Jump to content
×
×
  • Create New...

პედაგოგი: „მასწავლებლების აცრა მნიშვნელოვნად შეამცირებს კორონავირუსის შემთხვევებს სკოლებში და სასწავლო პროცესი აღარ შეფერხდება“


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია თითქმის ერთი თვეა დაიწყო. როგორც გადაწყვეტილების მიმღები პირები აცხადებენ, მედპერსონალისა და ხანდაზმულების შემდეგ დღის წესრიგში სკოლისა და ბაღების მასწავლებლების აცრა დადგება.

ამასთან დაკავშირებით მასწავლებლებს არაერთგვაროვანი რეაქცია აქვთ. თუმცა, იმუნიზაციის მოწინააღმდეგეების გარდა, არიან მასწავლებლები, რომლებიც აპირებენ, რომ პირველივე შესაძლებლობისთანავე ჩაიტარონ ვაქცინაცია. თავის გადაწყვეტილების მიზეზებზე მათ EDU.ARIS.GE-სთან ისაუბრეს.

„ჩვენი სკოლა უკვე მეორე კვირაა დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება, რადგან რამდენიმე მასწავლებელს და სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდათ. იძულებული გავხდით დისტანციური სწავლის გადაწყვეტილება მიგვეღო. ამ რეჟიმში უკვე ერთ წელზე მეტია ვიმყოფებით. ზიანდებიან მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც, სასწავლო პროცესიც ვერ უბრუნდება ნორმალურად მდგომარეობას, რაკი ისევ გვიწევს ფორმატი შევცვალოთ და გადავეწყოთ. ამ პირობებში კი, სწორად მიმაჩნია, მასწავლებლები ავიცრათ. ჩვენ ერთ-ერთ ყველაზე ფართო აუდიტორიასთან გვიწევს ურთიერთობა, უამრავ ბავშვთან, რომელთა უკანაც, თავის მხრივ, ოჯახები დგანან. ამიტომ ვფიქრობ, რომ მასწავლებლების აცრა მნიშვნელოვნად შეამცირებს კორონავირუსის შემთხვევებს სკოლებში და სასწავლო პროცესი აღარ შეფერხდება. შევძლებთ, რომ ეს სემესტრი საკლასო ოთახებში დავასრულოთ და უკვე ახალი სასწავლო წლიდან გამართულად, თამამად დავიწყოთ სასწავლო პროცესი. მე ვერ გავაკეთებ კომენტარს ჩემს კოლეგებზე, ვინც უნდობლადაა განწყობილი ვაქცინების მიმართ. ყველას აქვს საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება, მაგრამ ჩემს შემთხვევაში, სწორად მიმაჩნია, რომ ავიცრა და ამით ხელი შევუწყო ჩემს მოსწავლეებსა და მათ მშობლებს ცხოვრების ჩვეულ რიტმში დასაბრუნებლად“, – განაცხადა ცისანა მელაძემ.

ნანა კენჭოშვილი ჭიათურის ერთ-ერთი სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელია. როგორც ის აცხადებს, დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის განსაკუთრებულად რთული აღმოჩნდა პანდემიის პირობებში დისტანციურად სწავლა, განსაკუთრებით რეგიონში, სადაც ხშირად ექმნებათ ინტერნეტთან და კომპიუტერულ ტექნიკასთან წვდომის პრობლემა. ამას ემატება ისიც, რომ ბავშვებს მშობლისგან დამოუკიდებლად უჭირთ ონლაინ გაკვეთილებზე სრულფასოვნად დასწრების ორგანიზება. ამიტომ მიაჩნია, რომ აცრა გამოსავალია არსებული მდგომარეობიდან იმისათვის, რომ განათლების მიღების პროცესმა უწყვეტობა შეინარჩუნოს.

