Jump to content
×
×
  • Create New...

დაბინძურებული ჰაერის დამღუპველი შედეგი


Recommended Posts

  • ფორუმელი

როდესაც COVID-19 მთელ მსოფლიოს მოედო, ფრანჩესკა დომინიჩიმ ივარაუდა, რომ სიკვდილიანობის ზრდაზე ჰაერის დაბინძურება იმოქმედებდა. დაბინძურებულ ადგილებში მცხოვრები მოსახლეობა უფრო მიდრეკილია ქრონიკული დაავადებებისადმი და, შესაბამისად, უფრო დაუცველია COVID-19-ის წინაშე. ჰაერის დაბინძურებას იმუნური სისტემის დასუსტება და სასუნთქი გზების ანთების გამოწვევა შეუძლია, რის შედეგადაც ორგანიზმს უჭირს რესპირატორულ ვირუსთან ბრძოლა. 

ეს შესაძლო ურთიერთკავშირი ბევრი ექსპერტისთვის იყო ნათელი, თუმცა ჰარვარდის ბიოსტატისტიკის პროფესორ დომინიჩის ამის სათანადოდ შემოწმების საშუალებაც ჰქონდა. მან, კოლეგებთან ერთად, მრავალი წელი დაუთმო მონაცემთა პლატფორმის შექმნას, რომელიც ათობით მილიონი ამერიკელის ჯანმრთელობის მდგომარეობას ადარებს მათ მიერ ყოველდღიურად შესუნთქული ჰაერის ხარისხს 2000 წლიდან მოყოლებული.

დომინიჩი, როგორც თავად ამიხსნა, ყოველ წელს გამოითხოვს ფედერალური ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამაში შეყვანილ დეტალურ, თუმცა ანონიმურ, ინფორმაციას საშუალოდ 60 მილიონი ხნიერი ამერიკელის შესახებ – ასაკი, სქესი, რასა, საფოსტო ინდექსი, ჰოსპიტალიზაციისა თუ გარდაცვალების თარიღები და დიაგნოსტიკური კოდები. დომინიჩისა და ჰარვარდელი ეპიდემიოლოგის, ჯოელ შვარცის ხელმძღვანელობით, ათეულობით მეცნიერმა აშშ-ის ტერიტორია თითოკილომეტრიან კვადრატებად დაყო, შემდეგ კი მანქანური სწავლის პროგრამას გამოათვლევინა ყოველდღიური დაბინძურების დონე 17 წლის მანძილზე ყოველ კვადრატში.

მონაცემთა ამ ორი საგანძურის წყალობით, დომინიჩიმ და მისმა კოლეგებმა პირველად შეძლეს აშშ-ის ყველა კუთხეში შეესწავლათ ჰაერის დაბინძურების ზემოქმედება. დასკვნა სავალალო აღმოჩნდა. 2017 წელს კვლევით დადგინდა, რომ იმ ადგილებშიც კი, სადაც ჰაერის ხარისხი ეროვნულ სტანდარტს შეესაბამებოდა, შედარებით მაღალი სიკვდილიანობა დაბინძურებასთან იყო კავშირში. როგორც დომინიჩიმ ამიხსნა, ეს იმას ნიშნავდა, რომ „სტანდარტი უსაფრთხო არ არის“.  

მკვლევართა ჯგუფმა ორი წლის შემდეგ განაცხადა, რომ დაბინძურების დონის ზრდასთან ერთად, მთელი რიგი დაავადებების გამო, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც იზრდებოდა. ეს მიგნება დაემატა უამრავ იმ მტკიცებულებასაც, რომელიც ე.წ. PM2.5-ის – ანუ ატმოსფეროში არსებული 2,5 მიკრომეტრამდე ზომის (ადამიანის თმის ღერზე 30-ჯერ მცირე) მყარი ნაწილაკების – საფრთხეზე მეტყველებდა. ზოგიერთ (მაგალითად, ჭვარტლის) ნაწილაკებს სისხლის მიმოქცევის სისტემაში შეუძლია შეღწევა. მათზე კიდევ უფრო მცირე ნაწილაკები მეცნიერებს გულში, თავის ტვინსა და პლაცენტაშიც აღმოუჩენიათ. 

პანდემიის აფეთქებისთანავე დომინიჩიმ და მისმა ჯგუფმა უმალვე გადაწყვიტეს, შეედარებინათ ჰაერის ხარისხის ეროვნული მონაცემები და ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიერ ოლქების მიხედვით დათვლილი COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა. როგორც მოსალოდნელი იყო, ვირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა უფრო მაღალი იყო იმ უბნებში, სადაც PM2.5 ჭარბობდა. მკვლევართა ჯგუფის მიერ დეკემბერში გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევების 15% მყარი ნაწილაკებით დაბინძურებულ ჰაერს მიეწერებოდა. აღმოსავლეთ აზიის ძლიერ დაბინძურებულ ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 27% იყო. 

სამეცნიერო წრეებს მიღმა ეს ინფორმაცია ბევრისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა და მედიის ყურადღების ცენტრშიც მოექცა. „ჩემთვის ეს საერთოდ არ იყო მოულოდნელი“, – მითხრა დომინიჩიმ. „სრულიად არ გამკვირვებია“.  მან იცოდა ის, რასაც არ უწყოდა საზოგადოება – დაბინძურებულ ჰაერს გაცილებით მეტი სიცოცხლე ეწირება გაცილებით უფრო დიდი რეგულარობით, ვიდრე ახალ კორონავირუსს. 

