Jump to content
×
×
  • Create New...

რატომ დასჭირდა განათლების სამინისტროს წლები იმის აღიარებისთვის, რომ სკოლის და განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვები არსებობენ?!


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

21- საუკუნეში საქართველოში კვლავ არსებობენ ბავშვები, რომლებსაც სკოლაში არასდროს უვლიათ და განათლების მიღმა არიან დარჩენილები. სტატისტიკა საგანგაშოა, რადგანაც საქართველოში მცხოვრები 10 000-ზე მეტ ბავშვს სკოლასთან შეხება საერთოდ არ ჰქონია. ეს შედეგი კი, განათლების სამინისტროს მიერ სხვადასხვა უწყებასთან ერთად ჩატარებული კვლევის შედეგად გახდა ცნობილი. ახლა იწყება მეორე ეტაპი, რა დროსაც მოზარდების იდენტიფიცირება უნდა მოხდეს და მათი სკოლებს მიღმა დარჩენის მიზეზები დადგინდეს.

განათლების სამინისტროს კი, იმის აღიარებისთვის, რომ ქვეყანაში განათლების და სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვები არსებობენ, 5 წელი დასჭირდა. ჩნდება კითხვები, რატომ დუმდა უწყება ამ დრომდე, როცა ამ პრობლემის შესახებ 2016 წელს უკვე ცნობილი იყო და რატომ დასჭირდა ამდენი დრო იმისთვის, რომ ამ ბავშვების შესახებ ზუსტი სტატისტიკა დაედო? ამ ხნის განმავლობაში რატომ ვერ მოაგროვა მონაცემები და რა სახის სისტემური შეცდომები დაუშვა, რომელმაც ასეთ არასახარბიელო შედეგამდე მიგვიყვანა? არის მთავარი პრობლემა უწყებებს შორის კოორდინაციაში, რომელთაც ბავშვებზე ზრუნვა ეკისრებათ, თუ უბრალოდ ამის პოლიტიკური ნება არ არსებობდა?

EDU.ARIS.GE-სთან საუბარში, დარგის სპეციალისტები სამინისტროს მიერ პრობლემის აღიარებას მიესალმებიან, თუმცა ამბობენ, რომ აქამდე ეს საკითხი მათი მხრიდან უგულებელყოფილი იყო, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მონაცემების შეგროვება დაიწყეს, თუმცა შემდეგ ისევ მიავიწყდათ. განათლების ექსპერტები ეჭვობენ, რომ სამინისტროს ამ თემის გამოყენება ისევ უბრალოდ პიარის კუთხით სურს. არადა, სახელმწიფომ, ჯერ კიდევ 2013 წლიდან, იუნისეფის მხარდაჭერით, იკისრა ვალდებულება, აღერიცხა ბავშვები, რომლებიც განათლების მიღმა არიან დარჩენილები და განესაზღვრა, რა პროგრამები შეეთავაზებინა, როგორ ჩაერთო ისინი ინკლუზიურ განათლებაში.

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) განცხადებით, 2016 წელს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მიერ საქართველოში ჩატარებული ბავშვთა შრომის ეროვნული კვლევის თანახმად, 5-17 წლამდე თითქმის 11 200 ბავშვი (ამ ასაკობრივი ჯგუფის 2%) სკოლაში არ დადიოდა. ამ სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნებიდან ზუსტად 5 წლის შემდეგ, განათლების სამინისტრომ გვამცნო, რომ მათი კვლევით 10 000-ზე მეტ ბავშვს სკოლაში არ უვლია. თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ შესაძლოა, ეს რიცხვი ზუსტი არ იყოს, რადგანაც არ ვიცით ქუჩაში რამდენი ბავშვი ცხოვრობს. სახელმწიფო კი 5 ათასი ბავშვის იდენტიფიცირებას ჯერ ვერ ახერხებს. ეს იმ ბავშვების ნაწილია, ვისზეც განათლების სამინისტრო ამბობს, რომ არასდროს ჰქონიათ მოსწავლის სტატუსი. შესაბამისად, სისტემამ არ იცის სად გაქრნენ ეს ბავშვები დაბადების შემდეგ.

განათლების სპეციალისტი გიორგი გახელაძე EDU.ARIS.GEსთან აცხადებს, რომ განათლების სამინისტრომ წლების განმავლობაში ამ პრობლემის შესახებ გაეროს ბავშვთა ფონდისა და სტატისტიკის ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევიდან იცოდა, თუმცა რამდენიმე წელი დასჭირდა იმისთვის, რომ რეალურად დაედგინა, რამდენი ბავშვია განათლების და სკოლის მიღმა დარჩენილი. გახელაძე ამბობს, რომ ამის მიზეზი ბევრია და ძირითადად, ეს არის უწყებებს შორის კოორდინაციის პრობლემა, რომლის გამოც, რაღაცა პერიოდის განმავლობაში განათლების სამინისტროს ყურადღების მიღმა ჰქონდა ეს საკითხი. ამ პრობლემაზე მუდმივად არასამთავრობო ორგანიზაციები ლაპარაკობდნენ, თუმცა სამინისტრომ თემა ნაკლებად პრიორიტეტულად ჩათვალა.

„საწყის ეტაპზე, როდესაც განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ჩამოყალიბდა, რომელიც ძირითადად მონაცემების შეგროვებით იყო დაკავებული, ჩათვალეს, რომ რაღაც პერიოდის განმავლობაში ამ პრობლემას უმკლავდებოდნენ და ასე სიღრმისეული კვლევა საჭირო არ იყო. რაღაც მონაცემები შეაგროვეს, მაგრამ მერე ეს საკითხი მიავიწყდათ. განათლების სამინისტრო, როგორც სახელმწიფო ორგანო, სამწუხაროდ, უფრო მიდრეკილია იმისკენ, რომ საკუთარი მიღწევები წარმოაჩინოს. სამინისტრო არ იწუხებს თავს პრობლემების აღიარებით, ხოლო თუ ბოლოს და ბოლოს ამაზე შეწუხდება და ყურადღებას მიაქცევს, ესეც მხოლოდ იმით არის განპირობებული, რომ აქაც საკუთარი ინტერესები ამოძრავებს.

რაღაცა პრობლემის მიმართ საკუთარი მოსაზრება გააჩნიათ, რომელიც შემდეგ რეფორმის მამოძრავებელ ძალად უნდა წარმოაჩინონ. ძირითადი პასუხი თქვენს კითხვაზე რატომ დასჭირდა ამდენი დრო განათლების სამინისტროს სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მონაცემების შესაგროვებლად, არის ის, რომ ახლა ასე სჭირდებათ და იმიტომ. თურმე ამდენი წლის განმავლობაში ამ პრობლემაზე მუშაობა ვერ მოახერხეს და ახლა აღმოაჩინეს, რომ ეს ბავშვები ბუნებაში არსებობენ“, – ამბობს გიორგი გახელაძე.

დარგის სპეციალისტი ფიქრობს, რომ ამდენი პრობლემის ფონზე, სამინისტრომ მიიჩნია, რომ რაღაცა მაინც უნდა ეღიარებინა. ამიტომაც ახლა ჩათვალა, რომ განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვების ამბით უნდა დაინტერესდეს და ეს საკითხიც გაააქტიურა. აქვე დაინახეს, რომ მხარდაჭერის მექანიზმები არსებობს, ესეც არა სახელმწიფოს მიერ მოფიქრებული, არამედ, გაეროს ბავშვთა ფონდის, ოთხწლიანი უკვე დაწერილი პროგრამა. ამიტომ გახელაძე მიიჩნევს, რომ „სამინისტროში იფიქრეს, ახლა ეს თემა პიარის კუთხით ჩვენთვის ძალიან მომგებიანი იქნება და ქულების დაწერა გადაწყვიტეს“.

„რა თქმა უნდა, ქულების დაწერის გარდა, საქმეც გაკეთდება, მაგრამ განათლების სამინისტრო ძირითადი ძალა არ იქნება. ძირითადი ძალა იუნისეფი იქნება, რომელიც ამ პროგრამის დაწერაში და განხორციელებაში უამრავ რესურსს დებს. რაც შეეხება იმას, რატომ არის ამდენი ბავშვი სკოლის მიღმა დარჩენილი, ეს რამდენიმე პრობლემით არის განპირობებული. პირველ რიგში ამის მიზეზი ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა.
ეს არის ძირითადად სიღარიბიდან გამოწვეული პრობლემა, რომლის სრულიად აღმოფხვრა ვერ მოხერხდება. მაშინ ქვეყანაში სიღარიბე აღარ უნდა იყოს. სკოლის და განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვების უმეტესობა შრომაშია ჩაბმული. ზოგი კი საერთოდ საცხოვრებელი სახლის და ოჯახის გარეშეა დარჩენილი. ანუ ბავშვები, რომლებიც ქუჩაში ცხოვრობენ. არის ასევე ადრეული ქორწინების პრობლემებიც. თუმცა აქვე უნდა ვახსენოთ სისტემური მოშლა იმ უწყებებს შორის, რომლებიც ბავშვთა უფლებების დაცვაზე უნდა მუშაობდნენ“, – ამბობს დარგის სპეციალისტი.

