Jump to content
×
×
  • Create New...

რა ქვეყანა დაანგრიეს?!


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

საბჭოთა პერიოდის საქართველოში მცხოვრები ბევრი ადამიანისგან მოგვისმენია, რომ ძველი დრო ენატრებათ. ამბობენ, რომ მაშინ არავის უჭირდა, პროდუქტი იაფი ღირდა, სამსახური ყველას ჰქონდა და სახელმწიფო ბინასაც აძლევდა. მართლაც ისეთი კარგი იყო თუ არა მაშინ ცხოვრება და ეკონომიკური მდგომარეობა, როგორც ამას უფროსი თაობა იხსენებს?!

პირველადი მოხმარების პროდუქტები, როგორიც არის პური, კარაქი, შაქარი, საბჭოთა პერიოდში მართლაც იაფი ღირდა, თუმცა, სავაჭრო დახლებზე ასორტიმენტი მწირი იყო. საბჭოთა მაღაზიები და ბაზრები სასურსათო საქონლის მხოლოდ 15-მდე სახეობით მარაგდებოდა. 70-იანი წლებში 1 კილოგრამი ხორცი 3-5 მანეთი ღირდა; პური – 15-30 კაპიკი; 1 კილოგრამი კარაქი – 3,5-4  მანეთი; 1 კილოგრამი კარტოფილი –10 კაპიკი; კვერცხი – 7 კაპიკი; 1 ლიტრი ბენზინი – 30-40 კაპიკი; ელექტროენერგია კვტ.სთ – 4 კაპიკი, 1 კუბური მეტრი ბუნებრივი აირი 3 კაპიკი ღირდა. 

ავტომობილის ან ბინის მისაღებად მოქალაქეები გრძელ რიგში დგებოდნენ, უფრო ადრე ის მიიღებდა, ვინც ქრთამს გადაიხდიდა. საბჭოთა საავადმყოფოებში მკურნალობა ოფიციალურად უფასო იყო, თუმცა, სამედიცინო მომსახურების მისაღებად ხალხს ხშირ შემთხვევაში ფულის ხელზე გადახდა უწევდა. 

საბჭოთა მაღაზიაეროვნული ბიბლიოთეკა

მთავარია რაოდენობა და არა ხარისხი

საბჭოთა ეკონომიკა მუშაობდა არა მოთხოვნის შესაბამისად, არამედ გეგმის მიხედვით, რომელსაც სახელმწიფო ბიუროკრატია ადგენდა. წარმოება ორიენტირებული იყო არა ხარისხზე, არამედ რაოდენობაზე. ამიტომ უხარისხო იყო ის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, რაც საბჭოთა კავშირში იკერებოდა, 80-იანი წლების შუა პერიოდამდე, სანამ ე.წ. კოოპერატივები არ გაიხსნა. წარმოებული პროდუქციის დიდი ნაწილი იმდენად დაბალი ხარისხის იყო, რომ აღარ იყიდებოდა.

ბევრი სახეობის საქონელი დეფიციტური იყო, რომლის საყიდლად საბჭოთა რესპუბლიკებიდან ხალხი მოსკოვში ჩადიოდა და გრძელ რიგებში იდგა. ამის გამო ფართოდ გავრცელდა სპეკულაცია, საქონლის დახლის ქვემოდან გაყიდვა. ბევრი გადამყიდველებს მიმართავდა საზღვარგარეთის ქვეყნებიდან შემოტანილი ხარისხიანი საქონლის შესაძენად. კორუფცია და სახელმწიფო ქონების დატაცება ყველა სფეროში ფართოდ იყო გავრცელებული.

საბჭოთა მაღაზიაეროვნული ბიბლიოთეკა

საბჭოთა იდეოლოგია ამკვიდრებდა აზრს, რომ ყველა მოქალაქე თანასწორი იყო. თუმცა, რეალურად მოსახლეობის სხვადასხვა ფენას შორის ქონებრივი უთანასწორობა თვალშისაცემი იყო. საბჭოთა კავშირში მოსახლეობის დაახლოებით 30% კომუნალურ ბინებში ცხოვრობდა, ნაწილი კი, განსაკუთრებით მაღალი თანამდებობის პირები და ისინი, ვინც სახელმწიფო ქონების დატაცებას ახერხებდა, დიდძალ ქონებას აგროვებდნენ. 

