Jump to content
×
×
  • Create New...

ბიძინა ჩოლოყაშვილი, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

bizina-salva-elizbari.jpg?w=311წმ. ბიძინა, წმ. შალვა, წმ. ელიზბარი

ბიძინა, შალვა, ელიზბარი (ბიძინა ჩოლოყაშვილი, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები; გ. 1661), წმ. მოწამენი (ხსენების დღე 18.09/01.10). 1660 წელს კახეთის სახალხო აჯანყების ორგანიზატორები, ქართული ეკლესიის მიერ წმინდანებად შერაცხილი გმირები.

თეიმურაზ I-ის დაუღალავმა ბრძოლამ და მისმა სწრაფვამ, ეპოვა დასაყრდენი რუსეთში, შაჰ-აბას II-ის (1642-1666) ირანში გააცოცხლა შაჰ აბას I-ის იდეა, კახეთში თურქმანთა ჩამოსახლებისა და აქ სახანოს შექმნის შესახებ.

როგორც აღნიშნავს სეფიანთა ირანის ერთ-ერთი ცნობილი ისტორიკოსი მოჰამედ თაჰერი, შაჰის გადაწყვეტილებით შიდა და გარე კახეთის მიწებზე უნდა დასახლებულიყო მომთაბარე-მეჯოგე თურქმანების 15000 ოჯახი. ისინი უნდა დამაგრებულიყვნენ ამ ნაყოფიერ მიწებზე, „შედგომოდნენ ხვნა-თესვას, შენებას და დასახლებას“.

თურქმანების ჩამოსახლების საქმე შაჰმა მიანდო ყიზილბაშ სელიმ-ხანს, რომელიც კახეთს მართავდა მას შემდეგ, რაც შაჰმა როსტომ მეფეს (1632-1658) დროებით მიერთებული (1648 წლიდან) კახეთი ჩამოართვა. სელიმ-ხანის ხელმძღვანელობით ორი წლის განმავლობაში ადარბადაგანიდან კახეთში ჩამოასახლეს თურქმანთა დიდი ურდოები. იგეგმებოდა მთელი შიდა და გარე კახეთის ბარის თურქმანი მომთაბარეებისათვის გადაცემა. სელიმ-ხანის შემდეგ კახეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარე ყარაბაღის ბეგლარბეგ მურთაზ ყული-ხანს, ხოლო დანარჩენი ნაწილი ნახჭევანის მმართველს, ალი ყული-ხან ქენგერლუს გადაეცა. სწორედ ამ მმართველთა დროს ჩასახლდა კახეთში 80000-მდე მომთაბარე ელი.

კახეთის კულტურულ მეურნეობას მომთაბარე თურქმანებისაგან გადაშენების საფრთხე დაემუქრა. მესაქონლე ელები ვენახების აჩეხასა და კახეთის მინების იალაღებად გადაქცევას აპირებდნენ. თუშ-ფშავ-ხევსურნიც მძიმე დღეში აღმოჩნდნენ – მთა ბარის პურითა და ღვინით ირჩენდა თავს, მთიელები ბარის საზამთრო საძოვრების გარეშე ვერც ცხვარს გამოკვებავდნენ. საყოველთაო საფრთხის წინაშე გაერთიანდა მთა და ბარი, გლეხკაცი და ყმა-მამულების პატრონი. საერთო სახ. აჯანყებას ზაალ არაგვის ერისთავი ჩაუდგა სათავეში, თუმცა აჯანყების უშუალო ორგანიზატორები იყვნენ თეიმურაზ I-ის თანამებრძოლები – ბიძინა ჩოლოყაშვილი, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები, სახ. გმირები, მთიელთა ბელადი – თუში ზეზვა გაფრინდაული, ხევსური ნადირა ხოშარაული, ფშავი გოგოლაური და სხვები. აჯანყება, მართლაც საყოველთაო იყო. კახელებსა და მთიელებს მხარი ქართლმაც დაუჭირა. აჯანყებულთა გაერთიანებული ლაშქარი ზაალ არაგვის ერისთავის ვაჟის, ზურაბისა და შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავების მეთაურობით ახმეტაში ჩავიდა. კახეთის ლაშქარი ბიძინა ჩოლოყაშვილის სარდლობით ალავერდს მიუახლოვდა. აჯანყებულებმა ერთდროულად შეუტიეს ბახტრიონსა და ალავერდს. ბახტრიონის ციხეში შეჭრილმა ქართველებმა სასტიკად დაამარცხეს ყიზილბაში მეციხოვნეები, რომელთაგან ნაწილი დაიღუპა, ხოლო დარჩენილებმა გაქცევა სცადეს ალავერდის მიმართულებით. ალვანის ველზე ისინი შეეჩეხნენ ალავერდის ციხიდან ბიძინა ჩოლოყაშვილის მიერ გამოდევნილ რაზმებს. ქართველებმა ერთიანად ამოჟლიტეს მტერი. ამის შემდეგ აჯანყებულებმა მუსრი გაავლეს დანარჩენ თურქმანებსაც: ნაწილი გაანადგურეს, ნაწილმა კი გაქცევით უშველა თავს.

