენსაციის პროგრამა მართლაც გასამართია, ხოლო ზემოხსენებულ ორ მხარეს ის მოკავშირეებადაც კი ხედავს: „პუმების გადასარჩენად რანჩეროები უნდა ვიხსნათ“, – ამბობს შინდლი.

პუმებს ემუქრება კიდევ უფრო პირდაპირი საფრთხეც, ამბობენ კონსერვაციონისტები. დაგეგმილია ქსელური, ფასიანი ავტოსტრადის მშენებლობა, რომელიც ცნობილია როგორც – M-CORES-ი. მისი ნაწილი გადაკვეთს ორლანდოს მიმდებარე ტერიტორიიდან ნეიპლსამდე არსებულ, პუმების 225-კილომეტრიან მარშრუტს.  

ამ პროექტს მედგარი წინააღმდეგობით ხვდებიან კონსერვაციონისტები და მათ გვერდით დგას უამრავი რანჩეროც, რადგან აღნიშნული სექცია გაჭრის ველურ ცხოველთა სამიგრაციო დერეფნის არაერთ ზონასა თუ ერთ-ერთ უკანასკნელ ხელუხლებელ ტერიტორიას სამხრეთ-დასავლეთ ფლორიდაში.

ზემოჩამოთვლილ რიგ პრობლემებთან ერთად, მეცნიერებმა გამოავლინეს ნევროლოგიური დაავადება, სახელწოდებით `კატისებრთა ლეიკომიელოპათია”, რომელიც ვლინდება ფლორიდულ პუმებსა და წითურ ფოცხვერებში. დაავადებული ცხოველები კარგავენ წონასწორობას, უჭირთ სიარული, ხოლო მწვავე შემთხვევებმა შეიძლება გამოიწვიოს პარალიზი, შიმშილობა და – სიკვდილი.

2020 წლის დეკემბრისთვის დაავადებულია 26 ფოცხვერი და 18 პუმა, აცხადებდნენ ფლორიდელი ბიოლოგები. დიდი ალბათობით, ბიგ-საიპრესის სამი პუმაც იმავე დაავადებამ იმსხვერპლა, ამბობს ჯენსენი. ამ სინდრომის ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა თეორიულ დონეზე დასახელებულ ვერსიებში ფიგურირებს ტოქსიკური ქიმიკატების ზემოქმედება და ვირუსის მსგავსი პათოგენის გავრცელებაც.

ამ დაავადების მქონე ცხოველთა უმრავლესობას მიაკვლიეს განაშენიანებული მიწების მოსაზღვრე არეალებში, თუმცა შემთხვევები დაფიქსირდა, ასევე, ბიგ-საიპრესის მსგავს ხელუხლებელ ზონებში და ეს მართლაც შემაშფოთებელია, აცხადებს ჯენსენი.

ასეთი ტიპის საფრთხის ფონზე „ფლორიდული პუმის მომავალი უკიდურესად ბუნდოვანია“, ფიქრობს იგი და სწორედ ამიტომ არის პუმის ჰაბიტატის გაფართოება საკვანძო საკითხი.

MM9279_CWard2018-34443.jpgველურ ცხოველთა ვეტერინარ ლარა კიუზაკს ხელში უჭირავს პუმის (FP224) ბოკვერები. ამ პატარა კატისებრებს იმუნიტეტის გამაძლიერებლებს აძლევდნენ, როდესაც დედა ბუნაგიდან შორს ნადირობდა. ფლორიდული პუმის სამი ბოკვრიდან, საშუალოდ, მხოლოდ ერთი აღწევს ზრდასრულ ასაკს.

კელის ხედვა შედარებით უფრო ოპტიმისტურია. თუ შევძლებთ და შევინარჩუნებთ საკმარის მწვანე სივრცესა და ბუნებრივ დერეფნებს, აცხადებს იგი, პუმები ერთ-ორ ათწლეულში ჩრდილოეთ ფლორიდაში გადასვლას მოახერხებენ; პოტენციურად, მათ იმ სხვა შტატებშიც შეუძლიათ გავრცელება, რომლებშიც ფართოდ გვხვდება პუმებისთვის ხელსაყრელი ჰაბიტატი. ასეთი შემთხვევაა ევერგლეიდსთან დაბადებული მამრი პუმა, რომელმაც 2008 წელს დასავლეთ ჯორჯიას მიაღწია. ეს ინდივიდი 160 კილომეტრით დაშორდა ფლორიდის საზღვრებს, სანამ ირმებზე მონადირე ტყვიას ესროდა.

კელიმ კოლეგებთან ერთად 100-მდე ფოტოხაფანგი მოაწყო მდინარე კალუსაჰაჩის ჩრდილოეთ ნაპირებზე – ცდილობდნენ, მეტი შეეტყოთ, თუ როგორ და სად გადაადგილდებიან პუმები. უკანასკნელ ხანებში იქ ორი მდედრი გამოჩნდა, თანაც, ორივე მამრების გვერდით შეუნიშნავთ. ეს მართლაც აღსანიშნავი მიზეზია, ამბობს კელი, რადგან დაწყვილებული პუმები ხშირად აჩენენ ბოკვრებს.

შემოდგომის ერთ შუადღეს კელი და მე არხის კიდეზე მივუყვებით ტალახიან ბუჩქნარს, რომელიც ბაბკოკის რანჩოს ნაკრძალშია. გზად კელი მიმანიშნებს ერთმანეთში გადახლართულ პალმა საბალებზე და იხსენებს, რომ ერთი თვის წინ იქ პუმა დაუნახავს. ეს იყო ეპოქალური, 1973 წლის შემდეგ პირველი დადასტურებული შემთხვევა, როდესაც პუმა საკუთარი თვალით ვიხილეთ სწორედ მდინარე კალუსაჰაჩის ჩრდილოეთ მხარეს.

მოგვიანებით ჭაობმავალში ვსხდებით, რომ დატბორილი ველები გადავჭრათ. აქ უამრავ ცხოველს შეხვდებით – დათვებს, წავებსა თუ ალიგატორებს – და თითოეული მათგანის სიცოცხლე ზუსტად ისევეა დამოკიდებული ველურ ბუნებაზე, როგორც პუმისა.

კელი მუხის ხეზე დამონტაჟებული კამერის შესამოწმებლად ჩერდება. ფოტოებს ათვალიერებს, ჩვეულ სტუმრებს შორის – კოიოტები, ტახები, ენოტები თუ ირმები – უცებ პუმის გამოსახულება ჩნდება, რომელსაც ერთი-ორი კვირის წინ აქ გაუვლია. ეს გახლავთ აქამდე უხილავი ტანხმელი მდედრი, რომელიც მიაბიჯებს არხისა და მოსაზღვრე რანჩოს გამყოფი მავთულის ღობის ჩრდილოეთ მხარეს – და, იქნებ, ახალი ცხოვრების დასაწყებად მიაშურებს ჩრდილოეთისკენ.

შტატიანი ავტორი დაგლას მეინის უკანასკნელი სტატია ნახევრადხეშეშფრთიან მწერებზე 2019 წლის მარტის ნომერში გამოქვეყნდა. კარლტონ უორდს (უმცროსი) 3200 კილომეტრი აქვს გავლილი ფლორიდაში ველური ცხოველების სამიგრაციო დერეფნის გასაშუქებლად.

The post ფლორიდული პუმა ბრუნდება appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

თითო ფლორიდული პუმა ყველა ოჯახს!

მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული :bravo:

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share