საბჭოთა კავშირში შენდებოდა წამგებიანი წარმოებებიც. სახელმწიფოსთვის ცნობილი იყო, რომ წარმოება მოგებას ვერ მოიტანდა, თუმცა, მაინც აშენებდნენ. წამგებიანი წარმოების მაგალითი არის რუსთავის მეტალურგიული ქარხანა. უზარმაზარი ინდუსტრია ააშენეს ქვეყანაში, სადაც საჭირო ნედლეული არ მოიპოვებოდა და წარმოება სხვა რესპუბლიკებიდან, უმეტესად, რუსეთიდან უნდა მოემარაგებინათ. ინდუსტრიული საწარმოების მშენებლობის მსგავსი სქემა მთლიანად კავშირის მასშტაბით ვრცელდებოდა. ჩანაფიქრი საბჭოთა რესპუბლიკების მოსკოვზე ეკონომიკურად მიბმა იყო. ამიტომაც იყო, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ნედლეულის გარეშე დარჩენილი წარმოებები გაჩერდა.

rusthavis-metalurgiuli-qarkhana.jpgრუსთავის მეტალურგიული ქარხანა/ეროვნული ბიბლიოთეკა

ანალოგიური სქემით საქართველოში მიზანმიმართულად შეწყდა ხორბლისა და სიმინდის მოყვანა, რომ მოსახლეობის გამოსაკვებად მარცვლეული და ფქვილი რუსეთიდან შემოეტანათ. აღარ ხდებოდა ხარისხიანი ღვინის წარმოება, რადგან აქცენტი მხოლოდ მოცულობაზე კეთდებოდა.

რუსული მითი ქართველების სიმდიდრეზე 

ეკონომისტი სოსო არჩვაძე ამბობს, რომ რუსული პროპაგანდა მიზანმიმართულად ავრცელებდა აზრს, თითქოს ქართველები საბჭოთა კავშირში ყველაზე კარგად ცხოვრობდნენ. საქართველოს თითოეული მოსახლე რესპუბლიკაში წარმოებულზე 4-ჯერ მეტ დოვლათს მოიხმარდა, რუსეთის ხარჯზე.

ეს არის მცდარი ინფორმაცია, რადგან საქართველოს ჩამორჩენა საშუალო საკავშირო დონისგან საქონლისა და მომსახურების შეძენის მხრივ თვალშისაცემი იყო.

ეროვნულ მეურნეობაში დასაქმებულთა საშუალო ხელფასის ოდენობით, რომელიც 1990 წლისთვის 214 მანეთი იყო, საქართველოს 15 რესპუბლიკას შორის მე-13 ადგილი ეკავა, უსწრებდა მხოლოდ ტაჯიკეთსა და აზერბაიჯანს. ეს ჩამორჩენა შრომის ანაზღაურებაში შესაბამისად აისახებოდა მოსახლეობის ფულად შემოსავლებზე. საბჭოთა კავშირში საშუალო შემოსავლი 2 262 მანეთს შეადგენდა, რუსეთის ფედერაციაში – 2 584 მანეთს, ხოლო საქართველოში – 2 216 მანეთი იყო

მსუბუქი ავტომობილების რაოდენობით თითოეულ შინამეურნეობაზე საქართველო უსწრებდა საშუალო საკავშირო მაჩვენებელს. მაგრამ, იმავე დროს, ტელევიზორების რაოდენობით ჩამორჩებოდა საკავშირო დონეს. ამრიგად, საქართველო საბჭოთა დროს არ ყოფილა პრივილეგირებული და არც ცენტრის კმაყოფაზე მყოფი რესპუბლიკა, – აღნიშნავს სოსო არჩვაძე.