ამ ისტორიული გამარჯვების შედეგად კახეთი გადაურჩა განადგურება-გადაშენებას, შაჰმა უკან დაიხია და ხელი აიღო თავის მზაკვრულ გეგმაზე, თუმცა უფრო შორეული, საბოლოო მიზანი – ირანელთა განდევნა და მეფობის აღდგენა – მიუღწეველი დარჩა.

ირანის შაჰმა დაუნდობლად გაანადგურა აჯანყების მოთავენი – ზაალ ერისთავი მოაკვლევინეს მისსავე ძმისწულებს, მისი შვილები კი შეიპყრეს და ირანში გაგზავნეს. ირანში ხმობილი ბიძინა, შალვა და ელიზბარი შაჰ აბას II-მ გადასცა თურქმანთა ტომებს, რ-ებმაც ქართვ. გმირები სასტიკი წამებით დახოცეს 1662 წლის 18 სექტემბერს – ასო-ასო აჭრეს და შემდეგ თავები მოჰკვეთეს. შალვასა და ელიზბარის ნაწილები მალულად გადმოასვენეს საქართველოში და დაკრძალეს იქორთაში. გმირები ქართულმა ეკლესიამ წმინდანებად შერაცხა.

კათოლიკოსმა ბესარიონმა (ორბელიშვილმა) წამებულ გმირებს უძღვნა ჰაგიოგრაფიული თხზულება: „შესხმაჲ წმიდათა მოწამეთა ბიძინასი, შალვა და ელიზბარისა და უწყებაჲ წამებისა მათისა“. ავტორი ასე ამკობს ქვეყნისა და რჯულისათვის წამებულ გმირებს: „ვიტყჳ უკუე ჩუენთა ამათ ახალთა მოწამეთა: ბიძინას სანატრელსა, ელისბარს ახოვანსა და შალვას, ყოვლად ქებულსა, მჴნეთა და მათ სულითა და ახოვანთა გონებითა უძლეველთა მბრძოლთა ქრისტეს მიერ ჭურვილთა, სპარაზენთა ღმრთივ აღჭურვილთა, რომელთა დასცნეს ბევრეულნი მბრძოლნი და ათასეული ბანაკნი უსჯულოთანი და მათ თანა უხილავნი მტერნი, მთავარნი ბნელისანი, სულნი უკეთურებისანი, რომელნი-იგი სრულიად აოტნეს… შემდგომთა მათთა სიმჴნისა და აჴოვნებისა ძეგლ იქმნნეს და ჩუენ დაგჳტევეს, ვითარცა ხატი და სახე აღუჴოცელი სიქველისა მათისაჲ“. არსებობს ძეგლის სვინაქსარული რედაქციაც, რ-იც შემდგომში კიდევ შეუმოკლებიათ.

შალვა ქსნის ერისთავის შვილიშვილმა, იესე ერისთავმა, წამებულთათვის ორი საგალობელი შეთხზა, ნიკოლოზ თბილელმა და ანტონ I-მა კი იამბიკოები მიუძღვნეს.

საერთო სახალხო აჯანყების გმირების შესახებ მოგვითხრობენ „ქართლის ცხოვრება“, ირანელი მემატიანე მოჰამედ თაჰერი, ქართული ეთნოგრაფიული მასალები, მხატვრული ლიტერატურის ძეგლები – აკაკი წერეთლის, გრიგოლ ორბელიანის, ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებები.

წყარო:

საქართველოს მუზეუმის სპარსული ფირმანები და ჰოქმები, თბ., 1949; ფუთურიძე ვ., მოჰამედ თაჰერის ცნობები საქართველოს შესახებ, „მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის“, 1954, ნაკვ. 30; მისივე, სპარსული ისტორიული საბუთები საქართველოს წიგნთსაცავებში, წგ. 1, ნაკ. 1-3, თბ., 1961-1965; ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წგ. 5, თბ., 1989; ხეც, ხელნაწერები: S-3269, A-170.

ლიტერატურა:

ნაკაშიძე ნ., საქართველო-რუსეთ-ირანის ურთიერთობა და ბახტრიონის აჯანყება, კრ.: ქართული სამეფო-სამთავროების საგარეო პოლიტიკის ისტორიიდან, წ. 1, თბ., 1970; საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ენციკლოპედიური ლექსიკონი, ე. გაბიძაშვილის რედ., თბ., 2007; ქავთარია მ., ძველი ქართული პოეზიის ისტორიიდან, XVII-XVIII სს., თბ., 1977; ჯამბურია გ., საქართველოს პოლიტიკური ვითარება XVII ს. 30-90-იან წლებში; წგ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973.

. აბულაძე

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share