Jump to content
×
×
  • Create New...

„ეს მხოლოდ დასაწყისია“ – ევროპარლამენტარები საქართველოს ფინანსური დახმარების შეჩერებაზე


Recommended Posts

  • ფორუმელი

„ყველა პოლიტიკური ჯგუფი შეთანხმდა იმაზე, რომ დროა, პირობითობის პრინციპი ამოქმედდეს“ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის დახმარების გამოყოფასთან დაკავშირებით, განაცხადა ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა 7 აპრილს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ვიდეოფორმატში გამართული დისკუსიის დროს.

მისი თქმით, ეს ნაბიჯი საჭირო გახდება, თუ ისინი ვერ დაინახავენ ქართული მხარის პოლიტიკურ მზადყოფნას, რომ ევროკავშირის მიერ მათი რეფორმებისა და ინტეგრაციის კურსის მხარდაჭერას უპასუხონ.

ამ განცხადებას წინ უძღოდა ქართული ოცნების ზოგიერთი წარმომადგენლის კომენტარები, რომელთაც აღნიშნეს, რომ წამყვანი ევროპარლამენტარების მიერ 1 აპრილს გავრცელებული წერილი მხოლოდ „ექვსი ან შვიდი“ ევროპარლამენტის მოსაზრებას ასახავდა. წერილის თანახმად, ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის ჩაშლილი მოლაპარაკების გამო ევროპარლამენტი დააყენებს საკითხს საქართველოსთვის დამატებითი დახმარების გამოყოფის შეჩერების შესახებ. კანონმდებლების თქმით, ევროპარლამენტი ასევე მოითხოვს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის მაკროფინანსური და საბიუჯეტო დახმარებათა პროგრამებზე პირობითობის პრინციპის გაზრდას.

დღევანდელი დისკუსიის დროს ევროპარლამენტარ კალიურანდს 1 აპრილის წერილის კიდევ ერთი ხელმომწერი ანდრიუს კუბილიუსი დაეთანხმა. აღნიშნა რა, რომ განცხადებას ევროპარლამენტის სხვადასხვა ჯგუფებისა და დელეგაციების წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი, კუბილიუსმა თქვა, რომ „თუ ამ ტიპის განცხადებას ასეთი ჯგუფი აქვეყნებს, ჩვეულებრივ, მას ევროპარლამენტის უმრავლესობა უჭერს მხარს“.

კუბილიუსმა ასევე განაცხადა, რომ „ან საქართველო მოაგვარებს კრიზისს“ ან „მას მოუწევს გარკვეული საფასურის გადახდა“. მან გაიხსენა, რომ ადრე ევროკავშირმა პირობითობის პრინციპი მოლდოვას შემთხვევაში გამოიყენა.

„იმდენ ხანს ვითმინეთ, რომ, ფაქტობრივად, ცოტა დაგვავიანდა განცხადების გაკეთება“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონ-ტუბადელმა დღევანდელი დისკუსიის დროს და დასძინა, რომ „ეს მხოლოდ დასაწყისია“. ვიოლა ფონ კრამონ-ტუბადელი, რომელიც ცოტა ხნის წინ თბილისს სტუმრობდა, ასევე იყო 1 აპრილის განცხადების ხელმომწერი.

„ევროპა უსასრულოდ ვერ შემოგთავაზებთ მაღალი დონის ვიზიტებს და მედიაციას“, – განაცხადა კალიურანდმა იმ ფონზე, როდესაც ევროპარლამენტარებმა საქართველოში კრიზისის მოგვარების საქმეში ბრიუსელის მზადყოფნა გამოხატეს.

ასევე წაიკითხეთ:

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

ევროპარლამენტარები ქართველი პოლიტიკოსებისთვის განმარტავენ 1 აპრილს მიღებული ერთობლივი დეკლარაციის არსს, სადაც ფინანსური დახმარების შეჩერების მოთხოვნაზეც წერდნენ და აცხადებენ, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის პოვნაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ როგორც მმართველ ძალას, ისე ოპოზიციურ პარტიებს.

„საქართველო ან აგვარებს თავის პოლიტიკურ კრიზისს ევროკავშირის უმაღლესი ლიდერების რჩევით, ელჩ დანიელსონის წინადადებით, ან საქართველო გადაიხდის გარკვეულ საფასურს, რადგან მის პოლიტიკურ პარტიებს, მის პოლიტიკური ლიდერებს არ შესწევთ უნარი მოაგვარონ კრიზისი. აქ ახალი არაფერია. პირობითობა არ არის ახალი კონცეფცია“ - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა ლიეტუვიდან, ანდრიუს კუბილიუსმა 7 აპრილს „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ მიერ ორგანიზებული ონლაინ-დისკუსიის დროს.

პარტიებმა ჩათვალეს, რომ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ განსაკუთრებული ყურადღება შეუძლიათ არა საქართველოს, არამედ თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენონ

კუბილიუსის თქმით, როგორც საქართველოს მმართველ პარტიაში, ისე ოპოზიციაში არის „პოლიტიკური ლიდერობის კრიზისი“, რადგან ორივე მხარეს არიან ფორმალური ლიდერები და არაფორმალური, ყოფილი ლიდერები, რომლებიც კვლავაც შორს არ დგანან პროცესებში ჩართულობისგან, რაც ართულებს პარტიების მიერ კრიზისის მოსაგვარებლად ნაბიჯების გადადგმას.

ლიეტუველი დეპუტატის შეფასებით, როგორც „ქართულ ოცნებაში“, ისე ოპოზიციაში არასწორად აღიქმება ევროკავშირის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ:

“პარტიებმა ჩათვალეს, რომ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ განსაკუთრებული ყურადღება შეუძლიათ არა საქართველოს, არამედ თავიანთი პარტიების სასარგებლოდ გამოიყენონ“.

ევროპარლამენტის გერმანელმა დეპუტატმა, ვიოლა ფონ კრამონმა ხაზი გაუსვა იმას, რომ მის პარტიას არ ჰყავს პარტნიორი პარტია საქართველოში და მისი პოზიცია დაცლილია პარტიული მიკერძოებისგან. ფონ კრამონის შეფასებით, საქართველო დღეს ძალიან შორს არის ევროკავშირის წევრობისგან და მას ეს შთაბეჭდილება ბოლო წლებში განვითარებულმა მოვლენებმა და საქართველოში არაერთმა ვიზიტმა შეუქმნა:

„ყველაფერი მნიშვნელოვნად შეიცვალა ბოლო წლებში. გადაწყვეტილებების მიღების პროცესი მთავრობაში, პარლამენტში ნამდვილად არ არის მკაფიო. ბევრი სტრუქტურა არ არის ისეთი მკაფიო, როგორიც მანამდე იყო.

ვეჭვობ, ვიყოთ იმ წერტილში, როცა გაწევრიანებაზე განაცხადი შეიძლება სერიოზულად იყოს აღქმული, თუნდაც ევროპარლამენტის მიერ

ევროკავშირში გაწევრიანების მიზანი ნამდვილად მნიშვნელოვანია, მაგრამ არ არსებობს ამ მიზნის მიღწევის გაგება და კონცეფცია. როცა საპასუხისმგებლო თანამდებობებიდან ყრი ყველაზე პროევროპულ, ყველაზე პროტრანსატლანტიკურ ფიგურებს, მოდით ვთქვათ, ძალიან რთულია იმის აღიარება, რომ შენ ამ მიზანს სერიოზულად უყურებ და ეს არის სერიოზული თემა, რომლის მიღწევაც შეგიძლია. ანუ, მე მართლა მომწონდა, აწ უკვე ყოფილი ელჩი ბრიუსელში - ნატალი [საბანაძე]. მან მართებულად დაწერა, რომ მხოლოდ ლაპარაკი ევროკავშირისკენ სწრაფვაზე არ არის საკმარისი და რომ ამისთვის გარკვეული ქმედებებიც უნდა განახორციელო. ჩემი აზრით, რისი ნაკლებობაც არის დღეს, ეს არის მინიმუმ რეალური მოქმედება.