რაოდენობაზე და არა ხარისხსა და მოთხოვნაზე ორიენტირებულმა წარმოებამ, კორუფციამ, სახელმწიფო ქონების დატაცებამ საბჭოთა ეკონომიკის ვარდნა განაპირობა. გარდა ამისა, სახელმწიფო ხაზინას სამხედრო შეიარაღებაზე გაზრდილი ხარჯები აცარიელებდა. საბჭოთა ეკონომიკა უფრო ადრე ჩამოიშლებოდა, რომ არა ნავთობისა და გაზის საბადოები და სხვა წიაღისეულის დიდი მარაგები.

საბჭოთა კავშირის ნანგრევებში

1985 წელს გორბაჩოვმა განიზრახა ქვეყანაში რეფორმების ჩატარება, ეკონომიკის განვითარების დაჩქარება და დემოკრატიზაცია. ამას დაემთხვა მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის დაცემა. ხაზინა შეიარაღებაზე გაზრდილ ხარჯებს ვეღარ სწვდებოდა. კერძო მეწარმეობის დაშვებამ, ე.წ. კოოპერატივების შექმნამ, ეკონომიკაზე პარტიული კონტროლი შეასუსტა. უკვე ცხადი გახდა, რომ საბჭოთა სისტემის ნგრევა იწყებოდა. საბოლოოდ, 1991 წელს, საბჭოთა კავშირი დაიშალა. შედეგად, თითქმის 15-ვე საბჭოთა ქვეყნის ეკონომიკა შემცირდა, თუმცა, საქართველოში კლება ყველაზე დიდი იყო. 1989-დან 1994 წლამდე პერიოდში, საქართველოს ეკონომიკა თითქმის 80%-ით შემცირდა. ეს გამოწვეული იყო სხვადასხვა ფაქტორით: სამოქალაქო ომით, რუსეთთან კონფლიქტებით, კრიმინალით, კორუფციით, საბაზრო ეკონომიკის არცოდნითა და არაერთი სხვა შეცდომით.

რუსეთის მხრიდან განხორციელებულმა ეკონომიკურმა ზეწოლამ სიტუაცია კიდევ უფრო დაამძიმა. მოსკოვმა თბილისს საბჭოთა შემნახველ ბანკებში წლების განმავლობაში დაგროვილი ფულის გადაცემაზე უარი უთხრა. საქართველო დარჩა ყოველგვარი ფინანსური რესურსის გარეშე. ეროვნულ ბანკში უცხოური ვალუტის რეზერვები ნულოვანი იყო. საქართველოს მთავრობა იძულებული გახდა, ხელფასებისა და პენსიების გასაცემად დაებეჭდა ახალი ფული – კუპონი, რომელსაც ფინანსური უზრუნველყოფა არ ჰქონდა. დაიწყო ინფლაცია. პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის საქართველოში ყველაზე დიდი ინფლაცია იყო. წელიწადში ფასების ზრდამ 8000%-ს მიაღწია. დეფიციტური გახდა ფქვილი, შაქარი, კარაქი და სხვა პირველადი მოხმარების პროდუქტები. ხალხი საათობით იდგა პურის რიგში. არ იყო შუქი.

სრულ ეკონომიკურ კოლაფსს საქართველო მაშინ სავალუტო ფონდის მიერ გამოყოფილმა კრედიტმა გადაარჩინა.  

The post რა ქვეყანა დაანგრიეს?! appeared first on BusinessFeed.

Share on other sites

4 საათის წინ, Merlin said:

ანალოგიური სქემით საქართველოში მიზანმიმართულად შეწყდა ხორბლისა და სიმინდის მოყვანა, რომ მოსახლეობის გამოსაკვებად მარცვლეული და ფქვილი რუსეთიდან შემოეტანათ

სანამ შეწყდებოდა, მანამდე რა მასშტაბები იყო ნეტა

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   235 all people including: 1 წევრი, 0 ანონიმური, 234 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(6)
    • YandexBot(2)
    • Facebookexternalhit(1)
    • t-90