Jump to content
×
×
  • Create New...

„მსოფლიოში ქართველებზე უფრო სტუმართმოყვარე ხალხი თუ არსებობდა, არ მეგონა“ – ილიაუნის სტუდენტის მონათხრობი


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

მარიამ ლაღუნდარიძე ილიაუნის ლიტერატურათმცოდნეობის პროგრამის ბაკალავრია. ამბობს, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა მისცა საშუალება, მიეღო ზოგადი განათლება, ინტერდისციპლინური სწავლების მეთოდების დახმარებით, დაეგროვებინა ცოდნა მისთვის საინტერესო ყველა მიმართულებით. მისი თქმით, ლიტერატურული ტექსტები საშუალებაა, მათ მიღმა სოციალური, ისტორიული თუ პოლიტიკური კონტექსტების გასააზრებლად, რაც არსებული რეალობის უკეთ გაგებაში ეხმარება.

“უნივერსიტეტის მიღმა ჩემი საქმიანობა მოხალისეობრივი აქტივობებითაა სავსე. დაინტერესებული ვარ ჟურნალისტიკითა და ზოგადად ქართული მედიით. ამ მხრივ, ჩემი ყველზე საინტერესო გამოცდილება იყო მედიის განვითარების ფონდში გავლილი კურსი – ვისწავლე fake news-ების ამოცნობა და დავწერე რამდენიმე სტატია რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ. გარდა ჟურნალისტიკისა, მაინტერესებს პოლიტიკა. უკანასკნელი წლების მოვლენებიდან გამომდინარე, ვთვლი, რომ სოციალური მოვლენების სწორად წარმართვისთვის, აუცილებელია ახალგაზრდების პოლიტიკაში ჩართულობა. ჩემი, როგორც მოქალაქის, უფლება-მოვალეობების შესახებ ინფორმაციის მიღებაში დამეხმარა ადენაუერის ფონდი, რომელთან თანამშრომლობის შედეგად, ნათლად დავინახე, თუ როგორ მუშაობენ ქართული პოლიტიკური სისტემები და როგორ შეიძლება მივაწვდინო ჩემი ხმა მთავრობას.

გარდა საგანმანათლებლო და შემეცნებითი ინტერესებისა, ჩემი ყველაზე დიდი გატაცებაა ლაშქრობა. საქართველოს შემოვლა ოთხი წლის წინ დავიწყე და პირველივე გასვლის შემდეგ ბუნებაზე დამოკიდებული გავხდი. ვთვლი, რომ საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქვეყანაა და ყოველი ლაშქრობის შემდეგ მაქვს განცდა, რომ წინ ბევრად უკეთესი გამოცდილება მელის.

გაცვლითი პროგრამის საბუთების შევსების დღიდან სამშობლოში დაბრუნებამდე პერიოდი სავსე იყო სირთულეებითა და გამოწვევებით, რომელთა გადალახვამაც პიროვნულად გამზარდა. თუკი აქამდე მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმისას ან კრიტიკულ სიტუაციაში ყოველთვის სხვა ადამიანების დახმარება მჭირდებოდა, ახლა ყველანაირი პრობლემის დამოუკიდებლად გადაჭრას ვახერხებ. საზღვარგარეთ ცხოვრების ოთხთვიანმა გამოცდილებამ მასწავლა, რომ მთავარია პრობლემის სწორად გააზრება და გამოსავალს ყოველთვის მარტივად მიაგნებ.

რაც შეეხება აკადემიურ ცოდნას, მოვახერხე ისეთი ლიტერატურული და სამეცნიერო წყაროების მოძიება, რომლებიც ჩემთვის აქამდე ხელმისაწვდომი არ იყო. ლიმერიკის გლუკსმანის ბიბლიოთეკა ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბიბლიოთეკაა, რომელიც მკითხველებს ციფრულ მომსახურებას სთავაზობს. სასწავლო სემესტრის დასრულების შემდეგ, თითქმის ყოველ დღე ვსარგებლობდი ბიბლიოთეკით და შევაგროვე საინტერესო მასალები, რომელთა გამოყენებასაც საბაკალავრო ნაშრომის დაწერისათვის ვაპირებ.