  • i9007_190124_3783-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
  • i9007_190121_2472-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
  • i9007_190120_1555-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
  • i9007_190118_0364-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
  • i9007_190125_4416-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
მინაწერის გახსნა
მინაწერის დახურვა

მონღოლეთში, ულან-ბატორის ჰოსპიტალში, ორი წლის გოგონას მკურნალობენ. შუბლზე დედას მისთვის ნახშირი წაუსვამს, ბოროტი სულების დასაფრთხობად, არადა, სწორედ ქვანახშირის წვის ბრალია, რომ აქ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ჰაერია. ყოველ ზამთარში მოსახლეობაში სუნთქვის პრობლემები მკვეთრად იზრდება და საავადმყოფოები გადატვირთულია.

ამ ქვანახშირის გადამამუშავებელ საწარმოში ნედლეულს ბრიკეტების ფორმას აძლევენ სახლის ღუმელებისთვის.

ქვანახშირზე მომუშავე ასეთი ელექტროსადგურები დაბინძურების ერთ-ერთი წყაროა – ჯანმრთელობისა და კლიმატის მტერი.

ბავშვის რენტგენის სურათზე პნევმონიის ნიშნებს ეძებენ. დაბინძურება ამ დაავადების ერთ-ერთი ფაქტორია.

დაბინძურების მოწინააღმდეგე აქტივისტი პარლამენტის შენობის წინ დგას. მონღოლეთის მთავრობა თითქმის არაფერს აკეთებს მწვანე ენერგეტიკის განსავითარებლად.

გააზიარეთ ფოტო
  • i9007_190124_3783-1024x576.jpg
  • i9007_190121_2472-1024x576.jpg
  • i9007_190120_1555-1024x576.jpg
  • i9007_190118_0364-1024x576.jpg
  • i9007_190125_4416-1024x576.jpg
მინაწერის გახსნა
მინაწერის დახურვა

მონღოლეთში, ულან-ბატორის ჰოსპიტალში, ორი წლის გოგონას მკურნალობენ. შუბლზე დედას მისთვის ნახშირი წაუსვამს, ბოროტი სულების დასაფრთხობად, არადა, სწორედ ქვანახშირის წვის ბრალია, რომ აქ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ჰაერია. ყოველ ზამთარში მოსახლეობაში სუნთქვის პრობლემები მკვეთრად იზრდება და საავადმყოფოები გადატვირთულია.

ამ ქვანახშირის გადამამუშავებელ საწარმოში ნედლეულს ბრიკეტების ფორმას აძლევენ სახლის ღუმელებისთვის.

ქვანახშირზე მომუშავე ასეთი ელექტროსადგურები დაბინძურების ერთ-ერთი წყაროა – ჯანმრთელობისა და კლიმატის მტერი.

ბავშვის რენტგენის სურათზე პნევმონიის ნიშნებს ეძებენ. დაბინძურება ამ დაავადების ერთ-ერთი ფაქტორია.

დაბინძურების მოწინააღმდეგე აქტივისტი პარლამენტის შენობის წინ დგას. მონღოლეთის მთავრობა თითქმის არაფერს აკეთებს მწვანე ენერგეტიკის განსავითარებლად.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) თანახმად, გლობალურად, ჰაერის დაბინძურება წელიწადში დაახლოებით 7 მილიონი ადამიანის ნაადრევი სიკვდილის მიზეზია – ალკოჰოლის მოხმარებაზე – ორჯერ, ხოლო ავტოსაგზაო შემთხვევებზე – ხუთჯერ მეტი. ზოგი კვლევა დაბინძურებას უფრო დიდ მსხვერპლსაც მიაწერს. უმეტესობა გამოწვეულია გარე, ატმოსფერული, ჰაერის დაბინძურებით, დანარჩენი კი, მეტწილად, სამზარეულოების ქურებს მიეწერება. სიკვდილიანობა უფრო დიდია განვითარებად ქვეყნებში (აქედან ნახევარი მხოლოდ ჩინეთსა და ინდოეთში), თუმცა ჰაერის დაბინძურება განვითარებულ ქვეყნებსაც ევლინება მკვლელად. მსოფლიო ბანკის შეფასებით, ჰაერის დაბინძურების შედეგად გაწეული გლობალური ეკონომიკური ხარჯი ყოველწლიურად 5 ტრილიონ დოლარს აჭარბებს.  

ამერიკის ფილტვის ასოციაციის (American Lung Association) თანახმად, აშშ-ში კონგრესის მიერ „სუფთა ჰაერის აქტის“ დამტკიცების შემდეგ 50 წელიწადში ამერიკელთა 45% მაინც არაჯანსაღ ჰაერს სუნთქავს. ამის გამო წელიწადში 60 000-ზე მეტი ადამიანი იღუპება ნაადრევად – რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ათასობით ადამიანზე, რომლებიც დაბინძურებული ჰაერის გამო უფრო დაუცველნი აღმოჩნდნენ COVID-19-ის წინაშე. დაბინძურება ფარული მკვლელია; გარდაცვალების ცნობაში მას არ ახსენებენ. საუბრისას დომინიჩიმ იმედი გამოთქვა, რომ იქნებ წელს მაინც – მძვინვარე ვირუსისა და ტყის ხანძრების მომსწრეებმა – გავუსწოროთ თვალი ზიანს, რომელიც დაბინძურებას ოდითგანვე მოჰქონდა.   

ჰაერის დაბინძურების სასტიკი არსი – რაც უფრო მეტადაა დაბინძურებული ჰაერი, მით უფრო მოკლეა იმ ადამიანთა სიცოცხლე, ვინც ამ ჰაერს ისუნთქავს – 1993 წელს ხაზგასმით დადგინდა საეტაპო, ე.წ. „ექვსი ქალაქის“ კვლევით. ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ამერიკის ექვსი ყველაზე დაბინძურებული პატარა ქალაქის მოსახლეობის კვლევა ჩაატარეს და გამოავლინეს, რომ მათი ნაადრევი სიკვდილის ალბათობა 26%-ით უფრო დიდი იყო, ვიდრე ყველაზე სუფთა ექვსი ქალაქის ბინადრებისა. დაბინძურება მათი სიცოცხლის ხანგრძლივობას დაახლოებით ორი წლით ამცირებდა. 

