Jump to content
×
×
  • Create New...

ლარის დასასრული?


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

ლარი დოლართან მიმართებაში ბოლო ერთი თვის განმავლობაში თითქმის 3%-ით გაუფასურდა და ოფიციალური კურსით 1 დოლარის ფასი 3.4343 ლარია. ეროვნული ვალუტის დევალვაცია უკვე აისახა სამომხმარებლო ფასებზე. გაძვირდა მედიკამენტები, საწვავი და პირველადი მოხმარების საგნები, რაც ყველაზე მეტად დაბალი სოციალური ფენის მდგომარეობას გააუარესებს. ბიზნესი ეროვნულ ბანკს მოუწოდებს, სავალუტო რეზერვებიდან დოლარი გაყიდოს და ლარის კურსი სწრაფად დაასტაბილუროს. სპეციალისტები კი მიიჩნევენ, რომ მთავრობას კრიზისის შეჩერების რესურსი აღარ აქვს.  

ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური კრიზისი ეროვნული ვალუტის კურსზეც აისახა. ლარმა მცირეხნიანი დასტაბილურების შემდეგ კვლავ ვარდნა დაიწყო. ამ პროცესს ხელი თურქული ლირას გაუფასურებამაც შეუწყო. სიტუაციას ართულებს ქვეყანაში არსებული არასტაბილური პოლიტიკური გარემო, რაც ბოლო პერიოდში კიდევ უფრო გამწვავდა.

ფასები კიდევ გაიზრდება

უცხოური ვალუტის მიმართ ლარის გაუფასურებამ გაზარდა ინფლაციის მაჩვენებელიც. საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის მარტში ფასებმა 7.2%-ით მოიმატა, რაც ორი წლის მაქსიმუმია. ეროვნული ბანკის პროგნოზით, ფასების ზრდა გაგრძელდება. სების პრეზიდენტის – კობა გვენეტაძის თქმით, „2021 წლის საშუალო ინფლაცია 4-4,5% უნდა ყოფილიყო, მაგრამ ის სავარაუდოდ, უფრო მაღალი იქნება. ეკონომიკა შოკის სიტუაციაშია. ამიტომ ზუსტი პროგნოზის გაკეთება რთულია.

სავაჭრო ქსელ ნიკორაში Business Feed-ს უთხრეს, რომ ფასების შეკავებას ვეღარ ახერხებენ და სავალუტო კურსის უმნიშვნელო ცვლილებამაც კი შესაძლოა, აღარ მოგვცეს ამის საშუალება. ზეთის ფასი მწარმოებელ ქვეყნებშიც კი გაორმაგებულია. იგივე შეიძლება ითქვას ხორბალზე, საწვავსა და სხვა პირველადი დანიშნულების პროდუქტზე.

სავაჭრო ქსელი ვარაუდობს, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ფასების ზრდა კიდევ გაგრძელდება. ხოლო სიტუაციის დასტაბილურებას მხოლოდ რამდენიმე თვეში უნდა ველოდოთ, მას შემდეგ, რაც პანდემიის ფაქტორები შემცირდება და ეკონომიკა, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე მსოფლიოში დაიწყებს აღდგენას.  

zethi.jpgfacebook.com

ანტიკრიზისული გეგმის გარეშე

ბიზნესმენები მთავრობას და ეროვნულ ბანკს კურსის დასტაბილურებას სთხოვენ. ბიზნესმენთა ასოციაციის წევრები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდნენ და მათ წინაშე არსებული პრობლემების ჩამონათვალი წარუდგინეს. ბიზნესმენები ამბობენ, რომ შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი ლარის კურსი იყო, თუმცა, პრემიერს ლარის დასტაბილურების მოკლევადიანი ღონისძიებების გეგმა მათთვის არ წარმოუდგენია.

ლარის ვარდნის შეჩერებას მთავრობას და ეროვნულ ბანკს იმპორტიორი კომპანიებიც სთხოვენ. საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია Business Feed-თან საუბრისას ამბობს, რომ სავაჭრო ობიექტები იძულებულები არიან, ფასები გაზარდონ, რათა გაკოტრებას გადაურჩნენ. მისი თქმით, ადგილობრივ მწარმოებლებს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გაძვირების გამო ხარჯები გაეზარდათ, ამას ემატება უცხოეთის ბაზრებზე ნედლეულის გაძვირება, რაც მათ პროდუქციაზე ფასების ზრდას აიძულებს.

ბიზნესოპერატორებს შოკურ რეჟიმში უწევთ მუშაობა. არაფერი იძლევა იმის იმედს, რომ სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება. შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი არის ტურიზმის სწრაფად აღდგენა, ინვესტიციების შემოსვლა და მეტი პროდუქტის წარმოება ქვეყანაში. მაგრამ ეს არის გამოსავალი გრძელ ვადაში. მოკლევადიან პერიოდში კი გამოსავალი არ ჩანს, – აღნიშნავს ივა ჭყონია.

რას იზამს ეროვნული ბანკი

ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ სებ-მა ინტერვენციები ანუ სავალუტო ბაზარზე დოლარის გასაყიდად გამოტანა დააგვიანა და „ლარი გაექცა“. მისი თქმით, ლარის კურსის შეჩერების ერთადერთი გზა კვლავაც ინტერვენციებია. მაგრამ ეროვნულ ბანკს ახლა უკვე მეტი ვალუტის გაყიდვა მოუწევს“.

სებ-ის პრეზიდენტი კი ამბობს, რომ ლარის დასახმარებლად სავალუტო რეზერვებიდან  დოლარს წელსაც გაყიდიან, თუმცა, იქვე იმასაც აღნიშნავს, რომ ამას ვერ გააკეთებენ, როცა ლარის ვარდნა „ფუნდამენტური ფაქტორებით“ იქნება გამოწვეული. კობა გვენეტაძე ფუნდამენტურ ფაქტორებში საგარეო წყაროებიდან ვალუტის დანაკლისს გულისხმობს, რაც ინვესტიციებისა და ტურიზმის შემცირებაში გამოიხატება. ის ამბობს, რომ ამას რეზერვების გაყიდვა ვერ უშველის. თუ ამას შევეცდებით, ეს ორმაგად დიდი გაუფასურებით და მეტი ინფლაციით დაგვიბრუნდება, – ამბობს კობა გვენეტაძე.

შემცირებულ ინვესტიციებსა და ტურიზმის ჩავარდნას ბიუჯეტის გაზრდილი დეფიციტიც დაემატა. როგორც ცნობილია, მთავრობამ მიმდინარე ხარჯების დასაფარად უცხოური წყაროებიდან დამატებითი ვალი აიღო. სახელმწიფო საგარეო ვალი 2020 წელს რეკორდულად – $2 მილიარდით გაიზარდა და უკვე $7.8 მილიარდს აღწევს. ეს გარემოება დამატებით დაწოლას ახდენს ლარზე და მას გაუფასურებისკენ უბიძგებს. 31 მარტს თანამდებობა დატოვა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა. ამ კრიზისულ სიტუაციაში მისი გადადგომა კიდევ უფრო აღრმავებს ეჭვს, რომ ქვეყანაში ფისკალურ პრობლემებს აქვს ადგილი. ორგანიზაცია საზოგადოება და ბანკები მთავრობას ურჩევს, ხარჯები შეამციროს, რათა ბიუჯეტში დეფიციტი კიდევ არ გაიზარდოს.

თუ ბიუჯეტის დეფიციტი 2021 წელსაც ისევ დაგეგმილ 7.5%-ზე მეტად გაიზრდება, მთავრობას მისი დაფინანსება საგარეო ვალით მოუწევს. ამ შემთხვევაში, დაწოლა მოხდება ლარი/დოლარის გაცვლით კურსზე, შესაბამისად, სებ იძულებული იქნება, მუდმივი ინტერვენციებით ამოიღოს ლარის მასა და დოლარი მიაწოდოს ბაზარს. სხვა შემთხვევაში, გაუფასურებული კურსი აუცილებლად გადაითარგმნება მაღალ ინფლაციაში და პოსტკოვიდურ სიტუაციაში უფრო მძიმე ტვირთად დააწვება მოსახლეობას, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

The post ლარის დასასრული? appeared first on BusinessFeed.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share