გახელაძის თქმით, სისტემებს შორის არაკოორდინირებული მუშაობის გამო, ეს პრობლემა კიდევ უფრო გამწვავებულია და ამიტომაც რეალური სტატისტიკა შესაძლოა, უფრო საგანგაშო იყოს. გახელაძე ამბობს, რომ განათლების, იუსტიციის, შინაგან საქმეთა სამინისტროების და სოციალური მომსახურების სააგენტოების არა სათანადო მუშაობის და კომუნიკაციის გამო, იმ რეალობის წინაშე ვდგავართ, რომ 10 404 ბავშვის განათლების გარეშეა დარჩენილი. მისი აზრით, ასეთი ბავშვების დროულად აღმოჩენა და მიზეზების დადგენა ინტერსექტორული საქმეა. შეიძლება ამან თავი იჩინოს კრიმინალურ ნაწილში, ჯანმრთელობის და სოციალური მომსახურების ზონაში. თუმცა გამოვლენის სისტემა ჩვენთან არა და არ მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს არა ერთი დადგენილება და მინისტრის ბრძანება, პრაქტიკაში მისი გამოყენება არ ხდება.

„ეს პრობლემა მოგვარებით როდესღაც მოგვარდება, მაგრამ მანამდე უფრო დიდი პრობლემები გვაქვს მოსაგვარებელი. აუცილებელია საჯარო სექტორის ძირეული ცვლილება მოხდეს, რომელიც ამ სფეროში მომუშავე უწყებების კოორდინირებული მოქმედების წინაპირობა უნდა გახდეს. პრობლემის მოგვარების მეორე გზაა რომ ამ სფეროში სახელმწიფოს მონაწილეობის და უფლებების დათმობა მოხდეს. ეს პასუხისმგებლობა საზოგადოებრივმა სექტორმა აიღოს. ამ საქმეს ჩვენ მივხედოთ, არასამთავრობო და კომერციულმა ორგანიზაციებმა, საზოგადოებამ. ამ შემთხვევაში პრობლემის გადაჭრა შესაძლოა უფრო სწრაფადაც მოხდეს“, – ამბობს დარგის სპეციალისტი.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის“ დირექტორი ნინო თოდუა, რომელიც სკოლის და განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვების განათლების სისტემაში დაბრუნებას უზრუნველყოფს, ფიქრობს, რომ განათლების სამინისტროს წლები ამ ბავშვების მონაცემების შესაგროვებლად იმიტომ დასჭირდა, რომ უწყებებს შორის კოორდინაციის პრობლემა არსებობდა, რამაც ეს პროცესი დროში გაწელა. თოდუა EDU.ARIS.GE-სთან ამბობს, რომ ახლა განათლების სამინისტრო ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული და მის მოგვარებაზე მაქსიმუმს აკეთებს. მისი თქმით, სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვები სხვადასხვა კატეგორიის და სირთულის არიან, შესაბამისად, მათი მოძიება მხოლოდ განათლების სამინისტროს პრეროგატივა არ არის. ამიტომაც არიან სხვა უწყებებიც, რომელთაც ამ ბავშვებზე პასუხისმგებლობა აკისრიათ.

„კი ბატონო, გეთანხმებით, რომ სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების შესახებ განათლების სამინისტროს ინფორმაცია უკვე ჰქონდა, მაგრამ ამის შესაგროვებლად და ზუსტი სტატისტიკის დასადგენად წლები იმიტომ დასჭირდა, რომ სხვადასხვა უწყებებიდან ინფორმაციის გაცვლა იყო საჭირო. ეს პროცესი კი საკმაოდ რთულია და დროში გაიწელა. დღესაც, სოციალური მომსახურების სააგენტოს, ბავშვების შესახებ ინფორმაცია რომ მოსთხოვოთ, გეტყვიან, რომ ამის შესახებ მონაცემები არ გააჩნიათ. ისიც არ იციან განათლების სამინისტროს მიერ იდენტიფიცირებული 10 404 ბავშვი ვინ არიან. ამიტომ, უწყებებს ერთმანეთთან ინფორმაციის გაცვლა უჭირთ და ეს ყველაფერი დამატებით პრობლემებს ქმნის.

“მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წელი დასჭირდა ამ ინფორმაციის შეგროვებას და სტატისტიკის დადგენას, მაინც ვფიქრობ, რომ სამინისტროს მხრიდან ამ პრობლემაზე მუშაობის დაწყება წინ გადადგმული ნაბიჯია. რამდენიმე წლის წინ, ბევრად უფრო მეტი ბავშვი იყო სკოლის მიღმა დარჩენილი. გაისად კი ამდენი აღარ გვეყოლება და მათი რიცხვი თანდათან შემცირდება. სახელმწიფომ ეს ბავშვები დაინახა, პრობლემა აღიარა და ახლა უკვე ჯერი არასამთავრობო ორგანიზაციებზე დგას. რათა კონკრეტულად ამ ბავშვებთან და მათ მშობლებთან შესაბამისი პროგრამების განხორციელება მოხდეს და ბავშვები უკან, სკოლებში და სასწავლო სივრცეში დავაბრუნოთ“, – აცხადებს თოდუა.

EDU.ARIS.GE-ს კითხვაზე ხომ არ გახდა განათლების სამინისტრო იძულებული, რომ ეს პრობლემა ეღიარებინა, რადგანაც „იუნისეფის“ მიერ ჩატარებული კვლევა უკვე არსებობდა და ფაქტის წინაშე დამდგარ სამინისტროს უნდოდა თუ არა, ამ საკითხზე უნდა ემუშავა, თანაც ისე, რომ პრობლემის აღიარებისთვის წლები დასჭირდა, თოდუა ამბობს, რომ მისთვის ამაზე პასუხის გაცემა რთულია. რესპონდენტის თქმით, ფაქტი ერთია, რომ სახელმწიფოს ხედვა ამ მიმართულებით შეიცვალა. ადრე თუ სამინისტროს მთავარი მიზანი მწვანე ვაშლი და ჯანსაღი ცხოვრების წესი იყო, ახლა მათ რეალური პრობლემები დაინახეს.

„განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე ამ პრობლემის მოგვარებას ლობირებს და მისი დაჟინებული მოთხოვნით უწყებებს შორის ინფორმაციის გაცვლა მოხდა. შესაბამისად, კონკრეტული სტატისტიკა დაიდო და პროგრამის კიდევ უფრო გააზრება მოხდა. რა თქმა უნდა, „იუნისეფის“ წვლილი არ უნდა დავკარგოთ. ორგანიზაციამ ამაზე მუშაობა დაიწყო და დაიწერა პროგრამა. კი ბატონო, რთულია ზუსტად საუბარი იმაზე, ამხელა შუალედი რატომ დასჭირდა ინფორმაციის მიმოცვლას, ალბათ ამაზე პასუხი ამ უწყებებმა უნდა გაგვცენ, მაგრამ დღეს ამ რეალობის წინაშე ვართ. სტატისტიკა გვაქვს, იდენტიფიცირებულები არიან ბავშვები და ვიმედოვნებ, რომ იმ ბავშვების იდენტიფიკაციაც მოხდება, რომლებიც ჯერ აღმოჩენილები არ არიან.

“ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამა არსებობს, რომლის განმახორციელებელიც ჩვენი ორგანიზაციაა. გვაქვს მოდელი, როგორ უნდა მოხდეს ამ ბავშვების განათლების სისტემაში დაბრუნება. ამის რესურსი ქვეყანაში არსებობს და ვფიქრობ, რომ ამ 10 404 ბავშვის სკოლაში დაბრუნება შესაძლებელია. პრევენციაზე მუშაობაც აუცილებელია და მსგავსი კატეგორიის მშობლებთან უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ბავშვები სკოლის მიღმა აღარ დარჩნენ“, – დასძენს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის“ დირექტორი ნინო თოდუა.

საქართველოში 10 404 ბავშვს სკოლაში არასდროს უვლია – რა გეგმა აქვს სამინისტროს

edu.aris.ge-სთვის მოამზადა ელზა პაპოშვილმა

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share