იმდენი ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადება მოვისმინეთ „ქართული ოცნებისა“ და მთავრობის წარმომადგენლებისგან, აგრეთვე არის ადამიანების ხშირი ცვლა სამინისტროებში - ისინი მოდიან და მიდიან, რომ რთულია მართლაც დაინახო საქართველოს მსხვილი პარტიის სტრატეგია ამ მიზნის მიღწევის.

თუკი ევროკავშირში ინტეგრაცია სერიოზული განზრახვაა, ის უნდა იქცეს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების ძირითად ფაქტორად

ასე რომ, რა თქმა უნდა, როგორც ვთქვი, ჩვენ ვისურვებდით სხვა მიმართულებით მავალი საქართველოს დანახვას, მაგრამ ახლანდელი მდგომარეობით, ნება, რომ რეალურად იმოქმედოს - ძალაუფლება გაანაწილოს, რომ ოპოზიციასა და საქართველოს ხალხსაც ეთქმოდეს სიტყვა, [არ ჩანს]. უნდა ვთქვა, რომ ვეჭვობ ვიყოთ იმ წერტილში, როცა გაწევრიანებაზე განაცხადი შეიძლება სერიოზულად იყოს აღქმული, თუნდაც ევროპარლამენტის მიერ. ეს არის ჩემი პირადი შეფასება. შეიძლება ჩემს კოლეგებს სხვა რამის თქმა სურდეთ“, - აცხადებს ვიოლა ფონ კრამონი და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ოპოზიციის ბოიკოტს საფუძველშივე არ იწონებდა და დღესაც ოპოზიციონერი დეპუტატების პარლამენტში შესვლას ემხრობა.

ანდრიუს კუბილიუსი ერთი მხრივ მიესალმება საქართველოს მმართველი პარტიის განცხადებას 2024 წელს ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანებაზე ოფიციალური განაცხადის წარდგენის განზრახვას, მეორე მხრივ კი, თვლის, რომ შექმნილ ვითარებაში, სწორედ ეს საკითხი წარმოადგენს ლაკმუსის ტესტს ორივე პოლიტიკური მხარისთვის:

„თუკი ეს [ევროკავშირში ინტეგრაცია] სერიოზული განზრახვაა, ის უნდა იქცეს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების ძირითად ფაქტორად - როგორ გამოვიდნენ ამ კრიზისიდან და როგორ გააკეთონ ყველაფერი, რაც საჭიროა, და საჭიროზე მეტიც, იმისთვის, რომ 2024-ში აჩვენონ, რომ საქართველო არის სრულყოფილი ქვეყანა დემოკრატიის სიმწიფით, მართლმსაჯულების პოლიტიზაციისგან და იმ პრობლემებისგან თავისუფალი, რომლებსაც ჩვენ ვთვლით ძალიან დამაზიანებლად საქართველოსთვის.

ჩემი რეცეპტი იქნება ძალიან მარტივი: უერთგულეთ გაწევრიანებაზე განაცხადის წარდგენის იდეას, მაგრამ გააკეთეთ საქმე და დაიწყეთ მისი კეთება ამ წუთიდან!

ასე რომ, ეს არის, რასაც ჩვენ მოველით. თუმცა, სამწუხაროდ, დღესდღეობით ვერ ვხედავთ მტკიცებულებას უპირველესად მმართველი ძალისგან, მაგრამ ვერც ოპოზიციისგან, რომ სერიოზულად უყურებენ 2024-ში გაწევრიანებაზე ოფიციალური მოთხოვნის წარდგენას.
თუკი ასე გაგრძელდება, ეს ძალიან დააზიანებს არა მხოლოდ მმართველ ძალას ან ოპოზიციას, არამედ საქართველოს. ვინ დაიჯერებს, რომ საქართველო სერიოზულია თავის ევროპული ინტეგრაციის მხარდამჭერ განცხადებებში?..“
.

რადიო თავისუფლების შეკითხვაზე, რა იქნებოდა ევროპარლამენტარების რეკომენდაცია საქართველოს პარტიებისთვის მათ მიერვე დათქმული „წითელი ხაზებიდან“ დისტანცირებისთვის, ანდრიუს კუბილიუსი პასუხობს:

„ჩემი რეცეპტი იქნება ძალიან მარტივი: უერთგულეთ გაწევრიანებაზე განაცხადის წარდგენის იდეას, მაგრამ გააკეთეთ საქმე და დაიწყეთ მისი კეთება ამ წუთიდან! როგორც გითხარით, ეს არის ლაკმუსის ტესტი - შეგიძლიათ ამის გაკეთება, თუ უბრალოდ ლაპარაკობთ ინტეგრაციის მიზანსა და სტრატეგიაზე და არაფერს აკეთებთ რეალური საქმისთვის?

როცა უკან ვიხედები, ჩვენი საკუთარი - ბალტიის ქვეყნების გამოცდილებისკენ (მარინასთან [კალიურანდი] ერთად შემიძლია ამაზე ვიმსჯელო), როგორი იყო ჩვენი ინტეგრაცია, მახსენდება, რომ ჩვენ - ლიეტუველებს ყოველთვის გვშურდა ესტონელების მათი სიმშვიდის გამო, საკუთარ თავს იტალიელებს ვადარებდით. მე ვამბობდი, რომ ლიეტუველები ჩრდილოელი იტალიელები ვართ. ძალიან ემოციურები ვიყავით და ძალიან ადვილად შევდიოდით ყველა შესაძლო პოლიტიკურ კრიზისში. მაგრამ, რაც ნამდვილად გვეხმარებოდა, იყო ის, რომ გვქონდა ევროინტეგრაციის მიზანი. ევროკავშირი გვაძლევდა სიგნალს, რომ გაგვიღებდა კარს. ესტონელები, როგორც ყოველთვის, ჩვენზე წინ გარბოდნენ. ჩვენ გვშურდა და ეს გვეხმარებოდა გადაგველახა ყველანაირი პოლიტიკური კრიზისი, რომლის წინაშეც აღმოვჩნდით. ეს არის ჩემი რჩევა საქართველოს პოლიტიკური პარტიებისთვის: სერიოზულად მიუდექით თქვენს მიზანს ინტეგრაციაზე 2024-ში თუ როცა იქნება, იყავით სერიოზულები და ეს გახდება პოლიტიკურ ცხოვრებაში პოლარიზაციის შესუსტების საფუძველი.

შექმნილ ვითარებაში ვერ ვხედავ სხვა გამოსავალს, ორივე მხრიდან არაპოპულარული კომპრომისების გარდა


თუ შეიძლება, გახსოვდეთ, რომ პოლიტიკური თემის უკან დგას საზოგადოება, რომელიც, როგორც ვხედავთ, ნამდვილად მუშაობს საქართველოს პროგრესისთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“.

ევროპარლამენტის ესტონელმა დეპუტატმა ანდრიუს კუბილიუსის მიერ წამოწყებული თემა გააგრძელა და ასე უპასუხა რადიო თავისუფლებას:

„ეს იყო ჩვენი მეგობრული კონკურენცია, რამაც ერთად მიგვაახლოვა ევროკავშირთან და ნატოსთან. ჩვენ დღემდე ვეჯიბრებით ერთმანეთს ისე, რომ მუდმივად ვგრძნობთ კისერში ერთმანეთის სუნთქვას და ეს კარგია.
როგორ გადავლახოთ წითელი ხაზები? ჩემი რჩევა სულ ერთი და იგივე იყო - ზოგჯერ უნდა მიიღო არაპოპულარული პოლიტიკური გადაწყვეტილებები!

