Jump to content
×
×
  • Create New...

გაუფასურებული ლარი და გაზრდილი კომუნალურები: წარმოება გაკოტრების წინაშე


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

ენერგომატარებლების ტარიფის ზრდამ და ლარის გაუფასურებამ ადგილობრივ წარმოებას ფინანსური პრობლემები შეუქმნა. თითქმის მთლიანად იმპორტირებულ ნედლეულზე დამოკიდებულ წარმოებას პროდუქციის თვითღირებულება გაეზარდა. პროდუქციის გაძვირება იწვევს რეალიზაციის პრობლემას. განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაშია მცირე და საშუალო ბიზნესი, რომელსაც წარმოების შესანარჩუნებლად ფინანსური რესურსი ეწურება.

ნედლეულის უცხოურ ვალუტაში შესყიდვის გამო ხარჯები გაეზარდა კომპანია ნატახტარს. ლარის გაუფასურებამ გააძვირა ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის საფასურიც, რასაც წარმოება დიდი ოდენობით მოიხმარს.

ალაოს, რომელიც ნომერ პირველი ნედლეულია, ევროზე ვყიდულობთ. აგრეთვე, იმპორტით შემოგვაქვს შესაფუთი მასალები, შუშის ჭურჭელი. ბუნებრივი აირის ფასი, რომელსაც პირდაპირ მომწოდებლისგან ვიღებთ, დოლარში არის დაფიქსირებული. ჩვენ მარეგულირებელი კომისიის დადგენილი ტარიფით კი არ ვიხდით, არამედ, დოლარზე მიბმული ფასით. ამას ემატება ელექტროენერგიის ტარიფი, რომელიც ჩვენთვის 90%-ით გაძვირდა და წელს დაახლოებით 1.5 მილიონი ლარით მეტი უნდა გადავიხადოთ. ეს ყველაფერი იწვევს თვითღირებულების გაზრდას, რაც პროდუქციის საცალო ფასში აისახება.

ნატახტარი ლუდისა და ლიმონათის ყველაზე დიდი ექსპორტიორია. უცხოეთში გაყიდვების მეშვეობით შემოდის დოლარი და ფასებს ამით ვაბალანსებთ. ამიტომ პროდუქცია ჯერ არ გავაძვირეთ. თუმცა, თვითღირებულების გაზრდის გამო საცალო ფასის გაზრდა აუცილებლად მოგვიწევს, – ამბობს Business Feed-თან საუბარში კომპანია ნატახტარის კორპორაციულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.

127914546_2044490255686630_5595368846387სანდომი / Facebook.com

კომუნალური გადასახადების გაზრდა საწარმოო დანახარჯებზე პირდაპირპროპორციულად აისახა. გაძვირდა ნედლეულიც, განსაკუთრებით, შოკოლადის ცხიმი და თხილი. გაგვიძვირდა ევროპული შაქარიც, რომელსაც ასევე ვიყენებთ წარმოებაში. ამის მიუხედავად, პროდუქციას ვერ ვაძვირებთ, რადგან მომხმარებლის მყიდველუნარიანობა შემცირებულია პანდემიისა და უმუშევრობის გამო. ჩვენი კომპანია ყოველწლიურად 15-20%-ით ფართოვდებოდა, მაგრამ ახლა არ ვიცით, მომავალში რა იქნება. გათვლებს ვერ ვაკეთებთ, რადგან არ ვიცით, ლარის კურსი როგორ შეიცვლება, – გვითხრა საბა მამალაძემ, კომპანია სანდომის გაყიდვების სამსახურის ხელმძღვანელმა. 

მეფრინველეობის საწარმო კუმისის დამფუძნებელი და მეფრინველეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ზურაბ უჩუმბეგაშვილი ამბობს, რომ წარმოება კატასტროფის წინაშე დგას:

დავიქეცით. ყველაფერი გაგვიძვირდა, რასაც უცხოეთში ვყიდულობთ. საქართველოში სანაშენე ფრინველი არ იწარმოება. ერთი დღის წიწილა გერმანიიდან, ჰოლანდიიდან ან თურქეთიდან შემოდის. ასევე, იმპორტირებულია შესაფუთი მასალების დიდი ნაწილიპატარა ყუთები, სადაც კვერცხს ვალაგებთ, აგრეთვე, ცელოფანი, რაშიც გაყინული ქათამი თავსდება.

