ფორუმელი Moor Posted 6 აპრილი, 2021 Posted 6 აპრილი, 2021 არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (საია) 6 აპრილს სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც 2016 მარტიდან 2020 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში სასამართლო პროცესების სხვადასხვა ეტაპზე გამოვლენილ ხარვეზებსა და დადებით ტენდენციებს ასახავს. ქვემოთ „საია“-ს მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ძირითადი მიგნებებია წარმოდგენილი: ანგარიშის ერთ-ერთი მთავარი მიგნება „მძიმე სოციალური ფონით განპირობებული დანაშაულებია“. „საია“-ს თქმით, „ბრალდებულთა გაჭირვება დანაშაულის ჩადენის მოტივი გახდა“ და „სიდუხჭირემ კიდევ უფრო დაამძიმა მათი სამართლებრივი მდგომარეობა“. ორგანიზაციის თანახმად, ამგვარი დანაშაულების მიმართ სასამართლო ორგანოების მიდგომა „ყოველთვის ადეკვატური არ იყო“ და გადაწყვეტილებების მიღებისას ისინი ხსნებულ გარემოებებს მხედველობაში არ იღებდნენ; დოკუმენტში ყურადღება ნარკოდანაშაულებზეც არის გამახვილებული და ხაზგასმულია, რომ ამგვარ დანაშაულებზე „ბრალდების მხარის მკაცრი მიდგომები თითქმის არ შეცვლილა“, სასამართლო კი – „უმრავლეს შემთხვევაში აკმაყოფილებს“ პროკურატურის მიერ მოთხოვნილ „არასათანადოდ დასაბუთებულ“ პატიმრობას“. ანგარიშის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილების მიუხედავად, კვლავ პრობლემად რჩება ნარკოტიკული საშუალებების ოდენობების ე.წ. ნუსხის განახლება და არსებული სასჯელების გადახედვა; „საია“-ს თანახმად, მნიშვნელოვნად მოიმატა პირველ სხდომაზე ბრალდებულის დაკავებულის სტატუსით წარდგენამ. კერძოდ, 686 ბრალდებულიდან სასამართლოში დაკავებულის სტატუსით 76% (518) გამოცხადდა, რაც წინა საანგარიშო პერიოდზე 8 პროცენტული ერთეულით მეტია; 66%-მდე გაიზარდა პროკურატურის მხრიდან პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებელიც. 2017 წლის მარტიდან 2018 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში პატიმრობის მოთხოვნა შეადგენდა 45%-ს; „საია“-ს ცნობით, ოჯახში ძალადობისა და ოჯახურ დანაშაულში ბრალდებულების მიმართ უმეტესწილად პროკურატურა პატიმრობის შუამდგომლობას აყენებს; ორგანიზაციის თქმით, იშვიათია პატიმრობისა და გირაოსგან განსხვავებული სხვა ალტერნატიული აღკვეთის ღონისძიებების გამოყენება. მაგალითად, სასამართლომ 1 332 ბრალდებულიდან გირაო ან წინასწარი პატიმრობა 93.6%-ს (1 247) შეუფარდა; „საია“-ს განცხადებით, მზარდია პატიმრობის დაუსაბუთებლად გამოყენების მაჩვენებელიც. მაგალითად, თუკი 2018-2019 წლებში 322 შეფარდებული პატიმრობიდან 15% (49) დაუსაბუთებელი იყო, 2019-2020 წლებში ეს მაჩვენებელი 21%-მდე გაიზარდა; ამასთან, ორგანიზაციის თანახმად, იკვეთება წინასწარი ორთვიანი პატიმრობის გადასინჯვის ფორმალური ხასიათიც და სასამართლო მას უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით იშვიათად ცვლის. მაგალითად, თუკი, 2018-2019 წლებში სასამართლომ 92% შემთხვევაში (213-დან 195) პატიმრობა უცვლელად დატოვა, 2019-2020 წლებში კი – ეს მაჩვენებელი 96%-მდე (190-დან 182) გაიზარდა; მაღალია სასამართლოს მიერ გადაუდებელი აუცილებლობით ჩხრეკა-ამოღების მოთხოვნის დაკმაყოფილების მაჩვენებელიც. „საია“-ს ცნობით, 49 272 ასეთი მიმართვიდან სასამართლომ საგამოძიებო ორგანოს მხოლოდ 1% არ დაუკმაყოფილა (676). ამასთან, ორგანიზაცია სასამართლოს ნებართვის გარეშე ჩატარებული ჩხრეკა-ამოღების განჩინებების შესწავლის საფუძველზე აცხადებს, რომ მათ უმრავლესობაში „არ არის გამოკვეთილი გადაუდებელი აუცილებლობის საჭიროება“; „საია“-ს შეფასებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხარვეზია სხდომების გაჭიანურებაც, რა დროსაც არაერთი საქმე წლების განმავლობაში ისე მიმდინარეობს, რომ მასზე კონკრეტული სამართლებრივი შედეგი არ დგება; დადებითი ტენდენციების კონტექსტში, ორგანიზაცია საპროცესო შეთანხმების კანონიერებაზე მსჯელობის გაუმჯობესებულ მაჩვენებელზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ 2019-2020 წლებში ეს მონაცემი 2-3%-დან 9%-მდე გაიზარდა; „საია“-ს თქმით, გაიზარდა გამამართლებელი განაჩენების რაოდენობაც. კერძოდ, თუკი 2016 წელს გამამართლებელი განაჩენი საქმეთა 3%-ში დადგა, 2020 წლის 6 თვის მონაცემით, ეს მაჩვენებელი 9%-ს შეადგენს. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა