Jump to content
×
×
  • Create New...

ჯანდაცვა 2014-2020: ზარალი გაზრდილი დაფინანსების მიუხედავად


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

Galt&Taggart-ისა და ფონდ კურაციოს ერთობლივმა კვლევამ ნათელი გახადა ჯანდაცვის სექტორში არსებული ფინანსური პრობლემები. შედეგებმა აჩვენა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯანდაცვისთვის გამოყოფილი თანხები ყოველწლიურად იზრდება და ეს დაფინანსება ხშირ შემთხვევაში უკონტროლოა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე მილიონები იხარჯება, მაგრამ ამის მიუხედავად, სამედიცინო სექტორი მაინც ვალებშია ჩაფლული, ხოლო პაციენტებს მომსახურების მისაღებად თანხის გადახდა უმეტესად მაინც საკუთარი ჯიბიდან უწევთ.

ზარალი გაზრდილი დაფინანსების მიუხედავად

კვლევის მონაცემებით, 2014-2020 წლებში ჯანდაცვის სექტორისთვის გადახდილი თანხები 61%-ით გაიზარდა და 2020 წელს 3.5 მილიარდი ლარი შეადგინა. ამ თანხის 40% ფარმაცევტული ხარჯია, რომლის 96%-ს მოსახლეობა საკუთარი ჯიბიდან იხდის. დანარჩენი თანხა ჰოსპიტალურ და ამბულატორიულ მომსახურებაზე იხარჯება, რომლის 42%-ს სახელმწიფო ბიუჯეტი ისტუმრებს, დანარჩენი კი ისევ მოსახლეობის გადასახდელია.

ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტის გადახარჯვა 350 მილიონი ლარს აღემატება. თუმცა, გადახდილი მილიონები სამედიცინო დაწესებულებების ხარჯებს მაინც ვერ ფარავს. ამ დაწესებულებების მიმართ 2020 წლისთვის სახელმწიფოს 450 მილიონ ლარზე მეტი მართებდა. ამ თანხაში შედის ე.წ. ფარული დავალიანებაც, რაც სახაზინო ვალდებულებებში მოგვიანებით აისახება. ასეთი დიდი დავალიანების ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ კლინიკების 29%-მა 2019 წელი ზარალით დაასრულა, ხოლო 75%-ს მიმდინარე ვალდებულებების გასტუმრება უძნელდება.

ჯანდაცვაზე ქვეყნის მშპის 7% იხარჯება და აქედან სახელმწიფოს წილი 3%-ია, ხოლო 4% არის მოსახლეობის ჯიბიდან გადახდები. ჯანდაცვაზე დანახარჯები ყოველწლიურად იზრდება. შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტს ეზრდება ხარჯი და მისი სათანადოდ კონტროლი ვერ ხერხდება. სახელმწიფოს დავალიანება კომპანიების მიმართ არ ჩანს არც ბიუჯეტში, არც სხვა დოკუმენტებში და ეს თანხა ყოველწლიურად იზრდება, – ასეთია Galt&Taggart-ის შეფასება. 

ჭარბი ინფრასტრუქტურა და დაბალი ეფექტიანობა

საყოველთაო ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯების ზრდამ ბიძგი მისცა ახალი სამედიცინო დაწესებულებების შექმნას, რომლებიც აქტიურად ჩაერთვნენ სახელმწიფო პროგრამების განხორციელებაში. 2019 წლისთვის კლინიკების რაოდენობამ უკვე 272-ს მიაღწია. შედეგად, საწოლების რაოდენობა 1.5-ჯერ გაიზარდა და ის მოსახლეობის საჭიროებას აღემატება. კლინიკებში საწოლების მხოლოდ 49%-ია დატვირთული, რაც მკვეთრად ჩამორჩება ევროკავშირის (77%) და დსთ-ის ქვეყნების (83%) საშუალო მაჩვენებლებს. ეს ციფრები ინვესტირებული კაპიტალისა და სხვა რესურსების არაეფექტიან გამოყენებაზე მიუთითებს. ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებდა, რომ კლინიკების რიცხვს შეამცირებდა, არასაჭირო დაწესებულებების ნაწილი დაიხურებოდა, მაგრამ დაპირება არ შესრულდა.

ჯანდაცვაhttps://freepik.com/

შედეგად, ჯანდაცვის სექტორის ფინანსური მაჩვენებლები 2015 წლიდან უარესდება. კლინიკები ვალდებულებების გასასტუმრებლად იღებენ საბანკო კრედიტებს (Galt&Taggart-ის მონაცემებით, ჯანდაცვის სექტორი სიდიდით მე-6 უმსხვილესი მსესხებელია).

იმის გამო, რომ ჩართული არიან საყოველთაო ჯანდაცვაში, კლინიკები ყიდულობენ აპარატურას, იღებენ სესხებს. ამის გამო მათ ეზრდებათ ვალები, აგვიანებენ ხელფასების გადახდას, მომწოდებლებისთვის თანხების გასტუმრებას. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა არის უძირო ქვევრი. საბიუჯეტო დაფინანსება რამდენითაც არ უნდა გაიზარდოს, სამედიცინო დაწესებულებებს მაინც არ ჰყოფნით. ბოლო 4-5 წელია პროგრამა ვერ კონტროლდება და ის უკვე ხარვეზებით სავსეა. ფინანსური სქემები, მოდელები, მენეჯმენტი არის მთლიანად შესაცვლელი. სექტორში გაჩნდა არაჯანსაღი ინტერესები. პანდემიის გამო წლის ბოლოს კლინიკები კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან“, – აღნიშნავს Business Feed-თან ჯანდაცვის ექსპერტი სერგო ჩიხლაძე.