„ეს ძალიან, ძალიან მოულოდნელი აღმოჩნდა და ეფექტი იმდენად დიდი იყო, რომ ვერ ვიჯერებდით“, – მითხრა ამ შრომის მთავარმა ავტორმა დაგლას დოკერიმ. თუმცა ეს მალევე დაადასტურა სხვა გრძელვადიანი კვლევის მონაცემებმა. 

მას შემდეგ, დამატებითმა კვლევებმა ჰაერის დაბინძურების შესახებ კიდევ ორი ჭეშმარიტება გამოავლინა: დაბინძურების იმაზე გაცილებით დაბალი დონეც მავნებელია, ვიდრე მანამდე მიიჩნეოდა და უფრო მეტი სახის ზიანის მომტანია. ნეგატიური ეფექტების ასეთი სიუხვე მოულოდნელი აღმოჩნდა პულმონოლოგიის პროფესორ დინ შრაუფნაგელისთვისაც, როდესაც მას მიჰყავდა 2018 წელს სპეციალისტთა ჯგუფის შეხვედრა, რომელზეც ათწლეულების განმავლობაში ჩატარებული კვლევები განიხილეს და შეაჯამეს. 

კომიტეტის მოხსენების თანახმად, ბინძური ჰაერი ორგანიზმის თითქმის ყველა სასიცოცხლო სისტემას აზიანებს. ის შეიძლება გახდეს ფატალური შემთხვევების 20%-ის მიზეზი – ინსულტიდან დაწყებული, კორონარული არტერიების დაავადებამდე; შეიძლება გამოიწვიოს გულის შეტევა და არითმია, გულის შეგუბებითი უკმარისობა და მაღალი არტერიული წნევა. დაბინძურებას უკავშირდება ფილტვის, შარდის ბუშტის, მსხვილი ნაწლავის, თირკმლის და კუჭის კიბო, ისევე როგორც ბავშვთა ლეიკემია. ის აფერხებს ბავშვთა გონებრივ განვითარებას, ხანდაზმულებში კი ზრდის დემენციის რისკს და პარკინსონის დაავადებით სიკვდილის ალბათობას. უტყუარია მისი კავშირი სიმსუქნესთან, ოსტეოპოროზთან, რეპროდუქციის უნარის დაქვეითებასთან, მუცლის მოშლასთან და სხვ. 

საკითხს დადებითი მხრიდანაც შეგვიძლია შევხედოთ: ჰაერის გასუფთავება ჯანმრთელობას აუმჯობესებს.  1970 წლის „სუფთა ჰაერის აქტის“ შემდეგ, დაბინძურების დონის 77%-იანმა ვარდნამ მილიონობით ამერიკელს გაუხანგრძლივა სიცოცხლე, აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს (EPA) შეფასებით კი კანონში 1990 წელს შეტანილმა შესწორებებმა, მხოლოდ 2020 წელს, სიკვდილისგან 230 000 ადამიანი იხსნა. 

მსოფლიოს სხვა ადგილებში ჰაერი გაცილებით უარეს მდგომარეობაშია. ფოტოგრაფი მატიე პალე და მე ვეწვიეთ დედამიწაზე ერთ-ერთ ყველაზე დაბინძურებულ ქალაქს – ულან-ბატორს. მონღოლეთის დედაქალაქის ჰაერი განსაკუთრებით ბინძურდება ზამთარში, როდესაც ქვანახშირი სასტიკ სუსხში, უბრალოდ, თვითგადარჩენის საშუალებაა. ქვანახშირი ტონობით იწვის ქალაქის თბოელექტროსადგურებში და ტომრებით – ტრადიციულ კარვებში, რომლებსაც სოფლიდან ჩამოსული ღარიბი მოსახლეობა აფარებს თავს. 

i9007_190122_3122.jpg ნედლი ქვანახშირით მოვაჭრეებს გზისპირას ხშირად შეხვდებოდით ულან-ბატორში. თითო ოჯახი ყოველ ზამთარში 3 ტონას მაინც მოიხმარს. მთავრობამ ნედლი ქვანახშირი აკრძალა და ბრიკეტებით ჩაანაცვლა; დაბინძურება მაინც სახიფათოდ მაღალ დონეზეა.

„აღარც მახსოვს ჯანმრთელი ფილტვის ხმა, – ამბობს ერთ-ერთი უბნის ექიმი, განჯარგალ დემბერელი, – ყველას ან ბრონქიტი აქვს ან რამე სხვა პრობლემა, განსაკუთრებით ზამთარში“.

გარემოს დაცვის მიმართულებით პროგრესული ევროპელებიც კი იმაზე საგრძნობლად უარეს ჰაერს სუნთქავენ, ვიდრე ამერიკელები. აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში, ჯანმრთელობისა და კლიმატის დამანგრეველი ქვანახშირის ბოლი სახლების და თბოსადგურების საკვამურებიდან ხრჩოლავს.  ლონდონს, სადაც 20 წელია ვცხოვრობ, ერთ დროს, ქვანახშირის კვამლით გაჯერებული ნისლი ფარავდა, მაგრამ, საბედნიეროდ, ეგ ეპოქა ჩემ ჩამოსვლამდე დიდი ხნით ადრე დამთავრდა. სამაგიეროდ, ახლა ბრიტანეთი და მისი მეზობლები ევროპის კონტინენტურ ნაწილში სხვა ტოქსიკური საწვავის – დიზელის ზემოქმედებას უჩივიან. 

