Jump to content
×
×
  • Create New...

სურნელოვანი ისტორია


Recommended Posts

  • ფორუმელი

მზის ამოსვლამდე დიდი ხნით ადრე ტეგ სინგი განგის ნაპირზე, ყვავილების ფერმაში მიდის, ვარდებს ათვალიერებს, ყველაზე სურნელოვან ყვავილებს ირჩევს და მხარზე გადაკიდებულ ტომარაში აგროვებს. როდესაც მდინარეს მზის პირველი სხივები ეფინება, 35 წლის სინგი უკვე მოტოციკლეტზეა შემომჯდარი და მოსავალი პატარა ქალაქ კანაუჯში – ინდოეთის სუნამოების დედაქალაქში – მიაქვს. 

400 წელია, რაც კანაუჯში დისტილაციის გამოცდილი მეთოდებით ამზადებენ ატარს – მცენარეული ზეთების ბაზაზე შექმნილ სუნამოებს. ატარმა, რომელიც არომატების მოტრფიალე ძველინდურ კულტურაში მოგოლი იმპერატორების და ჩვეულებრივი ხალხის საყვარელი სუნამო იყო, თანამედროვეობაშიც გაიჩინა დამფასებლები.

სპირტის ბაზაზე შექმნილი თანამედროვე სუნამოებისგან განსხვავებით, ატარი სანდალოზის ზეთისგან მზადდება, რაც უკეთესი შემწოვია. ატარის ერთი წვეთის არომატი დღეების განმავლობაში რჩება კანზე. ყვავილების, ხის, მუშკის, კვამლის და ბალახის დახვეწილი ნოტებით გაჯერებული ატარი ერთნაირად ხიბლავს კაცსა და ქალს. ცივი სეზონებისთვის ატარს მიხაკის, კარდამონის და ზაფრანის თბილი არომატებით ამზადებენ, თბილისთვის – ჟასმინის, ვეტივერიას და გულყვითელას გრილი ნოტებით.

კანაუჯში მზადდება იდუმალი მიტი-ატარიც, რომელსაც დისტილაციისას გამომწვარი ალუვიური თიხის გამოყენების წყალობით ნაწვიმარი მიწის სურნელი დაკრავს. შამამა, კიდევ ერთი სანუკვარი სუნამო, 40-ზე მეტი ყვავილის, ბალახის და ფისის ნაზავს წარმოადგენს. მის დასამზადებლად რამდენიმე დღე, დასავარგებლად – თვეებია საჭირო. ზოგიერთი ევროპული პარფიუმერული სახლი ატარს საკუთარი სუნამოების ბუკეტის გასამდიდრებლად იყენებს.

ქალაქის მთავარი სავაჭრო ადგილის, ბარა-ბაზრის ვიწრო ქუჩებში მაღაზიები ატარის და ეთერზეთების ფლაკონებითაა სავსე. ხალიჩებზე ფეხმორთხმული კაცები ფლაკონებს ყნოსავენ და ნელსაცხებელს გრძელი ბამბიანი ჩხირებით ყურის უკან ისვამენ. ვაჭრობას ატარ-საზი უძღვება – პარფიუმერი სამეფო კარის ალქიმიკოსის მომაჯადოებელი აურით.

“კანაუჯური ატარისთვის ფუნით და ტალახით სავსე ამ ვიწრო ქუჩებში მსოფლიოს განთქმულ პარფიუმერებს გაუვლიათ. ასეთს სხვაგან ვერ იპოვი”, – ამბობს M.L. Ramnarain Perfumers-ის თანამშრომელი პრანჯალ კაპური, რომელიც უკვე მეხუთე თაობაა ამ კომპანიის ერთ-ერთი მფლობელია.

ტეგ სინგს ყვავილები კაპურის საწყობში მიაქვს. სუნამოს ეზოში ხდიან. ოსტატების მეთაური რამ სინგი ყვავილებს სპილენძის გამოსახდელ ქვაბში ყრის და წყალს ასხამს. დახუფვამდე რამ სინგი ქვაბის პირს თიხანარევი ბამბით ფარავს, გამაგრებული თიხა შესანიშნავ საგოზავად იქცევა. დუღილისას ორთქლი ბამბუკის მილით სანდალოზის ზეთით სავსე ქვაბში გადაედინება. ზეთი ვარდების სურნელით გაჯერებულ ორთქლს იწოვს. 

