Jump to content
×
×
  • Create New...

ევერესტული სელფის გადააზრება


Recommended Posts

  • ფორუმელი

რას ვიფიქრებდი, რომ მეც გადავიღებდი ევერესტზე ფოტოს, მაგრამ აი  – სამთო კომბინეზონით და ჟანგბადის ნიღბით, მწვერვალიდან 120 მეტრში ვდგავარ.

შეიძლება გაგიკვირდეთ, რომ ამას პროფესიონალი ალპინისტი წერს, რომელიც ოცი წელია მწვერვალებზე დაძვრება. პლანეტის უმაღლეს წერტილზე სელფის გადაღება ხომ ბევრი ადამიანის სანატრელი მიზანია. ამ ფოტოსთვის ბევრმა ყველაფერი გაიღო – ცხოვრების დანაზოგი და პირადი ურთიერთობები – მრავალი მათგანი მწვერვალიდან დაშვებისას გარდაიცვალა, ისე რომ მათი ძვირფასი სურათები ფოტოაპარატს ვერ გასცდა.

ევერესტისგან მუდამ შორს მეჭირა თავი. ეს მთა ყველაფრის საწინააღმდეგოდ მესახებოდა, რაც ალპინიზმში მიყვარს და მიზიდავს.

პირველად ნიუ-ჰემფშირის შტატის სოფელ ნორთ-კონვეიში მდებარე გრანიტის 150-მეტრიან კლდეზე, სახელად კათედრალ-ლეჯი (Cathedral Ledge), ავძვერი. ჩემი მეგობარი და მე 15 წლის თავნება ბიჭები ვიყავით და ჩემს საძინებელში ერთი მთამსვლელის პოსტერი ჩვენი ალპინისტური ცოდნის ერთადერთი წყარო გახლდათ. პოსტერზე გამოსახულ კლდესავით კაცს თოკი წელზე ჰქონდა შემოხვეული. იმაზე არ გვიფიქრია, რომ ეს ძველი ფოტო იყო, როდესაც ალპინისტური ღვედები არ არსებობდა. მამაჩემის ფარდულიდან სარეცხის თოკები მოვიპარეთ და კლდისკენ გავეშურეთ. როგორღაც ავბობღდით ფრიალო კლდეზე და პატარა შვერილზე ჩამოვსხედით.

ჰაერში გამოკიდებული ქანდარიდან ჩამავალ მზეს ვუყურებდით და ვფიქრობდით, უკან როგორ ჩაგვეღწია. იმ დღემ სამუდამოდ შემცვალა. იმის კეთების ჟინი, რაც სხვებს აზრადაც არ მოუვა, ქიმების თავსატეხის ამოხსნით მოგვრილი სიამოვნება, შეცდომის დაშვების სუნთქვისშემკვრელი შიში, მწვერვალიდან გადაშლილი სანახაობა და ის გამოცდილება, რამაც ორი მეგობარი შეგვაკავშირა – დღემდე ამას დავეძებ მთებში. აბა, სელფი ამასთან რა მოსატანია?  

მთამსვლელობა 1980-იან წლებში დავიწყე. მაშინ ევერესტის ტურისტულ ზონად ქცევა სიზმრადაც არავის მოელანდებოდა. იმ ელიტურ გუნდებში, 8000 მეტრის ზევით, “სიკვდილის ზონაში” რომ ბედავდნენ ასვლას, მხოლოდ გამოცდილ მთამსვლელებს ეპატიჟებოდნენ, მაგრამ, სანამ ბაფინის მიწაზე, პატაგონიასა და ყარაყორუმში ვიძენდი გამოცდილებას, ევერესტი შეიცვალა.

იქაურობა სარფიან ტურისტულ ინდუსტრიად იქცა. ჯიბეზე ხელის გაკვრის სანაცვლოდ, ნებისმიერს შეეძლო მსოფლიოს უმაღლესი წერტილის დალაშქვრა ეცადა. ყველაფერი 1996 წელს დაღუპული 8 ალპინისტის ამბით დაიწყო, რომელიც აღწერილია ჯონ კრაკაუერის წიგნში `გაუხშოებული ჰაერი“. ამბავი მთელ მსოფლიოს მოედო. საბაზო ბანაკის სტუმრების რიცხვი ყოველწლიურად იზრდებოდა, იზრდებოდა ბანაკის გარშემო დაყრილი ნაგვის გროვებიც. სადაც კი ვიტყოდი, რომ მთამსვლელი ვიყავი, ვიღაც აუცილებლად მკითხავდა, ევერესტი თუ დამილაშქრავს. უცვლელი პასუხი მქონდა: არ მაინტერესებს.

MM9048_190515_048960-1024x576.jpgფოტოგრაფ რენან ოზთურქის მიერ დრონით გადაღებულ ფოტოზე ევერესტის ჩრდილოეთ უნაგირაზე განთავსებული ბანაკია აღბეჭდილი.
ფოტო: რენან ოზთურქი.