ხორბალი, რასაც ფრინველის საკვებად ვიყენებთ, თითქმის 100%-ით საქართველოში უცხოეთიდან შემოდის. სიმინდის უმეტესი ნაწილიც, ასევე, იმპორტირებულია. ზეთი, რასაც ფრინველის საკვებ რაციონში ვიყენებთ, საქართველოში არ იწარმოება. ასევე, საკვებ დანამატებს, ვიტამინებს, მინერალებს, ყველა სახეობის ვაქცინას, რომელიც წიწილას პირველი დღეებიდან აუცილებლად უნდა მივცეთ, ასევე, უცხოეთში ვყიდულობთ.“

ენერგომატარებლებზე ტარიფის ზრდამ რამდენად იმოქმედა თქვენს წარმოებაზე?

როგორც იცით, ფრინველისთვის აუცილებელია ტემპერატურული რეჟიმის დაცვა. შესაბამისად, წარმოება დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას მოიხმარს. ენერგომატარებლებზე ჯერჯერობით სუბსიდირების პროგრამა მოქმედებს და ამის ხარჯზე პროდუქცია მხოლოდ ნაწილობრივ გავაძვირეთ. ივლისიდან, როცა სუბსიდიის ვადა ამოიწურება, რა გვეშველება, არ ვიცი.

გამოდის, რომ თქვენი წარმოება განსაკუთრებით დაზარალდა…

დიახ, ჩვენ ყველაზე ცუდ დღეში აღმოვჩნდით. ჯერ დოლარის კურსმა, შემდეგ პანდემიით გამოწვეულმა შეზღუდვებმა, დიდი დარტყმა მოგვაყენა. როგორც იცით, სასტუმროებში კვერცხი დილის საუზმის განუყოფელი ნაწილია. მათმა დახურვამ კვერცხზე შეამცირა მოთხოვნა და პროდუქციის რეალიზაციის პრობლემა შეგვექმნა. წარმოება რომ გადაგვერჩინა, იძულებული გავხდით, ფრინველი დაგვეკლა. ამის მიუხედავად, საწარმოო ხაზების რაოდენობა აღარ შევამცირეთ, რადგან თანამშრომლებს სამსახურიდან ვერ დავითხოვდით. შესაბამისად, პროდუქციის თვითღირებულება გაგვეზარდა. საწვავის ფასის ზრდამ ტრანსპორტირებაც გააძვირა. პროდუქცია მაღაზიამდე ხომ უნდა მივიტანო? ძალიან ცუდ დღეში აღმოვჩნდით.

გამოსავალს რაში ხედავთ? რა ღონისძიებები უნდა გაატაროს მთავრობამ წარმოების დასახმარებლად?

– გამოსავალს ვხედავ იმაში, რომ მთავრობამ, ბოლოს და ბოლოს, ჩამოაყალიბოს ისეთი ეკონომიკური კურსი, რომ ქართული ნედლეული გვქონდეს და გარეშე ფაქტორებზე არ ვიყოთ დამოკიდებული. არ გვჭირდებოდეს ხორბლის შემოტანა რუსეთიდან, უკრაინიდან. მარცვლოვანი და ზეთოვანი კულტურები ადგილზე იწარმოებოდეს. წარმოებას დაეხმარონ ტექნოლოგიურ განვითარებაში. სანაშენე ფრინველის გამოყვანა საქართველოში ხდებოდეს. ყუთები თურქეთიდან და ირანიდან რატომ უნდა შემოდიოდეს? რაღაც ხომ უნდა გვქონდეს ჩვენი, საკუთარი. მართალი გითხრათ, გამოსავალს ვერ ვხედავ. ერთი კომპონენტი რომ იყოს გაძვირებული, ფასებს მეორე კომპონენტის ხარჯზე შევინარჩუნებდით, მაგრამ ყველაფერი ერთბაშად გაძვირდა. კატასტროფის წინაშე ვართ.

თუ ადგილობრივი საწარმოების პროგნოზებს გავითვალისწინებთ, დიდი ალბათობით, მომდევნო თვეებში ქვეყანაში სამომხმარებლო ფასები კიდევ მოიმატებს, რაც ისევ დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეების ჯიბეზე აისახება და მათ კიდევ უფრო გაღარიბებას გამოიწვევს.

The post გაუფასურებული ლარი და გაზრდილი კომუნალურები: წარმოება გაკოტრების წინაშე appeared first on BusinessFeed.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share