ატარის გამოხდას ხუთი-ექვსი საათი სჭირდება, რამ სინგი წყლის ტემპერატურის და ორთქლის შიშინის მიხედვით განსაზღვრავს, დაამატოს თუ არა შეშა. “ამ საქმეს ბავშობიდან ვაკეთებ”, – ამბობს 50 წლის რამ სინგი.

სასურველი შედეგის მისაღწევად მეორე დღეს ახალი ვარდები უნდა დაამატონ და გამოხადონ. შემდეგ ატარი აქლემის ტყავისგან დამზადებულ ჭურჭელში რამდენიმე თვე ძველდება. ტყავი ატარის ხსნარიდან წყალს იწოვს. ერთი კილოგრამი ვარდის ატარი 3000 დოლარამდე ღირს.

დღეს კანაუჯში დამზადებული ატარის უმეტესობა ახლო და შუა აღმოსავლეთსა და ინდოეთის მუსლიმანურ მოსახლეობაში იყიდება. მოგოლი იმპერატორ შაჰ-ჯაჰანის მიერ XVII საუკუნეში დაარსებულ ჩანდნი-ჩოუკის ბაზარში მდებარე გულაბ-სინგ-ჯოჰიომალის მაღაზია ძველი ბიზნესია, რომელიც ატარით და თანამედროვე სუნამოებით ვაჭრობს. ის მუდამ სავსეა მუსლიმანი კაცებით, შაბათის ლოცვისთვის და რელიგიური დღესასწაულებისთვის რომ არჩევენ ატარს, მაგრამ ადგილობრივ ბაზარს კანაუჯის სახდელებისთვის საკმარისი მოგება ვერ მოაქვს, ბევრი სახდელი გაკოტრების პირასაა ან დასავლური სუნამოების ასლების წარმოებაზეა გადასული.

კაპური მაინც იმედიანადაა. დროის დიდ ნაწილს იგი საერთაშორისო პარფიუმერულ სახლებთან ურთიერთობას უთმობს, ატარის ტრადიციებსა და კანაუჯის მიკროკლიმატის შესახებ ავრცელებს ცოდნას. “დასავლეთის გემოვნება აღმოსავლეთისკენ იხრება”, – ამბობს იგი. `ადრე დასავლეთში ციტრუსის მსუბუქ ტონებს ანიჭებდნენ უპირატესობას, მაგრამ ახლა Dior-ი, Hermès-ი და სხვა ბობოლები ვარდისა თუ შამამას მდიდრულ სურნელებს არჩევენ”.

ატარის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული ელჩი არომატებით ცნობილ ქალაქ ლაქნაუში დაბადებული ჯანვი ლაკოტა ნანდანია. იგი ევროპაში შვიდი წლის განმავლობაში სწავლობდა პარფიუმერიას, სანამ გოასა და პარიზში გახსნიდა The Perfume Library-ს. ნანდანის ქმნილებები პოეზიის, ექსცენტრულობის და მეცნიერების ნაზავია. ნანდანი ყოველწლიურად ქმნის ახალ სუნამოს და ატარი მისი რეპერტუარის არსებითი ნაწილია. “ატარი სულს ესაუბრება. ერთ წვეთში მოქცეული ამდენი ცეცხლი და კვამლი შემზარავი, მაგრამ ნამდვილი გრძნობაა”, – ამბობს იგი. “ამას ევროპულ ლაბორატორიაში ვერ გაიმეორებ”.

STOCK_MZ3767_Parfum52_Inde345-1-1024x576

ფლაკონში

ბროლის ფლაკონებში უმაღლესი ხარისხის კანაუჯური ატარია. განგის ალუვიური ნიადაგი ზედგამოჭრილია სხვადასხვა არომატული მცენარის მოსაყვანად, რომელთაგანაც მრავალფეროვანი სუნამოები მზადდება.
ფოტო: ტუულ და ბრუნო მორანდები.

რაჩნა საჩასინი ტაილანდსა და ლაოსში ცხოვრობს და აზიურ კულტურაზე წერს. ფოტოგრაფები ტუულ და ბრუნო მორანდები პარიზში ცხოვრობენ, პროექტებზე სამუშაოდ მსოფლიოს გარშემო დახეტიალობენ.

The post სურნელოვანი ისტორია appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   197 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 197 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • YandexBot(12)
    • Chrome(12)
    • Googlebot(2)
    • Facebookexternalhit(2)