Jump to content
×
×
  • Create New...

მიწის წარუშლელი მემკვიდრეობა


Recommended Posts

  • ფორუმელი

სან-ფრანცისკოში გადასვლამდე ჩემი მეუღლე და მე სამხრეთ კალიფორნიაში ვცხოვრობდით, ლოს-ანჯელესის საერთაშორისო აეროპორტის სამხრეთით რამდენიმე კილომეტრში. ჩვენი რანჩოს სტილის სახლის ეზო ცერეცოთი, რბილი ჩაპარალითა და ველური მდოგვით გაბარდულ 2000 კვ. მეტრის ფართობის მქონე სერვიტუტის ნაკვეთს ესაზღვრებოდა. ეს ქალაქის მიწა იყო, ღია სივრცედ გამიზნული და გადაბარგებიდან ცოტა ხანში მე მისი ნაწილი ბოსტნისთვის „ვისესხე”. ნაკვეთი ხელით გავასუფთავე, ერთი სატვირთო მანქანით შავი მიწა მოვატანინე, შემდეგ 14 ცალი 3მx3,5მ ფართობის შემაღლებული კვალი მოვაწყვე, სადაც პომიდორი, კიტრი, სტაფილო, მწვანე ლობიო, ჭარხალი და სალათის ფურცლები მოვიყვანე. ჩემი მშობლები შორიახლოს ცხოვრობდნენ. საღამოს, სამსახურის შემდეგ და ხშირად შაბათ დილაობითაც ისინი მოდიოდნენ და ბოსტნის მოვლაში მეხმარებოდნენ.

ჩემს ოჯახში ნიადაგთან ურთიერთობა არასოდეს იყო მარტივი. როგორც ბევრ აფროამერიკულ ოჯახს, ჩვენც ხანგრძლივი და რთული ურთიერთობა გვქონდა მიწასთან. ბაღი მტკივნეულ წარსულთან გვაკავშირებდა, წინსვლას გვაზეიმებდა და მომავლისკენ მიგვანიშნებდა. ის პატივს მიაგებდა წინაპართა წარმატებებს და უკვდავყოფდა მათ ბრძოლას. ეს იყო მეხსიერება და მემკვიდრეობა – ჩვენი ოჯახისა და ქვეყნისა. ბაღი მოგვითხრობდა, თუ როგორია, იყო შავკანიანი ამერიკაში.

დღისით მამაჩემი მეწარმე და ბიზნესის მფლობელი იყო. სახლში დაბრუნებისას, ის მოისვრიდა ხოლმე თავის Johnston & Murphy-ს ფეხსაცმელს, აიკაპიწებდა შარვლის ტოტებს და ფეხშიშველი დადიოდა ბაღის რიგებს შორის. იგი სამხრეთ ლუიზიანის სოფელში გაიზარდა და ამბობდა, რომ დედამიწის ზურგზე ყველაფერზე მეტად უყვარდა ფეხით მიწასთან შეხება. შიშველი ფეხით ნიადაგის სითბოს შეგრძნება ბავშვობას ახსენებდა, მოზარდობის ხანას, რომელიც ნადირობასა და თევზაობაში, ბამბის აღებასა და ბრინჯის თესვაში გაატარა.

თუმცა, მამას ცხოვრება ლუიზიანაში მარტივი და რომანტიკული არ ყოფილა. მას არ ენატრებოდა სამხრეთი. რამდენადაც უყვარდა ფეხშიშველა სიარული, იმდენად სძულდა ის, რასაც სამხრეთის მიწა წარმოადგენდა. ის ჯიმ კროუს სეგრეგაციის დროს გაიზარდა, ძალადობის მუდმივი საფრთხის, თეთრკანიანთა უპირატესობის მომხრეების დაშინებისა და ტერორის ქვეშ, რომელსაც შავკანიანთა განვითარება უნდა შეეფერხებინა. იმ დროს, როდესაც იგი სრულწლოვანი გახდა, შავკანიანის მიერ მიწის ფლობა აღშფოთებას იწვევდა.

1957 წელს მამამ სამუდამოდ დატოვა ლუიზიანა, იცოდა რა, რომ მშობლიურ შტატში ნათელი მომავლის შექმნა შეუძლებელი იყო. იგი დიდი მიგრაციის ერთ-ერთმა ტალღამ აიტაცა. მაშინ, 1916-დან 1970 წლამდე, ექვსმა მილიონმა აფროამერიკელმა დატოვა სამხრეთი და უკეთესი შესაძლებლობების ძიებაში ინდუსტრიულ ჩრდილო-აღმოსავლეთს, შუა დასავლეთსა და დასავლეთს მიაშურა. ის კალიფორნიაში გადასახლდა და საკუთარი საქმე წამოიწყო, რაც ვერასოდეს მოხდებოდა ლუიზიანაში. ამ საქმემ მის ოჯახს აღმასვლის შესაძლებლობა მისცა. მამაჩემისთვის მიწასთან დარჩენა არტახების დადების ტოლფასი იქნებოდა. წარმატების მიღწევა მხოლოდ საკუთარ ფესვებთან დაშორებით, მშობლიური მიწის მიტოვებით  შეეძლო.