ყველაფერი ალპინიზმის ერთი ამოუხსნელი ისტორიით შეპყრობილმა ძველმა მეგობარმა შეცვალა. 1999 წელს ტომ პოლარდი იმ ექსპედიციის ოპერატორი იყო, რომელმაც ევერესტის დალაშქვრის პირველი მცდელობისას დაკარგული ლეგენდარული ბრიტანელი მთამსვლელის, ჯორჯ მელორის ცხედარს მიაგნო. 1924 წელს მწვერვალისკენ მიმავალი მელორი და მისი ახალგაზრდა მეგზური, სენდი ირვინი, ბოლოს ჩრდილო-აღმოსავლეთ თხემზე ნახეს. დღემდე გაურკვეველია, მიაღწია თუ არა წყვილმა მწვერვალს, ედმუნდ ჰილარისა და თენცინგ ნორგეის ასვლამდე თითქმის 30 წლით ადრე. ირვინი და „კოდაკის” კამერა, რომელსაც იგი სავარაუდოდ თან ატარებდა, დღემდე ვერავინ იპოვა. აი, როგორ მოვხვდი ექსპედიციაში, რომელსაც ირვინის ცხედარი და იქნებ ევერესტის მწვერვალზე გადაღებული პირველი სელფი უნდა მოეძებნა.

კამერას ვერ მივაგენით, მაგრამ ევერესტზე კი შევიცვალე აზრი. ტიბეტში გამგზავრებამდე ვფიქრობდი, რომ თანამედროვე აღჭურვილობა და ჟანგბადის ბალონები მწვერვალზე ასვლას გაგვიადვილებდა. ვითომ ულიფტო შენობის ბოლო სართულზე ადიხარ – ვუმტკიცებდი საკუთარ თავს. სულ ტყუილად. მთამ დამქანცა – თან პირღებინებას ძლივს ვიკავებდი. გზად, არა მარტო მელორისა და ირვინის წინაშე ვიხრიდი ქედს, ტვიდის კოსტიუმებით და დაჭედილი ჩექმებით რომ შეეჭიდნენ ევერესტს, არამედ თითოეულის წინაშე, ვინც ამ გზას დაადგა.

მთაზე წინასწარ დამაგრებულ თოკებში ჩაბმულ გამოუცდელ ალპინისტებთან, დანაგვიანებულ გარემოსთან და უხარისხო მენეჯმენტთან ერთად ევერესტზე ისეთი ალპინისტებიც ვნახე, რომლებსაც ჩვეულებრივ, ეგოცენტრულ ტურისტებს ვერ უწოდებ. ბანაკში ბილიკებზე, ამინდსა და ოჯახებზე ვსაუბრობდით – ყველას საერთო მიზანი გვქონდა. ერთიანობის ასეთი ძლიერი განცდა არსად გამომიცდია.

მივხვდი, რომ ევერესტის ტიპური სტუმრები გამოუსწორებელი მეოცნებეები არიან, გაფხორილ გენერალურ დირექტორობაზე მეტის მიღწევა რომ სურთ ცხოვრებაში. ეს ხალხი ევერესტზე იმავე შეგრძნებას დაეძებს, რასაც მე პირველად კათედრალ-ლეჯზე ვეზიარე. რთულია, აღტაცება არ მოგგვაროს მათმა სიმამაცემ და მათთან ერთად არ ჩაიძირო საერთო ადამიანურ შეგრძნებეში, მთელი თავისი მგზნებარებითა და საფრთხეებით.

არ ვიცი, რამდენი მთამსვლელი ჩავა წელს ნეპალსა და ტიბეტში, ან ჩავა თუ არა საერთოდ ვინმე, მაგრამ თანდათან ისინი აუცილებლად დაბრუნდებიან. ირვინის ცხედრის და მისი კამერის საძიებლად ჩასულმა ევერესტზე რაღაც უფრო მოუხელთებელი ვიპოვე: ხასიათის ის შეუპოვრობა, რომელიც ირვინს და მელორის ჰქონდათ. ის იქ იყო, უჩინარიც და თვალსაჩინოც, იმ დაუდგრომელ ადამიანებში, სიკვდილს რომ არ უშინდებიან და ძველი მოგზაურების კვალდაკვალ მიჰყვებიან მწვერვალისკენ მიმავალ გზას.

მარკ სინოტის სტატია სენდი ირვინის კამერის საძიებო ექსპედიციაზე 2020 წლის ივლისის ნომერში გამოქვეყნდა. მისი წიგნი „მესამე პოლუსი: საიდუმლოება, აკვიატება და სიკვდილი ევერესტზე“ წელს გაზაფხულზე გამოვა.

The post ევერესტული სელფის გადააზრება appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share