დიზელი უფრო ბინძურია, ვიდრე ბენზინი, თუმცა შედარებით ეკონომიურია, რაც მის პოპულარობას ზრდის ევროპაში. ლონდონიდან ნიუ-იორკში დაბრუნებული, გაცილებით სუფთა ჰაერის ჩასუნთქვისთანავე, სხვაობას ყოველთვის ვამჩნევ ხოლმე, ლონდონში ყოფნისას კი მუდამ იმაზე ვღელავ, თუ რას შეიძლება უშავებდეს გამონაბოლქვი ჩემი თინეიჯერი შვილის მოზარდ, მგრძნობიარე ფილტვებს.     

ევროპაში ჰაერის ხარისხის პრობლემას საფუძვლად უდევს არა მხოლოდ კონკრეტული საწვავი, არამედ პოლიტიკისა და რეგულაციის ნაკლოვანებები.  2015 წელს საზოგადოებამ შეიტყო, რომ Volkswagen-მა ისე დააპროგრამა დიზელისძრავიანი 11 მილიონი მანქანა, რომ ისინი მხოლოდ შემოწმების დროს რთავდნენ ჰაერის დაბინძურების მაკონტროლებელს. აშშ-ში კომპანიას აიძულეს კომპენსაციები გადაეხადა მომხმარებლებისთვის და შეეკეთებინა ან გამოესყიდა ასეთი მანქანები, ევროპამ კი სხვადასხვა მწარმოებლის 51 მილიონი ავტომობილი დაუშვა თავის გზებზე მიუხედავად იმისა, რომ ისინი მინიმალურ ზღვრულ ნორმაზე სამჯერ მეტ აზოტის დიოქსიდს აფრქვევდნენ. ერთმა კვლევამ დაადგინა, რომ ასეთი ჭარბი დაბინძურება ყოველწლიურად ნაადრევი სიკვდილის 7000-მდე შემთხვევას იწვევს.  

მწარმოებლებისთვის მანქანის რეგულაციებთან შესაბამისობაში მოყვანის მოთხოვნის ნაცვლად, ევროპა ქალაქებს უტოვებს ხოლმე პრობლემას მოსაგვარებლად. ადგილობრივი მთავრობები კრძალავენ დამაბინძურებელ მანქანებს ან მათ მფლობელებს აჯარიმებენ. ასეთი ზომებით მძღოლებს დიზელზე უარის თქმას აიძულებენ; ეს ლოკალური მიდგომა გარკვეულწილად მუშაობს კიდეც, თუმცა გაცილებით ეფექტური იქნებოდა მოქმედება უფრო მაღალ საფეხურზე.

რა თქმა უნდა, მხოლოდ დიზელი და ქვანახშირი არ აბინძურებს ჰაერს: მზარდი პრობლემაა PM2.5-ის სიუხვით გამორჩეული შეშის კვამლი ბუხრებიდან და ღუმლებიდან. გასული წლის „ლოკდაუნებმა“ მეცნიერებს მოულოდნელად მისცა შანსი ენახათ, თუ რა ხდება, როდესაც დაბინძურების გარკვეული წყაროები დროებით წყვეტს არსებობას. ჩრდილოეთ იტალიაში ვირუსის მძვინვარების პერიოდში მილანელი ეკონომისტი ცოლ-ქმარი ვალენტინა ბოზეტი და მასიმო ტავონი სამ ვაჟთან ერთად გამოიკეტნენ შინ.

STOCK_MM9396_GettyImages-1229867831-1024
MM9396_201127_00997-1024x576.jpg

ლონდონში, იმ გზისპირას, სადაც ელა რობერტა ადუ კისი-დებრა (მარცხნივ) ცხოვრობდა, დიზელი მთავარი დამაბინძურებელია. ელას ასთმა ჰქონდა და დაბინძურების გაუარესების პერიოდში ხშირად ხვდებოდა საავადმყოფოში. იგი 2013 წელს გარდაიცვალა ცხრა წლის ასაკში. მისი დედა (მარჯვნივ) როზამუნდი – ყოფილი მასწავლებელი და ახლა უკვე აქტივისტი – ოთხი წელი იბრძოდა ელას გარდაცვალების ცნობაში ამ მიზეზის ჩაწერით ჰაერის დაბინძურებაზე ცნობიერების ასამაღლებლად.
ფოტო: ჰოლი ადამსი, GETTY IMAGES (მარცხნივ), სერენა ბრაუნი (მარჯვნივ)

სახლში დამწყვდეულებმა, ერთხელ, გადაწყვიტეს, მათ ხელთ არსებული მონაცემები გაეანალიზებინათ.

მიუხედავად იმისა, რომ ტრანსპორტი და მრეწველობა თითქმის მთლიანად გაჩერებული იყო, ჰაერის ხარისხი არც ისე გაუმჯობესებულა, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა მიიჩნევდა. „გაზეთები უღრუბლო ცასა და სრულ იდილიაზე წერდნენ, – მითხრა ბოზეტიმ, – არადა, ასე არ იყო“.  გზებსა და ქარხნებს მიღმა მონიტორები PM2.5-ის დონის მხოლოდ 16%-იან კლებას აჩვენებდა, აზოტის დიოქსიდი მხოლოდ 33%-ით შემცირდა. როგორც აღმოჩნდა, ხალხის შინ ჯდომის დროს ჰაერის დაბინძურებას განაგრძობდა ერთი დიდი სექტორი – სოფლის მეურნეობა. 

თანამედროვე ინდუსტრიული სოფლის მეურნეობა ერთ-ერთი მთავარი დამაბინძურებელია. ერთი კვლევის თანახმად, სოფლის მეურნეობა არის PM2.5-ით დაბინძურების უდიდესი წყარო ევროპაში, აღმოსავლეთ აშშ-ში, რუსეთსა და აღმოსავლეთ აზიაში. დიდი ოდენობით ნაკელი და ქიმიური სასუქები გამოყოფენ ამონიუმს, რომელიც ჰაერში არსებულ სხვა დამაბინძურებლებთან შედის რეაქციაში და უმცირეს ნაწილაკებს წარმოქმნის.  მეცნიერებმა ეს უკვე დიდი ხანია იციან, თუმცა ბოზეტის იმედი აქვს, რომ თვალსაჩინო მაგალითმა, შეიძლება, მოქმედების დაწყებისათვის საჭირო პოლიტიკურ ნებას მისცეს ბიძგი. 

ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობით კვლავ ჩინეთი ლიდერობს, თუმცა ბოლო დროს ქვეყანამ დიდი ნაბიჯები გადადგა საკუთარი ცის გასაწმენდად – რასაც ინდოეთზე ვერ ვიტყვით. ჯანმოს მონაცემთა ბაზაში PM2.5-ის შემცველობით ყველაზე მეტად დაბინძურებული ქალაქების ათეულში ცხრა ინდოეთშია. ადამიანთა მსხვერპლიც თავზარდამცემია: 1,7 მილიონი ადამიანის ნაადრევი სიკვდილი ყოველწლიურად. 

ინდოეთში დაბინძურების წყაროების თავბრუდამხვევი მრავალფეროვნებაა. ქუჩებში ნაგვის კოცონები ღვივის. ელექტროენერგიის ხშირი გათიშვის გამო ფართოდაა გავრცელებული დიზელის გენერატორები. უსახლკაროები და სოფლის მცხოვრებლები საკვების მოსამზადებლად და გასათბობად წვავენ შეშას, ნაკელს და პლასტმასის ნივთებს. 

„თითქოს გაზის კამერაში ვცხოვრობთ“, – მითხრა დელიში მცხოვრებმა მწერალმა და აქტივისტმა ჯიოტი პანდე ლავაკარემ. ყველაზე უარეს თვეებში, გარეთ გასვლისას „დაბინძურებისგან ყრუ თავის ტკივილი მაწუხებს. ჩემი ქალიშვილიც ასეა და ხანდახან გულისრევის შეგრძნებაც აქვს. თვალებიც გიცრემლიანდება“. დელისთვის ჩვეული დაბინძურება ცოტა ხნით ამერიკელებმაც იგემეს, როდესაც ქვეყნის დასავლეთი ტყის ხანძრის კვამლში გაეხვა. 

ლავაკარე ადრე კალიფორნიაში ცხოვრობდა, თუმცა 2009 წელს ქმარ-შვილთან ერთად სამშობლოში დაბრუნდა, რათა მშობლებთან ახლოს ყოფილიყო. ინდოეთში დაბრუნებულს, ჰაერი ბევრად დაბინძურებული დახვდა, 2017 წელს კი დედას ფილტვის კიბო დაუდგინდა. 

ლავაკარემ გაიხსენა, რომ ექიმებს კიბოს გავრცელების სისწრაფე არც გაჰკვირვებიათ – „ხომ ხედავთ, სადაც ცხოვრობსო? მთელი ცხოვრება ინდოეთის ჩრდილოეთში გაატარა. ეს მსოფლიო დაბინძურების ცენტრია“. იგი 2018 წელს გარდაიცვალა.

MM9396_201104_2140.jpg სესილია პერსავენტო (მარჯვნივ), ბარსელონაში არსებული ISGlobal-ის სპეციალისტი ჩვილს ამზადებს თავის ტვინის სკანირებისთვის კვლევის ფარგლებში, რომლის მიზანია, გაარკვიოს, თუ რამდენად ზემოქმედებს ორსულობის დროს ჰაერის დაბინძურება ტვინის განვითარებაზე. ცნობილია, რომ ის ზრდის დეფექტებისა და ლეიკემიის რისკებს.

იმ დროისთვის ლავაკარე საზოგადოებრივი მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო, რომელიც ამ საკითხის საპარლამენტო განხილვისთვის იბრძოდა. დედის გარდაცვალების შესახებ წიგნი დაწერა სათაურით: „აქ სუნთქვა მავნეა თქვენი ჯანმრთელობისთვის“. როგორც თავად ამბობს: „ყველაფერი ვცადეთ. სამწუხაროდ, დიდი წინსვლა არ გვაქვს“. 

1990-იანი წლების ბოლოს და 2000-იანი წლების დასაწყისში დელი იმედისმომცემად გამოიყურებოდა.  ქალაქმა მოითხოვა, რომ ავტობუსებს და ყველგან მოდებულ ავტორიქშებს საწვავი შეკუმშული ბუნებრივი აირით ჩაენაცვლებინათ, თუმცა ეკონომიკურმა ზრდამ სწრაფად გაასწრო დაბინძურების საწინააღმდეგო ზომებს – ინდოეთის გზებზე 2011-დან 2017 წლამდე ავტომობილების რაოდენობა გაოთხმაგდა. მშენებლობის ბუმმა გაზარდა აგურის წარმოება – აგური კი ქვანახშირის ღუმელში გამოწვით მზადდებოდა, კვამლის ფილტრაციის გარეშე.    

ერთადერთი ნათელი წერტილი იყო სოფლად მცხოვრები ინდოელებისთვის სამზარეულოს მხრჩოლავი საწვავის ალტერნატივების შეთავაზება, რამაც შენობებში დაბინძურება შეამცირა და წელიწადში ასობით ათასი სიცოცხლე იხსნა, თუმცა გარე დაბინძურების მხრივ საგრძნობ გაუმჯობესებას ადგილი არ ჰქონია ბოლო ათწლეულში, – ამბობს კვლევითი ჯგუფის, „ურბანული ემისიების“ დირექტორი სარათ გუტიკუნდა. „არანაირი შემცირება არ შეგვინიშნავს არც ერთ ქალაქში“, – მითხრა მან. 