წილები ბაზარზე

ჯანდაცვის 85% კერძო სექტორის ხელშია, დანარჩენი სახელმწიფო საავადმყოფოებია. შემოსავლებისა და ჰოსპიტლების ოდენობით ბაზრის ყველაზე დიდ წილს ფლობენ  ევექსი და ავერსი ქსელი, დანარჩენი მოთამაშეები კი ბაზრის 3%-ზე ნაკლებს იკავებენ.

კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ გადაუხდელი საბანკო, სავაჭრო და სახელფასო ვალდებულებების არსებობა ქმნის რისკს, რომ კომპანიები გაკოტრდნენ. გაკოტრების საფრთხეს რომ გადაურჩნენ, კლინიკები ხარჯების შემცირებას ეცდებიან, რაც უარყოფითად აისახება მომსახურების ხარისხზე. ისინი ხარჯის ნაწილს პაციენტზე გადაიტანენ, რაც გაზრდის ჯიბიდან გადახდებს და გამოიწვევს მოსახლეობის გაღარიბებას.

520- დადგენილება

საბიუჯეტო დანახარჯებისა და დაგროვებული დავალიანებების შემცირების მიზნით 2019 წელს სახელმწიფომ ერთიან სატარიფო სისტემაზე გადასვლა გადაწყვიტა და 520-ე დადგენილება აამოქმედა. რეფორმის შედეგად, სხვადასხვა კლინიკაში განსხვავებული ფასები აღარ უნდა ყოფილიყო. Galt&Taggart-ის გათვლებით, 520-ე დადგენილება სამედიცინო დაწესებულებების შემოსავლებს საშუალოდ 5-7%-ით შეამცირებს, მაგრამ ტარიფების თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასთან გათანაბრების გამო კლინიკები შეეცდებიან ხარჯების შემცირებას, შესაბამისად, შეიძენენ იაფ მედიკამენტებს, ან შეამცირებენ საჭირო დიაგნოსტიკური კვლევების რაოდენობას, ან გაზრდიან თანამშრომლების შრომას.

კლინიკების ხელმძღვანელები ამბობენ, რომ ამ შეზღუდვის შემდეგ დიდი ფინანსური ზარალი მიადგათ, რადგან პაციენტების მიმართვიანობა განახევრებულია.

რადგან ჯანდაცვის ინდუსტრია იმპორტზეა დამოკიდებული, დოლარის მიმართ ლარის კურსის ვარდნა სექტორს მძიმე ტვირთად დააწვა. გაძვირდა მედიკამენტები, ე.წ. იმპლანტები, ხელთათმანები, ერთჯერადი ხალათები, და სხვა მასალები. იმპორტის გაძვირებას დაემატა ენერგომატარებლების გაზრდილი ტარიფები. მაგალითად, 2018-2020 წლებთან შედარებით, 2021 წლიდან კომპანიებისთვის ელექტროენერგიის საფასური 65-75%-ით, წყლის საფასური კი დაახლოებით 48%-ით გაიზრდება. სექტორის საბანკო სესხების 62% უცხოურ ვალუტაშია აღებული. შესაბამისად, ლარის გაუფასურება მნიშვნელოვნად ზრდის დანახარჯებს, ხოლო სახელმწიფოს მიერ ლარში დაფიქსირებული ტარიფები ამ გაუფასურებას ჯერჯერობით არ ითვალისწინებს.

სახელმწიფო კლინიკებში ჩატარებულ ოპერაციებს თვითღირებულებაზე ნაკლებად აფასებს. ჯანდაცვის სამინისტრო ამბობს, ვიცი, რომ ძვირი ჯდება ოპერაცია, მაგრამ მეტი ფული არ გვაქვს და ვერ გადავიხდითო. მაშ, როგორ უნდა ჩაატაროს კლინიკამ ხარისხიანი ოპერაციები, როგორ უნდა იფიქროს განვითარებაზე. როგორ გადავიხდით ხელფასებს? დიდი კრედიტი გვაქვს, მოიმატა დენის, გაზის, წყლის გადასახადმა. ამ დროს, საყოველთაო დაზღვევის ფასები მცირდება, – ამბობს კლინიკა გულის დამფუძნებელი ანზორ მელია.

როგორც მოსალოდნელი იყო, ჯანდაცვის სექტორში ინფლაციამ არ დააყოვნა. საქსტატის 2021 წლის მარტის მონაცემებით, ერთ წელიწადში ჯანდაცვის სექტორში ფასებმა 13,6%-ით მოიმატა, რაც სასაქონლო ჯგუფებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

Galt&Taggart-ისა და ფონდ კურაციოს ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ტარიფების გათანაბრების პარალელურად თუ არ მოხდება ხარისხის კონტროლი, არსებობს რისკი, რომ პაციენტი დაზარალდეს ფინანსურად ან დაბალი ხარისხის მომსახურებით. მათი აზრით, აუცილებელია გრძელვადიანი ჯანდაცვის პოლიტიკის არსებობა,რადგან რეგულაციებთან და სახელმწიფო პოლიტიკასთან დაკავშირებით არსებული გაურკვევლობა ხელს უშლის ინვესტიციების მოზიდვას და ართულებს სამედიცინო კომპანიებისთვის გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებას“.

The post ჯანდაცვა 2014-2020: ზარალი გაზრდილი დაფინანსების მიუხედავად appeared first on BusinessFeed.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share