Jump to content
×
×
  • Create New...

რა არის შიზოფრენია


Guest Georgia
 Share

Recommended Posts

რა ტიპის დაავადებაა შიზოფრენია? რამდენად შეესაბამება რეალობას პოპკულტურასა თუ საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპები? არის თუ არა ეს დიაგნოზი განაჩენი? როგორ მკურნალობენ შიზოფრენიას და ვინ ხვდება სტაციონარში? უნდა გვეშინოდეს თუ არა შიზოფრენიის მქონე ადამიანის? ამ და სხვა თემებზე ფსიქიატრ დავით ზურაბაშვილს ვესაუბრეთ.

 

მსოფლიო მოსახლეობის 10.7%-ს ერთი ან მეტი ფსიქიკური პრობლემა აწუხებს. მათგან ყველაზე გავრცელებული შფოთვითი აშლილობაა, რომელსაც დეპრესია და ალკოჰოლიზმი მოჰყვება. შიზოფრენია, რომელიც შედარებით მძიმე, ე.წ. ფსიქოზურ დაავადებად ითვლება, მოსახლეობის 0.33-0.75%-ში გვხვდება

შიზოფრენია ფსიქიკური აშლილობაა, რომელიც აზროვნების პროცესში, აღქმასა და სოციალურ ურთიერთობებში გამოვლენილი შეფერხებებით ხასიათდება. დაავადების გავრცელებული სიმპტომებია ჰალუცინაციები, კოგნიტური აშლილობა, პარანოია და სხვა. აშშ-ს მენტალური ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის მიხედვით, შიზოფრენია უნარშეზღუდულობის გამომწვევი ტოპ 15 ფაქტორიდან ერთ-ერთია, რასაც დაავადებულებში ადრეული სიკვდილის გაზრდილი რისკიც ემატება. 

ფსიქიკური ჯანმრთელობის ირგვლივ არაერთი სტერეოტიპი არსებობს, რასაც, ხშირად, პოპკულტურაც კვებავს. ერთ-ერთი ყველაზე ბუნდოვანი, სტიგმებით მოცული და მისტიფიცირებული დაავადება სწორედ შიზოფრენიაა. მას ხშირად ვაწყდებით საშინელებათა ფილმებში, თრილერებსა და სხვა ფსიქოლოგიურ დრამებში, სადაც დაავადება უკიდურესად ნეგატიურ კონტექსტშია ნაჩვენები. გარდა ხელოვნებისა, არასწორი, ხშირად დამამცირებელი სტერეოტიპები საზოგადოებაშიც გვხვდება. მაგალითად, ტერმინი "გიჟი", რომელიც დაავადებულ ადამიანს მიემართება, სოციუმს მისი იზოლირების, დევნის, დამცირებისა და დაცინვის საფუძველს აძლევს. 

ღრმად გამჯდარი წარმოდგენების მიუხედავად, შიზოფრენია განაჩენი არ არის და იგი ბევრად უფრო ადვილად სამართავი პრობლემაა, ვიდრე გვგონია. ამ თემის ირგვლივ არსებული ბუნდოვანების გასაფანტად მედიცინის დოქტორს, ფსიქიატრ დავით ზურაბაშვილს ვესაუბრეთ, რომელიც ამჟამად ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია. 

რა ტიპის დაავადებაა შიზოფრენია? როდიდან ჩნდება იგი კაცობრიობის ისტორიაში?

ყველა მკითხველისთვის გასაგები ენით რომ ვისაუბროთ, შიზოფრენია ზოგიერთი  ადამიანისთვის დამახასიათებელი დაავადებაა, რომელიც დრამატიზებას არ საჭიროებს – ეს განაჩენი არ არის, რომლის გამოც თავზე მიწა უნდა დავიყაროთ. მოკლე ისტორიული მიმოხილვით რომ დავიწყოთ, ტერმინი შიზოფრენია პირველად 1908 წელს, შვეიცარიელმა ფსიქიატრმა, ოიგენ ბლოილერმა გამოიყენა. თავად სიტყვა ბერძნულია და პირდაპირი მნიშვნელობით, გახლეჩილ ტვინს ნიშნავს. აქედან გამომდინარე, ამ დაავადებაზე საუბრისას ჩვენ განვიხილავთ ტვინს, რომელიც ორი ტიპის აზროვნებას აერთიანებს: ერთი, რომელიც სრულიად ჯანმრთელ ადამიანს ახასიათებს და მეორე, რომელიც კონკრეტულ საზოგადოებაში, კონკრეტულ პერიოდში არსებული ნორმებისგან განსხვავდება. მნიშვნელოვანი სიმპტომია, ასევე, კრიტიკის არარსებობა – პაციენტს არ აქვს უნარი, კრიტიკულად შეაფასოს საკუთარი აზროვნება ან ქცევა.

უფრო ფართოდ თუ შევხედავთ, შიზოფრენიის მსგავს დაავადებებს ტერმინის გამოყენებამდე ბევრად ადრე, ჩვენს წელთაღრიცხვამდე მესამე საუკუნის ეგვიპტურ დოკუმენტებში ვხვდებით, სადაც სხვადასხვა არაადეკვატური ქცევაა აღწერილი. მათი გაშიფვრის შედეგად ვვარაუდობთ, რომ საქმე, სავარაუდოდ, შიზოფრენიასთან გვქონდა.

ერთ-ერთი საინტერესო ფაქტი ამ დაავადების შესახებ მისი გამოვლინების ასაკია. საშუალოდ, ზრდასრულ მოსახლეობაში შიზოფრენია შეიძლება გამოვლინდეს გარდატეხის ასაკიდან, როდესაც ადამიანში ენდოკრინული ძვრები მიმდინარეობს – როდესაც ბიჭი ყალიბდება კაცად, ან გოგონა – ქალად. თუმცა, როცა ენდოკრინულ ძვრებზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ პირველ და არა ბოლო ეტაპს, როგორიცაა, მაგალითად, მენოპაუზა – დარწმუნებით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ შიზოფრენია 50-60 წლის ასაკში არ იწყება. ცხადია, შესაძლებელია, ამ ასაკის ადამიანს რაიმე ისეთი დაავადება შეეყაროს, რასაც თან შიზოფრენიის 1-2 სიმპტომი ახლავს, მაგრამ ეს დაავადება შიზოფრენია ვერ იქნება. 

ბავშვთა ფსიქიატრიაში გამოვლინების ასაკი 5-8 წლიდან იწყება. თუმცა, ჩემს 25-წლიან პრაქტიკაში ბავშვებში დასმული შიზოფრენიის დიაგნოზის სულ 3-4 შემთხვევა თუ მექნება ნანახი და სავარაუდოდ, მეტს ვეღარც ვნახავ. 

რა არის ამის მიზეზი? ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ შიზოფრენიის გამოვლინება დროთა განმავლობაში მცირდება?

არა, ამის მიზეზი ისაა, რომ დროთა განმავლობაში, უფრო დეტალური ანამნეზის მოპოვების საშუალება გვეძლევა, რაც ბევრად ზუსტი დიაგნოზის დასმის საშუალებას გვაძლევს. მაგალითად, 50 წლის წინ საერთოდ არ არსებობდა კომპიუტერული ტომოგრაფია; იყვნენ მხოლოდ ნევროლოგები, რომლებიც ცდილობდნენ, ჩაქუჩის გამოყენებით დაესვათ დიაგნოზი, მაგრამ გამოკვლევის საშუალება არ გვქონდა. ამიტომ, ნებისმიერი მიმსგავსებული სიმპტომის დაფიქსირების შემთხვევაში შიზოფრენიის დიაგნოზი ისმებოდა. დღესდღეობით, როცა ვკითხულობთ ძველ სამედიცინო ისტორიას, აშკარა ხდება, რომ იმ დროისთვის დასმულ არაერთ დიაგნოზს, ტომოგრაფიის გამოყენების შემთხვევაში, დღეს არ დავსვამდით. აქედან გამომდინარე, დროთა განმავლობაში დიაგნოსტირებული შიზოფრენიის რაოდენობა მუდმივად იკლებს. ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ დაავადების გამოვლინება შემცირდა, მაგრამ სავარაუდოდ, ადრეულ წლებში, ამ დიაგნოზს ბევრ არასწორ შემთხვევაში ვსვამდით. მეტიც, მომავალში შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ შიზოფრენია, ისე, როგორც ჩვენ გვეგონა, სულაც არ არსებობს და მას რაიმე ფსიქოენდოკრინული დარღვევა ეწოდოს. 

როგორია შიზოფრენიის ყველაზე გავრცელებული სიმპტომები და როგორ ხდება დიაგნოსტირება? 

რაც შეეხება სიმპტომებს, მე, როგორც ფსიქიატრს, მათი პუნქტებად ჩამოთვლა არ მსურს. დღესდღეობით ჩვენი საზოგადოების ნევროტულობის დონე მაღალია და არ არის მზად იმისთვის, რომ მოწოდებული ინფორმაცია სწორად გაიგოს. მე რომ ახლა კონკრეტული სიმპტომების ჩამოთვლა დავიწყო, აუცილებლად გაიზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც შეშფოთებულები დამინიშნავენ შეხვედრას, რადგან იფიქრებენ, რომ შიზოფრენია სჭირთ. უმჯობესია, თუ პრობლემის მქონე ადამიანი პროფესიონალს მიმართავს და ჩივილებს მას მოუყვება, რის შედეგადაც ექიმი, ინდივიდუალური გასაუბრების შედეგად, სწორ დიაგნოზს დასვამს.

ვის ემართება შიზოფრენია? არის თუ არა კონკრეტული პიროვნული, გენეტიკური ან სხვა ტიპის ფაქტორები, რომლებიც ადამიანთა ერთ ჯგუფს უფრო მოწყვლადს ხდის ამ დაავადების მიმართ?

როგორც აღვნიშნე, ბავშვებში შიზოფრენიის განვითარების რისკზე საუბარი რთულია, რადგან ამ დიაგნოზის დასასმელად, კონკრეტული აზროვნების სტრუქტურა უნდა იყოს ჩამოყალიბებული, რაც, მაგალითად, 3 წლის ბავშვში არ გვხვდება. ამიტომაც, ბავშვებში რამდენიმე წლიანი დაკვირვება გვჭირდება, რათა პრობლემის განვითარებას დავაკვირდეთ და მხოლოდ შემდეგ დავსვათ ზუსტი დიაგნოზი.

რაც შეეხება სქესთა შორის სხვაობას, მამაკაცებში შიზოფრენიის გამოვლინება ოდნავ უფრო ხშირია. რა განაპირობებს ამ განსხვავებას, რთული სათქმელია, თუმცა, პრაქტიკაში ასეა.

გენეტიკაზე საუბრისას, უნდა გვახსოვდეს, რომ თითქმის ყველაფერი, რაც ადამიანს უკავშირდება, ნაწილობრივ ან სრულად არის დაკავშირებული წინაპრებთან. ამის ფონზე, ჩნდება კითხვა: თუ შიზოფრენიის განვითარების რისკი გენომში დევს, რატომ ემართება ის კონკრეტულად ამ ადამიანს და არა სხვას? რით არის ერთი მეორეზე „უკეთესი“ ან მეტად მოწყვლადი. ამ საკითხზე საუბრისას ჩემს სტუდენტებთან ასეთი ანალოგია მომყავს: წარმოიდგინეთ, რომ მთის მწვერვალზე დევს დიდი ლოდი, რომელიც მომცრო ზომის ქვებითაა გამაგრებული და წონასწორობას ასე ინარჩუნებს. ადამიანს, თავისი ცხოვრების წესით შეუძლია, ნელ-ნელა მოაცილოს დამჭერი ქვები ისე, რომ ლოდი არ დაგორდეს და ხანგრძლივი, ლაღი ცხოვრება განვლოს. მეორე მხრივ, მას შეუძლია, არასწორი ცხოვრების წესით, ერთბაშად მოაცილოს მუხრუჭები, რაც ლოდის დაგორებას გამოიწვევს. რა მიმართულებით დაგორდება ლოდი – შიზოფრენიის, დიაბეტის, კუჭის წყლულის თუ გულის დაავადებებისკენ – არავინ იცის. აქედან გამომდინარე, ჩვენ მიერ არჩეული ცხოვრების წესი უშუალოდ განაპირობებს სხვადასხვა დაავადების, მათ შორის, შიზოფრენიის, განვითარების რისკს. თუმცა, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მწვერვალზე განთავსებული ლოდის სახით, ეს რისკი მუდმივად არსებობს.

რას შეგვიძლია, ვუწოდოთ არაჯანსაღი ცხოვრების წესი? – ნარკოტიკული საშუალებების მიღება, მათ შორის, მარიხუანა, რომლის მიმართაც მე მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულება მაქვს და რომელიც არაერთი ფსიქიკური პრობლემის მაპროვოცირებელი გამხდარა ჩემს პაციენტებში,  ალკოჰოლის გადამეტებული მოხმარება, ტვინის შერყევა. ნარკოზი ასევე შეიძლება იყოს გამომწვევი ფაქტორი. სიფრთხილეს საჭიროებს სპორტის ის სახეობებიც, რომლებშიც ხშირია გონების დაკარგვა, ინტოქსიკაცია და უჟანგბადობა.

როგორ ხდება შიზოფრენიის მკურნალობა და რა ხარჯებთანაა დაკავშირებული მედიკაციის კურსის გავლა საქართველოში? შეიძლება თუ არა, რომ შიზოფრენია ერთხელ და სამუდამოდ დავამარცხოთ თუ ის მუდმივ მართვას საჭიროებს?

დავიწყოთ იმით, თუ რამდენ ხანს გვჭირდება შიზოფრენიის მკურნალობა. სამწუხაროდ, ამაზე პასუხი არ არსებობს. დავუშვათ, პაციენტს დაესვა შიზოფრენიის დიაგნოზი დღევანდელი ან წარსულში გამოვლენილი ქცევების ფონზე, ექიმმა მას დაუნიშნა შესაბამისი მკურნალობა, რამაც გამოიღო შედეგი და მოიხსნა სიმპტომები. ეს არ გვაძლევს საფუძველს, ვიფიქროთ, რომ შიზოფრენია ამ ადამიანში სამუდამოდ დავამარცხეთ, თუმცა, არც იმას ვგულისხმობთ, რომ იგი აუცილებლად დაბრუნდება – წინასწარ ამის თქმა შეუძლებელია. სწორედ ამ მიზეზით, შიზოფრენიის დიაგნოზი პაციენტის ავადმყოფობის ისტორიაში მუდმივად რჩება, ისევე, როგორც მოტეხილი ხელის დიაგნოზი ვერ გაქრება ანამნეზიდან. ამის მიუხედავად, ეს არ ნიშნავს, რომ წარსულში მოტეხილი ხელი დღეს წერაში მიშლის ხელს, ისევე, როგორც წარსულში დასმული შიზოფრენიის დიაგნოზი არ ნიშნავს, რომ დღეს სრულფასოვნად ცხოვრება არ შემიძლია.

ცალკე საკითხია სიმპტომების იგნორირება. თუ პაციენტი დაავადების პირველ ნიშნებს უგულებელყოფს, არ მიხედავს, მდგომარეობა აუცილებლად გაუარესდება. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შიზოფრენიის იგნორირებით მას ვერც დავამარცხებთ და ვერც გავაყუჩებთ – სანამ ექიმს არ მივმართავთ, დაავადება თავისით არ გაქრება.

რაც შეეხება მკურნალობას, დღესდღეობით, არსებობს არაერთი მედიკამენტი, რომელიც შიზოფრენიის მართვაში და სიმპტომების გაქრობაში გვეხმარება. დანიშნულება თითოეული პაციენტის შემთხვევაში ინდივიდუალურია, ექიმი ცდილობს, პრეპარატების ისეთი კომბინაცია შეარჩიოს, რომელიც ავადმყოფზე იქნება მორგებული . ადამიანის მიერ დროულად მომართვის და ექიმის მიერ სწორი სამკურნალო კურსის დანიშვნის შემთხვევაში, პაციენტს ეძლევა საშუალება, გააგრძელოს სრულფასოვანი ცხოვრება, იმუშაოს, შექმნას ოჯახი, იყოლიოს შვილები და ასე შემდეგ. მეორე მხრივ, თუ ავადმყოფი ექიმის რჩევებს უგულებელყოფს ან მკვეთრად არაჯანსაღ ქცევებს მიმართავს, სავსებით შესაძლებელია, რომ სიმპტომები დაბრუნდეს.

ამიტომ, ვერ ვიტყვით, რამდენ ხანს გაგრძელდება მკურნალობა. შესაძლოა, პაციენტმა გაიაროს უწყვეტი მედიკაციის 2-წლიანი კურსი, რომლის შემდეგაც ექიმმა პრეპარატები მხოლოდ გაზაფხულსა და შემოდგომაზე დანიშნოს, როდესაც ფსიქიკური აშლილობები უფრო მწვავდება. უფრო მოგვიანებით, შეიძლება შემოდგომაც მოვხსნათ და პაციენტმა მხოლოდ გაზაფხულზე მიიღოს წამლები, შემდეგ – ორ გაზაფხულში ერთხელ და ასე შემდეგ. ვფიქრობ, წელიწადში ერთხელ მედიკამენტების 2-კვირიანი კურსის გავლა ჩვეულებრივი ადამიანისთვის მკურნალობადაც კი რთულად აღიქმება.

ჩვენს ქვეყანაში მედიკამენტები და, საჭიროების შემთხვევაში, სტაციონარული ან ამბულატორიული მომსახურება, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უფასოა. თუმცა, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სტაციონარული მკურნალობის თვალსაზრისით ქვეყანაში დაფარვის პრობლემა გვაქვს – აღმოსავლეთ საქართველოში დაწესებულება მხოლოდ თბილისშია, რაც ავადმყოფებისთვის დისკომფორტს ქმნის და მკურნალობის დაწყებას ართულებს. ვფიქრობ, ეს საკითხი მოსაგვარებელია.

რა შემთხვევებში სჭირდებათ პაციენტებს სტაციონარული მკურნალობა? ამას სახელმწიფო და ექიმი წყვეტს თუ პაციენტის ოჯახი?

დავიწყოთ იმით, თუ როგორ შეუძლია პაციენტს ექიმთან მიმართვა. როცა ადამიანი წყვეტს, რომ შემაწუხებელი სიმპტომების გამო, იქნება ეს შიშები, ობსესიები, უძილობა თუ სხვა, საჭიროა მიმართოს პროფესიონალს, იგი მიდის თავის საცხოვრებელ ადგილთან ყველაზე ახლოს არსებულ ამბულატორიაში. აქ, მისი ჩივილების მოსმენის შემდეგ, პაციენტს გადაამისამართებენ შესაბამის პოლიკლინიკაში, სადაც იგი მიიღებს ფსიქიატრიულ მომსახურებას. პოლიკლინიკაში, გასაუბრების შემდეგ ფსიქიატრი წყვეტს, შეესაბამება თუ არა პაციენტის სიმპტომები შიზოფრენიას, რა შემთხვევაშიც ავადმყოფს ეძლევა საშუალება, თავად მიიღოს მკურნალობის დაწყების გადაწყვეტილება და შეარჩიოს მისთვის ოპტიმალური დრო.

მეორე მხრივ, არსებობს შემთხვევები, როცა პაციენტი არის არაადეკვატური და მისი ქცევა არ შეესაბამება მიღებულ ნორმებს. ამ დროს, შესაძლოა, ახლობლებმა ან მეზობლებმა გამოიძახონ სასწრაფო დახმარება და მოითხოვონ ადამიანის გადაყვანა შესაბამის დაწესებულებაში. თუ სასწრაფო დახმარების ბრიგადა ჩათვლის, რომ მოქალაქეს ესაჭიროება ფსიქიატრიულ სტაციონარში გადაყვანა, ეს შესაძლებელია, მოხდეს ამ უკანასკნელის ნების გარეშეც. სტაციონარში გადაყვანის შემდეგ მორიგე ექიმი აფასებს პაციენტის მდგომარეობას და წყვეტს, დატოვოს თუ არა იგი კლინიკაში სამკურნალოდ. თუ პაციენტის მდგომარეობა მწვავეა, ექიმს აქვს უფლება, გააჩეროს იგი სტაციონარში მისი ნების საწინააღმდეგოდაც, რადგან შესაძლოა, ავადმყოფი იყოს საშიში ან საკუთარი თავისთვის, ან საზოგადოებისთვის.

არსებობს შეხედულება, რომ შიზოფრენიით დაავადებული ადამიანი საზოგადოებისთვის საშიშია და საჭიროა მისი იზოლირება, რამდენად შეესაბამება ეს დაშვება სიმართლეს?

საზოგადოებისთვის საშიშ ქცევებზე როცა ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ  სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, დაიცვას ჯანმრთელი ადამიანი ავადმყოფისგან და პირიქით, ავადმყოფი – ჯანმრთელისგან. ეს როლი კარგად ვლინდება სახალხო დამცველის აპარატში. გვხვდება ასევე არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შიზოფრენიით დაავადებული ადამიანების უფლებებს იცავს. მაგალითად, თუ ავადმყოფმა გამწვავებული მდგომარეობის ფონზე გააჩუქა თავისი ქონება, შესაძლებელია, რომ სასამართლოს გზით ეს გარიგება ბათილად იქნეს ცნობილი და ნივთი გამჩუქებელს დაუბრუნდეს. სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებას ფსიქოზური დაავადების მქონე ადამიანების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება აქვს, მათ საფრთხედ აღიქვამს. სინამდვილეში, მინდა განვაცხადო, რომ შიზოფრენიით დაავადებული ადამიანი ბევრად ნაკლებად საშიშია, ვიდრე ჯანმრთელი. ამის მიზეზი ისაა, რომ ჯანმრთელი თავის ქმედებაში მოულოდნელია, აქვს წინასწარ შემუშავებული გეგმა, გააჩნია მოტივი, დანაშაულს ჩადის თანმიმდევრულად, ფრთხილად და ა.შ. ავადმყოფი ადამიანის ზრახვები მოულოდნელი და დაფარული არ არის, არ გვხვდება გეგმა, მოტივი, თანმიმდევრულობა და კრიტიკულობა, შედეგად, პოტენციური კრიმინალის პრევენცია ბევრად მარტივია.

რა გავლენა აქვს პაციენტის ოჯახს მწვავე გამოვლინებების დროს გადაუდებელი სტაციონარული მკურნალობის დაწყების გადაწყვეტილებაზე?

პროცესში გათვალისწინებულია პაციენტის ოჯახის აზრიც, რომლებიც ექიმებს მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდიან, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც ექიმი იღებს. დატოვების შემთხვევაში ავადმყოფს უტარდება მკურნალობის კურსი, რომელმაც უნდა მოხსნას მწვავე სიმპტომები და დააბრუნოს კრიტიკული აზროვნების უნარი, რასაც მინიმუმ 10 დღე მაინც სჭირდება. როგორც წესი, მას შემდეგ, რაც პაციენტებს ეს უნარი უბრუნდებათ, ექიმების მიმართ ისინი მადლიერებას გამოხატავენ. ხშირია შემთხვევები, როცა იხსენებენ, რომ გამწვავებული სიტუაციის ფონზე ამა და ამ საშიში ქცევის ჩადენას აპირებდნენ და სტაციონარში გაჩერებით მათ ამის საშუალება, საბედნიეროდ, არ მიეცათ.

გვყავს ისეთი პაციენტებიც, რომლებიც არა 10-20 დღე, არამედ ბევრად დიდი დროით მკურნალობენ სტაციონარში. სამწუხაროდ, არსებობს სიტუაციები, როცა ფსიქოზური პროცესები უწყვეტად მიმდინარეობს და არავითარი ჩარევა შედეგს არ იძლევა. ასეთ პაციენტებს პროფესიონალების მუდმივი კონტროლი და დახმარება სჭირდებათ, რასაც სტაციონარული მკურნალობა ჰქვია. მიუხედავად ამისა, ასეთი პაციენტები, სტატისტიკურად, ხელზე ჩამოსათვლელი რაოდენობით გვყავს.

http://tbl.ge/5hfw

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share