Guest Merlin Posted 31 მარტი, 2021 Posted 31 მარტი, 2021 დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია საბაკალავრო პროგრამებზე მიღებას აცხადებს. ამასთან დაკავშირებით, EDU.ARIS.GE აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროს მარიამ ღამბაშიძეს ვრცლად ესაუბრა: რომელ საბაკალავრო პროგრამებზე აცხადებს მიღებას დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია?აკადემიაში მიღება ცხადდება შემდეგ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე: მენეჯმენტი, ინფორმატიკა, თავდაცვა და უსაფრთხოება, მექანიკის ინჟინერია. ვის შეუძლია საბაკალავრო პროგრამებზე რეგისტრაციის გავლა?საბაკალავრო პროგრამებზე რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ: 24 წლამდე აბიტურიენტებს, რომლებიც დარეგისტრირდებიან 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის (ელექტრონულად აპლიკანტები რეგისტრირდებიან მხოლოდ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე), რეგისტრაციისას აირჩევენ აკადემიის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამებს. ხოლო შემდგომ გაივლიან აკადემიის შიდა შესარჩევ ტურებს, რომელიც მოიცავს ტესტირებას ფიზიკურ მომზადებაში, ფსიქოლოგიურ შერჩევას (სადაც შეფასდება აბიტურიენტის მზადყოფნა და მოტივაცია შეეგუოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რეჟიმს და მისი დასრულების შემდეგ კონტრაქტით გათვალისწინებული ვადით იმსახუროს სამხედრო სამსახურში), გაივლიან სამედიცინო შემოწმებას და წარმოადგენენ ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა NIV-100/ა). აბიტურიენტები, რომლებიც წარმატებით გაივლიან შიდა შესარჩევ ტურებს, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩააბარებენ გამოცდებს, რომლებიც კონკრეტული პროგრამის მიხედვით არის განსაზღვრული. გამოცდების წარმატებით დაძლევის შემდგომ, აკადემიაში წარმოდგენილ უნდა იქნას შესაბამისი რეგულაციით განსაზღვრული საბუთების ნუსხა, რომელზეც დეტალური ინფორმაცია შესაძლოა მოძიებულ იქნას აკადემიის ოფიციალურ ვებგვერდზე. ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლა არის თუ არა უფასო?სწავლა სრულად ფინანსდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ, რაც აკადემიის უნიკალურობაზე მეტყველებს. დაწესებულება წარმატებულ სტუდენტებს (იუნკერებს) უზრუნველყოფს სტიპენდიით. იუნკერთა სწავლის ხარისხის ამაღლებისა და მოტივაციის გაზრდის მიზნით, დაწესდა ფიქსირებული სტიპენდია. ხოლო დამატებითი სტიპენდია გაიცემა მხოლოდ მათთვის, ვისაც აქვს კარგი აკადემიური მოსწრება. აღნიშნულის გათვალისწინებით, იუნკერებზე ფიქსირებული სტიპენდია განისაზღვრა 200 ლარის ოდენობით, ხოლო სტიპენდიის გაცემის კრიტერიუმები ჩამოყალიბებულია შემდეგნაირად: ა) A (95-100 ქულა + ფიზ. მომზ. 100 ქულა) – 300 ლარი; ბ) A (91-94 ქულა + ფიზ. მომზ. 90 ქულა) – 200 ლარი; გ) B (81-90 ქულა + ფიზ. მომზ. 80 ქულა) – 100 ლარი. როგორც ვიცით, საბაკალავრო პროგრამებზე ჩაბარების შემთხვევაში, იუნკერი თავდაცვის სამინისტროსთან აფორმებს კონტრაქტს. თუ შეიძლება, განუმარტეთ აბიტურიენტებს, რას ითვალისწინებს ეს?