COVID-19-ის შემთხვევაში სიკვდილი მყისიერია, ჰაერის დაბინძურება კი დროთა განმავლობაში ილექება, მითხრა ლავაკარემ. „ეს შენელებული მოქმედების პანდემიაა“.

STOCK_MM9396_GettyImages-1212093482-1024
MM9396_201208_00768-1024x576.jpg

(მარცხნივ) გრიფითის ობსერვატორიიდან ლოს-ანჯელესის მოწმენდილი პანორამული ხედი იშლება – ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ გაიწმინდა ჰაერი ქალაქში; თუმცა ის ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებულია. ფოტო: მარიო ტამა, GETTY IMAGES
(მარჯვნივ) ჰაერის დაბინძურებით შეწუხებულმა შაშონდა კემპბელმა (წინა პლანზე) და მისმა თანამოაზრე აქტივისტებმა ხელი შეუშალეს ნაგავსაწვავის აშენებას ბალტიმორში (მერილენდის შტატი). მიმდებარე უბნებში ხალხი ისედაც სხვა ინდუსტრიული დამაბინძურებლების – სამედიცინო ნარჩენების საწვავის, ქიმიური საწარმოსა და ნაგავსაყრელის სიახლოვეს ცხოვრობს. ფოტო: გაბრიელა დემჩუკი

აშშ-ში დაბინძურება კიდევ ერთ განზომილებას უმატებს ქვეყნის აშკარა რასობრივ უთანასწორობას. ერთი კვლევის თანახმად, შავკანიან ამერიკელებს 1,5-ჯერ უფრო მეტ PM2.5-თან აქვთ შეხება, ვიდრე მთლიან მოსახლეობას – და ეს უთანასწორობა უფრო რასობრივია, ვიდრე ეკონომიკური.

„მდიდარი შავკანიანი ამერიკელები უფრო დაბინძურებულ ჰაერს სუნთქავენ, ვიდრე ღარიბი თეთრკანიანები“, – მითხრა დომინიჩიმ. ეს წყალგამყოფი სულ უფრო იზრდება, „რადგან მთელ ქვეყანაში ჰაერს ძირითადად იქ ვწმენდთ, სადაც თეთრკანიანები ცხოვრობენ“. 

2013 წელს ბალტიმორელმა შაშონდა კემპბელმა, რომელიც იმ დროს ჯერ კიდევ უფროსკლასელი იყო, გაიგო, რომ მისი სკოლიდან სულ რაღაც 1,5 კმ-ში ახალი ნაგავსაწვავის აგების გეგმა დამტკიცდა. მისი ავტომატური რეაქცია იყო: „არა. არ გვჭირდება. აქაურობა ისედაც ყარს და საკმარისად დაბინძურებულია“. 

კემპბელის და მისი კლასელების უბნებში, ბრუკლინსა და კერტის-ბეიში, ბევრი შავკანიანი და ლათინოამერიკელი ცხოვრობს. ამ ტერიტორიას ისედაც მხრებზე აწვებოდა სამედიცინო ნარჩენების საწვავი, ქიმიური საწარმო და ნაგავსაყრელი. „შემთხვევითი არაა, რომ ყველაფერმა აქ მოიყარა თავი. ეს მიზანმიმართულად გაკეთდა“, – თქვა კემპბელმა. 

ის, რომ ფერადკანიანი მოსახლეობა ხშირ შემთხვევაში ინდუსტრიულ უბნებს ვერ სცდება, რასისტული შეზღუდვების მემკვიდრეობის ბრალია. კომპანიები კი ახალ დამაბინძურებელ საწარმოებს ასეთ უბნებში იმიტომ აშენებენ, რომ მიწა აქ უფრო იაფია, თან ადგილობრივ მოსახლეობას ნაკლები პოლიტიკური ზეგავლენა აქვს, როგორც მითხრა გარემოსდაცვითი მედიცინის პროფესორმა ჯორჯ თერსტონმა. „კომპანიები ერიდებიან გავლენიანი თეთრკანიანებით დასახლებულ უბნებს. ისეთ ადგილებს ეძებენ, სადაც ნაკლები წინააღმდეგობა შეხვდებათ“. 

კემპბელი ამას აღარ დაუშვებდა. იგი და მისი კლასელები გაერთიანდნენ და კარდაკარ დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება. სამი წელი დასჭირდათ, თუმცა საბოლოოდ გაიმარჯვეს და ნაგავსაწვავის გეგმაც შეჩერდა. „საოცარი შეგრძნება იყო. ჩვენ ეს მართლა შევძელით“. 

STOCK_MM9396_GettyImages-593280620-1024x1957 წელი. ლოს-ანჯელესის თავზე სმოგია ჩამოწოლილი. სამხრ. კალიფორნიაში, არაჯანსაღი ჰაერის გამო, ბავშვებს გარეთ არ უშვებდნენ. ტრანსპორტი ერთ-ერთი მთავარი დამაბინძურებელი იყო და დღესაც არის.
ფოტო: სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტი/ GETTY IMAGES

კემპბელი დღეს უკვე სკოლებში დადის და ბავშვებს გარემოსდაცვით რასიზმთან ბრძოლას ასწავლის. თავის ძველ სკოლაში კალათბურთის მწვრთნელმა უთხრა, რომ ნაკრებს ვერ აკომპლექტებს, „რადგან ყველას ასთმა აქვს. დიდხანს ვერ დარბიან“. შარშან ზაფხულში, Black Lives Matter-ის გამოსვლების დროს, მასთან ერთად აქციაზე მყოფებმა უთხრეს, რომ აქამდე აზრად არ მოსვლიათ, ერთმანეთთან დაეკავშირებინათ დაბინძურება და პოლიციის მხრიდან ძალადობა. მისი სიტყვებით, „ეს ყველაფერი რასიზმის სხვადასხვა გამოხატულებაა“.

