Jump to content
×
×
  • Create New...

Postred-ის ხმებით მოყოლილი ამბები


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

„ვცხოვრობთ და ვსწავლობთ, ვაკეთებთ იმას, რაც გვიყვარს და ვეძებთ სრულყოფილებას. ჩვენ ვართ არტისტების გაერთიანება ერთი მიზნით – მოვყვეთ ამბებს“. ასეთია კომპანია Postred-ის ფილოსოფია. ის ფილმებისთვის, ვიდეოთამაშებისთვის, სარეკლამო რგოლებისთვის, ინსტალაციებისთვის და სხვადასხვა ტიპის პროდუქტისთვის ხმის დიზაინზე, ბუნებრივი ხმების გადახმოვანებაზე ანუ ფოლიზე მუშაობს და ქმნის მუსიკას. მისი გუნდი ბუნებრივი თუ ხელოვნურად შექმნილი ხმებით, მათზე მანიპულაციებით მართლაც ჰყვება ამბებს.

Postred ხმის დიზაინერმა ბესო კაჭარავამ 2015 წელს დააფუძნა. თავიდან მარტო იყო, თუმცა, მალევე შემოიერთა ორი მეგობარი. დღეს კი გუნდი 30-მდე წევრისგან შედგება. 

„საქართველოში პოსტპროდუქციაზე მუშაობა რომ დავიწყე, ვნახე, რომ ბაზარი უკვე გადანაწილებული იყო. მით უმეტეს, კინოინდუსტრია ძალიან ჩაკეტილია. ასეა ყველა ქვეყანაში. თუმცა, ისეთ ადამიანებს შევხვდი, რომლებმაც განსხვავებულის ცდა გადაწყვიტეს და შანსი მომცეს. საერთაშორისო ბაზარზე ასე არ ხდება – იქ ჯანსაღი კონკურენციაა, ბევრი უნდა იმუშაო, რომ მაღალი დონის პროფესიონალებს გაუთანაბრდე ან მათზე უკეთესი გახდე. ჩვენი მიზანიც თავიდანვე არა მხოლოდ ქართულ ბაზარზე თავის დამკვიდრება, არამედ ჩვენივე პროფესიონალიზმით ამ საერთაშორისო კონკურენციაში ჩაბმა იყო“, ჰყვება ბესო კაჭარავა. 

(ბესოს პოსტერი)

Postred საქართველოში პოსტპროდუქციის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი კომპანია მალევე გახდა. სარეკლამო სააგენტოები JWT მეტრო და ლივინგსტონი, საქართველოს ბანკი და თიბისი, Sarke Studio, 20 Steps Production, Enkeny Films, Film Asylum, Redberry – ეს იმ ქართული კომპანიების მცირე ნაწილია, რომელთანაც Postred მჭიდროდ თანამშრომლობს. ხუთი წლის თავზე მან საერთაშორისო ბაზარზე გასვლაც მოახერხა. Postred-ს BBC-მ Netflix-მა, Apple+-მა, Hulu-მ თავიანთ პროექტებზე მუშაობა ანდეს. მისი ბოლო მნიშვნელოვანი წარმატება კი New York Times-ის ფილმისთვის A Concerto Is a Conversation ფოლის გაკეთებაა. ეს მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი წელს ოსკარზეა ნომინირებული. 

Postred-მა იმუშავა ასევე, დიმიტრი ცინცაძის ფილმის შინდისის და კანის კინოფესტივალზე წარდგენილი ლევან აკინის ფილმის – და ჩვენ ვიცეკვეთ სრულ აუდიო პოსტპროდუქციაზე. ხმის დიზაინი, მუსიკაცა და ფოლიც მის გუნდს ეკუთვნის. 

ბესო კაჭარავა ამბობს, რომ დიდი კომპანიების ნდობის მოპოვება და საერთაშორისო ბაზარზე გასვლა დიდი შრომისა და ენთუზიაზმის შედეგია:

„ჩვენი პოტენციალის დანახვა ნელ-ნელა მოხდა. Postred-ის ბევრმა უცხოელმა დამკვეთმა მანამდე საქართველოს შესახებ საერთოდ არ იცოდა. დღეს კი ჩვენი პროექტების უმეტესობა საერთაშორისოა. ეს ბევრი მოგზაურობის, უცხოელ სპეციალისტებთან აქტიური ურთიერთობის შედეგიცაა.

ცოტა ხნის წინ საოცარი რამ მოხდა – კვენტინ ტარანტინოს ფილმების ხმის დიზაინერი უაილი სტეიტმენი დამიკავშირდა. მითხრა, რომ მოსწონს, რასაც ვაკეთებთ და ჩვენს გუნდს მენტორობას გაუწევს. 

ნიჭს და შემოქმედებითობას კონკრეტული ქვეყანა, რეგიონი არ აქვს. ამ საზღვრების წაშლას ხელი კიდევ უფრო მეტად კინობაზარზე ახალმა მოთამაშეებმა შეუწყვეს. ასეთია, მაგალითად, Netflix. ახალ კომპანიებს არ ანაღვლებთ, ამერიკელი ხარ თუ ქართველი. მთავარია, რამე საინტერესო და განსხვავებული შესთავაზო, და რაც მთავარია, კარგად გააკეთო საქმე. საზღვრები პანდემიამაც წაშალა. ხალხი დისტანციურ მუშაობას მიეჩვია, შორს მყოფ ადამიანებს შანსებს მეტად აძლევენ“. 

ხმა და მუსიკა: Postred

საქმის სიყვარული, მაღალი ხარისხი, ორგანიზებულობა, დეტალებისადმი ყურადღება, განვითარებისთვის მუდმივი მზაობა – Postred-ის ყოველდღიურობაა. 

„ამგვარ პროექტებზე მუშაობაზე ბევრი ოცნებობს, მაგრამ პროცესი ხანდახან ისეთი სტრესულია, თუ ეს საქმე ნამდვილად არ გიყვარს, შეიძლება ჯოჯოხეთად გექცეს. არასდროს ვაქცევ ყურადღებას გამოცდილებას ან ცოდნას. არ ვეძებ „ნიჭიერ“ ადამიანებს. თუ ინტერესი და საქმისადმი სწორი დამოკიდებულება დავინახე, მათთვის სწავლებაში არც წლების დახარჯვა მენანება.

ეგოებს კართან ვტოვებთ, ერთმანეთს განვითარებაში ვეხმარებით. ჩვენთან შეგიძლია ნულიდან დაიწყო და ბოლოს კომპანიის CEO გახდე. სხვა შემთხვევაში ყველა წავაგებთ. არადა, ამბიცია გვაქვს, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოები ვიყოთ“, – ამბობს ბესო კაჭარავა. 

ფოლი: Postred

ხმა და მუსიკა მაყურებელს ემოციურ და ლოგიკურ ინფორმაციას გადასცემს, ის ამბის სწორად მოყოლაში გვეხმარება. ამიტომ, ბესო კაჭარავა ამბობს, რომ ხმის დიზაინერმა და კომპოზიტორმა ზუსტად უნდა გაიგოს რეჟისორისა თუ პროდიუსერის ჩანაფიქრი, ფილმის იდეა. ასევე, სწორად უნდა იგრძნოს, კონკრეტულ ხმას რა დანიშნულება აქვს სცენისთვის – რა გჭირდება სურათის შესაკრავად, რა უნდა შემატო, რა ემოცია ან ასოციაციის გამოწვევა გსურს მაყურებელში. 

„კარგად გაკეთებული ხმა და მუსიკა ფილმის ბუნებრივი ნაწილია, მას შეიძლება სულ ვერ ამჩნევდე. თუმცა, თუ მათი მნიშვნელობის გაგება გსურს, დააჭირე Mute ღილაკს. გაიხსენე სცენები, რომლებზეც გიტირია – მათში ან აბსოლუტური სიჩუმეა, ან მუსიკა. 

ვიდეოთამაშებში ხმასა და მუსიკას სხვა დატვირთვაც აქვს – ზოგიერთ თამაშს ხმის გარეშე ვერ დაასრულებ. ხშირად ის მინიშნებებს გაძლევს. ხმა ბრენდებისთვისაც მნიშვნელოვანია – მომხმარებელს აინტერესებს, როგორ ჟღერს ის, რა არის მისი საუნდტრეკი. 

თანამედროვე სამყაროში ხმა ყველაფერშია ინტეგრირებული. ბანკომატი ხმას გამოსცემს, საკუთარი ხმა აქვს მობილურზე ტექსტის, ნომრების აკრეფასაც… არ აქვს მნიშვნელობა, ნამდვილია ის თუ შექმნილი – ყველა ხმა რაღაცასთან ასოცირდება. ჩვენ „ჯადოქრები“ ვართ და სწორედ ამ ასოციაციებით ვმანიპულირებთ. 

გინდა დაინახო ღამე? მაშინ ჭრიჭინებს მოუსმინე.“ 

The post Postred-ის ხმებით მოყოლილი ამბები appeared first on BusinessFeed.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   231 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 231 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Googlebot(3)
    • Chrome(20)
    • YandexBot(1)