მოგახსენებთ, რომ მინისტრის ბრძანებით შემუშავებულია „სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასარიცხ პირთან გასაფორმებელი კონტრაქტის“ ფორმა, სადაც განსაზღვრულია ყველა საჭირო და გასათვალისწინებელი პუნქტი. კანონმდებლობით დადგენილი წესით კონტრაქტის საფუძველზე თავდაცვის სამინისტრო იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს მოსამსახურე სამხედრო სამსახურითა და შესაბამისი შრომითი და სოციალური პირობებით. როგორია სტუდენტთა რაოდენობის დინამიკა დღეისთვის? იუნკერთა რაოდენობის დინამიკა მზარდია, რაც განპირობებულია როგორც ხარისხიანი, ისე უნიკალური საგანმანათლებლო პროგრამებით. გარდა ამისა, აკადემია მუდმივი გაუმჯობესების მიზნით, პერმანენტულად მუშაობს ახალ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რაც სტუდენტთა მოზიდვის ერთ-ერთი მექანიზმი და სწავლის მსურველთა რაოდენობის მატების გარანტია. რას სთავაზობს ეროვნული თავდაცვის აკადემია გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მიღების მსურველ სტუდენტებს? საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია მუდმივად ზრუნავს, რათა გაცვლითი პროგრამების ფარგლებში იუნკერებმა რეგულარულად მიიღონ მონაწილეობა პარტნიორი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და საერთაშორისო პროექტების ფარგლებში ორგანიზებულ სხვადასხვა სახის ღონისძიებაში. აკადემიას უცხოურ პარტნიორ უნივერსიტეტებთან გაფორმებული აქვს ურთიერთგაგების მემორანდუმები, რომლის ფარგლებში ხორციელდება, როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი პროგრამები. აკადემიის იუნკერები გრძელვადიან პროგრამებზე სწავლობენ საფრანგეთის, გერმანიის, თურქეთისა და ამერიკის სამხედრო აკადემიებში. სასწავლებლებში მიღებული გამოცდილება დიდ როლს თამაშობს იუნკერების პროფესიულ განვითარებაში. იუნკერები აქტიურად მონაწილეობენ სამხედრო და სამეცნიერო გაცვლით პროექტებში შემდეგ ქვეყნებში: აშშ, კანადა, რუმინეთი, ლიეტუვა, ლატვია, თურქეთი, იტალია, საფრანგეთი. აღნიშნული ვიზიტები დიდ როლს თამაშობს იუნკერების პროფესიულ განვითარებაში და ასევე მნიშვნელოვანია კულტურული და შემეცნებითი თვალსაზრისითაც. რას იტყვით სტუდენტური ცხოვრების არაფორმალურ ნაწილზე? აკადემია მრავალფეროვანი შემეცნებითი, სამეცნიერო, თუ კულტურული ღონისძიებების განხორციელებით უზრუნველყოფს იუნკერებისა თუ დაინტერესებული მხარეების ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა მიმართულებით. აკადემია დაინტერესებულ მხარეს სთავაზობს საჯარო ლექციებისა და სემინარებს, რომელშიც არა მხოლოდ ქართველი, არამედ უცხოელი მომხსენებლებიც არიან ჩართულები. პერიოდულად ვმასპინძლობთ მაღალი რანგის უცხოელ სამხედრო და სამოქალაქო სტუმრებს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების იუნკერებისთვის სხვადასხვა თემატიკაზე დისკუსიის გამართვისა და საჯარო ლექციების ჩატარების მიზნით. მოწვეული მომხსენებლების ლექციების თემატიკა საკმაოდ მრავალფეროვანია. მათ მიერ მოწოდებულ ინფორმაციას თუ გამოცდილებას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს დაინტერესებული მხარის ცნობიერების ამაღლების პროცესში. იუნკერები მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა სპორტულ თუ კულტურულ აქტივობებში – ისეთებში, როგორიცაა ესეების კონკურსები, ინტელექტუალური თამაში “რა? სად? როდის?” (ზამთრის და ზაფხულის სეზონი), სადაც, იუნკერების გარდა, ჩართული არიან სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც, კინოჩვენებები, ჩამოყალიბებულია დრამატული წრე, სადაც დაიდგა ისეთი სპექტაკლები, როგორებიცაა: ,,სამშობლოს გმირები სჭირდება’’, ,,დავით აღმაშენებელი – დასაწყისი’’, ,,აფხაზეთი ჩვენი ტკივილი’’, ,,დავით აღმაშენებელი’’ და სხვა. იუნკერების ინიციატივით შექმნილია მუსიკალური ბენდი, რომელიც წარმატებით ატარებს კონცერტებს, როგორც აკადემიის შიგნით, ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ,,არმიჰოლში’’ და სხვადასხვა ბრიგადებში. ბენდის რეპერტუარი საკმაოდ მრავალფეროვანია. ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ხშირად იმართება შიდა ჩემპიონატები სპორტის სხვადასხვა სახეობებში: მინი ფეხბურთში, ფეინთბოლსა და კალათბურთში. ტარდება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები, როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო მასშტაბით. რატომ უნდა აირჩიოს აბიტურიენტმა სწავლის გაგრძელებისთვის ეროვნული თავდაცვის აკადემია, რა არის მთავარი ფაქტორი, რას ურჩევთ მათ?მოგეხსენებათ, აკადემია საქართველოს მასშტაბით ერთადერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც აკადემიურ განათლებასთან ერთად, საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდგომ, ანიჭებს ლეიტენანტის წოდებას. ფაქტობრივად, აკადემიაში სწავლის დასრულების შემდგომ, მათ აქვთ როგორც აკადემიური, ისე სამხედრო განათლება. როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, აკადემიაში სწავლა არის სრულიად უფასო და დამატებით გაიცემა სტიპენდიები. ამ მხრივ, აკადემია ერთადერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა საქართველოში, სადაც ყოველი იუნკერის სწავლა სრულად ანაზღაურდება, რაც მათი კონტრაქტის პირობებშია გაწერილი. კონტაქტის საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო იღებს ვალდებულებას იუნკერის დასაქმების და სოციალური უზრუნველყოფის პირობების თაობაზე. გარდა ამისა, აკადემიას აქვს აქტიური თანამშრომლობა საერთაშორისო პარტნიორებთან. იუნკერებს ეძლევათ გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის საშუალება, რომელიც ასევე სრულიად უფასოა. აკადემია გამორჩეულია უნიკალური მატერიალურ-ტექნიკური ბაზით. ვფიქრობთ, აბიტურიენტებისთვის საინტერესო იქნება აკადემიის ვირტუალური ტურის გაცნობაც. რა არის ის სიახლეები, რომელიც სტუდენტებს დახვდებათ აკადემიაში?აკადემია მუდმივად ზრუნავს განვითარებაზე და ფეხს უწყობს იმ საგანმანათლებლო თუ სამხედრო მიმართულებით გამოწვევებს, რომლის წინაშეც გლობალური სამყარო გვაყენებს. მნიშვნელოვანი სიახლეა ზემოთხსენებული ფინანსური წახალისების მექანიზმი, რომელიც ამ ოდენობით აქამდე არ იყო განსაზღვრული. ვფიქრობთ, ეს მნიშვნელოვან მამოტივირებელ ფაქტორს უნდა წარმოადგენდეს თითოეული აბიტურიენტისთვის. აკადემიაში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ჩამოყალიბდა და ვითარდება დისტანციური სწავლების ცენტრი, რომლის მიზანია თავდაცვის ძალებში თანამედროვე და მოქნილი სწავლების უზრუნველყოფის საშუალებების შექმნა, რომელიც დაეფუძნება თანამედროვე ტექნოლოგიებსა და დისტანციური სწავლების პრინციპებს. აკადემიაში ჩამოყალიბდა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, რომელიც უზრუნველყოფს სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის ზრდას, ემსახურება სამეცნიერო კარიერის პრესტიჟის ამაღლებას და იუნკერებში მეცნიერების პოპულარიზაციას, უცხოურ უნივერსიტეტებთან, სამეცნიერო ცენტრებთან კავშირის დამყარებას და არსებული კავშირების განვითარებას. აკადემია წელს გეგმავს არაერთ ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონფერენციას სხვადასხვა მიმართულებით. აკადემიაში გამართული კონფერენციების ჩატარების დინამიკა წელს საგრძნობლად გაიზრდება. გარდა ამისა, აკადემია მუდმივი გაუმჯობესების თვალსაზრისით, მუშაობს ახალ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომლებიც ემყარება წარმატებულ საერთაშორისო პრაქტიკას. ვფიქრობთ, ახალი პროგრამები მნიშვნელოვან სასიკეთო წვლილს შეიტანენ როგორც თავდაცვის სფეროში, ისე ზოგადად, ქვეყნის განვითარების თვალსაზრისითაც. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა