Jump to content
×
×
  • Create New...

რატომ შეიძლება ტყუოდეს ბავშვი ნიშნებთან დაკავშირებით და როგორ უნდა იმოქმედოს მშობელმა ნებისმიერი ტყუილის მოსმენისას


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

რა მიზეზები აქვს ბავშვებში და მოზარდებში ტყუილს?
ბავშვები შესაძლოა ტყუოდნენ იმიტომ, რომ:

  • დამალონ რაღაც იმისთვის, რომ პრობლემები არ შეექმნათ
  • შეამოწმონ თქვენი რეაქცია
  • გახადონ ამბავი უფრო საინტერესო
  • ექსპერიმენტისთვის – მაგალითად თავი ისე დაიჭირონ, თითქოს, რასაც ჰყვებიან, სინამდვილეა
  • მიიქციონ ყურადღება ან წონა შესძინონ თავის ნათქვამს
  • მიიღონ, რაც სურთ – მაგალითად ტკბილეული
  • ტკივილი არ მიაყენონ სხვას

„ბიძგის მიმცემი არის ის, რომ ხშირ შემთხვევებში მათ ტყუილის თქმის დროს უნდათ პრობლემებისგან, რთული სიტუაციისგან თავის არიდება და ამიტომ აკეთებენ ამას. ძირითადად გავრცელებული ტყუილი ბავშვებში გახლავთ ის, რომ ისინი იტყუებიან აკადემიურ აქტივობებთან დაკავშირებით, ქულებთან და ნიშნებთან დაკავშირებით და ცხადია, ყველა ხვდება ალბათ, რომ ეშინიათ იმ რეაქციების, რაც შეიძლება მათ ნაკლებად ეფექტურ აკადემიურ აქტივობას მოჰყვეს, ან დაბალ ქულას“, – აღნიშნავს ფსიქოლოგი, პროფესორი ნატა მეფარიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „პირადი ექიმი მარი მალაზონიასთან ერთად“.

ტყუილი სოციალური კომუნიკაციის არაგულწრფელი ფორმაა, რომელიც არც ერთი ასაკის ადამიანისთვის უცხო არ არის. განასხვავებენ: პროსოციალურსა და ანტისოციალურ ტყუილებს. თუ პირველი კეთილი განზრახვით ითქმება, ანტისოციალური ტყუილის დროს, ადამიანმა იცის, რომ წესს არღვევს, მაგრამ მაინც ამბობს ტყუილს.

ფსიქოლოგი აღნიშნავს, რომ მსგავს ქცევას ბავშვები გამოცდილების გარეშე არ სჩადიან.

nata-mepharishvili-250x250.jpg„როდესაც მოდის ბავშვი, მაგალითად, ავიღოთ მეხუთეკლასელი და ამბობს, რომ მან მიიღო ქულა, მაგალითად, შვიდიანი, რაღაც კონკრეტულ საგანში. ამ ქცევის შედეგი შეიძლება იყოს სხვადასხვანაირი. ზოგი მშობელი იტყვის: „შვიდიანი ნიშნავს იმას, რომ მეტად უნდა მიაქციო ყურადღება, შემდეგში როგორ მოამზადებ საგანს“. ზოგი მშობელი დასვამს შეკითხვას: „სხვებმა რა მიიღეს? რამდენი ათიანი იყო? ათიანი ხომ კარგი ქულაა. შვიდიანი მთლად კარგი არაა, მიაქციე ყურადღება. არ ვარგა შვიდიანი“.

“ქცევის შედეგით, მშობელი უნებლიედ, რა თქმა უნდა დაუგეგმავად, უბიძგებს შვილს, რომ მან შემდეგში ნაწილობრივ დაფაროს [სიმართლე]. ბავშვმა შეიძლება საერთოდ ხმა არ ამოიღოს. არ გაამხილოს ქულა, ან თქვას, რომ, მაგალითად, ცხრიანი და ათიანი მიიღო.

“ეს ორივე შემთხვევა ხდება იმიტომ, რომ ბავშვმა თავი აარიდოს ერთგვარ უსიამოვნო შეგრძნებებს. რომ აღარაფერი ვთქვათ ისეთ შემთხვევებზე, როცა უფროსები გამოკვეთილად აკეთებენ აქცენტს იმაზე, რომ ეს ქულა არ ვარგა, რომ არ შეიძლება, ბავშვმა ამ ქულაზე ისწავლოს, რომ ის წარუმატებელია და ა.შ.“, – განმარტავს ფსიქოლოგი.

პროფესიონალები მიანიშნებენ მშობლებს, რომ თუ ოჯახში ჩვევად იქცა ბავშვის კრიტიკა მისი აკადემიური მოსწრების გამო, თუ ხშირად აკეთებენ აქცენტს ამაზე და ხშირად უწევენ ხმას, ხშირად სჯიან ბავშვს მიღებული ნიშნების გამო, ალბათობა იმისა, რომ კიდევ და კიდევ მოიტყუება ბავშვი, არის მაღალი, რადგან მას უჭირს სხვა გამოსავლის პოვნა.

ტყუილების თქმის უნარით ადამიანები არ იბადებიან და ამას სოციუმში სწავლობენ.

„მსგავსი ტყუილების გამო ბავშვის დასჯა აღზრდის არასწორი მეთოდია. ყოველთვის უნდა ვეძებოთ ტყუილის მიზეზი. ძალიან მნიშვნელოვანია ინტერპრეტაციები, რასაც აკეთებენ უფროსები ამ დროს. იარლიყების მიწებება ზოგადადაც არაა კარგი და ბავშვისთვის თქმა – „შე მატყუარა!“ – ძალიან არასასურველია“, – ხაზგასმით აღნიშნავს ფსიქოლოგი ნატა მეფარიშვილი.

მშობლებისთვის და უფროსებისთვის, ვინც ბავშვის აღზრდაზე არიან პასუხისმგებელნი, რეკომენდაციები შემდეგნაირად ჟღერს:

  • ესაუბრეთ შვილებს გახსნილად და გულწრფელად, მათ შორის, ესაუბრეთ ტყუილისა და სიმართლის თქმაზე. და ამისთვის, პირველ რიგში, საჭიროა გამოყოთ დრო.
  • ბავშვთან კომუნიკაციის სტილი უნდა გქონდეთ მშვიდი, გაწონასწორებული და უფროსისთვის შესაფერისი. შეძლებისდაგვარად არა აფექტური, არა ხმაურიანი, რაც ხანდახან იწვევს ბავშვთან კომუნიკაციის ჩაწყვეტას და ერთმანეთის „ემოციურად დაკარგვის“ განცდას.
  • შეაქეთ თქვენი შვილი, როდესაც ის იღებს პასუხისმგებლობას არმოსაწონ ქცევაზე, როცა გამოგიტყდებათ ამაში.
  • იყავით სიმართლის მთქმელი ადამიანის ნიმუში და როლური მოდელი მათთვის. მშობლებიც იტყუებიან ხშირად. კვლევების მიხედვით, 5-6 სოციალური კომუნიკაციიდან ერთი მაინც ტყუილია ზრდასრულებში. ეს შესაძლოა უწყინარი ტყუილები იყოს, მაგრამ ამას ჩვენი შვილები ამჩნევენ და ჩვენგან მაგალითს იღებენ. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ტყუილი არ უთქვამს, ან არ ამბობს. მაგრამ დასაფიქრებელია, რამდენად ხშირად ვამბობთ და რა მიზნით.
  • მშვიდად, მაგრამ ყოველთვის უნდა დააფიქსიროთ, რომ იცით, როცა ბავშვი ტყუილს ამბობს. შეგიძლიათ ამ დროს ხუმრობას მიმართოთ ან პირდაპირ უთხრათ, „მე ვიცი, რომ შენ ახლა სიმართლეს არ ამბობ და მირჩევნია, რომ სიმართლე მითხრა“. არ უნდა წავუყრუოთ იმ შემთხვევაშიც კი, როცა ტყუილს პროსოციალური ხასიათი აქვს. ესეც საჭიროებს განხილვას და აღნიშვნას, რომ არსებობს შემთხვევები, როდესაც ტყუილს ამბობ, რომ სხვა ადამიანი იყოს კარგად.

„შეფასება უნდა ხდებოდეს საქციელის და არა პიროვნების. მაგალითად, ტყუილი, როგორც ქცევა, უნდა იყოს შეფასებული, რომ კარგი არ არის. ხოლო პიროვნება, ვინც მოიტყუა, ჩვეულებრივი ადამიანია და ქცევა არ გამოუვიდა კარგად. ამის გამიჯვნა არის ძალიან მნიშვნელოვანი. სხვანაირად იარლიყებს მივაკრავთ.

“ეს პრობლემა ბევრ ოჯახსა და საგანმანათლებლო დაწესებულებას აქვს. „ზარმაცი ხარ, მატყუარა ხარ, უქნარა ხარ“. ეს იარლიყები აუცილებლად იქნება სახეზე. და ეს მოგვცემს შემდეგ პრობლემას, ყველაზე მარტივი რომ ვთქვათ, თვითშეფასების პრობლემას. აღარ ვამბობ აქ მოტივაციისა და სხვა პრობლემებზე“, – აღნიშნავს ნატა მეფარიშვილი.

ბავშვთან გახსნილი კომუნიკაცია და მასთან ერთად თემის განხილვა ძალიან მნიშვნელოვანია, სანამ ტყუილები ძალიან გახშირებულა და კლინიკური ხასიათი მიუღია, მაგალითად, ქცევითი დარღვევის ნაწილი გამხდარა, რაც სპეციალისტის ჩარევას საჭიროებს. ან სანამ ისეთ შემთხვევამდე მისულა საქმე, როცა სიმართლის დამალვის გამო, ბავშვი აშკარა საფრთხის წინაშე დგება. ამ დროს არსებითი მნიშვნელობა აქვს, დავარწმუნოთ ბავშვი, რომ ჩვენთან გულახდილობა მისთვის საფრთხის შემცველი არაა, რომ სიტუაციის გამოსასწორებლად ყველაფერს გავაკეთებთ და მას ჩვენი იმედი უნდა ჰქონდეს.

როგორ მოქმედებს ქულები მოსწავლეთა მოტივაციასა და თვითშეფასებაზე

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share