„პანდემიის დასაწყისში, ალბათ, ძნელად წარმოიდგენდა ვინმე, რომ ამდენი ხნის განმავლობაში დარჩებოდა ჩვენს ცხოვრებაში ონლაინ სწავლების პრაქტიკა. ორი-სამი თვე კიდევ შეიძლებოდა დისტანციურად სწავლების გავლენის უარყოფითი მხარეების გადაძლევა, მაგრამ ერთი წელია ამ რეჟიმში ვართ და სასწავლო პროცესი მაინც შეფერხებით მიმდინარეობს. მე წელს პირველი კლასი მყავს, ხან დისტანციურად უწევთ ბავშვებს, ხან სკოლაში და დაბნეულები არიან, ვერ ახერხებენ ასე სწრაფ-სწრაფად გადაწყობას ერთი რეალობიდან მეორეზე. ამიტომ, როცა მეკითხებიან გავიკეთებ თუ არა აცრას, ვპასუხობ რომ აუცილებლად, რადგან ეს არის საშუალება, რომ დავუბრუნდეთ ჩვეულ ცხოვრებას, ჩვეულ სწავლებას. ხშირად მესმის, რომ მასწავლებლებს ალბათ აიძულებენ, რომ აიცრანო. მაგრამ ეს ნამდვილად არ არის სიმართლე, ყველაზე მეტად მასწავლებლებს სურთ საკლასო ოთახებში უშუალო კონტაქტი ჰქონდეთ მოსწავლეებთან და ასე გაუზიარონ ცოდნა. ჯერ არანაირი დაზუსტებული ინფორმაცია, როდის ჩავერთვებით მასწავლებლები ვაქცინაციის პროცესში, არ გვაქვს“, – გვითხრა პედაგოგმა ნანა კენჭოშვილმა.

EDU.ARIS.GE ამავე თემაზე მშობლებსაც გაესაუბრა. მათი უმრავლესობა მიესალმება იმ ფაქტს, რომ მედპერსონალისა და ხანდაზმულების შემდეგ, დღის წესრიგში მასწავლებლების ვაქცინაცია დადგება.

თამარ მარიამიძე, სამი შვილის დედა: „ჩემი შვილები ხან ონლაინ სწავლობენ, ხან ისევ სკოლაში ბრუნდებიან. ეს კი ძალიან დამღლელია მშობლისთვის, მოსწავლისთვის და მასწავლებლისთვისაც. სიმართლე გითხრათ, ისევ დისტანციური სწავლის გაგონებაზე უკვე ნერვული შეტევა მეწყება. ამიტომ, მართებულად მიმაჩნია, რომ მასწავლებლების ვაქცინაცია პრიორიტეტულად წარიმართოს. მასწავლებლები არიან ის ხალხი, რომელთაც უამრავ ბავშვთან კონტაქტი უწევთ და ეს მათთვისაც საფრთხის შემცველია. ხომ შეიძლება მოსწავლე იყოს ინფიცირებული და გადასდოს მასწავლებელს. მოხარული ვიქნები, თუ ნებაყოფლობითობის პირობებში ბევრი იქნება ისეთი პედაგოგი, ვინც აიცრება“.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კორონავირუსზე ვაქცინაციის პროცესში სკოლების და ბაღების პედაგოგების ჩართვაზე საუბარი იყო და ეს საკითხი კიდევ უფრო გააქტიურდა მას შემდეგ, რაც ქვეყანაში შემოტანილი ვაქცინების რიცხვი გაიზარდა.

„იმუნიზაციის პროცესში პედაგოგების და ბაღების აღმზრდელების ჩართვაზე იყო წინა საბჭოზე საუბარი. ახლა, როცა ვაქცინების მარაგი ქვეყანაში გაიზარდა, ეს გახლავთ ე.წ ესენციური ჯგუფები, რომლებიც განიხილებოდა ასაკობრივი გაფართოების შემდგომ და ვფიქრობთ, რომ მეორე საბჭოზე ვიმსჯელებთ ჩვენ ამ საკითხზე და შესაბამის გადაწყვეტილებებს მივიღებთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ სპეციალურ ბრიფინგზე, სადაც საქართველოში შემოტანილი ჩინური ვაქცინის პრეზენტაცია შედგა.

ამავე თემაზე:

პედაგოგებისა და ბაღის აღმზრდელთა ვაქცინაციის დაწყებაზე საბჭო გადაწყვეტილებას მალე მიიღებს

„ვეცდებით დიდხანს შევინარჩუნოთ“ – თამარ გაბუნია სკოლებისა და ბაღების დახურვაზე

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share