კონტინენტის მეორე მხარეს, ენტონი ვიქტორიას ოპონენტი არა მხოლოდ ერთი ნაგავსაწვავია, არამედ სამომხმარებლო ეკონომიკა – ყოველ შემთხვევაში, არსებული ფორმით. ეს ახალგაზრდა კაცი კალიფორნიის იმ რეგიონში ცხოვრობს, რომელიც ერთ დროს ციტრუსის პლანტაციებით იყო სახელგანთქმული. ლოს-ანჯელესის და ლონგ-ბიჩის საკონტეინერო პორტებიდან 100 კილომეტრში ახლა სასაწყობე ცენტრია და ჩინეთიდან თუ სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებული პროდუქციის დისტრიბუცია აქედან ხდება. როგორც ვიქტორია ამბობს, საცხოვრებელი უბნის მოპირდაპირე მხარეს უზარმაზარი, მეგასაწყობების რიგები ერთმანეთის მიყოლებითაა ჩამწკრივებული.     

რეალურ პრობლემას აქ სატვირთო მანქანების უწყვეტი ნაკადი წარმოადგენს, რომლებიც მუშათა კლასის ფერადკანიანი ადამიანებით და იმიგრანტებით დასახლებულ უბნებში დაქრიან. ვიქტორიას სიტყვებით:  „ესაა მიწოდების ჯაჭვის ნელი ძალადობა, რომელიც ენერგიას და ჯანმრთელობას სწოვს“ ხალხს. როდესაც იგი სათემო მოქმედებისა და გარემოსდაცვითი სამართლიანობის ცენტრის თანამშრომელი იყო, იმ დასახლების მცხოვრებლებს სპეციალური მოწყობილობები დაურიგეს სატვირთო მანქანების გადაადგილების აღსარიცხავად. გზატკეცილზე საათში 1161 სატვირთო დაითვალეს.

„ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი უარყოფითი ზემოქმედება ექნება ამას ადამიანის ცხოვრებაზე, – განაგრძო ვიქტორიამ, – ჩვენს დასახლებებს დიზელის სასიკვდილო ზონას უწოდებენ“. ბოლო დროს COVID-19 შეიჭრა ზოგიერთ საწყობში. „ხალხი თავიდან ბოლომდე შიშში ცხოვრობს. დაბინძურების გამო, საწყობის თანამშრომლებს ისედაც შერყეული აქვთ ჯანმრთელობა“, ახლა კი ისინი ვირუსის სახლში მიტანის შიშმაც შეიპყრო.

MM9396_201110_03247.jpg დელის მახლობლად, ფარიდაბადის კაშხლის პროექტზე მომუშავე კაცები ბურუსში არიან გახვეულნი. მსოფლიოს ყველაზე დაბინძურებული ქალაქების ათეულში 9 ინდოეთშია. 2019 წელს, სავარაუდოდ, 1,7 მლნ ინდოელის

ცვლილების ნიშნები აქაც შეიმჩნევა. ენტონი ვიქტორიას ჯგუფმა მათ მიერ დათვლილი სატვირთო მანქანების რიცხვი აცნობა კალიფორნიის ჰაერის რესურსების საბჭოს, რომლის კანონებს ქვეყანაც ხშირად იზიარებს. გასულ წელს სააგენტომ ახალი განკარგულება გასცა: შტატის ფარგლებში მწარმოებლებმა 2024 წლიდან თანდათანობით უნდა დაიწყონ გადასვლა ნულოვანი გამონაბოლქვით მომუშავე სატვირთო მანქანებზე და 2035 წლამდე სტაბილურად უნდა გაიზარდოს გამონაბოლქვის არმქონე სატვირთო მანქანების რიცხვი. სააგენტო ასევე ითხოვს, რომ პორტში გაჩერებულმა გემებმა გათიშონ ძრავა და სანაპიროს ელექტროენერგიით ისარგებლონ, ან გამოიყენონ დაბინძურების შემზღუდავი ტექნოლოგია. სატვირთო მანქანებისა და გემების ერთობლივი რეგულაციები „დიდი ცვლილების მომტანი იქნება“, – თქვა კალიფორნიაში დაფუძნებულმა სუფთა ჰაერის კოალიციის თავმჯდომარემ, ჯო ლიუმ.

ჰაერის დაბინძურების შემამცირებელი არაერთი ზომის მსგავსად, ეს ახალი წესები კლიმატის დათბობის გამომწვევ ნახშირბადის ემისიებსაც შეამცირებს. ნავთობიდან, ბუნებრივი აირიდან და ქვანახშირიდან ენერგიის სუფთა წყაროებზე  გადართვა სასწრაფოდ გვჭირდება და არა მარტო გვალვებით, წყალდიდობებით, ტყის ხანძრებით და შტორმებით სავსე საშიში მომავლის არდასაშვებად – ამით ჩვენ უფრო ჯანმრთელებიც გავხდებით. ამერიკის ფილტვის ასოციაციის თანახმად, მხოლოდ ელექტრომობილებზე გადასვლამ შეიძლება ათასობით სიცოცხლე გადაარჩინოს და აშშ-ში წელიწადში 72 მილიარდი დოლარის ღირებულების შესაბამისი ჯანმრთელობის ზიანი აღკვეთოს. 

კლიმატის ცვლილებას და ჰაერის დაბინძურებას ერთი მიზეზი და ერთი წამალი აქვს, მაგრამ ისინი განსხვავებულ ვადებში მოქმედებენ. ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებით ყველაზე თვალშისაცემი ისაა, თუ რამდენად სწრაფად უმჯობესდება ჯანმრთელობა ჰაერის გაწმენდის შემდეგ.  COVID-19-ით გამოწვეულმა ჩაკეტვამ გასულ წელს დროებით შეანელა მსოფლიო ნახშირბადის ემისია, თუმცა ატმოსფეროში ნახშირბადის შემცველობამ ზრდა განაგრძო და კლიმატის ცვლილების შორეული საფრთხე იმდენადვე გაიზარდა. სამაგიეროდ, PM2.5-ისა თუ აზოტის დიოქსიდის მსგავსი დამაბინძურებლების მცირედი, ლოკალური კლებაც კი ნაკლებ ასთმის თუ გულის შეტევას და ნაკლებ სიკვდილს ნიშნავს.

