Guest Merlin Posted 14 აპრილი, 2021 Posted 14 აპრილი, 2021 ერთ დღესაც დიდ ბრიტანეთში KFC-ის რესტორნებში მისულ სტუმრებს ასეთი წარწერა დახვდათ: „ვწუხვართ, დაკეტილები ვართ“. მართლაც, ქათმის ხორცის მარაგის ამოწურვის გამო, ქვეყნის მასშტაბით მისი ასობით რესტორანი თითქმის ერთი კვირის განმავლობაში გაჩერდა. KFC-მაც ლოგისტიკის გაუმართაობისა და უხერხულობის გადასაფარად ბოდიშის მოხდის ორიგინალურ ფორმას მიმართა. ბრიტანულ გაზეთებში გამოაქვეყნა პოსტერი, რომელზეც გამოსახულ ცარიელ „ბასკეტზე“ კომპანიის აბრევიატურის შეცვლილი კომბინაცია – FCK მიაწერა. დაურთო ტექსტიც: „ქათმის რესტორანი ქათმის გარეშე. იდეალური არ არის. დიდ ბოდიშს ვუხდით მომხმარებლებს… გმადლობთ ჩვენი ატანისათვის“. პოსტერი ვირუსულად გავრცელდა სოციალურ ქსელებში და მომხმარებლები გაახალისა. სწორედ ამის გამო, KFC-ს შეცდომა მარტივად აპატიეს. შეცდომები ხანდახან ისეთივე უწყინარი და მარტივად გამოსასწორებელი სულაც არ არის, როგორც ეს KFC-ის შემთხვევაში იყო. მაგალითად, 2015 წელს გერმანული ავტომწარმოებელი Volkswagen დიდ ტყუილში გამოიჭირეს. კომპანიამ მილიონობით ავტომობილში ისეთი სპეციალური მოწყობილობა ჩაამონტაჟა, რომელიც დიზელის საწვავის გამონაბოლქვის მონაცემებს ხელოვნურად ამცირებდა. სინამდვილეში, Volkswagen-ის დიზელზე მომუშავე ავტომობილები გამოყოფდნენ დიდი რაოდენობით აზოტის ოქსიდს, რომლის ჩასუნთქვაც გულისა და სასუნთქი გზების დაავადებებს იწვევს. კომპანიის იმდროინდელმა დირექტორმა მარტინ ვინტერკორნმა ამ დანაშაულის გამოაშკარავების შემდეგ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც საზოგადოებას ტყუილისთვის უბოდიშებდა. Volkswagen-ს ბოდიშის მოხდის გარდა, ჯარიმების გადახდა და თავისი მანქანების მფლობელებისგან შესყიდვაც მოუხდა. © ecowatch.comსკანდალი 2009 წელს ავტომობილების მეორე უმსხვილეს ავტომწარმოებელ Toyota-ს ირგვლივაც ატყდა. გამოძიებამ დაადასტურა, რომ რამდენიმე ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი მისი ავტომობილების პედლების გაუმართაობა და მოულოდნელი აჩქარება გახდა. რამდენიმე ასეთი ავტოსაგზაო შემთხვევა ფატალურადაც დასრულდა. Toyota-ს პრეზიდენტმა აკიო ტოიოდამ კომპანიის ბრალეულობა აღიარა და დაღუპულებისა და დაშავებულების გამო მწუხარება გამოთქვა. კომპანიას დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახების კომპენსაცია რამდენიმე მილიონი დაუჯდა. 2014 წელს კი FBI-მ დანაშაულის დაფარვისთვის Toyota -ს $1.2 მილიარდის გადახდა დააკისრა. ბოდიშის თქმა არაერთხელ მოუხდა ინტერნეტმაღაზია Amazon-ს. მაგალითად, ორი წლის წინ კომპანია უპატივცემულობაში დაადანაშაულეს, რადგან მის პლატფორმაზე აუშვიცის გამოსახულებით საახალწლო სათამაშოები რამდენიმე დღის განმავლობაში იყიდებოდა. Amazon-მა დაუდევრობა აღიარა და სათამაშოები გაყიდვიდან მალევე ამოიღო. სულ რამდნიმე დღის წინ კი კომპანიას ბოდიშის მოხდა კიდევ ერთხელ მოუხდა. ამერიკელმა პოლიტიკოსმა Twitter-ში დაწერა, რომ Amazon-ის მძღოლებს მოშარდვა ხშირად პლასტმასის ბოთლებში უწევთ. კომპანიამ ბრალდებას tweet-ითვე უპასუხა: „ეს რომ მართალი იყოს, არავინ იმუშავებდა ჩვენთან“. Amazon-მა ისიც დაამატა, რომ მის თითოეულ ცენტრს საკმარისი საპირფარეშო აქვს და მათი გამოყენება თანამშრომლებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ. კომპანიას ბრალდების აღიარება მაინც მოუხდა, რადგან თანამშრომლების დიდმა ნაწილმა მედიაში მართლაც დაადასტურა ასეთი ფაქტები. © EPAსაქართველოში კომპანიებისადმი უკმაყოფილების გამოხატვის მთავარი პლატფორმა Facebook-ია. რამდენიმე თვის წინ სწორედ Facebook-ში გავრცელდა მიტანის სერვისის, Wolt-ის კურიერის შეტყობინებაც, რომელშიც ის შეკვეთის მიტანის შემდეგ მომხმარებელ ქალს სწერდა, რომ კარგად გამოიყურებოდა. ნაწილმა ის უწყინარ კომპლიმენტად, ნაწილმა კი – მომხმარებლის პერსონალური ინფორმაციის დაცვის წესის უხეშ დარღვევად მიიჩნია. კურიერმა მოგვიანებით ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ის შეცდომას აღიარებდა. მის მეორე ვიდეოში კი მომხმარებელი ქალის ჩაცმულობას აკრიტიკებდა. სწორედ ამიტომ, კურიერის გულწრფელობის საზოგადოების დიდმა ნაწილმა არ დაიჯერა. კომპანიამაც განაცხადა, რომ კურიერი ბოლომდე ვერ იაზრებდა შეცდომას და სამსახურიდან გაათავისუფლა. ექსპერტები ამბობენ, რომ ბოდიშის მოხდისას მთავარი სწორედ გულწრფელობაა და რომ მას ხშირად არა მხოლოდ რეპუტაციის აღდგენა და ერთგული კლიენტების შენარჩუნება, არამედ ახალი მომხმარებლების შეძენის ძალაც აქვს. უარყოფითი გამოხმაურებებისა და უკმაყოფილებების უგულებელყოფა კი მათი დაკარგვის უმოკლესი გზაა. თუმცა, როცა ტყუილი და შეცდომები ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს ეხება, ბოდიში ვერც ზარალის თავიდან აცილებასა და ვერც კრიზისის დაძლევაში დაეხმარება კომპანიებს. Volkswagen–მა სკანდალის შემდეგ $24 მილიარდი იზარალა, Toyota-ს საბაზრო ღირებულება კი 22%-ით შემცირდა. ექსპერტები ამბობენ, რომ ასეთ შემთხვევებშიც კი, შეცდომების გამოსწორების გულწრფელ მცდელობას შედეგი მაინც გამოაქვს. კომპანიების მიღმა ადამიანებისა და მათი ნამდვილი თანაგრძნობის დანახვა არის ის, რაც მომხმარებლებს ყველაზე მეტად ხიბლავთ. The post მოდით დავიწყოთ ბოდიშით, ბოდიში appeared first on BusinessFeed. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა