Jump to content
×
×
  • Create New...

ვარძია, უფლისციხე, დავითგარეჯა, ვანის ქვაბები – ილიაუნის მიერ რეაბილიტირებული ძეგლები და მემორანდუმი საქმიანობის გასაფართოებლად


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც მათ აქტიურ თანამშრომლობას გამოხატავს და რომლის ფარგლებშიც ილიას უნივერსიტეტი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმიანობის კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელებას შეძლებს.

აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტთან არსებული კულტურული მემკვიდრეობისა და გარემოს კვლევის ცენტრი, იტალიელ კოლეგებთან ერთად, უკვე მრავალი წელია კლდეში ნაკვეთ ისტორიულ ძეგლებზე კვლევა-მონიტორინგსა და გამაგრებით სამუშაოებს ახორციელებს. სამუშაოს შედეგად, რომელიც 2014 წელს დაიწყო, სრულად რეაბილიტირდა ვარძია და დღეისათვის უკვე უფლისციხის, დავით გარეჯისა და ვანის ქვაბების ძეგლებზე გრძელდება.

სამუშაოების მასშტაბებსა და შედეგებზე, აგრეთვე მემორანდუმის ფარგლებში მოსალოდნელ სიახლეებზე, EDU.ARIS.GE ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურული მემკვიდრეობისა და გარემოს კვლევის ცენტრის დირექტორს, მიხეილ ელაშვილს ესაუბრა:

%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%AE%E1%83%94%E1%მემორანდუმი ერთგვარი დაგვირგვინებაა იმ მრავალწლიანი თანამშრომლობის, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის არსებობს. კლდეში ნაკვეთი ძეგლების კვლევას, მონიტორინგსა და საკონსერვაციო სამუშაოებს 2014 წლიდან ვახორციელებთ. ყველაფერი ვარძიაში მოკრძალებული ნაბიჯების გადადგმით დავიწყეთ. შემდგომ კი, საქმიანობა ჩვენი იტალიელი კოლეგების აქტიური ჩართულობით განვითარდა, რომლებიც სწორედ ამ დარგის სპეციალისტები არიან. ამ წლების განმავლობაში გავიზარდეთ, მეტი ვისწავლეთ და ჩვენი სამუშაოები უფრო და უფრო გავაფართოვეთ.

აღნიშნეთ, რომ სამუშაოები 2014 წელს ვარძიიდან დაიწყო. რა კონკრეტულ ღონისძიებებს მოიცავდა თქვენ მიერ განხორციელებული მონიტორინგი, დაცვა და კვლევა? რა შედეგი მიიღეთ ამ კონკრეტულ ძეგლთან დაკავშირებით დღემდე?
ვარძიაში ბევრი კრიტიკულად დაზიანებული უბანი იყო, რომელიც დროულ რეაგირებას საჭიროებდა. ვარძიის პროექტში, თავდაპირველად, ჩართული იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ტექნიკური უნივერსიტეტი და გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო. კლდეში ნაკვეთი ძეგლების რეაბილიტაცია სპეციფიკური ამოცანაა, რადგან ეს, ერთი მხრივ, გეოლოგიური პროცესების შედეგია, მეორე მხრივ კი – ადამიანის მიერ შექმნილი და კლდეში გამოკვეთილი. ამიტომ ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ერთობაა. შესაბამისად, მრავალმხრივ და კომპლექსურ კვლევას საჭიროებს. ამ წლების განმავლობაში, ვარძიაში ჩვენ მიერ შემუშავდა ვარძიის კომპლექსური მონიტორინგის ქსელი, რომელიც მოიცავს ქვაბულებში მიკროკლიმატზე მონიტორინგს, სეისმური სენსორების დამონტაჟებასა და კონტროლს, ბზარების მონიტორინგს და ყველა ეს მონაცემი თბილისში ონლაინ გადმოგვეცემა.

დღესაც მუშაობს სპეციალური გეორადარი, რომელიც ქარაფის სკანირებას ახდენს და მის სტაბილურობაზეა პასუხისმგებელი. ყველა ამ მონაცემის დამუშავებით, ჩვენს იტალიელ კოლეგებთან ერთად, ვადგენთ იმ კრიტიკულ პროცესებსა და უბნებს, რომლებიც ჩარევას საჭიროებენ. ამ წლების განმავლობაში, ვარძიაში ათამდე კრიტიკული უბანი გამაგრდა. ამ ტიპის გამაგრებები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გარედან არაფერი ეტყობა და ვიზუალურ სახეს იცავს. გაკეთდა წყალამრიდი სისტემაც. ასევე, გარკვეულ შრეებზე, ტურისტული ნაწილების ზემოთ, დამონტაჟდა ფოლადის დამცავი ბადეები ქვათა ცვენისგან დასაცავად. წელს გეგმაში გვაქვს ვარძიის ზემოთა მთაზე სპეციალური დამჭერი ბადეების დამონტაჟებაც, დაცვის მიზნით.

ვარძიაში მთელი რიგი ტექნოლოგიები პირველად მოვსინჯეთ. ისინი ინოვაციური იყო და შეიძლება ითქვას, რომ აქ ძირითადი პრობლემები უკვე გადაიჭრა. აღნიშნული პრობლემები ნახევარ საუკუნეზე მეტი პერიოდის განმავლობაში იყო დაგროვილი და ეს ძეგლი ახლა უკვე მიმდინარე მონიტორინგისა და მოვლა-პატრონობის რეჟიმში გადადის.

539828827.jpg131068050.jpg

რაც შეეხება სხვა ძეგლებს – უფლისციხეს, ვანის ქვაბებს, დავითგარეჯას – აქ რა სამუშაოები ჩატარდა? ისევ გრძელდება სამუშაოები, თუ დასრულებულია?
გრძელდება. ვარძიაში ახალი, ძალიან ღირებული ცოდნა და გამოცდილება მივიღეთ, ახალი ტექნოლოგიები შევისწავლეთ. ვინაიდან ჩვენი რესურსი გაიზარდა, ამან მოქმედების არეალის გაფართოება გადაგვაწყვეტინა. 3 წლის წინ მუშაობა დავიწყეთ ვანის ქვაბებში, რომელიც ვარძიასთან ახლოსაა. ვანის ქვაბები კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, ამიტომ იქ ჯერ საპროექტო პროცესი მიმდინარეობს და უშუალოდ გამაგრების ნაწილზე არც გადავსულვართ.

ვანის ქვაბების პარალელურად, მუშაობას შევუდექით უფლისციხეშიც. აქ სამუშაოები ამერიკის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის დაფინანსებითა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს თანადაფინანსებით, უკვე მთავრდება.

ასევე, დავიწყეთ გარეჯას უდაბნოში გაფანტული მონასტრებიდან ერთ-ერთზე, ტურისტულად ნაკლებად ათვისებულ მონასტერზე, აქტიურად მუშაობა. სხვათა შორის, გარეჯას სამონასტრო კომპლექსი შეტანილ იქნა ყველაზე დიდ საფრთხეში მყოფი 7 ძეგლის სიაში, მსოფლიოს მასშტაბით. ძეგლებისადმი ცნობადობის ამგვარი გაზრდა ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მერე დაფინანსების მოძიება და სამუშაოების წარმართვა უფრო ადვილია.

ამ სამივე ადგილას განთავსდა მონიტორინგის ქსელი და ონლაინ მონიტორინგს ვახორციელებთ. სამივე ძეგლისთვის შემუშავდა მოკლევადიანი სამუშაო გეგმა და ახლა უკვე წლებში გაწერილ ამოცანებზე ვმუშაობთ. შარშან უფლისციხეში უკვე გამაგრდა ერთი კრიტიკული უბანი, წელს კიდევ ორი გამაგრდება და ტურისტებისთვის წლების წინ დაკეტილი კარიბჭე გაიხსნება. ეს სამივე ძეგლი ტურისტებისთვის ძალიან საინტერესოა და ყველაფერი კეთდება, რომ ისინი ისევე აღდგეს, როგორც ვარძია.

%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%93%E1%83%98%E1%როგორია სარეაბილიტაციო სამუშაოებში, მთელ ამ პროცესში სტუდენტების ჩართულობა?
ძალიან აქტიური. ჩვენი ცენტრი სტუდენტებისა და პროფესორების კონსორციუმია და სამუშაოებში ბაკალავრებიც, მაგისტრანტებიცა და დოქტორანტებიც ერთვებიან. ფიზიკურადაც მუშაობენ, პროექტების მონაწილეებიც არიან, ამ ყველაფრიდან გარკვეული შემოსავალიც აქვთ და თავიანთ სამაგისტრო თუ სადოქტორო ნამუშევრებს, დიდწილად, სწორედ ამ პროექტებში მონაწილეობით მიღებული ინფორმაციით ქმნიან.

შეიცვლება თუ არა რაიმე თქვენს სამუშაოებში მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, რა შეიძლება იყოს ასეთი ცვლილება?
მემორანდუმით ჩვენს თანამშრომლობას კიდევ უფრო მყარი ბაზისი შევუქმენით. აქამდეც კარგად ვთანამშრომლობდით, მაგრამ ამ ყველაფერს გარკვეული იურიდიული და ფორმალური ბაზისი უნდა ჰქონოდა. სააგენტოსთან ერთად ახალ პროექტებზეც ვფიქრობთ. იმდენად დიდი ამოცანები გვაქვს დასახული, რომ ჩვენი რესურსებით გაფართოება, ჯერჯერობით, გვიჭირს. თუმცა, მთავარი გეგმა, რაშიც ასევე ეს მემორანდუმი დაგვეხმარება, არის ის, რომ ჩვენი საქმიანობა საგანმანათლებლო პროფილშიც გადავიტანოთ და დაგროვილი ცოდნა და ტექნოლოგიები სილაბუსებად ვაქციოთ, რათა სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდეთ ცოდნა თანამედროვე ტექნოლოგიებით სარესტავრაციო-საკონსერვაციო სფეროში მიიღონ.

სწორედ ამ თანამშრომლობის ერთ-ერთი შედეგია ის, რომ წელს ხელი მოეწერა ილიას უნივერსიტეტს, იტალიის გეოლოგიურ სამსახურსა და ფლორენციის უნივერსიტეტს შორის შეთანხმებას და უახლოესი 2-3 წლის განმავლობაში სტუდენტების გაცვლითი ვიზიტებიც გვექნება. საგანმანათლებლო კომპონენტის გაძლიერებაში ესეც ძალიან დაგვეხმარება.

ერთ-ერთი მიღწევა არის ისიც, რომ ჩვენი და იტალიელი კოლეგების თანამონაწილეობითა და სააგენტოს კოორდინაციით, ვარძიის პროექტი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ჯილდოზე Europa Nostra-ზე წარვადგინეთ. სხვათა შორის, რამდენიმე წლის წინ ეს ჯილდო პირიქითა ხევსურეთის ისტორიული სოფლის, მუცოს რეაბილიტაციის პროექტმა მიიღო. კონკურსის შედეგები 2 თვეში გამოცხადდება.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share