ზოგჯერ შენი სახელმწიფოს ინტერესები უნდა დააყენო პარტიის ინტერესებზე მაღლა!

ეს არ არის ადვილი, არ არის პოპულარული, მაგრამ შექმნილ ვითარებაში ვერ ვხედავ სხვა გამოსავალს, ორივე მხრიდან არაპოპულარული კომპრომისების გარდა და კომპრომისებზე შეთანხმების დაცვას ორივე მხარის მიერ“.

საარჩევნო თუ მართლმსაჯულების რეფორმა, არ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მიერ

მარინა კალიურანდი, აცხადებს, რომ „ევროკავშირი არასდროს შეაქცევს ზურგს საქართველოს“, ვიდრე საქართველო იდგება დემოკრატიული რეფორმების გზაზე და ვიდრე საქართველოს ხალხი გამოხატავს ევროკავშირში ინტეგრაციის ნებას:

„ეს არ არის ლოზუნგი. საქართველოს ხალხმა გამოხატა თავისი ნება ისევე, როგორც უკრაინის ხალხმა გამოხატა თავისი ნება და ამიტომაც ვუჭერთ მათ მხარს. ჩვენ მხარს ვუჭერთ სამოქალაქო საზოგადოებას, თავისუფალ მედიას. სწორედ ამიტომ იდგება ევროკავშირი თქვენს გვერდით! მაგრამ, გარკვეული შეზღუდვებით და პირობებით. რამდენად შორს შეიძლება ეს წავიდეს? აქ მინდა კრიტიკული ვიყო ევროკავშირის მიმართ: თუ გახსოვთ, რამდენიმე კვირის წინ ჩატარდა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომა ბრიუსელში. წაიკითხეთ განცხადებები. ისინი შესანიშნავი იყო, ყველაფერი ფანტასტიკურად იყო, უზარმაზარი წარმატება! თქვენ უნდა ისწავლოთ კითხვა ევროკავშირის განცხადებების სტრიქონებს შორის. სამწუხაროდ, ევროკავშირის განცხადებები არ არის ყოველთვის ისეთი გულწრფელი და ღია, როგორებიც ჩვენ ვართ დღევანდელ დისკუსიაში. ასე რომ, ევროკავშირს აქვს თავისი ენა და სამწუხაროდ, ევროკავშირის ხელმძღვანელობა ყოველთვის არ გამოხატავს შეშფოთებას ისე, რომ ეს ყველასთვის გასაგები იყოს. ესაა ჩემი კრიტიკა ევროკავშირის მიმართ და ამასვე ვგრძნობდით, როცა ჩვენ ვიყავით ასოცირების შესახებ მოლაპარაკებებში ევროკავშირთან“.

მარინა კალიურანდმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ ევროკავშირი არასდროს უკარნახებს საქართველოს კონკრეტულად რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მან კრიზისიდან გამოსასვლელად:

„ეს თქვენი პოლიტიკური პარტიების გადასაწყვეტია. თქვენი პოლიტიკური ლიდერების მოსაძებნია კომპრომისი და ჩვენ მხარს დავუჭერთ კომპრომისს, თუკი მას მხარს უჭერს ყველა პოლიტიკური პარტია. ასეთია ვითარება. ჩვენ ვერ შემოგთავაზებთ გამოსავალს, ის უნდა გადაწყვიტონ თქვენმა პოლიტიკურმა ლიდერებმა“.

ესტონელმა პოლიტიკოსმა შეაქო საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება:

„ვეთანხმები მოსაზრებას, რომ მნიშვნელოვანი რეფორმები, იქნება ეს საარჩევნო თუ მართლმსაჯულების რეფორმა, არ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მიერ. მათ უნდა მოუსმინონ ოპოზიციას და მათ უნდა მოუსმინონ სამოქალაქო საზოგადოებას.

უნდა აღვნიშნო, რომ სამოქალაქო საზოგადოება არის ძალიან პირდაპირი და მხარდამჭერი საქართველოს ხალხის ინტერესების. თუ შეიძლება, გააგრძელეთ ასეთად ყოფნა, გააგრძელეთ ზეწოლა პოლიტიკურ ლიდერებზე და ჩვენ - ევროპარლამენტი თქვენს გვერდით ვიქნებით!“.

შვიდმა წამყვანმა ევროპარლამენტარმა, მათ შორის იყვნენ მარინა კალიურანდი, ანდრიუს კუბილიუსი და ვიოლა ფონ კრამონი, პირველ აპრილს ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ხაზი გაუსვეს, რომ ევროკავშირის მედიაციის უშედეგოდ დასრულებას მოჰყვება შედეგები ევროკავშირ-საქართველოს შემდგომი ურთიერთობის თვალსაზრისით. "სასწორზე დევს საქართველო ევროკავშირის ურთიერთობები"- ეწერა დოკუმენტში.

ევროპარლამენტარებმა აღნიშნეს, რომ „პოლიტიკური პარტიების მიერ კომპრომისის მიღწევაზე უარის თქმის შემდეგ, საქართველოს პოლიტიკური ლიდერები არ უნდა ელოდონ ევროკავშირთან ძველებურად საქმის გაგრძელებას. ევროპარლამენტი, კერძოდ, მოუწოდებს, რომ დადგეს შედეგები ევროკავშირის ფინანსური დახმარების თვალსაზრისით, მათ შორის როგორც მომდევნო გადახდის შეჩერების, ისე იმ პირობების გამკაცრების მხრივ, რაც ევროკავშირის მხრიდან მაკროსაფინანსო დახმარების პროგრამებსა და საბიუჯეტო მხარდაჭერას უკავშირდება."

მედიააციის ორი უშედეგო რაუნდის შემდეგ, ჯერ ისევ მიუღწეველია ევროკავშირის მიზანი - გამონახოს საქართველოში შიდაპოლიტიკური კრიზისის დაძლევის გზები.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელის, კრისტიან დანიელსონის მიერ მმართველი პარტიისა და ოპოზიციისთვის 31 მარტს ხელმოსაწერად შეთავაზებული დოკუმენტი, რომელსაც პარტიებმა ხელი არ მოაწერეს, შეიცავდა 5 საკითხს:

  • პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება;
  • ამბიციური საარჩევნო რეფორმა;
  • კანონის უზენაესობა/სასამართლო რეფორმა;
  • პარლამენტში ძალაუფლების განაწილება;
  • მომავალი არჩევნები.

"ახლა [ევროკავშირის] შიგნით იმსჯელებენ შემდეგი ნაბიჯების შესახებ“- განაცხადა 6 აპრილს ევროპული საბჭოს ვიცე-პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა საქართველოს პოლიტიკური კრიზისის შესახებ საუბრისას. საქართველოს საკითხის განხილვა დაგეგმილია ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზეც, რომელიც 19 აპრილს გაიმართება.

 

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

 

10 საათის წინ, Moor said:

თქვენ უნდა ისწავლოთ კითხვა ევროკავშირის განცხადებების სტრიქონებს შორის. სამწუხაროდ, ევროკავშირის განცხადებები არ არის ყოველთვის ისეთი გულწრფელი და ღია, როგორებიც ჩვენ ვართ დღევანდელ დისკუსიაში. ასე რომ, ევროკავშირს აქვს თავისი ენა და სამწუხაროდ, ევროკავშირის ხელმძღვანელობა ყოველთვის არ გამოხატავს შეშფოთებას ისე, რომ ეს ყველასთვის გასაგები იყოს.

 

ამაზე დაღეჭილად მგონო არასდროს არაფერი არ უთქვამთ :დ

 

10 საათის წინ, Moor said:

"ახლა [ევროკავშირის] შიგნით იმსჯელებენ შემდეგი ნაბიჯების შესახებ“-

to be continued :boli:

პ.ს.

 

Edited by Say_or

Life is serious.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share