ილიაუნისა და ლიმერიკის უნივერსიტეტების სწავლების მეთოდებს შორის თითქმის არანაირი განსხვავება არ არის. მეტიც, ორივე უნივერსიტეტი მსგავს მიდგომებს იყენებს. როგორც ჩვენთან, ლიმერიკშიც ლექტორები ორიენტირებულნი იყვნენ ტექსტების სიღრმისეულ გააზრებასა და დისკუსიების საშუალებით გაგებაზე. სხვათა შორის, ორივე უნივერსიტეტი იყენებს ერთსა და იმავე საიტს დავალებების ასატვირთად და შესამოწმებლად. ამიტომაც, ჩემთვის ამ მხრივ ინოვაციური არაფერი ყოფილა. უნდა აღინიშნოს, რომ რაღაც ასპექტებში პრიორიტეტს მშობლიურ უნივერსიტეტს მივანიჭებდი. მაგალითად, ვთვლი, რომ სტუდენტების განათლების დონე და დისკუსიების ხარისხი აქ უფრო მაღალია, ვიდრე მასპინძელ უნივერსიტეტში.
განსხვავება ლიმერიკისა და ილიაუნის უნივერსიტეტებს შორის არის ირლანდიის უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურული უპირატესობა – ლექციების შემდეგ შემეძლო სხვადასხვა სპორტული აქტივობით დაკავება. მაგალითად, ხშირად ვცურავდი და უნივერსიტეტში მისასვლელად ყოველდღე ვიყენებდი ველოსიპედს, რაც იქაური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

მსოფლიოში ქართველებზე უფრო სტუმართმოყვარე ხალხი თუ არსებობდა, არ მეგონა. ირლანდიელებმა სტუმართმოყვარეობით ნამდვილად გამაოცეს. ყველაზე საინტერესო ადამიანი, რომელიც, სრულიად შემთხვევით, ველოსიპედით სეირნობისას გავიცანი, ჩემი მეზობელი მოხუცი ბრაიანი აღმოჩნდა. ბრაიანმა ბევრი რამ იცოდა საქართველოზე და როცა მასთან სტუმრად მივდიოდი, ხშირად ვლაპარაკობდით ირლანდიისა და საქართველოს ისტორიული გამოცდილებების მსგავსება-განსხვავებებზე. მისი მოგზაურობის ისტორიები ჩემთვის ნამდვილად საინტერესო მოსასმენი და ამავდროულად ინსპირაციული იყო.

ყველაზე საინტერესო კურსი, რომელმაც კიდევ უფრო მეტად დამაფიქრა მასწავლებლის პროფესიის არჩევაზე, ეს იყო „განათლების თანამედროვე გაგება და გააზრება”. კურსის განმავლობაში თითქმის ყოველ კვირას ვუსმენდით განათლების სფეროში დასაქმებულ წარმატებულ ლექტორებსა და მასწავლებლებს, რომლებიც თავიანთ განათლების ფილოსოფიას გვიზიარებდნენ. განათლების სხვადასხვა თეორეტიკოსის მოსაზრებების გაცნობისა და განათლების სხვადასხვა სისტემაზე მსჯელობის შემდეგ, დავრწმუნდი, რომ ეს ის სფეროა, სადაც ჩემს თავს მომავალში ვხედავ.

ყოველთვის, როცა ირლანდიაში ყოფნაზე დავფიქრდები, დუბლინში ჩემი მარტო გამგზავრების ისტორია მახსენდება. მიუხედავად იმისა, რომ დუბლინი ჩემი საცხოვრებელი ქალაქიდან საკმაოდ მოშორებით (3 საათის სავალზე) მდებარეობდა, გამოცდების შემდეგ, გადავწყვიტე სპექტაკლის სანახავად მარტო წასვლა და ქალაქის დათვალიერება, მაგრამ უამინდობის გამო დუბლინში თავიდან ფეხებამდე სველი ჩავედი. ისეთი საშინელი წვიმა იყო, ტურისტებიც კი არ მოძრაობდნენ. ქალაქის დათვალიერება შეუძლებელი აღმოჩნდა და ამიტომაც მაკდონალდსში გაცნობილ ინტერნაციონალურ ჯგუფს შევუერთდი და მათთან ერთად გავატარე დრო.
საღამოს თეატრის მიგნება ცოტა გამიჭირდა და ქუჩაში მისამართს ვკითხულობდი, მოხუცმა ქალმა გამაჩერა და როცა გაიგო, სად მივდიოდი, გამომელაპარაკა. თეატრზე, ხელოვნებასა და წიგნებზე ბევრი ლაპარაკის შემდეგ, თავისთან დამპატიჟა. დღემდე არ მჯერა, რომ ასე ქუჩაში გაცნობილ უცხო ადამიანს მენდო, შემიფარა, გამათბო და საინტერესო ისტორიებს მომიყვა.
დამშვიდობებისას სამახსოვროდ წიგნი მაჩუქა და ბოლოს თეატრის შენობამდეც მიმაცილა. სწორედ მაშინ ვიგრძენი, რომ დუბლინი, რომლის შესახებაც ჯოისი დაუჯერებელ ამბებს წერდა, თურმე ნამდვილად არსებობს.

არასოდეს იფიქროთ, რომ პროგრამისთვის გათვალისწინებულ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებთ! თუ არ გჯერათ, იცოდეთ, რომ გასაუბრებაზე ინგლისურის B1 დონით გავედი”, – გვიყვება ილიაუნის ერთ-ერთი გამორჩეული სტუდენტი, მარიამ ლაღუნდარიძე.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share