„40 აკრისა და ჯორის” ტყუილი

1865 წლის 12 იანვარს სავანაში, ჯორჯიის შტატში, ჩრდილოეთის შტატების ომის მდივანი ედვინ სტენტონი და გენერალ-მაიორი უილიამ ტ. შერმანი ახალემანსიპირებული 4 მილიონი შავკანიანის წარმომადგენელს, 20 აფროამერიკელ მღვდელმსახურს შეხვდნენ. რით უნდა ირჩინოს თქვენმა ხალხმა თავი? – ჰკითხეს მეომრებმა.

ბაპტისტმა მოძღვარმა, გარისონ ფრეიზერმა, უპასუხა: „საუკეთესო გზა, რომ საკუთარ თავს მივხედოთ, არის მიწის ფლობა“.

ოთხი დღის შემდეგ შერმანმა თხოვნა შეუსრულა. სპეციალური, მეთხუთმეტე საველე განკარგულებით მან კონფედერატებისთვის ჩამორთმეული დაახლოებით 162 000 ჰა ფართობის მიწის ყოფილი მონებისთვის დანაწილება ბრძანა. „40 აკრისა და ჯორის“ სახელით ცნობილი განკარგულების საფუძველზე თითქმის 40 000 აფროამერიკელი დაბინავდა 6 თვის ვადაში. ძღვენი ხანმოკლე გამოდგა. პრეზიდენტ აბრაამ ლინკოლნის მკვლელობის შემდეგ, მისმა მემკვიდრემ, ენდრიუ ჯონსონმა, კონფედერატი პლანტატორების გულის მოსაგებად, მეთხუთმეტე განკარგულება გააუქმა და მათ მიწები დაუბრუნა. და მაინც, ამერიკის მიერ დარღვეული პირობისა და ჯიმ კროუს სეგრეგაციის მიუხედავად, შავკანიანები მძიმედ შრომობდნენ ოცნების – საკუთარი მიწის ფლობის – ასახდენად.

STOCK_master-pnp-fsa-8c28000-8c28800-8c2
STOCK_master-pnp-fsa-8c06000-8c06000-8c0

კონგრესის ბიბლიოთეკის კოლექციის ფოტოები გვიჩვენებენ შავკანიან ამერიკელებს მიწაზე მუშაობისას: (მარცხნივ) უღელში შებმული ცხენები ნიუ-იორკში, (მარჯვნივ) ბამბის თიბვა ჯორჯიაში.

მას აღარასოდეს უცხოვრია ლუიზიანაში, თუმცა სულ ამბობდა, რომ ლუიზიანის მიწამ სიღრმისეული გავლენა მოახდინა მის ჩამოყალიბებაზე; მიუხედავად იმისა, თუ რას მიაღწია, იგი საკუთარ თავს – ემოციურად, სულიერად, გონებრივად და კულტურულად – იმ მიწის ნაწილად აღიქვამდა, საიდანაც მოვიდა.

 დედაჩემს განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდა მიწისადმი. იგი იმ ხალხის მემკვიდრე იყო, რომელთათვისაც ნიადაგი ოდითგანვე შესაძლებლობებთან ასოცირდებოდა. დეტროიტში, მიჩიგანში დაბადებული, იგი იმ შეგნებით აღიზარდა, რომ მიწათმფლობელობა თვითკმარობისა და ფინანსური დამოუკიდებლობის მომცემი იყო. მამაჩემის ოჯახისგან განსხვავებით, დედაჩემის წინაპრები სამხრეთშიც კი ფლობდნენ და ამუშავებდნენ მიწას. მისი დიდი პაპა, მაკ ჰოლი, 1845 წელს დაიბადა. ემანსიპაციის შემდეგ იგი ვაჭარი, მეფუტკრე და ფერმერი გახდა და საბოლოოდ, 240 ჰექტარი მიწა შეიძინა.

იმ დროს, როდესაც მამაჩემი სრულწლოვანი გახდა, შავკანიანის მიერ მიწის ფლობა აღშფოთებას იწვევდა; ნაკვეთის შენს საკუთრებად გამოცხადებისთვის შეიძლება მოეკალით.

მაკ ჰოლისთვის და სხვა 4 მილიონი ახალემანსიპირებული შავკანიანი ამერიკელისთვის, მიწის ფლობის შესაძლებლობა თვითგამორკვევის იმედი იყო. მამაკაცისთვის მიწის ფლობა საზოგადოებრივ სტატუსს, გადასახადების გადახდას და ხმის უფლებას ნიშნავდა. ეს იყო შესაძლებლობა ქონების შეძენისა და დაგროვების, რომელსაც მემკვიდრეობით გადასცემდი.