ჩინეთში მკვლევრები გამაოგნებელ დასკვნამდე მივიდნენ: 2020 წლის დასაწყისში `ლოკდაუნის“ დროს გაუმჯობესებულმა ჰაერმა, ერთი კვლევის თანახმად, 9000 სიცოცხლეზე მეტი იხსნა, მეორე კვლევის თანახმად კი – 24 000, ანუ იმაზე მეტი, ვიდრე COVID-19-მა შეიწირა (ყოველ შემთხვევაში, ჩინეთის ოფიციალურ სტატისტიკაზე დაყრდნობით, რომელმაც პანდემიის მსხვერპლად 5000-მდე ადამიანი დაასახელა). პირველი კვლევის ხელმძღვანელის, იელის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგ კაი ჩენის თქმით, მეცნიერებმა უკვე დიდი ხანია იცოდნენ, რომ ჰაერის გაუმჯობესებას სიცოცხლის გადარჩენა შეეძლო, თუმცა ასეთი თვალსაჩინოება შთამბეჭდავი იყო.

თუკი პანდემიის მომაკვდინებელი ზემოქმედებისთვის თვალის არიდება შეუძლებელი იყო, დაბინძურებას გაცილებით ნაკლები ყურადღება ეთმობა – არადა, მას ბევრად მეტი ადამიანი ეწირება. დომინიჩი ერთ მიზეზად იმას მიიჩნევს, რომ რთულია ჰაერის დაბინძურებას დაუკავშირო სიკვდილის კონკრეტული შემთხვევა. ადამიანი, რომელმაც ეს შეძლო, არის როზამუნდ ადუ კისი-დებრა, სუფთა ჰაერისთვის მებრძოლი ბრიტანეთის ყველაზე ცნობილი აქტივისტი.

MM9396_201109_02666.jpg დელიში, ამტვერებულ სამშენებლო ობიექტზე წყალს ასხურებენ. ასეთი მტვერი, რომელიც შეიძლება მავნე ნივთიერებებს შეიცავდეს, მთავარი დამაბინძურებელია. ჰაერს ასევე წამლავს ნაგვის წვა, სამზარეულოს ცეცხლი, დიზელის გენერატორები და თბოელექტროსადგურები. ფოტო: საუმია ხანდელვალი

 კისი-დებრას უფროსი ქალიშვილი ელა 2013 წელს ცხრა წლის ასაკში გარდაიცვალა ასთმით. ოჯახი ლონდონის ერთ-ერთი ყველაზე გადატვირთული გზიდან 25 მეტრში ცხოვრობს და როზამუნდი თვლის, რომ მისი შვილი გამონაბოლქვისგან დაავადდა.

საუთჰემპტონის უნივერსიტეტის ასთმის სპეციალისტმა სტივენ ჰოლგეიტმა ელას გარდაცვალების შემდეგ დაადგინა, რომ ბავშვის ჰოსპიტალიზაციის ათეულობით შემთხვევიდან უმეტესობა ემთხვეოდა ჰაერის დაბინძურების პიკურ პერიოდებს. მან დაასკვნა, რომ სუფთა ჰაერის შემთხვევაში ელა შეიძლებოდა ცოცხალი ყოფილიყო. 

2014 წელს, გვამის პირველი დათვალიერების დროს, ექსპერტმა დაასკვნა, რომ ელა მწვავე რესპირატორული უკმარისობითა და ასთმით გარდაიცვალა – გარე ფაქტორების გათვალისწინების გარეშე. კისი-დებრას დაჟინებულმა მოთხოვნამ და ბრძოლამ, რომ ფაქტორად ჰაერის დაბინძურებაც დაეფიქსირებინათ, მედიის ყურადღება მიიპყრო. ელას გარდაცვალების მოწმობაში ჰაერის დაბინძურების ჩაწერას (პირველი შემთხვევა ბრიტანეთში და, შესაძლოა, მსოფლიოშიც), მისი აზრით, მორალური და პოლიტიკური ძალა ექნებოდა.  სამართლებრივი დასკვნა, რომ ბრიტანეთის ჰაერმა ხელი შეუწყო ერთი ბავშვის სიცოცხლის მოსპობას, იმის უტყუარი ნიშანი იქნებოდა, რომ ეს საფრთხე სხვებსაც ემუქრება და შესაბამისი მოქმედებაა საჭირო. შარშან დეკემბერში, მეორე ექსპერტიზის შემდეგ, ჰოლგეითმა დაადასტურა, რომ გოგონა ორ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ებრძოდა სიკვდილს და საბოლოოდ დანებდა. ექსპერტმა შეაჯამა, რომ ჰაერის დაბინძურებამ მართლაც იქონია გავლენა გოგონას გარდაცვალებაზე. ბინძური ჰაერის გამო ყოველ წელს 7 მილიონ დაკარგულ სიცოცხლეს პირველად გამოუჩნდა სახე და ის პატარა ლამაზი გოგონასი იყო.

ბეთ გარდინერი ავტორია წიგნისა „გაგუდული: სიცოცხლე და სუნთქვა ჰაერის დაბინძურების ეპოქაში“. მატიე პალეს ჩვენი ჟურნალის არაერთი სტატიისთვის აქვს გადაღებული ფოტოები ინდოეთსა და ცენტრალურ აზიაში.

The post დაბინძურებული ჰაერის დამღუპველი შედეგი appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share