ფორუმელი Moor Posted 15 აპრილი, 2021 Posted 15 აპრილი, 2021 სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი 15 აპრილს ორდღიანი სამუშაო ვიზიტით საქართველოს ესტუმრა. სომხეთის პრეზიდენტს მისმა ქართველმა კოლეგამ, სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა. შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მართალია კორონავირუსის პანდემიამ სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის ეკონომიკა დააზარალა, „ბევრად მძიმე იყო ომისგან გამოწვეული მსხვერპლი“ რეგიონისთვის და სომხეთისთვის. მან ხაზი გაუსვა, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დროს და მის შემდეგ, საქართველო მშვიდობის მხარეს იდგა. სალომე ზურაბიშვილმა გაიხსენა, რომ საქართველომ ბაქოსა და ერევანს დიალოგისთვის პლატფორმა შესთავაზა და დასძინა, რომ ეს შეთავაზება ნებისმიერ დროს ძალაში რჩება. მანვე ხაზი გაუსვა რეგიონში ევროკავშირის ჩართულობას კონფლიქტის მოგვარებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმის მეშვეობით მომავალი ინფრასტრუქტური გეგმების განხორციელების საქმეში. სალომე ზურაბიშვილის თქმით, მან კოლეგას ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. პრეზიდენტის თქმით, ნებისმიერი კონფლიქტი რეგიონში მთელ რეგიონზე ახდენს გავლენას და ამიტომ, მშვიდობასა და თანამშრომლობას კავკასიის განვითარებისთვის ალტერნატივა არ აქვს. ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ლიდერებმა უკრაინაში შექმნილი „საგანგაშო“ ვითარებაც განიხილეს და დასძინა, რომ „ესკალაცია და დესტაბილიზაცია ემუქრება შავი ზღვის რეგიონს და არა მხოლოდ“. თავის მხრივ, სომხეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობა, ბიზნესურთიერთობების გაღრმავება, რეგიონული უსაფრთხოება და მთიან ყარაბაღში შექმნილი „ახალი რეალობა“ განიხილეს. სომხეთის პრეზიდენტის თქმით, შეუძლებელია რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარება მთიანი ყარაბაღის საკითხის სამართლიანი მოგვარების გარეშე, მათ შორის, ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში სამშვიდობო პროცესის განახლების მეშვეობით. სომხეთის ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ საჭიროა ომთან დაკავშირებული ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარება, მათ შორის, აზერბაიჯანის მიერ აყვანილი ტყვეებისა და მძევლების დაუყონებლივ გათავისუფლება. ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტი სარქისიანი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძესა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორესაც შეხვდება. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა