Jump to content
×
×
  • Create New...

ხარება


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე გვიმრაძე:

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა! ხარება ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა – თავად დღესასწაულის დასახელებაც მიგვანიშნებს, რომ საქმე რაღაც სასიხარულო ცნობას შეეხება. http://www.ambioni.ge/files/khareba.jpg ეს სასიხარულო ცნობა კი საბოლოოდ იმის საფუძველი შეიქმნა, რომ თავად წიგნი, რომელშიც გადმოცემულ იქნა ღვთისმშობლის ხარება, სახარებად იქნა სახელდებული.

ხარებით ისეთი ცნობა გვეუწყა, რომელმაც არამარტო იმ წუთებში გაახარა ადამიანები, არამედ დღესაც უნდა ხარობდეს მისით ყოველი ადამიანი; ღვთისმშობელს მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთაებრივი ძის ჩასახვის შესახებ ეუწყა. თუმცა, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს არ იყო პირველი ცნობა სიხარულისა, რადგან მანამდე იყო კიდევ ერთი ხარება, რომელიც უკვე იოანე ნათლისმცემლის შობასთან იყო დაკავშირებული. ასე რომ, სახარება მთლიანად განსჭვალულია სასიხარულო ცნობებით და შესაბამისად ჩვენც უნდა გავიაზროთ, გავითავისოთ და განვიცადოთ საღვთო უწყების მთელი სიღრმე და სიდიადე.

ამ დღეს ჩვენ უნდა ვხარობდეთ, რადგან აღსრულდა კაცობრიობის მრავალსაუკუნოვანი მოლოდინი. მესია – მხსნელი, რომელსაც კაცობრიობა უნდა გამოეხსნა ცოდვის, ეშმაკისა და სიკვდილის ტყვეობისაგან, უკვე განხორციელდა. ანუ ადამის დაცემის გამო ტყვეობაში მყოფი ადამიანი უნდა განთავისუფლებულიყო, რამეთუ სხვაგვარად ვერ ახერხებდა თავისი ბუნების გარდაქმნასა და სრულყოფას. და სწორედაც, დღევანდელი დღე, ხარება ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა, წარმოადგენს კაცობრიობის გამოხსნის საფუძველს.

თუმცა სანამ ხარების ჟამი მოვიდოდა, მანამდე კაცობრიობა უნდა მომზადებულიყო მაცხოვრის მისაღებად. ვინაიდან, თუ ქრისტე მოევლინებოდა, ხოლო მისი მოლოდინი არ იქნებოდა ხალხში, მაშინ არც მიიღებდნენ მას. შესაბამისად, ღმერთმა ისეთი დრო განაგო თავისი ძის მოვლინებისთვის, როდესაც უკვე კაცობრიობა გარკვეულწილად მომზადებული გახლდათ და მისი მოლოდინიც გააჩნდათ. თუ გადავხედავთ კაცობრიობის ისტორიას, აღმოვაჩენთ, რომ მარტოოდენ ებრაელები როდი ელოდნენ მესიას; უკვე მაშინდელი ფილოსოფოსებიც მსჯელობდნენ და ხმამაღლა აცხადებდნენ, რომ კაცობრივი ბუნება არასრულყოფილი და დასნეულებულია. ადამიანი თვითონ ვერ გამოიხსნის თავს, რადგან ეს მხოლოდდამხოლოდ ღვთაებრივი ძალით იქნება შესაძლებელიო.

ღმერთი თავის მადლით არ სახლდება იქ, სადაც არ არის სიწმინდე. ისიც ვიცით, რომ ღვთის მადლი არ შემოვა ჩვენს გულში, სანამ არ იქნება გაწმენდილი ყოველგვარი მზაკვარებისა და ბოროტებისაგან. მით უმეტეს, ღვთაებრივი ძე ვერ ჩასახლდებოდა ვერცერთი დედაკაცის მუცელში, თუკი ის დედაკაცი არ იქნებოდა წმიდა. ასე რომ, თუ არ გამოჩნდებოდა ყოვლადწმიდა ქალწული, ვერ მოევლინებოდა იესო ქრისტე. შესაბამისად, ღვთისმშობლის დაბადება, მისი უბიწო და წმიდა ცხოვრება გახდა საფუძველი ღვთაებრივი ძის მოვლინებისა. აი, რაოდენ დიდი პიროვნებაა ღვთისმშობელი ჩვენთვის და რატომ არის აღყვანილი იგი ანგელოზებზე უპირატეს ხარისხში. არც მანამდე და არც მის შემდგომ არ უცხოვრია ამგვარი სიწმინდით აღსავსე ქალწულს. სწორედ ის გახდა მაცხოვრის მოვლინების საფუძველი.

დაინახა რა ღმერთმა ღვთისმშობლის საოცარი უბიწოება და სიწმინდე, მასთან მაცნედ მთავარანგელოზი გაბრიელი გააგზავნა, რომელმაც ქალწულ მარიამს საოცარი სიტყვები გამოუცხადა: „გიხაროდენ, მიმადლებულო! უფალი შენ თანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის. აჰა, ესერა, შენ მუცლადიღო და ჰშვე ძე და უწოდი სახელი მისი იესუ”(ლკ. 1,28-31).

„გიხაროდენ მიმადლებულო”, მართალია ეს სიტყვები უშუალოდ ქალწულ მარიამისადმი არის მიმართული, თუმცა მასში იმ ღვთაებრივი ძის დაბადების უწყებაა მოცემული, ვისი უაღრესად დიდი მოლოდინით ცხოვრობდა ისრაელი ერი და ვის მიერაც შემდგომში გამოხსნილ იქნა მთელი კაცობრიობა. ასე რომ, დღევანდელ დღეს ჩვენც უნდა გვიხაროდეს. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ სასიხარულო ცნობა მაცხოვრის განხორციელების შესახებ. გაუკვირდება ღვთისმშობელს: „ვითარმე იყოს ესე ჩემდა, რამეთუ მე მამაკაცი არა ვიცი?”(ლკ. 1,34) მთავარანგელოზი პასუხობს მას: „სული წმიდა მოვიდეს შენზედა, და ძალი მაღლისა გფარვიდეს შენ”(ლკ. 1,35). ანუ შენში ეს სასწაულებრივი მოვლენა განხორციელდება სულიწმიდის მადლით; შენი ქალწულება არ დაირღვევა არც შობამდე და არც შობის შემდგომ; შენ მარადის იქნები ქალწული, რადგან შენ ხარ წმიდა და შენ უნდა დაიცვა ეს სიწმინდე ბოლომდე. შემდეგ მთავარანგელოზი ეუბნება: „აჰა, ელისაბედ, ნათესავი შენი, იგიცა მიდგომილ არს ძესა სიბერესა თვისსა, და ესე მეექვსე თვე არს მისი, რომელსა იგი ერქვა ბერწ; რამეთუ არა შეუძლებელ არს წინაშე ღმრთისა ყოველი სიტყუაი”(ლკ. 1,36-37). აღნიშნული სიტყვებით გაბრიელ მთავარანგელოზი წმიდა ქალწულს კიდევ ერთი სასწაულის მოვლენის შესახებ აუწყებს; მისი ბერწი ნათესავის ელისაბედის ექვსი თვის ფეხმძიმობას მოახსენებს, რითაც ღვთის ყოვლისშემძლეობის შესახებ მიანიშნებს და შემდეგ ამ აზრს სიტყვებითაც გადმოსცემს: „რამეთუ არა შეუძლებელ არს წი- ნაშე ღმრთისა ყოველი სიტყუაი”.

საბოლოოდ ღვთისმშობელი ორჭოფობისა და დაეჭვების გარეშე საოცარი სიტყვით მიმართავს მთავარანგელოზს:
„აჰა, მხევალი უფლისა; მეყავნ მე სიტყვისაებრ შენისა!”(ლკ.1,38) ქალწულ მარიამის მხრიდან ამგვარი სიტყვების წარმოთქმა ნათლად მიანიშნებს მის უდიდეს რწმენაზე. მთავარანგელოზისგან თავდაპირველი გამოცხადებისას წმიდა მარიამი გაკვირვებას გამოხატავს, რადგან მას ქალწულობის აღთქმის პირობებში უმამაკაცოდ შობა, ბუნებრივია, გაუგებრად მიაჩნია. თუმცა უფლის მაცნესგან დამატებითი განმარტების შემდეგ, მან მყისიერად გამოხატა უფლის ნების აღსრულების მზაობა.

როგორც ვხედავთ, წმიდა ქალწული არა მხოლოდ უბიწო ცხოვრებით იყო გამორჩეული, არამედ უფლისადმი გასაოცარი მინდობითა და რწმენით. მისი მტკიცე რწმენა კიდევ უფრო თვალნათლივ წარმოჩინდება, თუკი ქრისტეს წინამორბედის შობასთან დაკავშირებულ მოვლენას გავიხსენებთ.

წმიდა მღვდელმთავარი ზაქარია, ქალწულ მარიამივით, მთავარანგელოზისგან მიიღებს ზეციურ უწყებას მისი ბერწი მეუღლის – ელისაბედისგან, იოანე ნათლისმცემლის სასწაულებრივი შობის შესახებ, თუმცა ზაქარია დაეჭვდება. ეს დაეჭვება და ურწმუნოება კი მას ძვირად დაუჯდება, რადგან იოანეს შობამდე უფლის განგებულებით, მეტყველების უნარი ჩამოერთმევა. ღვთისმშობელი კი თავდაპირველი ბუნებრივი დაეჭვების გამო არ გაკიცხულა მთავარანგელოზისგან, რამეთუ ბერწისგან სასწაულებრივი შობის შემთხვევა სხვაგანაც გვხვდება წმიდა წერილში აბრაამის მეუღლის სარას მაგალითით, ხოლო ქალწულისგან შობა პირველი და განუმეორებელი შემთხვევაა. ამდენად, ქალწულის უფლისადმი რწმენა ფრიად მტკიცე და შეურყეველია.

ამდენად, იმისათვის, რომ უფალი განხორციელდეს სხვა მრავალ პირობასთან ერთად წმიდა და რწმენით აღსავსე ქალწულის არსებობაც აუცილებელია. ეს კი იმიტომ, რომ, როგორც აღინიშნა, უფალი მხოლოდ იქ მკვიდრობს, სადაც სიწმინდეა, ხოლო მეორე მიზეზი მართლაც ფრიად დამაფიქრებელია; უფალი იქ არ მკვიდრობს, სადაც ადამიანის ნებართვა არ აქვს, ამიტომ სანამ ქალწულისგან არ მიიღო ნებართვა: „აჰა, მხევალი უფლისა; მეყავნ მე სიტყვისაებრ შენისა!”(ლკ. 1,38) მანამდე არ მომხდარა უფლის განკაცება და განხორციელება. ვინაიდან წარმოუდგენელია, ღმერთი იძულებით დამკვიდრდეს ადამიანში. ღვთისმშობლის თანხმობისთანავე აღსრულდა ყველაზე დიდი სასწაული – ღმერთი განკაცდა.

შესაბამისად, დღევანდელი დღესასწაული ხარება ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა თავის თავში, გარდა ღვთისგან გასაოცარი უწყებისა, ღმერთისა და ადამიანის ურთიერთობის სიღრმეებსაც ნათლად გვიჩვენებს; იმით, თუ როგორ იღებს ყოვლის შემოქმედი ღმერთი საკუთარი ქმნილებისგან ნებართვას, რათა მასში დამკვიდრდეს.

ამიტომ ქრისტიანობა სიყვარულის და სიხარულის სარწმუნოებაა. ხოლო ხარება მოსიყვარულე ღმერთის მხრიდან ადამიანთან შეერთების სურვილის გამოხატულება და უწყებაა. ღვთისმშობლის უბიწოებამ, რწმენამ და თანხმობამ კი დასაბამი დაუდო კაცობრიობის გამოხსნის საქმეს. ხარებას ბუნებრივად მოჰყვა დედის მუცელში ცხრათვიანი ყოფნა, ქალწულობის დაურღვეველი სასწაულებრივი შობა, 30 წელი უბრალო და ჩვეულებრივი ცხოვრება და შემდეგ სამწელიწადნახევრიანი ქადაგება, რომლის დროსაც მან ყოველგვარი დამცირება, შეურაცხყოფა და თვით ჯვარცმაც იტვირთა. უფალმა გამოგვიხნა სიყვარულით, საკუთარი სურვილით.

აქედან გამომდინარე, დღევანდელი დღე გახდა საფუძველი ქრისტეს მიერ ჩვენი გამოხსნისა.
ყოვლადწმიდა მარიამმა უბიწოდ უფლის ნების თანხმობით შვა უფალი ჩვენი იესო ქრისტე. თუ ჩვენ არ გვექნება წმიდა ცხოვრება, ვერც ჩვენში შემოაღწევს ღვთაებრივი მადლი. დაე, ჩვენც ვემსგავსოთ მას, თავშეკავებაში, კრძალულებასა და წმიდა ცხოვრებაში. დაე, ნუ მივიდრიკებით იმ საშინელი ცხოვრების წესისკენ, რომელიც დღეს დამკვიდრებულა ჩვენს რეალობაში. დღეს ქალწულება დასაცინი გამხდარა, სიწმინდე – მიუღებელი, კრძალულება – სათაკილო, უბიწოებას კი სულიერ ავადმყოფობად მიიჩნევენ. ძალიან სამწუხაროა, რომ დიდად დაშორდა კაცობრიობა ქრისტეს და ყოვლაწმიდა ღვთისმშობელს. დღეს, ხშირ შემთხვევაში, ჩვენი მაგალითები ისინი კი აღარ არიან, არამედ უზნეო პიროვნებები.

ღვთისმშობელმა თავისი სიწმინდით მოიპოვა პატივი, რომ წოდებულიყო უპატიოსნესი ქერუბიმთასა და აღმატებული სერაფიმთასა. ვინაიდან, იგი არის ნიმუში და მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ღვთის მცნებათა აღსრულების გზით სიწმინდე მოვიპოვოთ და ღვთის მადლის სამკვიდრებლად ვიქცეთ! ღმერთმა საუკუნო სიხარული და ბედნიერება მოგვმადლოს!

ღმერთმა გაკურთხოთ და გაგაძლიეროთ!”

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share