Jump to content
×
×
  • Create New...

ბექა I ჯაყელი


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

ბექა I ჯაყელი (XIII-XIV სს.), პოლიტიკური მოღვაწე, სამცხის ათაბაგი, მანდატურთუხუცესი (1285-1306), სჯულმდებელი. მონღოლთა ბატონობის ხანაში დამოუკიდებლობა განუმტკიცა სამცხეს. ერთდროულად ახერხებდა მეფე დიმიტრი II თავდადებულის ერთგულად სამსახურს, აბაღა-ყაენის მორჩილებასა და ტაშისკარიდან კლარჯეთის უკიდურეს საზღვრებამდე გადაჭიმული სამფლობელოს დამოუკიდებელ გამგებლობას. ბექა I-მა მამის, სარგის ჯაყელის (1266-1285), სიცოცხლეში მიიღო სამცხის მართვის უფლება და მანდატურთუხუცესობა. მამის გარდაცვალების შემდეგ კი სამცხის ერთმმართველი გამგებელი გახდა. მისი სამფლობელო ვრცელდებოდა „ტაოსკარითგან ვიდრე სპერამდე, ვიდრე ზღვადმდე; სამცხე, აჭარა, შავშეთი, კლარჯეთი, ნიგალას ხევი“, „ჭანეთი სრულად მოსცა ბერძენმა მეფემან კომნინოსმა“. მის საბრძანებელში შედიოდა: „უმრავლესი ტაო, არტაანი, კოლა, კარნიფორი და კარი“; „ქვეყანანი და ციხენი არტანუჯი და უდაბნონი ათორმეტი კლარჯეთისანი… და მონასტერნი“. იგი დიდ ყურადღებას იჩენდა ტრაპიზონის საკეისროს მიმართ, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას ქართველური ტომი – ლაზები – შეადგენდა. ტრაპიზონის ქართული ორიენტაციის პოლიტიკური დასის მხარდაჭერით ბექა I-მა მათი დაცვა თავის პირდაპირ მოვალეობად გაიხადა. მან თავისი ასული ცოლად შერთო ტრაპიზონის კეისარ ალექსი II-ს და ამით ქართული პოლიტიკური გავლენა ამ მხარეში კიდევ უფრო გააძლიერა და თურქთა თავდასხმებიც შეაჩერა.

ბექა I მანდატურთუხუცესის წოდებით საქართველოს სამეფო კარის მაღალი რანგის მოხელე იყო, თუმცა სამცხეს, პრაქტიკულად მეფისგან დამოუკიდებლად მართავდა. ათაბაგი თავისი უფლებამოსილებით აქ, ფაქტობრივად, თავად იყო მეფე. ბექა I-ის ქალიშვილი ნათელა იყო მეფე დემეტრე II-ის მეუღლე და მათი შვილი გიორგი (გიორგი V ბრწყინვალე) დიდხანს იზრდებოდა საათაბაგოში. „ასწლოვანი მატიანის“ ცნობით, ბექა „მეფეთა ძღუნითა“ სცემდა პატივს, „მორჩილებდეს მეფესა დემეტრეს“, „უსმენდეს დავითს“ (დავით VIII), თუმცა „მორჩილების“ დამადასტურებელი ფაქტები არ ჩანს. პირიქით, როცა დავითმა ინვესტიტურის მიღების ჟამს თავისთან იხმო ბექა I, მან „არ ინება მისვლად, რამეთუ ფრიად განდიდებულ იყო“.

ბექა I „მსახურებდა ყაანს აბაღას“, მაგრამ მამამისისგან ხასინჯუდ ქცეული სამფლობელო ილხანების ყმადნაფიც სამთავროდ აქცია: „ხარაჯას მისცემდა ყაზანს და ლაშქრითა შეეწეოდა“. 1281 წელს მონღოლთა ლაშქარში იგი დემეტრე II-სთან ერთად იბრძოდა ეგვიპტეში. ილხანთა ვასალი ბექა I მარჯვედ იცავდა თავის სამფლობელოს ახლად გამეზობლებულ თურქთა შემოსევებისაგან. როცა აზატ მოსეს ლაშქარმა მოულოდნელად იწყო „მშფოთვარედ ოჴრება, ჴოცა და კლვა“ ბასიანსა და ტაოში, ბექა I-მა გამჭრიახი მხედართმთავრის ნიჭი გამოიჩინა, შეძლო მეზობელი სამთავროების ძალების თავმოყრა და მომხდურის წინააღმდეგ დარაზმვა. 12000 მეომრით მტერს ვაშლოვანთან შეება და დაამარცხა. ბრძოლის დაწყების წინ ერისმთავრების, დიდებულებისა და ლაშქრის წინაშე წარმოთქვა სიტყვა, რომელიც ქართული მჭევრმეტყველების დიდებულ ნიმუშად არის მიჩნეული. საბოლოოდ მან მტერი სპერიდანაც განდევნა.

ბექა I-მა 1295-1304 წლებს შორის შექმნა სამართლის წიგნი, რომელიც ცნობილია სახელწოდებით „ბექაჲს განაჩენი“ და მთლიანად შესულია მისი შვილიშვილის, აღბუღას დროს შექმნილ სამართლის წიგნში – „წიგნი სამართლისა კაცთა შეცოდებისა ყოვლისავე“. ამ სამართლის წიგნის 98 მუხლიდან პირველი 65 სწორედ ბექა I-ს ეკუთვნის. სამართალი განკუთვნილი იყო სამცხე-საათაბაგოს სამთავროსათვის და ცხადყოფს მის პოლიტიკურ განკერძოებულობას. მასში საქართველოს მეფე უზენაესი კანონმდებლის სახით არც კი იხსენიება. ეს ფუნქცია, ისევე როგორც ადმინისტრაციული და სასამართლო უფლებები, სამცხის მთავარს აქვს მინიჭებული.

ბექა I დიდ სამშენებლო საქმიანობას ეწეოდა. მისი ათაბაგობის დროს აიგო საფარისა (წმ. საბას ტაძარი და სამრეკლო) და ზარზმის (მთავარი) ტაძრები, მათთან არსებული სამრეკლოები და საფარასთან, საგვარეულო ეკლესიად და საძვალედ, წმ. მარინეს ეკვდერი.

წყარო: ბექა მანდატურთუხუცესის სამართალი, წგ.: ძველი ქართული სამართალი, ი. დოლიძის გამოც., თბ., 1983; ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973; ჟამთაღმწერელი, ასწლოვანი მატიანე, რ. კიკნაძის გამოც., თბ., 1987.

ლიტერატურა: ბერიძე ვ., სამცხის ხუროთმოძღვრული ძეგლები, თბ., 1970; გვრიტიშვილი დ., საქართველოს კულტურული მდგომარეობა მონღოლთა ბატონობის პერიოდში, ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან, თბ., 1964; კაკაბაძე ს., სჯულმდებელთა ბექას და აღბუღას ვინაობა, ტფ., 1912; ლეკიშვილი ა., ბექა-აღბუღას სამართლის წიგნის წყაროების შესახებ, თბილისის სახელმწ. უნ-ტის ახალციხის ფილიალის შრომების კრებული, 2000, ტ. 2; ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 3, თბ., 1982 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 3); Halèt Özdemir, Artvin Tarihi, 2002.

. აბულაძე

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   314 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 314 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Googlebot(2)
    • Chrome(15)
    • YandexBot(1)