დედაჩემის მშობლები, მემონი და ვილა, დეტროიტში დიდი მიგრაციის პირველ წლებში იმ იმედით გადასახლდნენ, რომ მიწის ფლობას კვლავაც შეძლებდნენ. 30-იანი წლების შუა ხანებში მათ 11 ცარიელი ნაკვეთი შეიძინეს როიალ-ოუკის ძირითადად შავკანიანებით დასახლებულ უბანში. ერთ-ერთ ნაკვეთზე მათ ორი სახლი ააშენეს – ერთი თავისთვის და შვილებისთვის, მეორე თავიანთი მშობლებისთვის. მას შემდეგ, რაც მემონი ნასვამმა მძღოლმა შეიწირა, ვილამ ავტოფარეხი ორ ბინად გადააკეთა და სამხრეთიდან ახალჩამოსულ შავკანიან მიგრანტებზე გაქირავება დაიწყო. ის არა მარტო მიწათმფლობელი იყო, არამედ ბინათმფლობელიც, რომელიც სხვა, უკეთესი ცხოვრების მაძიებელ შავკანიანებს თავშესაფარს სთავაზობდა.

STOCK_master-pnp-fsa-8c06000-8c06000-8c0ყანის თოხნა ალაბამაში

წლების განმავლობაში ვილა ცარიელ ნაკვეთებს ყიდდა, როდესაც ფული სჭირდებოდა ხოლმე, თუმცა ბოსტნისთვის ერთ ნაკვეთს ყოველთვის იტოვებდა. იგი საკუთარ  თავსა და ხუთ ქალიშვილს კვებავდა, ნაწილობრივ მაინც, თავისი მოყვანილი კომბოსტოთი, ლობიოთი და კეჟერათი. ეს იმას ნიშნავდა, რომ მას საკუთარი საარსებო წყარო ჰქონდა და არავისზე იყო დამოკიდებული.

ვილამ მიწათმფლობელობისადმი რწმენა დედაჩემს გადასცა, რომელმაც მასწავლებლის  მოკრძალებული ხელფასით ლოს-ანჯელესის გარშემო საკუთრება შეიძინა. დედა სულ მახსენებდა, რომ მიწათმფლობელობა ჩემი ოჯახის დნმ-ში იყო.

მადლიერი ვიყავი ჩემი მშობლების მონათხრობის და მათი სამხრეთული ფესვებისა. მათთან ერთად ბაღში მუშაობამ ახალი რაკურსიდან დამანახა ამ ხალხის ცხოვრება. მათ ესმოდათ, რომ, თუ საკუთარი თავის უზრუნველყოფა და წინსვლა სურდათ, მიწასთან ტრადიციულ კავშირს ვერ შეინარჩუნებდნენ. განსხვავებული არჩევანი უნდა გაეკეთებინათ. და მაინც, ისიც შესანიშნავად იცოდნენ, რომ მათი წინსწრაფვა  და მიზანდასახულობა სწორედ ნიადაგში დაიბადა.

ბებიაჩემი რომ მიწის ნაკვეთს ფლობდა, ჩვეულებრივი ამბავი არ იყო – მიწა სუვერენიტეტს, თავისუფლებას, დამოუკიდებლობას ნიშნავდა.

ახლა ჩემი ჯერი იყო, შევჭიდებოდი წარსულს და გამომეჭედა მიწასთან ჩემი განსაკუთრებული დამოკიდებულება. მე დავინახე, რომ ბაღი ჩემი გოგონებისთვის ბებიასა და პაპასთან ურთიერთობისა და წინაპრებთან დაკავშირების შესაძლებლობაა. მივხვდი, რომ პირველი ვარ ჩემს ოჯახში, ვისთვისაც მებაღეობა სრულიად განსხვავებულ როლს იძენდა. ჩემთვის ტალახის ჩიჩქნა ჰობი, დროის სასიამოვნოდ გატარება იყო. ბაღი დასვენებისა და განცხრომის ადგილი, მძლავრი მოგონებების წყარო გახლდათ. შავკანიანებისთვის მიწა ყოველთვის იქნება მტკიცება იმისა, თუ საიდან მოვედით და საით მივდივართ. მებაღეობა მცდელობაა, რომ გვახსოვდეს და დავივიწყოთ, წინ ვიყუროთ და წარსული გავიხსენოთ, მტკიცედ ვიდგეთ და წინ ვისწრაფოდეთ.

ნატალი ბაზილმა წინამდებარე ესეი მოამზადა თავისი ახალი წიგნის, „ჩვენ ერთმანეთის მოსავალი ვართ“, მიხედვით. მას, ასევე, ეკუთვნის რომანი „შაქრის დედოფალი“, რომელიც ავა დიუვერნეისა და ოპრა უინფრის მიერ არის ადაპტირებული ტელევიზიისთვის.

The post მიწის წარუშლელი მემკვიდრეობა appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

მიწა ძალზედ მნიშვნელოვანია  როგორც მისი მიწის აზომვა რომელიც ადამიანს  წარმატებაში დაეხმარება ისე როგორც ყოველთვის ეხმარებოდა.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share